ყველაზე “მეკობრული” ქვეყნები

რედაქციისაგან

ინტელექტუალური მეკობრეობა, პირველ რიგში, აშშ-ის ეკონომიკას უქმნის საფრთხეს და სამუშაო ადგილებს ართმევს ამერიკის მოსახლეობას. ასეთი შინაარსისაა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელების საერთაშორისო გაერთიანების (IIPA) 12 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც მსოფლიოში საავტორო უფლებების დარღვევას ეძღვნებოდა. გამოკვლევაში შეფასებულია ის დანაკარგი, რომელიც კინოს, მუსიკის და პროგრამული უზრუნველყოფის ტირაჟირების სფეროში მეკობრეობამ გამოიწვია. IIPA-ს გაანგარიშებით, აშშ-ს მსოფლიო ინტელექტუალური მეკობრეობისგან 30-35 მლრდ დოლარის ზარალი მიადგა.

“შავი სიის” მუდმივი წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. ამ სიაში მოხვედრის ფაქტი ასახავს ქვეყნის არა საშინლად ცუდ მდგომარეობას, არამედ ლეგალური ბიზნესისა და ეკონომიკის ზრდის უდიდეს პერსპექტივებს. IIPA-ს 2008 წლის რეიტინგში რუსეთი ჩინეთის, უკრაინისა და კანადის რიგებში მოხვდა. 2007 წელს რუსეთის მეკობრეებმა ამერიკულ კომპანიებს 1,43 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენეს. ეს 2006 წლის მაჩვენებელზე 30%-ით და რეიტინგის ლიდერის – ჩინეთის მიერ აშშ-ისთვის მიყენებულ ზარალზე (2,98 მლრდ დოლარი 2007 წელს) ორჯერ ნაკლებია.
რუსეთი IIPA-ს ყოველწლიურ სიაში 2001 წლიდან ფიგურირებს. მხოლოდ ორჯერ – 2005 და 2006 წლებში იმყოფებოდა ის ტოპ-პოზიციებზე, როგორც ქყვეყანა, სადაც ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის სფეროში ვითარება სულ უფრო უარესდება. IIPA ყოველწლიურად აბარებს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ანგარიშს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე “მეკობრული” ქვეყნებისთვის საექსპორტო შეღავათებს ამცირებს. ასე, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ შესაძლოა რუსეთს კარები დაუხუროს, თუ ის “მეკობრეობის” დონის შემცირებას ვერ შეძლებს. საყურადღებოა IIPA-ს შეფასებები, რომლებიც მხოლოდ ამერიკული კომპანიების ზარალს ეხება. მიუხედავად 2008 წლის 1 იანვარს ამოქმედებული სამოქალაქო კოდექსის IV ნაწილისა, სადაც მნიშვნელოვნადაა გაფართოებული ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის სახეები, მეკობრეობის ასე ადვილად აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგან მეკობრეობის ზრდის პრობლემა კანონმდებლობაში კი არა, არამედ ეკონომიკაშია – მასში იმალება დიდი ფული და რეალური ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა. მეკობრული პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიებს ნაკლები დანახარჯებით დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობას აძლევს. მეკობრული DVD და მუსიკა კი ხალხისთვის ხელმისაწვდომი გართობაა.