ევროპისკენ თუ ევროპისგან?

მაკა ღანიაშვილი

7 მაისს პრაღაში ოფიციალურად მოეწერა ხელი “აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია) შორის. “აღმოსავლეთ პარტიორობის მთავარი ამოცანაა ამ სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩამოყალიბება. ქვეყნებს, რომლებიც ეკონომიკური კრიზისითა და პოლიტიკური არასტაბილურობით ხასიათდებიან, კორუფციის დაძლევისა და დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებისათვის საჭირო სტრუქტურული რეფორმების სანაცვლოდ მიეცემათ სავაჭრო შეღავათები და სავიზო რეჟიმების გამარტივების საშუალება.

ანალოგიური ასოცირებული შეთანხმება ევროკავშირს აქამდე გაფორმებული ჰქონდა თურქეთთან, ხმელთაშუაზღვისპირეთის თითქმის ყველა აფრიკისა და აზიის სახელმწიფოსთან, დაწყებული მაროკოდან სირიითა და იორდანიით დამთავრებული. ბოლო წლებში ევროკავშირმა მსგავსი შეთანხმებების გაფორმება სხვა რეგონების ქვეყნებთანაც დაიწყო. ამის მაგალითია 2002 წელს ჩილესთან დადებული ხელშეკრულება. ასოცირებული შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირმა 90-იან წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (ამჟამად უკვე წევრ) ქვეყნებთანაც.
მართალია, ამჟამად ხელშეკრულება ევროკავშირსა და ექვს სახელმწიფოს შორის გაფორმდა, მაგრამ დასავლეთის პრესა პრაღის სამიტის გარშემო საუბრისას ყურადღებას ძირითადად რუსეთის ფაქტორზე ამახვილებს. “ევროკავშირის გამოწვევა რუსეთისადმი – ასეთად მონათლეს ევროპელმა მიმომხილველებმა პრაღის სამიტი. როგორც ისინი მიიჩნევენ, კრემლისა და დასავლეთის ბრძოლას მათ შორის განთავსებული სივრცისათვის ახალი ტემპი შესძინა ევროკავშირის მორიგმა მცდელობამ, მოსკოვის ორბიტიდან გამოეყვანა ექვსი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო. “ევროპის მცდელობა, შეზღუდოს რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განპირობებულია ბოლო 9 თვის განმავლობაში მომხდარი მოვლენებით, რაშიც პირველ რიგში იგულისმება აგვისტოს ომი საქართველოში და გაზის ომი უკრაინაში, ასევე პოლიტიკური არეულობა და დაძაბულობა მოლდოვაში. ევროკავშირს, რა თქმა უნდა, არ უნდა აწყობდეს ასეთი დაძაბული ვითარება მის საზღვრებთან – მიიჩნევენ დასავლელი ჟურნალისტები. “მართალია, ეს ინიციატივა მიმართულია ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისკენ, მაგრამ, ამავე დროს, იგი მიზანდ არ ისახავს ამ ქვეყნების შეყვანას ევროკავშირში – წერს Guardian-ის მიმომხილველი, – სწორედ ამის გამო მოხდა მიღებული დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ცვლილების შეტანა: “ევროპულის ნაცვლად ამ ქვეყნებს “აღმოსავლეთევროპული უწოდეს”. მიმომხილველი იქვე დასძენს, რომ “ჯერჯერობით უპასუხოდ დარჩა ამ ქვეყნების მოთხოვნა სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე.
დასავლელი ანალიტიკოსები, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ არ ამახვილებენ ყურადღებას რუსეთის გავლენასა და როლზე, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა საკუთარი ბრჭყალები პრაღის სამიტზე. ენერგოსამიტის ფარგლებში გაფორმდა დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და ეგვიპტის ენერგეტიკის მინისტრმა. დეკლარაცია ითვალისწინებს “სამხრეთ კორიდორი პროექტის ფარგლებში რამდენიმე პროექტის განხორციელებას. მათ შორისაა “ნაბუკო, “თეთრი ნაკადი, ეგვიპტე-თურქეთის გაზსადენი და ტრანსკასპიური გაზსადენი. მიუხედავად ამისა, რეალურ ვითარებას ეს დეკლარაცია ჯერჯერობით ვერ ცვლის. “ნაბუკოს გაზით გავსება ჯერაც არ უწერია და გაფორმებული დოკუმენტიც, შესაძლოა, მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩეს, რადგან პროექტის მთავარი მოთამაშეები დიდ თავშეკავებულობას ამჟღავნებენ.
შუა აზიის ბუნებრივი აირით მდიდარმა სახელმწიფოებმა კვლავ მშრალზე დატოვეს “ნაბუკო და “თეთრი ნაკადი. ყაზახეთმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა ხელი არ მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც “ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობას ეხება. შუა აზიის გაზის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის ალტერნატიული მარშრუტის არსებობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ახალი დერეფნის ამოქმედებამდე ისინი სერიოზულ პრობლემებს უნდა ელოდნონ რუსეთის მხრიდან. შუა აზიის სახელმწიფოები სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით ვერ ბედავენ ახალი მიდლსადენის გაყვანაზე დათანხმებას. შედეგად კი, დღემდე არაა განსაზღვრული ქვეყნები, რომლებიც მილსადენს გაზით დატვირთავს: შუა აზიელი ექსპორტიორები რუსეთთან და ჩინეთთან მუშაობენ, აზერბაიჯანის სიმძლავრეები ამისთვის საკმარისი არ არის, ხოლო ირანთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები საერთაშორისო სანქციებითაა შეზღუდული.
რა ბედი ელის საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტებს “ნაბუკოსა და “თეთრ ნაკადს და როგორია საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები “აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში? ამ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკისა და სამართლის ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.
– ბატონო კახა, პირველ რიგში იმაზე ვისაუბროთ, თუ რას ნიშნავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა და რა მიმართულებებს მოიცავს ის?
– ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა არის ახალი მიმართულება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში. იგი, პრაქტიკულად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გაგრძელებაა ახალი ფორმით, სადაც კონკრეტულ რეგიონზე პოლიტიკის კონცენტრირებისას უფრო მეტად გაითვალისწინება რეგიონალური ფაქტორი. ახალი თანამშრომლობა ითვალისწინებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის ურთიერთობას. აღნიშნული პოლიტიკის მიზანია ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება, ევროპასთან ამ ქვეყნების პოლიტიკურად დაახლოება და ეკონომიკური ინტეგრაცია. ასევე, მათი სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციონალური განვითარება, რასაც თანდათან თავისუფალი ვაჭრიობის განვითარება უნდა მოყვეს შედეგად. ეს მოხდება თანდათან, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ერთდროულად განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება ხელი მოაწერო შეთანხმებებს, მაგრამ როგორც წესი, ევროპისკენ გზები იხსნება და ბაზარი თავისუფლდება სექტორების მიხედვით. შენ რომელ სექტორშიდაც შეძლებ, რომ საკუთარი სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვო, იმ სექტორში გაგიადვილდება ექსპორტი და შეხვალ ევროპის ბაზარზე. სხვა სექტორები კი კვლავ დახურულია. ამიტომ არსებობს სუბშეთანხმებები, Eე.წ. შესაბამისობის შემოწმების წესები. ეს არის ხარისხის კონტროლის სპეციალური ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს შენს ქვეყანაში ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებული ხარისხის კონტროლის სისტემის არსებობას. თუ შენ ხარისხის კონტროლის სისტემა შენს ქვეყანაში აწყობილი გაქვს, მაშინ ევროპა ცნობს შენს სერთიფიკატებს. შენ თავად ამოწმებ შენი პროდუქციის ხარისხს და შესაბამისობის შემთვევაში გაგაქვს იგი ევროპულ ბაზარზე. ევროპა კი ცნობს შენს ამ შემოწმებას. ამას გულისხმობს “შესაბამისობის შეფასების სისტემების ურთიერთცნობა.
– როდისთვის შეძლებს საქართველო ყოველივე ამის სრულად მიღწევას?
– ეს ასე ადვილი არ არის და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახადენს საქართველო თავისი კანონმდებლობის მიახლოებას ევროპულთან, გნებავთ იმ ტექნიკური რეგლამენტების შემოღებას, რომელიც დირექტივებთან არის ჰარმონიზებული. გაიხსნება თუ არა ევროკავშირის ბაზრები ქართული წარმოებისათვის, დამოკიდებულია იმ ფაქტორზე, რამდენად სწრაფად მოხდება ყოველივე ამის იმპლიმენტაცია.
განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სფეროების კანონმდებლობებზე. ესენია: საბაჟო კანონმდებლობა, კომპანიების დაარსება-საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ფინანსური მომსახურების კანონმდებლობა, მაგალითად, როგორ მოქმედებს საბანკო სექტორი ქვეყანაში და ასე შემდეგ, კანონმდებლობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ტრანსპორტის სფეროს კანონმდებლობა, საგადასახადო კანონმდებლობა, კონკურენციის კანონმდებლობა.
– კონკურენციის კანონმდებლობა ვახსენეთ… უნდა აღდგეს თუ არა ანტიმონოპოლიური სამსახური საქართველოში? როგორია ევროკავშირის დირექტივები ამ მიმართულებით?
– აუცილებლად. სხვაგვარად ჩვენ ვერ დავდებთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობა ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. იგი აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში. რაც შეეხება დანარჩენ კანონმდებლობებს, ისინი ევროპულთან უნდა იყოს მიახლოებული. ასევე უნდა განვითარდეს ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები. უნდა ჩამოყალიბდეს ევროპული ყაიდის სისტემები, რომელიც საქართველოს ბაზარზე დაშვების წესებს, იქნება ეს პროდუქციისათვის, თუ მომსახურეობისთვის, მიუახლოებს ევროპულ წესებს. ყოველივე ამის შედეგად, პროდუქცია, რომელიც დაიშვება ქართულ ბაზარზე, ავტომატურად იქნება შესაბამისი ევროპული ბაზრის სტანდარტებისა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვქონდეს არა მარტო რეგლამენტები და კანონები, რომლებიც აწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს, უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებს, არამედ უნდა მოქმედებდნენ ლაბორატორიები და შესაბამისი ორგანიზაციები, რომლებიც ამოწმებენ ამ სტანდარტებს, უნდა ხდებოდეს პროდუქტის სერტიფიცირება და, თანაც, ეს სერთიფიცირების მექანიზმები აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ. ასეთია ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ციკლი.
რაც შეეხება ევროპის “აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას, ევროპა ორი ძირითადი მიმართულებით აკეთებს აქცენტს. ესენია: ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება. ამოცანები ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან ბევრია. მათ შორისაა ასოცირებული შეთანხმებების დადება, რომელიც გულისხმობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შექმნას, ასევე სავიზო პროცედურების გამარტივებას, ხოლო შემდგომში საერთოდ უვიზო რეჟიმის შემოღებას. ორმხრივი ურთიერთობები გულისხმობს, ასევე, ძალიან მჭიდრო ურთიერთობას საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ევროკავშირის პოლიტიკური მოკავშირე ხდები; გაქვს შესაძლებლობა, რომ მასთან ერთად დაგეგმო სამშვიდობო ოპერაციები; გაქვს მინიჭებული პრივილეგია და მეტი შესაძლებლობები იმისა, რომ ევროკავშირთან მეტი კონსულტაციები აწარმოო სხვადასხვა საერთაშორისო საკითხზე.
– დასავლური მედიაც უფრო მეტად “აღმოსავლეთ პარტნიორობის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ეს ქვეყნები ევროპისათვის ეკონომიკურად ნაკლებ საინტერესონი არიან და მისთვის პოლიტიკური მიზნებია მთავარი?
– რაც შეეეხება ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებს, ევროკავშირისათვის საქართველო, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა სავაჭრო ბაზარია, ისევე როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ ეს ქვეყნები მნიშვნელოვანია მისი ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო ფუნქცია ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ეს ერთი საკითხია, ხოლო მეორეა ის, რომ ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში ცდილობს მსოფლიოს ყველა რეგიონთან გამოიყენოს ყველანაირი შესაძლებლობა, რათა ჰქონდეს მათთან რაც შეიძლება მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი არის ე.წ. ნორმატიული ძალა, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნებთან არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობებით, არამედ აღნიშნული ქვეყნების ტრანსფორმაციით, დემოკრატიული წინსვლით, მათში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვა-განვითარებით. ევროკავშირსათვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური სახელმწიფო, რომელსაც აქვს პროგნოზირებადი სიტუაცია, როგორც საგარეო ურთიერთობებში, ისე შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. ანუ, უნდა გქონდეს კარგად განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის მიმართულებები ე.წ. თემატურ პლატფორმებშია გამოხატული. ეს თემატური პლატფორმები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ენერგეტიკა, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განზომილება და მიგრაციის საკითხები.
– რა რაოდენობის თანხაა გამოყოფილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში?
– ჯერჯერობით გამოყოფილია 600 მილიონი ევრო ექვსივე ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ არის მთლიანი თანხა. ეს დასაწყისია და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სერიოზული პროექტების წარმოდგენის შემთხვევაში უფრო მეტი თანხები იქნეს მოზიდული. “აღმოსავლეთ პარტნიორობა” ამ პლატფორმებს ქმნის იმისთვის, რომ განსაკუთრებული ინიციატივები მოიცავდეს რაიმე კონკრეტული პროექტების განვითარების წინადადებებს. მაგალითად, ისეთი საინტერესო პროექტისათვის, როგორიცაა “ნაბუკო, შეიძლება ევროპამ დამატებით გამოყოს თანხები. შესაძლებელია მოხდეს სხვა ასეთივე პროექტების ინიცირებაც. “აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეა ძალიან კარგია, რადგან ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების უფრო რეალური შესაძლებლობები და მეტი პერსპექტივები გვიჩნდება. ყოველ 2 წელიწადში ევროკავშირსა და ამ 6 ქვეყანას შორის გაიმართება შეხვედრები და სამიტები უმაღლეს დონეზე. ასეთი ჩარჩო აქამდე არ არსებობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამიტებზე ძალზედ სერიოზული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ერთობლივად. ეს ქვეყნები სრულად ჩაერთვებიან ევროკავშირთან თანამშრომლობის ფერხულში. გარდა ამისა, ყოველ წელს მოეწყობა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განიხილავენ ყველა საჭირო საკითხს. მაგალითად, თუ ჩვენ გვექნება უთანხმოება სომხეთთან, ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსთან, ამ ურთიერთობის განხილვა შესაძლებელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის ეგიდით წელიწადში ერთხელ მოეწყობა. ევროკავშირი ასევე ცდილობს, რომ ამ ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების საფუძველზე შექმნას განსაკუთრებული სავაჭრო ურთიერთობები, სამეზობლო-ეკონომიკური არეალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს შორის მოხდება სავაჭრო პროცედურების მაქსიმალური ლიბერალიზაცია, ისინი ერთობლივად დაწევენ არასატარიფო ბარიერებს, მოახდენენ კანონმდებლობის ჰარმონიზებას და სატარიფო ბარიერების ერთმანეთში განულებას. ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა ერთმანეთთანაც განავითარონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ყოველივე ეს კი, რა თქმა უნდა, მიმართულია იქითკენ, რომ ადრე თუ გვიან, ეს ქვეყნები სრულად შევიდნენ ევროპის ეკონომიკურ სივრცეში და პრაქტიკულად გახდნენ ევროპის ერთიანი ბაზრის წევრები, სადაც პროდუქტისა და მომსახურების გადაადგილება მოხდება აბსოლუტურად შეუზღუდავად და თავისუფლად. ამ ბაზარზე არ იქნება შეზღუდვები და შენს ბაზარზე არსებული მწარმოებლები და აგენტები, სავაჭრო სფეროდან იქნებიან ისინი თუ მომსხურების, უკვე ევროკავშირის ბაზარზე განიხილებიან, როგორც ნაციონალური აგენეტები.
– ბატონო კახა, ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ შეიძლება ეს ხელშეკრულება იყოს ერთგვარი სატყუარა იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მათ შორის საქართველოსთვისაც. რას იტყვით ამის შესახებ?
– არა, ეს ასე არ არის. პირიქით, ეს პოლიტიკა შენ უფრო მეტად გაახლოებს ევროკავშირთან და მეტ შანსს გაძლევს. სატყუარა იქნებოდა იგი იმ შემთხვევაში, ევროკავშირს რომ ეთქვა ამ ქვეყნებისთვის: მოდით, ჩვენთან ითანამშრომლეთ და 10-20 წელიწადში მიგიღებთ ევროკავშირშიო. სატყუარა იქნებოდა იგი იმიტომ, რომ რეალურად ამ დროში ევროპის კავშირში მათ ვერ მიიღებენ. ევროკავშირში გაწევრიანება ასე ადვილად არ ხდება. ესპანეთსაც რამდენიმე წელი დასჭირდა ლოდინი, სანამ 1986 წელს ევროპის კავშირში მიიღებდნენ, რადგან ამ ქვეყანაში ზოგი რამ არ მოსწონდათ, მაგალითად, კანონები და სხვადასხვა სახის წესები, რომლებიც არ შეესაბამებოდა მათ კანონებსა და წესებს. ასევე იყო პორტუგალიის შემთხვევაშიც. ევროკავშირს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისადმი აქვს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ. ევროკავშირის მოსახლეობა არ დაუშვებს იმას, რომ მოუმზადებელი სახელმწიფო შევიდეს ამ კავშირში, ტვირთად დააწვეს მათ და პრობლემები შეუქმნას მთელს კავშირს. ევროკავშირის მიდგომა აქ სხვაგვარია. იგი გეუბნება: თუ შენ გინდა ჩვენთან გაწევრიანება, მოდი, ახლა ამაზე ლაპარაკს თავი დავანებოთ, რადგან ეს ჯერ არარეალურია. ჩვენ ვხედავთ, რომ შენ მზად არ ხარ ამისათვის, მაგრამ მე შემოგთავაზებ თანამშრომლობას, რომლის მეშვეობითაც მოემზადები ევროკავშირის წევრობისთვის; ხოლო როცა მოემზდები, სხვადასხვა ხელშეკრულებაზე მოვაწერთ ხელს, და როცა ეს ხელშეკრულებებიც რეალურად ამუშავდება და ჩვენ ვნახავთ, რომ შენთან ტრანსფორმაცია ნამდვილად ხდება, ამის შემდეგ ვისაუბროთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკავშირის წევრობაზე უარს არავინ არ გეუბნება, ამიტომაც “აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა არის არა სატყუარა, არამედ კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტი რეალური შანსი მოგეცეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
– საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია ვახსენეთ, თუმცაღა “ნაბუკოსა და “თეთრი ნაკადის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აზიურმა სახელმწიფოებმა დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს, მარტო აზერბაიჯანული ნავთობი კი ამ გაზსადენებს ვერ შეავსებს.
– საწყის ეტზპზე “ნაბუკოს გაზსადენი, მართლაც, მხოლოდ აზერბაიჯანული გაზით მომარაგდება. აზიურმა სახელმწიფოებმა დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს რუსეთის მხრიდან ძალზედ დიდი ზეწოლის შედეგად. მაგრამ ევროკავშირი უზარმაზარი მოთამაშეა და მას აქვს თანამიმდევრული პოლიტიკა. იგი აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ თურქმენული გაზი “ნაბუკოს საშუალებით შევა ევროპაში. თუმცა მანამდე უნდა აშენდეს და გაფართოვდეს ბაქოდან ევროპისათვის გაზის მიწოდების საშუალებები. საწყის ეტაპზე ის გაზი, რაც ევროპას სჭირდება, აზერბაიჯანიდან უნდა გავიდეს. ხოლო შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, გაზსადენზე თურქმენული გაზის მიერთება მოხდება. თურქმენეთში არის გაზის ძალიან დიდი მარაგი, რომელის გამოყენებასაც ევროპა ჯერ ვერ ახერხებს, მაგრამ პროგრესის შეჩერება შეუძლებელია და ევროკავშირი აუცილებლად მიაღწევს ამას. რუსეთს უნდა რომ ძალისმიერი მეთოდებით, შანტაჟით და ა.შ., აიძულოს თურქმენეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი, რომ მათ უარი თქვან გაზის ევროპისათვის მიწოდებაზე. მაგრამ რუსეთს ეს არ გამოუვა.
– რომ გამოუვიდეს?
– ვერ გამოუვა. ეს შეუძლებელია, რადგან ევროკავშირი რუსეთზე დიდი მოთამაშეა. იგი რუსეთზე ეკონომიკურად დაახლოებით 15-ჯერ დიდია. ისინი ძალზე არათანაბარი პარტნიორები არიან, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მიმართულებებზე, განათლება იქნება ეს თუ ადამიანური კაპიტალი, რაშიც რუსეთი ევროპას ბევრად ჩამორჩება. მეორე საკითხი კი ის არის, რომ თანამედროვე მსოფლიო ვითარდება გარკვეული წესებით და კანონზომიერებით. ადრე თუ გვიან რუსეთი დადგება არჩევანის წინაშე: განაგრძოს თუ არა ის პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში მას ეკონომიკურად ძალზედ დააკნინებს, რადგან ევროკავშირი გაზს სხვა გზებით მაინც იშოვის. ენერგოეფექტურობის მისაღწევად და ჰიდროკარბონატების და ნახშირწყალბადის მოხმარების შესამცირებლად ისინი ზრუნავენ ალტერნატიული ენერგოწყაროების განვითარებისათვის.
საუბარია ენერგორესურესების ალტერნატიულ მომწოდებლებზეც და თანაც, არა მხოლოდ გაზის. მაგალითად, ხორციელდება დიდი ნავთობსადენის პროექტი ნიგერიიდან საჰარის გავლით, რომელიც ევროპას ნავთობის პრობლემას პრაქტიკულად მოუხსნის. რაც შეეხება გაზს, მას ევროპა მიიღებს ეგვიპტიდანაც და ალჟირიდანაც. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ალტერნატიულ ენერგოწყაროებზეც აქტიური მუშაობა მიდის. ვითარდება წყალბადის ტექნოლოგიები და ა.შ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით ასე პესიმისტურად არ უნდა ვუმზერდეთ მომავალს. დღევანდელ სამყაროში ის, ვინც შანტაჟით აპირებს პოლიტიკის წარმოებას, ვერ განავითარებს ტექნოლოგიებს, აუცილებლად ჩამორჩება ცხოვრების დონეს და დეგრადაციის გზას დაადგება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial