ტურიზმის ბაზრის მარკეტინგული კვლევა

გიორგი დალაქიშვილი, სტუ ჰუმანიტარული-ტექნიკური ფაკულტეტის II კურსის მაგისტრანტი

მარკეტინგმა, როგორც ბაზარზე ორიენტირებულმა პროდუქციის წარმოებისა და გასაღების ორგანიზაციის მართვის სისტემამ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა თავისი ადგილი და როლი ცივილიზებული ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს საბაზრო ეკონომიკაში. ბოლო პერიოდში მარკეტინგისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა ჩვენს პირობებშიც – ეკონომიკის ადმინისტრაციულ-ბრძანებლური მეთოდებიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში, რაც სრულიად კანონზომიერი მოვლენაა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მარკეტინგი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, რომლის მთავარი ამოცანაა ბაზრის მოთხოვნის სწორი განსაზღვრა და რესურსების მობილიზება მისი დაკმაყოფილებისათვის. ბაზრის მოთხოვნა კი მეტად დინამიური, სწრაფად ცვალებადი მოვლენაა, რომლის შესწავლისათვის მარკეტინგულმა სამსახურმა უნდა შეიმუშაოს და პრაქტიკულად გამოიყენოს სპეციალური ხერხები და მეთოდები. ამის გარეშე დღეისთვის გამორიცხულია ბაზარზე წარმატებული საქმიანობა.
ტურისტული ბიზნესი თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე სწრაფად განვითარებად დარგად მიიჩნევა. ამასთან ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე რენტაბელურ სფეროს. ტურისტული ბიზნესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია საქართველოს და კერძოდ, თბილისის ეკონომიკის აღორძინება-განვითარებისათვის, რომელსაც თავისი უნიკალური ტურისტული პოტენციალითა და მრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილი უკავია მსოფლიოში. ტურიზმის მნიშვნელობა მუდმივად იზრდება მსოფლიო მასშტაბით, რაც განპირობებულია ცალკეულ ქვეყანაში ტურისტული ბიზნესის გაფართოებით.
ტურისტული ბაზარი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ტურისტული მომსახურების სფეროში მომხმარებელთა ცალკეული სეგმენტების ერთობლიობა, სადაც თითოეული სეგმენტის მოთხოვნა დიფერენცირებულია ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორების მიხედვით.
ბაზრის მთავარი ელემენტებია მოთხოვნა, მიწოდება და ფასი, სწორედ ამიტომ მათი ურთიერთობიდან გამომდინარეობს საბაზრო კონიუნქტურა, ანუ ვითარება ბაზარზე.
ტურიზმის მარკეტინგული საქმიანობის განსაზღვრის თვისებრივად ახალი ეტაპი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლასთან. დღეისათვის ტურიზმის მარკეტინგით ბევრია დაინტერესებული, პირველ რიგში კი პრაქტიკოსები. სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ტურიზმის მარკეტინგი, როგორც საბაზრო საქმიანობის მეთოდოლოგია. საქართველოს ეკონომიკური განვითარების თანამედროვე პირობებში მისი გამოყენების შესაძლებლობები რიგი გარემოებებითაა განპირობებული. უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ საწარმოებს ფუნქციონირება უხდებათ ბაზრის პირობებში, რაც სპეციფიკური მეთოდებისა და საშუალებების ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს მოითხოვს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial