ტერიტორიული განვითარების მენეჯმენტი

ნატო ჩიკვილაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი მაია დანელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი თეონა ბაგრატიონი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი

ტერმინი “განვითარება” ხშირად გამოიყენება შემდეგი შეხამებით: ეკონომიკური განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რეგიონის განვითარება, ქალაქის განვითარება. ყველა შემთხვევაში, განვითარებაში ჩვეულებრივ იგულისხმება ნებისმიერი პროგრესული ცვლილება, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკაში. თუ რაოდენობრივი ცვლილება მიგვანიშნებს ეკონომიკურ ზრდაზე, ხარისხობრივი ცვლილების დროს ლაპარაკია სტრუქტურულ ცვლილებებზე, ან განვითარების შინაარსის ცვლილებებაზე, ან კიდევ ეკონომიკური სისტემის მიერ ახალი მახასიათებლების შეძენაზე.

წმინდა ეკონომიკურ მახასიათებლებთან ერთად განვითარების შინაარსში არც თუ იშვიათად გულისხმობენ განვითარების პარამეტრებსაც. უფრო მეტიც, სოციალური მახასიათებლები უკვე დიდი ხანია ნებისმიერი რეგიონის განვითარების დონის შემფასებელი მაჩვენებელი გახდა.
განვითარება ყოველთვის მიზანმიმართული უნდა იყოს, რაც განისაზღვრება მიზნით ან მიზანთა სისტემით. თუ ეს მიზანმიმართულებადობა დადებითია, ე.ი. პროგრესულია, ხოლო თუ უარყოფითია, მაშინ – რეგრესული, ანუ დეგრადირებული. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რეგიონების განვითარების ბუნება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველთვის გულისხმობს გარკვეულ მიზანს ან მიზანთა ერთობლიობას.
რეგიონის განვითარება მრავალგანზომილებიანი და მრავალასპექტიანი პროცესია, რომელიც ჩვეულებრივ განიხილება განსხვავებული სოციალური და ეკონომიკური მიზნების ერთიანობის თვალსაზრისით. როდესაც საკითხი თუნდაც მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას ეხება, მაშინაც კი აღნიშნული ჩვეულებრივ სოციალურ განვითარებასთან ერთად განიხილება. სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
წარმოებისა და შემოსავლების ზრდას;
ცვლილებებს საზოგადოების ინსტიტუციონალურ, სოციალურ და ადმინისტრაციულ სტრუქტურებში;
ცვლილებებს საზოგადოებრივ შეგნებაში;
ცვლილებებს ტრადიციებსა და ჩვევებში.
თანამედროვე პირობებში მრავალი ქვეყნისა და მათი რეგიონების ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიზანია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ამიტომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესი თავად მოიცავს სამ უმნიშვნელოვანეს შემადგენელს:
შემოსავლების ზრდას, მოსახლეობის ჯანდაცვის გაუმჯობესებასა და მათი განათლების დონის ამაღლებას;
ისეთი პირობების შექმნას, რომელიც სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური სისტემების ფორმირების შედეგად ხელს უწყობს ადამიანებში თვითპატივისცემის ზრდას, რაც ორიენტირებულია ადამიანური ღირსების პატივისცემაზე;
ადამიანების თავისუფლების ხარისხის გაზრდას, მათ შორის მათ ეკონომიკურ თავისუფლებას.
ცხოვრების ხარისხის ბოლო ორი შემადგენელი ნაწილი ყოველთვის არ ითვალისწინებს ქვეყნებისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხარისხის შეფასებას, მაგრამ ამასთან ბოლო ხანებში ეკონომიკურ მეცნიერებაში და პოლიტიკურ პრაქტიკაში მათ უკვე სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.
ნებისმიერი რეგიონის განვითარება მრავალმიზნობრივი და მრავალკრიტერიუმიანი პროცესია. რეგიონების განვითარების შინაარსი შესაძლებელია მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. მართლაც, საქართველოში დედაქალაქისა და სხვა რეგიონების განვითარება თავისი შინაარსით მკვეთრად განსხვავდება, რაც განპირობებულია არა მარტო განვითარების საწყისი დონით, არამედ თითოეული რეგიონის თავისებურებებითაც, მისი საწარმოო სტრუქტურით, გეოგრაფიული მდებარეობით, საწარმოო სპეციალიზაციითა და სხვა.
რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზანია (როგორც უკვე აღვნიშნეთ) ისეთი მაჩვენებლების ეფექტიანობა, როგორიცაა შემოსავლების ზრდა, განათლების დონის ამაღლება, კვებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სიღარიბის დონის შემცირება, გარემომცველი გარემოს გაჯანსაღება, შესაძლებლობების თანასწორობა, პირადი თვისუფლების გაფართოება, კულტურული ცხოვრების გამდიდრება. ამ მიზნებიდან ზოგიერთი გარკეულწილად იდენტურია, მაგრამ მათ შორის შეიძლება არსებითი განსხვავება იყოს. ასე მაგალითად, განსაზღვრული სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნას ან ჯანდაცვის განვითარებაზე, ან კიდევ გარემოს დაცვაზე. განვითარების მიზნებს შორის წარმოიშვება კონფლიქტი. ამავე დროს გასაგებია, რომ რაც უფრო სუფთა იქნება გარემომცველი გარემო, მით უფრო ჯანმრთელი იქნება მოსახლეობა და მით უფრო მეტი ხარისხით იქნება მიღწეული საბოლოო მიზანი – ადამიანების ჯანმრთელობა. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში მიზნებს შორის კონფლიქტი არ ატარებს აბსოლუტურად გადაუჭრელ ხასიათს. ამასთან სხვა შემთხვევაში განვითარების მიზნების კონფლიქტი განსაკუთრებით უნდა იქნას განხილული და საჭიროა გადაწყვეტის სპეციალური მეთოდები. რეგიონის განვითარების მიზნების შესაბამისად იგება კრიტერიუმების (განვითარების მახასიათებლების) და მაჩვენებლების სისტემა, რომლებიც ზომავენ ამ კრიტერიუმებს ფასეულობების იერარქიაში. განვითარების მიზნებში ქვეყნებსა და რეგიონებს შორის რამდენიმე არსებული განსხვავების მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნებისა და რეგიონების განვითარების დონესა და ხარისხს აფასებენ ზოგიერთი უნივერსალური ინტეგრალური მაჩვენებლების მიხედვით. ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელი მაჩვენებელია ადამიანის განვითარების ინდექსი, რომელიც შემუშავებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის ფარგლებში. მოცემული მაჩვენებელი ახდენს ქვეყნების რანჟირებას 0-დან 1-მდე აღმავლობით. ამასთან გაანგარიშებისათვის გამოიყენება ეკონომიკური განვითარების სამი მაჩვენებელი:
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას;
ინტელექტუალური პოტენციალი (მოზრდილი მოსახლეობის განათლება და სწავლების საშუალო ხანგრძლივობა);
სულადობრივი შემოსავლის სიდიდე, ვალუტის მყიდველობითი უნარის და შემოსავლის ზღვრული სარგებლიანობის შემცირების გათვალისწინებით.
რეგიონთაშორისი შედარების დროს, ზუსტად ისე, როგორც საერთაშორისო ანალიზისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის განვითარების ინდექსი და სხვა ანალოგიური მაჩვენებლები.
ინტეგრალურ მაჩვენებლებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე რეგიონის განვითარების ისეთი ცალკეული კერძო მაჩვენებლებიც, როგორებიცაა:
მოსახლეობის ერთ სულზე ეროვნული შემოსავალი;
ცალკეული მატერიალური სიკეთის მოხმარების დონე;
შემოსავლის დიფერენციაციის ხარისხი;
ცხოვრების ხანგრძლივობა;
ფიზიკური ჯანმრთელობის დონე;
განათლების დონე;
მოსახლეობის ბედნიერების ხარისხი.
მიზანშეწონილია, გამოვყოთ ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები და მათი შესაბამისი ეკონომიკური განვითარების კრიტერიუმები. გრძელვადიან მიზნებს შორისაა პოსტინდუსტრიული საზოგადოების აგება და განვითარება, მომავალი თაობებისასთვის უმაღლესი ხარისხის კვალიფიკაციის სამუშაო ადგილების შექმნა, ქვეყნის ყველა მოქალაქის ცხოვრების დონის ამაღლება, მათ შორის ჯანმრთელობის, განათლებისა და კულტურის დონის ჩათვლით.
მოკლევადიანი მიზნების სახით შეიძლება განხილულ იქნეს კრიზისის დაძლევა და მომდევნო კვარტალში ან წელს მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდის კონკრეტულ სიდიდეთა მიღწევა. ხანგრძლივვადიანი და მოკლევადიანი მიზნები თავიანთი შინაარსით საკმაოდ განსხვავებულია, ამასთან მათი მიღწევის ღონისძიებებიც არ არის ერთნაირი.
ეკონომიკური განვითარების კრიტერიუმები ყოველთვის როდის ასრულებს მიზნებისა და მიზნობრივი ორიენტირების როლს და პირიქითაც. არც თუ იშვიათად, რეგიონული განვითარების ტაქტიკურ მიზნებად გამოდის შუალედური ამოცანები, რომლებიც წარმატებული განვითარების აუცილებელი პირობების როლს ასრულებენ.
რეგიონის თუ ქალაქის განვითარების ასეთ ტაქტიკურ ამოცანათა შორის შეიძლება დავასახელოთ:
� ბიზნესის ახალ სახეობათა შემოღება;
� არსებული ბიზნესის გაფართოება;
� მცირე ბიზნესის განვითარება;
� ქალაქის ცენტრის განვითარება;
� მრეწველობის განვითარება;
� რეგიონის მოსახლეობის დასაქმების დონის ამაღლება.
რეგიონის ეკონომიკური განვითარების დონის განსაზღვრაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციულ მაჩვენებლებს, რომლებიც აფასებენ წარმოებისა და სიკეთის მოხმარების დონეს, აგრეთვე ამ დონის ზრდას მოსახლეობის ერთ სულზე (ერთობლივი ეროვნული შემოსავალი), მთლიანი შიდა პროდუქტი, რეალური ერთობლივი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე და ამ მაჩვენებლების ზრდის ტემპებს.
განვითარების დინამიკის შეფასებისათვის მიზანშეწონილია გამოვიყენოთ მაჩვენებლები, რომლებიც შეაფასებენ რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპებს: სულადობრივი შემოსავლის ზრდის ტემპს, შრომის ნაყოფიერების ზრდის ტემპს, აგრეთვე წარმოებისა და საზოგადოების სტრუქტურული ტრანსფორმაციის ტემპს.
ეკონომიკური ზრდის ტემპებზე ზემოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია როგორც ქვეყნისათვის მთლიანად, ასევე ცალკეული რეგიონის ეკონომიკური პოლიტიკისათვის.
ხშირად ისეთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა ერთობლივი შიდა პროდუქტი, სულადობრივი შემოსავალი, შრომის ნაყოფიერება და მათი ზრდის ტემპი, არ ძალუძს სრული სახით ასახოს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი, მოსახლეობის განათლებისა და კვალიფიკაციის ხარისხის, აგრეთვე წარმოებასა და საზოგადოებაში სტრუქტურულ ცვლილებათა მაჩვენებლები.
მრავალი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას თან ახლავს საზოგადოებრივი წარმოების სტრუქტურის ცვლილება, კერძოდ, ინდუსტრიული საზოგადოების შემცვლელად თანდათანობით შემოდის პოსტინდუსტრიული საზოგადოება. დასაქმებულთა სულ უფრო მეტი ნაწილი მუშაობს და საქმიანობს არამატერიალურ სექტორში, სულ უფრო ნაკლები ნაწილი კი – უშუალოდ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში.
ეგრეთწოდებული საბაზრო დარგები არაფუნქციონირებადი გახდა (და ალბათ, აღარასოდეს აღარ გახდება საბაზრო). მოხმარება ინდივიდუალიზირდება, წარმოების ტირაჟულობა ეცემა, ხდება წარმოების ე.წ. დემასიფიკაცია, ღრმავდება მისი ინტელექტუალიზაცია და წარმოების ძირითად ფაქტორად იქცევა ინფორმაციული რესურსები. დამატებული ღირებულება ძირითადად იქმნება არამატერიალურ სფეროში, ამასთან შრომა იძენს ახალ ნიშანთვისებებს: მასში უპირატესობას აღწევს შემოქმედებითი ფუნქციები, მომუშავის ძირითად ტიპად იქცევა შემოქმედებითი პიროვნება, რომელიც თავისი საქმის ერთგულია და ისწრაფვის თავის სამუშაოს შესძინოს ახალი ელემენტები. იშლება განსხვავება მაღალ და დაბალ ტექნოლოგიურ დარგებს შორის: ყველა დარგი ხდება მეცნიერებადტევადი, ფეხს იკიდებს სამმართველო, ფინანსური და კომერციული ინოვაციების ნაკადი. პროგრესული ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენება ხდება სამუშაო ძალაზე გაწეული დაბალ დანახარჯებზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი. ქვეყნებისა და რეგიონების ტრადიციული უპირატესობანი ადრე არსებულ მნიშვნელობას კარგავს. ყველა ჩამოთვლილი ტენდენცია ვლინდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში (მეტნაკლებად).
არამატერიალური წარმოება ხდება ეკონომიკური განვითარების პარადიგმა, რაც იძულებულს გვხვდის ახლებურად შეფასდეს ქვეყნებისა და რეგიონების სიმდიდრის ხარისხი.
ტრადიციულად, ქვეყნებისა და რეგიონების სიმდიდრე ფასდება ტყითა და სასარგებლო წიაღისეულით, ნიადაგის ხარისხიანობით, კლიმატური პირობებით, ძირითადი ფონდებითა და გეოგრაფიული მდებარეობით. ახალი შეხედულებები არამატერიალურ სფეროზე, როგორც იმ სფეროზე, სადაც იქმნება ღირებულების დიდი ნაწილი, საგრძნობლად ცვლის ქვეყნებისა და რეგიონების სიმდიდრის შეფასების კრიტერიუმებს. წინა პლანზე წარმოჩინდება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ადამიანური რესურსები და მათი კვალიფიკაციის დონე, მმართველობითი ტექნოლოგიები, საბაზრო ინფრასტრუქტურა, ბიზნესის ქსელი და ორგანიზაციის კულტურის დონე. ეკონომიკური განვითარების წყაროებსა და ფაქტორებზე ახალი შეხედულებების მიხედვით შესაძლებელია ახლებურად შევხედოთ განათლებას, მეცნიერებას, მედიცინას, ტელეკომუნიკაციას, მენეჯმენტის სიახლეებს, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების იმ სფეროებს, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენენ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპებსა და მიმართულებებზე.
ამრიგად, რეგიონის დონეზე შეიძლება განხილულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისი მაჩვენებლები:
� შიდა ეროვნული პროდუქტი ან მთლიანი შიდა პროდუქტი (აბსოლუტური სიდიდე მოსახლეობის ერთ სულზე) და ამ მაჩვენებლების ზრდის ტემპი;
� მოსახლეობის შემოსავლების საშუალო დონე და მათი დიფერენციაციის ხარისხი;
� სიცოცხლის ხანგრძლივობა, ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური ჯამრთელობის დონე;
� განათლების დონე;
� მატერიალური სიკეთისა და მომსახურების დონე (კვების პროდუქტების, საცხოვრებლის, სატელეფონო მომსახურების), საოჯახო მეურნეობის ხანგრძლივი გამოყენების საქონლით უზრუნველყოფა;
� ჯანმრთელობის დონე (პოლიკლინიკებით, საავადმყოფოებით, აფთიაქებით, დიაგნოსტიკური ცენტრებითა და სასწრაფო დახმარებით მომსახურებით უზრუნველყოფა და რაც მთავარია, შემოთავაზებული სამედიცინო მომსახურების ხარისხით);
� გარემომცველი გარემოს მდგომარეობა;
� ადამიანების შესაძლებლობათა თანასწორობა, მცირე ბიზნესის განვითარება;
� ადამიანების კულტურული ცხოვრების გამდიდრება.
რეგიონის ეკონომიკური განვითარების შეფასების სტანდარტული წესია წარმოების დონის შეფასება (ამასთან, როგორც წესი, მატერიალური წარმოების). ასეთი შეფასება თანამედროვე პირობებში აშკარად ცალმხრივი და არასაკმარისია. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების შეფასებისადმი შემუშავებული მიდგომები გვაიძულებს რეგიონის განვითარების დონის შეფასებისას განხილულ იქნეს არა მარტო წარმოების მოცულობა, არამედ ისეთი ასპექტებიც, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, გარემომცველი გარემოს მდგომარეობა, შესაძლებლობათა თანაბრობა ეკონომიკურ სფეროში, პირადი თავისუფლება და ცხოვრების კულტურა. სრულიად დროულია რეგიონის განვითარების ინტეგრალურ მაჩვენებლად გამოყენებულ იქნას ადამიანის განვითარების ინდექსი (შემუშავებული და გამოყენებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ) ცალკეული ქვეყნის განვითარების შეფასებისათვის.
ცალკეული რეგიონის ეკონომიკური განვითარების მართვისას მიზანშეწონილია გამოყოფილ იქნეს ყველა ზემოთ აღნიშნული შედარებით დამოუკიდებელი მიზნები და განხორციელდეს მათი მიღწევის მონიტორინგი. კერძოდ, რეგიონული წარმოებისა და მოსახლეობის ფულადი შემოსავლების დინამიკის მონიტორინგთან ერთად აუცილებელია გამოვცადოთ და გამოვიყენოთ აგრეთვე ეკონომიკური განვითარების სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრებიც.
სკოლების, საბავშვო ბაღების, სხვა საგანმანათებლო დაწესებულებების არსებობა და ხარისხის დონე, მათი ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის განათლებისა და კვალიფიკაციის დონე, კვების პროდუქტებით მომარაგება, მათი ხარისხისადმი კონტროლი, საცალო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვა – ნებისმიერი რეგიონის განვითარების დონის უმნიშვნელოვანესი პარამეტრებია. მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებისა და მისი ხელმისაწვდომობის მდგომარეობა, გარემომცველი გარემოს მდგომარეობა – რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემფასებელი მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია.
თუკი წარმოვიდგენთ, რომ ქვეყნის რეგიონების დიდმა ნაწილმა მოახერხა ეკონომიკური კრიზისისაგან გამოსვლა (ამ სიტყვის ვიწრო გაგებით), ანუ ჭარბობს პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდის დადებითი დინამიკა, მაინც შეუძლებელია ვილაპარაკოთ თანამედროვე გაგებით რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ ძვრებზე, რადგან წინსვლას ამ შემთხვევაში ამუხრუჭებს ეკოლოგიური მდგომარეობის მაჩვენებელი.
ბევრ თანამედროვე ქალაქს ახასიათებს დასაშვებ ზღვარს ზევით წყლისა და ჰაერის დაბინძურების ტენდენცია. ნაყოფის მომცემი მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველწლიურად კარგავს ნაყოფიერებას და გამოდის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან. ყველა ეს ნეგატიური ეკოლოგიური ტენდენცია გავლენას ახდენს რეგიონების საერთო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შინაარსში აისახება აგრეთვე ისეთი ძნელად გასაზომი სუბსტანციაც, როგორიცაა მოსახლეობის ცხოვრების დონე. მოცემული რეგიონის ეკონომიკური განვითარების დადებითი დინამიკა შესაძლებელია მხოლოდ მოსახლეობის კულტურული ცხოვრების გამდიდრების პირობებში.
რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მხოლოდ მაშინ ახასიათებს დადებითი დინამიკა, როდესაც სხვა თანაბარ პირობებში სახეზეა თითოეული ადამიანის პირადი თვისუფლების გაფართოების ტენდენცია, მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც, რომელიც შესაძლებელია მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტიანი მხარდაჭერის პირობებში, ანტიმონოპოლიური ღონისძიებების განუხრელად განხორციელებისას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დროს, გადაადგილების რეალური თავისუფლების უზრუნველყოფის პირობებში (ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილია მხოლოდ საცხოვრებელი ფართის განვითარებული ბაზრის პირობებში).
აუცილებლად უნდა იქნას განხილული ზოგიერთი საბაზისო, თეორიული მოსაზრება, რომლებიც დევს რეგიონებისა და ქალაქების ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენციების განმარტებაში (რეგიონებისა და ქალაქების განვითარების ტენდენციები).
პირველი ასეთი ტენდენციაა სივრცობრივ უპირატესობათა თეორია, ანუ განვითარების თეორია. ამ თეორიის მიხედვით სივრცობრივი უპირატესობანი გამოვლინდება ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობაში. ამ თეორიის პრინციპები აიძულებს ამა თუ იმ სახეობის წარმოებებს მოთავსდეს სრულად გარკვეულ რეგიონებში. ასე მაგალითად, ალუმინის მრეწველობას იზიდავს იაფი ელექტროენერგიის წყაროები, მეტალურგიულ ქარხნებს – რკინის მადნისა და კოქსის მოპოვების საბადოების ადგილები, ნებისმიერი წარმოება, რომლებიც ნედლეულზე არის დამოკიდებული, მხოლოდ და მხოლოდ ნედლეულის წყაროების სიახლოვეს განლაგდება. ზოგიერთი საწარმო, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივ ბაზრებზე და ანგარიშს უწევს სატრანპორტო დანახარჯებს, განლაგდება გასაღების ბაზრების სიახლოვეს. თითოეული რეგიონი, თითოეული ქალაქი ფლობს თავის ტერიტორიულ უპირატესობას, რაც დაკავშირებულია ან ნედლეულის წყაროებთან, ან საწარმოების სხვა ფაქტორებთან (სამუშაო ძალა, მიწა, ენერგია), ან კიდევ, ახლოსაა გასაღების ბაზართან. ეს თეორია გარკვეულწილად კიდევაც იძლევა საწარმოო ძალების ჩამოყალიბებული განლაგების განმარტებას.
სხვა ტრადიციული წარმოდგენები დაკავშირებულია არა მარტო თეორიასთან, არამედ ეკონომიკური განვითარების პრაქტიკასთან; კერძოდ, ეფუძნება აგლომერაციის, ცენტრალიზაციისა და წარმოების კომბინირების კანონზომიერებებს. მსხვილ ქალაქებსა ან საქალაქო აგლომეტაციებში დამატებითი ეკონომია ან დამატებითი ეკონომიკური ეფექტი მიიღწევა იმით, რომ წარმატებით ფუნქციონირებადი საწარმოების ირგვლივ ფორმირდება მათი გარემოცვა და საერთო რესურსების (შრომითი, ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული) ერთობლივად გამოყენების შედეგად მიიღწევა შესამჩნევი დამატებითი ეკონომია. მსხვილ ქალაქებში მრეწველობის მაღალი კონცეტრაცია საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას დამატებითი ეკონომია, რომელიც აღმოცენდება აგლომერაციული ეფექტის შედეგად (მსხვილი აგლომეტაციის ყველა საწარმოო ერთობლივი დანახარჯები ნაკლებია, ვიდრე ცალკეულ საწარმოთა დანახარჯები, ასეთი ალგომეტაციის ფარგლებს გარეთ მათი ცალკე განლაგების შემთხვევაში). მსხვილ რაიონულ ცენტრებში შესაძლებელია წარმოიშვას მათი განვითარების დამატებითი პოტენციალი იმ გარემოების გამო, რომ მაღალკვალიფიციური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის სიმრავლე დამახასიათებელია მხოლოდ მსხვილი რაიონული ცენტრებისათვის (მუზეუმები, თეატრები, სამედიცინო ცენტრები და ა. შ. ).
რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრობლემების ეფექტიანად გაანალიზების ნაყოფიერ კონცეფციას წარმოადგენს ძირითადი და დამხმარე კონცეფცია. ნებისმიერ რეგიონში შეიძლება გამოვყოთ ძირითადი მრეწველობა, ანუ ის პროდუქცია, რომელიც ძირითადად გაიტანება რეგიონიდან და დამხმარე წარმოება, რომლის პროდუქციაც უპირატესად მოცემული რეგიონის ფარგლებში მოიხმარება, მაგალითად, მანქანათმშენებელი ქარხანა (როგორც ძირითადი წარმოება) და მთელი მისი მომსახურე ინფრასტრუქტურა – ფოსტა, საბავშვო ბაღები, სკოლები, პოლიკლინიკები, ბანკები, სადაზღვევო დაწესებულებები, საექსპედიციო და სატრანსპორტო სამსახურები, მშენებლობა – როგორც მისი დამხმარე. ჩვეულებრივ, ძირითადი წარმოების გაფართოვების დროს იზრდება მისი მომსახურე ინფრასტრუქტურაც; წარმოიქმნება ეგრეთწოდებული მულტიპლიკაციური ეფექტი: ძირითადი წარმოება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ეკონომიკური ზრდის თავისებური დამჩქარებელი.
ძირითადი წარმოება შესაძლებელია იყოს არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების დამაჩქარებელი, არამედ განვითარების დამამუხრუჭებელიც, კერძოდ კი იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაო ადგილების რაოდენობა ძირითადად წარმოებაში მცირდება სტრუქტურული გარდაქმნის პროცესში. სწრაფი სტრუქტურული ძვრების დროს, რაც განპირობებულია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესით, რეგიონის წარმატებული განვითარების მთავარ ფაქტორად იქცევა არა ძირითადი წარმოება, არამედ დამხმარე წარმოება. რეგიონის ხანგრძლივვადიანი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის აღნიშნულ რეგიონში განვითარებული ინფრასტრუქტურა და რამდენად არის იგი მზად თავის თავზე აიღოს ახალი ძირითადი წარმოების დატვირთვა. რაც მეტად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა (დამხმარე წარმოება), მით უფრო მოქნილია რეგიონის მთელი ეკონომიკა, მით უფრო მყარი საფუძველი ემყარება რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას.
ამგვარად, ძირითადი წარმოებების სწრაფად შეცვლის პირობებში მყარი ეკონომიკური განვითარების ძირითად ფაქტორად იქცევა მთელი საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხი. ეს საფუძველს იძლევა ახლებურად შევხედოთ ე.წ. დამხმარე წარმოებების როლს, შევაფასოთ ისინი, როგორც ეკონომიკური განვითარების პირველადი ფაქტორები და მათი მომავალში განვითარების საწინდარი.
რეგიონული განვითარების ხარისხის ანალიზის დროს სასარგებლოა გამოვიყენოთ დ. ბელლის ზრდის სტადიების თეორიის კონცეფცია. ყველა ქვეყანასა და რეგიონში ეკონომიკური განვითარება სამ ძირითად სტადიას გადის: ინდუსტრიამდელს, ინდუსტრიალურს და პოსტინდუსტრიალურს. ინდუსტრიამდელი განვითარების დომინირებადი დარგებია მომპოვებელი დარგები, სოფლის მეურნეობა, თევზის, ხე-ტყისა და სამთომომპოვებელი მრეწველობა. ინდუსტრიალულ სტადიაზე ჭარბობს გადამამუშავებელი დარგები – მანქანათმშენებლობა, მსუბუქი და კვების მრეწველობა. პოსტინდუსტრიულ სტადიაზე ძირითადი დარგებია, რომლებსაც ეყრდნობა ეკონომიკური განვითარება, არამატერიალური წარმოების დარგები: მეცნიერება, განათლება, ვაჭრობა, ფინანსები, დაზღვევა, ჯანდაცვა. პოსტინდუსტრიული საზოგადოების დამახასიათებელი თვისებაა საქონლის წარმოების შედარებითი შემცირება, ხოლო შედარებითი ზრდა – მომსახურების წარმოების, წარმოების მეცნიერებადტევადობის, პერსონალის კვალიფიკაციის დონისა და წარმოების წინმსწრები ინტერნაციონალიზაცია.