დასუფთავების სამსახური და ბიზნესის დასუფთავება, თუ დასუფთავების ბიზნესი

ემზარ ჯგერენაია

დიდი ხანია თოვლიც და სოციალიზმიც უკან მოვიტოვეთ. ბატონყმობა გადავარდა (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ), თავისუფალი საბაზრო მექანიზმის მიერ ჟანგბადით (თუმცა გააჩნია როგორი ჟანგბადით) გაჯერებული ჰაერი ღრმად შევისუნთქეთ და ახალი ქვეყნის მშენებლობას შევუდექით. …და იქ, სადაც ყვაოდა ტურა, ჩვენ ამოვძირკვეთ ჩაის კულტურა. ჰოდა, აღარც ტურაა და აღარც ჩაი. წმინდა ევროპული საჯარიმო სისტემა და კომუნალური, თუ ადმინისტრაციული ტარიფები, გარდამავალი ეპოქის ეკონომიკა და სოციალისტური მიდგომები – აი, შინაგანად ასეთი ნაჯვარი მივიღეთ. ისე ზოგადად გვაქვს ბიზნესი, კერძო საკუთრება და თავისუფალი ბაზარი.

უჰ, რა მარქსის მანიფესტივით ჩამოვარაკრაკე! ბიზნესი! კარგად ჟღერს! აი, ეს ბაზარი და საბაზრო არ ვარგა! რაც საბაზრო და განსახილველ-საკამათოა, ის არ გვინდა, ითქვა და მორჩა! თან – პრონანსნი არ უვარგა. მე ბაზრის გაგონებაზე სულ გოჭი და სულუგუნი მახსენდება და საცივის სუნელები დეზერტირების ბაზარზე! ბაზარს ნუ გამაგონებ, მარქეთ – ჯობს, უფრო დამაჯერებელია. ჰოდა, ამ სოციალისტური მენტალიტეტით გაჟღენთილ ნიადაგზე დავთესეთ საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატია, მაგრამ არ გამოვიდა თავისუფალი! რატომ? მე რა ვიცი! სიტყვით თავისუფლება გვინდა, საქმით… და!
ავიღოთ ჩვენი ადმინისტრაციული კოდექსი და ყველაფერს მიხვდებით, ან თუ გინდათ ტარიფები და ნათელი გახდება: წყლის გადასახადი ფიზიკურ პირზე 1,4 ლარი, იურიდიულზე – 4,8 ლარი 1 კბმ წყალზე. არადა, რამდენ წყალს მოიხმარს ფირმა? ბევრს, მსხვილი მომხმარებელია და თუ პირიქით იქნებოდა, ტოლი მაინც დაგვეტოვებინა. ბიზნესის კიდევ ერთი ნაციონალური თავისებურება – ის ყველაზე მეტად თბილისშია დისკრიმინირებული. აბა, ფოთში და ქუთაისში კი არა აქვთ ასეთი ტარიფები. აიღეთ თუ გინდათ გაზი – მოსახლეობას 210 დოლარი, ფირმებს კი 360 დოლარი უჯდებათ. დენზეც იგივეა, ვინც ბევრს მოიხმარს, ანუ ფირმებმა მეტი უნდა გადაიხადონ, ვინც ნაკლებს – ნაკლები. გეგონება ამ დალოცვილებს უფრო მეტის გაყიდვა და დიდი ფულის მოხვეჭა არ უხაროდეთ.
ახლა ნახეთ რა ჯარიმები დააწესეს! თუ თქვენი მრიცხველის ლუქი, რომელიც გარეთ აყენია და ნებისმიერს შეუძლია გააფუჭოს, თუნდაც მეზობლის ონავარ ბიჭს, ფიზიკური პირი მიუხედავად იმისა, მოიპარა თუ არა მან გაზი, 600 ლარით ჯარიმდება, ფირმა კი – 5000 ლარით.
არა და, ეს თანხა მან შეიძლება მთელი წელი ვერ იშოვოს და მისი დანაშაული არც არავინ დაადასტუროს მხოლოდ იმიტომ, რომ ის იურიდიული პირი, ანუ ბიზნესის წარმომადგენელია. ახლა ამას მერიის გამოცდილმა ლობისტებმა დასუფთავებასთან დაკავშირებული ჯარიმებიც მიუმატეს. ოოო, ეგ უნდა ნახოთ!!! საუკუნენახევარია კეკელიძე-ჟვანიას ქუჩა მტვერს, ნაგავს და ტალახს მიაქვს. მილიონი წერილი გაიგზავნა მერიაში, წინა მერის დედის სახელობისაა ეს ქუჩა – ქალბატონ ნინა ჟვანიასი, მაგრამ არ ეშველა არც მაშინ და არც ახლა. წვიმის დროს, განსაკუთრებით გაზაფხულზე, აქაურობა ისეა დატბორილი სანიაღვრეებიდან ამოჩუხჩუხებული წყლებით, ამაზონიის დელტას მოგაგონებთ და ცნობილი ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ სახელმწიფო მინისტრები (გაგოშიძე) და დეპუტატები (კახა გიუაშვილი) დამემოწმებიან, რომ კარგი ელექტროსადგურის აშენება შეიძლება როგორც ჰიდრონიაღვრებზე, ისე თბო-ნაგვის გადამუშავების შედეგად. ისეთი ენერგია იკარგება, რომ აფსუსია.
დედაქალაქის დასუფთავების სამსახურს ეს ქუჩა არ ახსოვს! თუმცა არც ასეა საქმე! გააჩნია რისი დასუფთავება არ ახსოვს?! ამას წინათ, ნოემბრის დასაწყისში, ერთ ჩვენს მეზობელს 7 გაწიკწიკებული ტომარა დაუდია ლამაზად იქვე ქუჩის კუთხეში. მერე დაურეკია დასუფთავების სამსახურში რომ წაეღოთ. მათ წაღების ნაცვლად მეორე დღეს თავისი ინსპექტორი გამოუგზავნეს და ოქმი დაუწერეს – ამ გასისინებულ კეკელიძის ქუჩაზე როგორ გაბედეთ და დადეთ ეს ტომრები და არ დარეკეთ, თან მეზობელი გააფრთხილეს და ხელი მოაწერინეს ხვალვე წაიღოსო. ოქმზე, საჩივარზე, ან 52 მუხლზე საერთოდ არაფერი უთქვამთ. ჰოდა, სამი თვის შემდეგ მოვიდა სასამართლოს “პრისტავი და ვალი გაქვთო, აქ რაღაც ტომრები დაგიდიათ სამი თვის წინო. მაგრამ ყველაზე საოცარი ისაა, რომ ეს ჯარიმა ტომრის პატრონს კი არა მეზობელს მოუვიდა, თანაც შიგ ეწერა – გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო. არადა, როგორი გამადიდებელი შუშით უნდა იაროთ კეკლიძე-ჟვანიას ქუჩების გადაკვეთაზე, რომ ეს ტომრები იპოვო, ალბათ, ძაღლები და სპეცტექნიკა დაიქირავეს ამ ნაგავში, რომ ის ნაგავი იმ “ნაგვებს აღმოეჩინათ. ჰოდა, დაასუფთავეს ორგანიზაციის ჯიბე 1000 ლარით! ფიზიკური პირი რომ ყოფილიყო, 200 ლარს მოსთხოვდნენ. ისე, ამ ქუჩას სულ ანაგვიანებენ ზემო სართულის მეზობლები და ჯერ დაჯარიმებული არავინ უნახავთ. იცით რატომ? ამ ქვეყანაზე, ალბათ, მხოლოდ ბიზნესს ერჩიან და ასუფთავებენ. ჰოდა, “ქალაქის დასუფთავების სამსახურს ერთი სიტყვა უნდა ჩავუმატოთ – ბიზნესის თუ ბიზნესი, მოკლედ როგორც გინდათ.
ამაზე ერთი ძველი ანეგდოტიც კი გამახსენდა, სოციალიზმის დროინდელი მატარებლის კუპეში მგზავრი გენერალი ეუბნება მეორე მგზავრს (მართლა ანეგდოტია, თუ არა კუპეში რა უნდოდა გენერალს ან მაშინ და ან ახლა), აიღე ეს ჩანთა ამ მაგიდიდანო, რაზეც მეორემ უპასუხა არ ავიღებო, ჰოდა გაბრაზებულმა გენერალმა ეს ჩანთა ფანჯარაში გადააგდო, მეორე მგზავრმა ღიმილით უთხრა: “ეტა ნე მოი ჩემოდანო. არ გვშორდება ეს სოციალიზმი არც ანეგდოტებში, არც ბიზნესთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, არც დასუფთავებაში.
მთავარი შინაარსი ისაა, რომ ჩვენ გვძულს ბიზნესი, როგორც დედინაცვალს – გერები. არის რაფინირებული, დახვეწილი, ენაწაგდებული დედინაცვალი, რომელიც იძახის, როგორ გეკადრებათ გერების სიყვარულით ვცხოვრობო და ერთი სული კი აქვს ისინი გადაშენდნენ. ასევეა ჩვენი დასუფთავების სამსახური და ადმინისტრაციული კოდექსი – სიტყვით ბიზნესზე ლოცულობენ (ისაა მათი ბიუჯეტის შემვსები), საქმით კი დისკრიმინაციისა და ძირგამომთხრელ პირობებს უქმნიან.
არა, უცხოა ჩვენთვის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ბიზნესმენი მაინც ბურჟუაა, დარწმუნებული ვარ ბევრი თანამდებობის პირი ღამღამობით მარქსის მანიფესტს და დიდი ბელადის ნაშრომს – “სოციალიზმი და საკუთრება კითხულობს, თანაც ფიქრობს, ეს, რა მაგრები ყოფილან კაცოო, მოსწონთ.
დილით ყავის მაგივარად კოპწია, სექსუალური პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ ტექსტს მიირთმევს საბაზრო ეკონომიკის და თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის და რა თქმა უნდა, დასუფთავების, საწყალი ბიზნესის სალაროების დასუფთავების შესახებ – აქეთ გადასახადი, იქეთ ჯარიმები, იქით ადვოკატების თუ პრისტავების შენახვა. ევროპისაგან მარტო ჯარიმების ოდენობა გადმოვიღეთ, მეტი ვერაფერი, სოციალიზმისგან – ბიზნესის დისკრიმინაცია, თუ ცეხავიკებისა, გამოტყდით, იქნებ ასე ჯობს, ისე კი, ეს სიტყვა მათი მხრიდან უფრო მოუხდებოდა ბიზნესს და ასეც ფიქრობენ, ალბათ, როცა “ასუფთავებენ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial