როგორ “იყიდება” “თბილწყალკანალი”

ეკა გაბადაძე

თითქმის საუკუნენახევრის არსებობის შემდეგ თბილისის წყალმომარაგების სისტემა არარენტაბელობის გამო, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. გამოსავალს, ისევ და ისევ უცხოელი ინვესტორებისა და ინვესტიციების მოზიდვაში ხედავენ. ამჟამად მიმდინარეობს “თბილწყალკანალის” ტენდერის წინასაკვალიფიკაციო შერჩევითი სამუშაოები. ყველასაგან მოულოდნელად განაცხადი მსოფლიოში უდიდესმა და უძლიერესმა რვა კომპანიამ წარმოადგინა. აი-თი-ეს-ისა და ეი-ი-ეს-ის კომპანიებთან დაკავშირებული მითქა-მოთქმის შემდეგ “თბილწყალკანალის” ტენდერზე გაცილებით მეტი სიფრთხილით მუშაობენ, თუმცა, გარკვეული პრობლემები აქაც წარმოიშვა.

“თელასი”, შემდეგ საბაჟო, გაზი… ახლა ჯერი წყალზეც მიდგა. როგორც ჩანს, ქართველ სპეციალისტებს უცხოელი პარტნიორებისა და უცხოური ვალუტის გარეშე ორგანიზაციების მართვა-გამართვა არ ძალუძთ. ამის მიზეზი ბევრია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – “თბილწყალკანალს” დახმარება სჭირდება.

დღეს ბევრს ჰგონია, “თბილწყალკანალი” იყიდება, მაგრამ ყველა შესაბამის ინსტანციაში ირწმუნებიან, რომ ეს ასე არ არის: კი არ იყიდება, არამედ მართვის უფლებით გადაეცემა გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას. ამ დარგს ძალიან სერიოზული ინვესტიციები სჭირდება, რისი სახსრებიც ჩვენს სახელმწიფოს და ბიუჯეტს არ გააჩნია. პრობლემად მომხმარებლისაგან წყლის გადასახადების ამოღების საკითხი რჩება, რაც ობიექტის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენის შემთხვევაში, ძნელად განსახორციელებლად მიაჩნიათ. ამავე დროს წყლის ბიზნესი საკმაოდ პერსპექტიული და გარანტირებული საქმეა, რადგან წყალი ყოველთვის იყო, არის და იქნება სასიცოცხლო მნიშვნელობის.

მაინც რატომ მივიდა “თბილწყალკანალი” ამ მდგომარეობამდე? 1999 წლის მონაცემებით და თბილისის სახელმწიფო ქონების სამმართველოს ინფორმაციით, “თბილწყალკანალმა” სახელმწიფო 4,152,000 ლარით აზარალა. სავარაუდოა, რომ მას შემდეგ ზარალი არა თუ შემცირდა, არამედ ერთი-ორად გაიზარდა.

იური მაისაშვილი, თბილისის სახელმწიფო ქონების სამმართველოს უფროსი: “თბილწყალკანალი” დოტაციაზე მყოფი ორგანიზაციაა და, ამავე დროს – ზარალიანი. აუცილებელი გახდა მასზე ტენდერის გამოცხადება. ამის მიზეზი მოსახლეობიდან მოხმარებული წყლის საფასურის თანხების ამოუღებლობა და ელექტროენერგიის დიდი დავალიანებაა. საჭიროა, ქალაქში ამ სისტემის მენეჯმენტის ისეთნაირი განხორციელება, რომ სისტემამ აწყობილად იმუშაოს. საუბარია იმაზე, რომ გვჭირდება დიდი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც დარგს გაუძღვება. სამწუხაროდ, ასეთი საქართველოში არ აღმოჩნდა. მართალია, “თბილწყალკანალს” კარგი მმართველი ჰყავს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. “თბილწყალკანალის” პრივატიზება რომ გამოგვეცხადებინა, ალბათ, ინტერესი ნაკლები იქნებოდა. ტენდერი, რომელიც 10-15 წლიან პერიოდს მოიცავს, დიდ ვალდებულებებს არ ითვალისწინებს. ეს იქნება ნიადაგის მოსინჯვის პერიოდი. საქართველოში მართლაც კარგი პირობებია – უამრავი რესურსი, ვეებერთელა ქსელი და დიდი მეურნეობა! საჭიროა, მენეჯმენტის დასავლური სტილის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის შემდგომ დამოუკიდებელ არსებობას და რენტაბელურს გახდის მას.

ტენდერი, როგორც თბილისის ქონების სამმართველოში ირწმუნებიან, არ ნიშნავს “თბილწყალკანალის” გაუქმებას. იგი დარჩება როგორც ორგანიზაცია, მხოლოდ ქსელები გაიცემა იჯარით. უცხოური კომპანია მათ ექსპლუატაციას გაუწევს – ამოიღებს თანხებს მომხმარებლისაგან და, შესაბამისად, საიჯარო ქირასაც გადაიხდის.

გამოცხადებული ტენდერის ქრონიკა
გამოცხადებული ტენდერის წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მსოფლიოს უდიდესი რვა კომპანია მონაწილეობს: “ბერლინ ვასერ ინტერნეშნლ” (გერმანია), “სევერნ თრენდ ინტერნეშნლ” (დიდი ბრიტანეთი), “ჯენერალ დ?ეზო” (საფრანგეთი), “ლიონეს დეზ?ო” (საფრანგეთი) და “ანგლიან უოთერ” (დიდი ბრიტანეთი). ერთობლივი საწარმოები; “აჩეა” (იტალია); “აკუა-დეტო” (იტალია), “იუნაითიდ იუთილითის” (დიდი ბრიტანეთი); “უოთერ ინტერნეშნლ” (ნიდერლანდები); “თეიმზ უოთერ” (დიდი ბრიტანეთი), “ტაჰალ გრუპ” (ისრაელი);

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმია ის, თუ რა შესაძლებლობა აქვთ ამ კომპანიებს. აქ შედის როგორც კვალიფიკაცია და პროფილით მუშაობის გამოცდილება, ასევე ფინანსური მდგომარეობა და შემოთავაზებული პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია. ფინანსურ შესაძლებლობებს რაც შეეხება, წარმოდგენილი კომპანიების წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების საქმიანობიდან წლიური ბრუნვა 50 მლნ. აშშ დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამასთანავე კომპანიებს სამი ძირითადი კრიტერიუმით შეაფასებენ: კვალიფიკაცია და გამოცდილება (კომპანიას არანაკლებ 2 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს წყალმომარაგების და სისტემის მართვაში და 1.500.000 მოსახლეობას უნდა ემსახურებოდეს); 500,000 მოსახლეზე საკანალიზაციო მომსახურების სისტემის მართვის, ტექმომსახურების გამოცდილება, პერსონალის კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შეფასება (პროექტის დირექტორი, ექსპლუატაციის მენეჯერი და ფინანსური მენეჯერი). მათ უნდა ჰქონდეთ ზოგადი 15 წლიანი გამოცდილება და ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ტენდერის მოთხოვნებში მაღალი ხარისხის წყლის მიწოდება და ტარიფის დარეგულირებაც არის გათვალისწინებული.

“თბილწყალკანალის” ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. სატენდერო კომისიაში 13 წევრია გაერთიანებული, რომელსაც დედაქალაქის პრემიერი, გია შერაძე ხელმძღვანელობს. სატენდერო კომისია წარმომადგენლობითია და ეს, ალბათ, ობიექტის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ და, ამასთანავე, გარკვეულმა სიფრთხილემ განაპირობა. ფინანსთა, იუსტიციის, ბუნების დაცვის, ქონების მართვის სამინისტროების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლები – აი, სატენდერო კომისიის ფართო სპექტრი. მსოფლიო ბანკის მოთხოვნითა და რეკომენდაციით საკონსულტაციო მომსახურებას დიდი ბრიტანეთის საკონსულტაციო კომპანია “გიბი” უწევს.

მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის “თბილწყალკანალის” განვითარების ბიურის დირექტორის, ზურაბ ღონღაძის თქმით, ამ ტენდერით გათვალისწინებულია, შეიცვალოს სახელმწიფოს ფუნქცია სისტემების მართვაში: სახელმწიფოს დარჩეს მარეგულირებელი ფუნქცია, ხოლო კაპიტალური დაბანდებების, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ფუნქცია ოპერატორმა კომპანიამ იკისროს. იმ კომპანიამ, რომელიც სისტემას ეფექტურს, დამოუკიდებელს, რენტაბელურსა და მომხმარებელზე ორიენტირებულს გახდის. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეს ბუნებრივი მოვლენაა. “თბილწყალკანალის” ტენდერი, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებისათვის დასრულდება, გაფორმდება ხელშეკრულება, იჯარის კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულ კომპანიას 10 წლის ვადით თბილისის წყალმომარაგების სისტემის მართვის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების პასუხისმგებლობა გადაეცემა.

“თბილწყალკანალის” მიმდინარე ტენდერი მთლიანად სისტემაში რეფორმების გატარების პროექტის ნაწილია, რომელშიც აქტიურ, უფრო სწორად, მთავარ როლს მსოფლიო ბანკი თამაშობს. ბუნებრივია, ქართულ მხარეს მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესების დაცვა მოუწევს და ესეც ბუნებრივია, რადგან ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს…

იუზა ცარციძე, “თბილწყალკანალის” გენერალური დირექტორი – საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ვახორციელებთ “თბილწყალკანალის” რეაბილიტაციის პროექტს, მაგრამ რეაბილიტაცია არ მოიცავს მხოლოდ სისტემების ფიზიკურ რეაბილიტაციას, არამედ ეს არის მთლიანად რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს როგორც საფინანსო მდგომარეობის, ეკონომიკის, ინსტიტუციონალურ მოწყობას, ასევე დარგის ფიზიკურ რეაბილიტაციას. ერთი სიტყვით, მთლიანად სისტემაში რეფორმების გატარების პროექტია. ეს ყოველივე დიდ პრობლემებს უკავშირდება. ჩვენ საკუთარი შესაძლებლობებით (ფინანსური მდგომარეობით) ამ პროექტის განხორციელება არ შეგვიძლია. მსოფლიო ბანკის წინადადება ამ პროექტში იყო ჩართული. მათი წესების დაცვით ჩვენ განვახორციელებთ თბილისის წყალსადენ-კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტს. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკი გამოყოფს 25 მლნ. დოლარის სესხს (ეს არის შეღავათიანი სესხი წლიური 0,75%-ით და 35 წლის საბოლოო გადახდის ვადით). გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი გვეხმარება რეფორმების განხორციელების კონკრეტული სქემების განხორციელებაში.

– დახმარება რაში გამოიხატება?
– კონკურსის წესით ჩართულია საკონსულტაციო კომპანიები, რომლებმაც გაიმარჯვეს. ძირითადად, ასეთი საკონსულტაციო კომპანია ინგლისური “გიბი” გახლავთ. ეს კომპანია მუშაობს იჯარის კონტრაქტის პროექტზე. გადაწყდა, რომ ჩატარდება კონკურსი “თბილწყალკანალის” იჯარით გადაცემაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ 10-15 წლით პარტნიორად რომელიმე წყლის კომპანია შემოვა, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია ამ სისტემაში და ამ დარგის ოპერირებას ჩვენთან ერთად განახორციელებს. კონკურსის მოთხოვნებში დიდ გამოცდილებასთან ერთად ფინანსური სიძლიერეც (წყალკანალსა და კანალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობიდან არანაკლებ 50მლნ. დოლარი წლიური ბრუნვა) არის გათვალისწინებული. “გიბისა” და მსოფლიო ბანკის მეშვეობით დამუშავდა წინასაკვალიფიკაციო სავალდებულო პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული კომპანია, რათა იჯარის კონკურსში მონაწილეობის უფლება მიეცეს. კომისიამ და “გიბიმ” განიხილა წარმოდგენილი მასალები; ამ კომპანიების მონაცემები, თუ რამდენად შეესაბამებოდნენ ისინი მოთხოვნებს. დაშვებულ იქნა 5 კომპანია.
– რატომ ვერ გავიდა კონკურსში სამი კომპანია?
– მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით, კომისიას შედეგებზე საუბრის უფლება არა აქვს, რადგან, საბოლოოდ, მსოფლიო ბანკმა უნდა განიხილოს, მიიღოს და შეითანხმოს. პროცესი დაწყებულია, შედეგები – გაგზავნილი. ველოდებით ან თანხმობას, ან შენიშვნებს. კარგად იცით როგორც ხდება ხოლმე, რაც უნდა კონფიდენციალურ საკითხზე ვსაუბრობდეთ, მის პირობებს ბოლომდე მაინც ვერ დაიცავ. კომისიის შედეგები ცნობილია, მაგრამ ძალაში მხოლოდ მსოფლიო ბანკის თანხმობის შემდეგ შევა. თუ რაიმე შენიშვნა და კომენტარი იქნება, მათი გათვალისწინება ჩვენი მოვალეობაა. ჩემი აზრით, რაც კი კონკურსები, ტენდერები ჩატარებულა, “თბილწყალკანალის” ტენდერი განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს. გამონაკლისი არავის დაგვიშვია…
– შესაძლოა, სწორედ ამის გამოც ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლობას (საუბარია ინგლისურ კომპანიაზე) გარკვეული პრეტენზიები გაუჩნდა. ინგლისის ელჩს პრეტენზიები გამოუთქვამს…

იუზა ცარციძე: – პრეტენზიებით ინგლისის ელჩის მოადგილე ჩვენთანაც იყო მოსული, მერიაშიც. მისი განცხადებით, “თბილწყალკანალის” ერთ-ერთი სამსახურის უფროსს უთქვამს, თითქოს ტენდერში ფრანგული კომპანია გაიმარჯვებს. ამას კი თქვენი უფლებით აცხადებსო, – მითხრა. ჩემს სამსახურში 3000 თანამშრომელია და ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, მაგრამ მთავარია, რამდენად წონადია მისი აზრი საკითხის გადაწყვეტაში.

– იქნებ ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ცოტა ხნის წინ ფრანგული კომპანია “ვივენდი” 25-30 მილიონიანი კრედიტით “თბილწყალკანალში” პარტნიორად შემოსვლას ვარაუდობდა? შემდეგ რაღაც მოხდა და პროექტი აღარ განხორციელდა. ახლა კი მიმდინარე ტენდერში საფრანგეთის 2 დიდი კომპანია მონაწილეობს. ერთ-ერთი კი, “ჯენერალ დეზ?ო”, იგივე “ვივენდია?”

– ფრანგულმა კომპანიამ “ვივენდი” საქართველოს მთავრობას წარუდგინა თავისი წინადადება, რომ იგი თანახმა იყო პირდაპირ შემოსულიყო ჩვენს პარტნიორად თბილისის წყალსადენების რეაბილიტაციაში, რა თქმა უნდა, თავისი პირობებით. იგი აცხადებდა, რომ 50 მლნ. აშშ დოლარამდე ინვესტიციებს განახორციელებდა. ეს საკითხი საინვესტიციო საბჭოს (რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს) სხდომაზე განიხილეს. “ვივენდის” შემოთავაზებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. “ვივენდი” მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ძლიერი და ცნობილი კომპანიაა. იგი მსოფლიოს 80 ქვეყანაში მუშაობს… თუმცა, მაშინ განვაცხადე, რომ ყველაფერი მსოფლიო ბანკთან შეთანხმებულიყო. სწორედ მსოფლიო ბანკმა განაცხადა უარი, მან კონკურსის წესით შერჩევა მოითხოვა. თუ პირდაპირ “ვივენდისთან” ვითანამშრომლებდით, ამ პროექტიდან მსოფლიო ბანკი გავიდოდა. ერთი სიტყვით, “ვივენდის” წინადადება არ მივიღეთ. ახლა კი ტენდერის წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე შერჩევის პრეტენზიები გაუჩნდა იმ კომპანიას, ვინც ეს ეტაპი ვერ გაიარა. ინგლისის ელჩის პოზიცია ყველას გაუკვირდა, ხომ არ შეიძლება ასე დაგვავალდებულოს. ჩვენთვის მთავარია ისეთმა კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ინგლისური იქნება თუ სხვა, მნიშვნელობა არა აქვს.

გიხაროდენ! წყლის ტარიფი აუცილებლად გაიზრდება
დღეისთვის წყლის ტარიფი, როგორც ამბობენ, სიმბოლურია და სულზე 60 თეთრი სულაც არ არის მისი რეალური ფასი. 1მ3 წყალი 2 თეთრი ღირს! ეს წყლის თვითღირებულების 35%-ია. ასეთი დაბალი ტარიფის პირობებშიც კი გადახდა მხოლოდ 35-37%-ია. რაც შეეხება მოხმარებას, დღე-ღამეში ერთი ადამიანი თურმე 900-960 წყალს ხარჯავს. რა თქმა უნდა, იგულისხმება დაღვრილი წყალიც. სწორედ ამ მიზეზთა გამო გახდა “თბილწყალკანალი” არარენტაბელური და ამას ემატება ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც წყლის ტარიფში 60%-ია.

კომპანია “ეი-ი-ეს თელასი” ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელი გადიდება 17 თეთრამდე ქ. თბილისში გამოიწვევს ელექტროენერგიის ღირებულების ზრდას. ელექტროგადაცემის, დისპეტჩერიზაციის და დენერაციის მიერ ტარიფების უცვლელად დატოვების შემთხვევაშიც კი, დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით, ქალაქში 1 კვტ. ელექტროენერგია დაახლოებით 30 თეთრი ეღირება.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მონაცემებით, იმ დარგებში, რომელთა დანახარჯებით ელექტროენერგიას მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი უკავია, ანუ ენერგოტევად სექტორში მოხდა თვითღირებულების ზრდა, რაც გამოიწვევს მათი რენტაბელობის დონის შემცირებას: კერძოდ, როგორც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ ცხრილი 1-დან ირკვევა, მომატებული ტარიფის შემოღების შემთხვევაში ქალაქის ბიუჯეტმა ისედაც ზარალიან ელექტროტრანსპორტის და სასმელი წყლის დოტაციაზე დამატებით უნდა გამოყოს 21,8 მლნ. Lლარზე მეტი, რაც პრაქტიკულად ემისიის ტოლფასია და შეიძლება ლარის კურსის ცვლილების მიზეზადაც იქცეს.

ბუნებრივია, წყლის ტარიფი, უცხოელების შემოსვლისთანავე, მოიმატებს, მაგრამ ორი-სამი წელი გაგრძელდება შეღავათები მოსახლეობაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ასე აცხადებენ შესაბამის სამსახურებში. კონკრეტულ თანხას არავინ ასახელებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზუსტ ინფორმაციას ვერავინ ფლობს. ტარიფი იქნება ის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც შეირჩევა ტენდერში გამარჯვებული: ვინც ნაკლები ტარიფის პირობებში შესძლებს სამუშაოების განხორციელებას, ალბათ, ის გაიმარჯვებს. როდესაც ამ კითხვით ბ-ნ იუზა ცარციძეს მივმართეთ, დაგვამშვიდა: გაძვირება ეტაპობრივად მოხდება. გაწეული მომსახურებას რაც დაჯდება, საბოლოოდ, ისეთი ფასი დაედება. დღევანდელ პირობებში სისტემა რენტაბელური რომ გახდეს, წყალზე 60 თეთრის ნაცვლად, გადასახადი 1,80 თეთრი უნდა იყოს.

მოკლედ, ქართული მენტალიტეტი ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. უნდა ვისწავლოთ მოხმარებული წყლის, შუქის, გაზის საფასურის გადახდა. თუ როგორ და რა სახსრებით, ამას გამოუვალი მდგომარეობა გვიჩვენებს……

P.S. “თბილწყალკანალის” მიმართ 15 მლნ. ლარის დავალიანება აქვთ წარმოება-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, 23 მლნ. ლარი კი მოსახლეობას.

“თბილწყალკანალი” ურჩ გადამხდელებს წყლის მიწოდებას უწყვეტს. გაითიშა მრავალი საავადმყოფო, გამგეობა, ინსტიტუტი, სახანძროც კი. წყლის დავალიანება კანცელარიას, პარლამენტსა და სამთავრობო რეზიდენციებსაც ჰქონია. თუმცა, პრობლემები უწყლობის გამო, მათ ჯერ არ შექმნიათ. საინტერესოა, რატომ?!.