საქართველოს ეკონომიკის განვითარების შეფასება და პროგნოზები. სცენარული (სიტუაციური) მიდგომა

ლალი ჩაგელიშვილი, ეკ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
პრობლემა

გლობალიზაციის თანამედროვე ტემპებიდან გამომდინარე, სულ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო და აუცილებელი გახდა ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის რეალური გზების დასახვა და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში დამკვიდრება.

აღნიშნულის რეალიზება ადვილი არ არის, დღევანდელი წინააღმდეგობრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური კლიმატის გამო. ამას ისიც ემატება, რომ ისეთი ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, ძნელია პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და თანამედროვეობისათვის ფეხის აწყობა ისე, რომ ეროვნული ინტერესები და ფასეულობები არ დაკარგო. ეს რომ ასე არ მოხდეს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს მრავალმა ქვეყანამ შეიმუშავა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამები. 2003 წელს საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია შეიმუშავა ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმაც, რასაც რეალური სამოქმედო პროგრამები და მათი რეალიზაცია უნდა მოყოლოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ქვეყნის და საზოგადოების განვითარების მთავარ ფაქტორად კვლავ პოლიტიკა აირჩია და ეკონომიკა ისევ კულისებს მიღმა დარჩა. რეალურად იგნორირებულია ეკონომიკის, სამართლისა და პოლიტიკის ერთ მთლიანობაში განხილვა; საერთო მიზნისთვის მათთვის დაკისრებული ამოცანების გამიჯვნა და შესრულება. არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის გამო დღეს ეკონომიკა ისევ ბორკილებდადებულია, ამას ისიც ემატება, რომ პროცესები მიმდინარეობს მენეჯმენტის გარეშე, გლობალური მენეჯმენტი კი პრაქტიკულად არ ხორციელდება (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გლობალური პროცესები საქართველოს გარეთ იგეგმება და იქიდანვე ხდება მათი მართვა), რაც რა თქმა უნდა, ჯანსაღ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კლიმატს ვერ შექმნის.
სწორედ ამ მიზეზთა გამო დღემდე არ არის შემუშავებული სცენარების მიხედვით საქართველოს სტრატეგიული განვითარების პროგრამა, როგორც ეს აქვს მრავალ ცივილურ ქვეყანას, რაც საშუალებას იძლევა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ცალკეული სცენარის მიხედვით შეფასდეს ქვეყნის სტრატეგიული განვითარება და აღმოიფხვრას მისი სუსტი მხარეები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სავსებით სამართლიანი დასკვნა გააკეთა პროფესორმა თ. ჩიკვაიძემ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი მდგრადობის გამომწვევ ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განვითარების ერთიანი წინგამსწრები სტრატეგიის უქონლობა ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფოებრივი პროგრამის სახით. არადა, წინგამსწრები სტრატეგიის განხორციელების აუცილებლობა დღეს საყოველთაოდაა აღიარებული. გაერო-ს სპეციალურმა ასამბლეამ ჯერ კიდევ 1991 წელს მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიოსა და ცალკეული ქვეყნებისათვის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პროგრამის შემუშავების შესახებ და მრავალი ქვეყანა უკვე ახორციელებს ასეთ პროგრამებს1.
თანამედროვე ეფექტიანი, დინამიკური ეკონომიკური სისტემა სპონტანურად არ ყალიბდება და მას ერთიანი სახელმწიფოებრივი სტრატეგია და მენეჯმენტის სისტემა განსაზღვრავს. ეს განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა დღევანდელი საქართველოს პირობებში, როდესაც დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არსებობს მძაფრი საზოგადებრივი და პოლიტიკური დაპირისპირება და ვერ ხორციელდება სრულფასოვანი სახელმწიფოებრივი ფუნქცია2.
მართვისადმი სცენარული მიდგომა დღეისათვის გადაწყვეტილების მიღების სულ უფრო მეტად გავრცელებული მეთოდია. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მეთოდი, იგი შეზღუდულ და შეფარდებით ხასიათს ატარებს.
ამ მიდგომის მეცნიერულ საფუძველს წარმოადგენს ალბათობა, რომელიც ითვალისწინებს ალტერნატიული რეალობების წინ წამოწევას. სცენარული მიდგომა მეტად მგრძნობიარეა “შემავალი” ინფორმაციისათვის, რომელიც სცენარების შედგენის მომენტში ყოველთვის არაა ცნობილი ანდა შესაძლებელია ფორმულირებულ იქნას სხვადასხვაგვარად. აუცილებელი ან რელევანტური ინფორმაციის მოპოვება მოითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას.
გრძელვადიანი (10 წელზე მეტი პერიოდით) სცენარის შედგენისათვის ზოგიერთი ბუნებრივი ფაქტორი გამოყენებულ უნდა იქნეს ცვლილებების გარეშე. მაგალითად, მოცემული პერიოდისათვის ადგილი არ ექნება მსხვილ სამეცნიერო აღმოჩენებს, პრინციპულად ახალ ტექნოლოგიებს, თვისებრივ ცვლილებებს მსოფლიო მასშტაბით და სხვა.
ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო, შეზღუდულობა სცენარული მეთოდის გამოყენებაში დაკავშირებულია მთელ რიგ დამატებით ფაქტორებთან, რომლებიც განხილული იქნება ანალიზში თანმიმდევრობით.

ანალიზი
საქართველოში ახალი, სრულფასოვანი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება და რეფორმების გატარება უპირველესად მოითხოვდა ეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებების განხორციელებას და საბაზრო წესრიგის დამკვიდრებას, საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის გატარებას. მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებათა სისტემა გულისხმობს წლიური ინფლაციის შემცირებას ერთნიშნა ციფრამდე, სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსებას, ეროვნული ვალუტის მყარი კურსის შენარჩუნებას.
მიუხედავად აღნიშნულისა, 1995-2005 წწ. პერიოდში საქართველოსათვის დამახასიათებელია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ძალზე ცვალებადი დინამიკა. მიუხედავად სტრუქტურული ძვრებისა, მშპ-ს ფაქტორების სისტემაში წარმოების ხანგრძლივი დაცემა გვიჩვენებს, რომ მომხდარი ძვრებიდან ყველა არ იყო დადებითი შედეგის მომტანი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა ახალი მაკროეკონომიკური დისპროპორციები. 2000 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი, წინა წელთან შედარებით, კვლავ მკვეთრად დაეცა 15%-მდე. 2000-2006 წწ. არსებითი ცვლილებები არ განუცდია მშპ-ს წარმოების სტრუქტურას: წლიურ გამოსახულებაში აღინიშნება წმინდა გადასახადებისა და ვაჭრობის წილის მატება, კლების ტენდენციით ხასიათდება აგრარული სექტორი -12.0%-დან -9,6%, ასევე შემცირდა ჯანდაცვის და მშენებლობის წილიც.
შინამეურნეობათა მხრიდან მოთხოვნის მცირედი კლების მიუხედავად, კვარტალურ ჭრილში შეინიშნებოდა ეკონომიკური აქტივობის მატება, რაც სეზონური ფაქტორით იყო განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ პერიოდზე მოდის მშენებლობაში და ტურიზმში ეკონომიკური აქტივობა.
მიუხედავად წლიური და კვარტალური ზრდისა, დაბალი შრომის მწარმოებლურობა აღინიშნებოდა აგრარულ სექტორში. ამ მაჩვენებლის წლიური მატება ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო მმართველობასა და ჯანდაცვის სფეროებში დასაქმებულთა რიცხოვნების შემცირებას უკავშირდება.
კლების ტენდენციები აღინიშნება 2005 წ. სამთო-მოპოვებით მრეწველობაშიც, სადაც ამავე პერიოდში 17.0-პროცენტიანი კლება იყო. ამ სექტორის ხვედრითი წონა მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 0.9 პროცენტია. არასახარბიელო მდგომარეობაა ასევე დამამუშავებელ მრეწველობაშიც. სოფლის მეურნეობასთან ერთად ეს ის სფეროებია, რომელთაც წამყვანი პოზიციები ეკავათ საქართველოს ეკონომიკაში, დღეს კი არამომგებიანად ითვლება და სახელმწიფო მათი განვითარების დიდ პოტენციალს პრივატიზებაში ხედავს. არადა, ამ მიმართულებითაც პრივატიზება ისევე თუ წარიმართა, როგორც სხვა ობიექტებზე, სახარბიელოს ვერაფერს მივიღებთ (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სახელმწიფო პრივატიზაციიდან ერთჯერადად მიიღებს დიდ შემოსავალს).
რაც შეეხება მთლიანად სამრეწველო პროდუქციის გამოშვებას, საწარმოების მიერ დეკლარირებული მონაცემებით, 2005 წელს მან ძირითადი საქმიანობის მიხედვით მოქმედ ფასებში 1444.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 18.0 პროცენტით მეტია 2004 წელთან შედარებით. იმავე პერიოდში სამრეწველო პროდუქციის გამოშვების 23.9 პროცენტი სახელმწიფოს, ხოლო 76.1 პროცენტი არასახელმწიფო სექტორს განეკუთვნება (2004 წ. შესაბამისად, 35.0 და 65.0 პროცენტი).
შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მშენებლობის სექტორში. მშენებლობის სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საბანკო სექტორიდან მშენებლობისთვის ხელსაყრელი გრძელვადიანი დაკრედიტება. 2005 წლის განმავლობაში მთლიანად, 2004 წელთან შედარებით, საბანკო სექტორიდან სამშენებლო სექტორში 27.0 პროცენტით მეტი კრედიტი გაიცა. ყოველივე ამას ემატება სახელმწიფოს მიერ სატრანსპორტო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით, 2005 წელს ამ მიმართულებით დაფინანსება 3.2-ჯერ გაიზარდა. 2005 წელს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში პროდუქციის გამოშვებამ ფაქტობრივ ფასებში 1014.7 მლნ. ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 54.0 ათასი კაცი შეადგინა.
ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, 2005 წელს დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 26,6 პროცენტი მოდის მრეწველობის, 18,0 პროცენტი – ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, 16,2 პროცენტი – ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის, 14,6 პროცენტი – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სფეროებში მოქმედ საწარმოებზე. პროდუქციის გამოშვების ყველაზე დიდი ხვედრითი წონა ელექტროკავშირს აქვს, 43%ით იგი პირველ ადგილზეა, რკინიგზის ტრანსპორტის საწარმოები კი მესამე ადგილზე არიან ელექტროკავშირისა და ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებისა და სატრანსპორტო სააგენტოების შემდეგ (16,6%)3.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საშუალოვადიანი სტრატეგიის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოვადიან პერიოდში (2007-2010 წლები) სავარაუდოდ 6-7 პროცენტის ფარგლებში იქნება. ინვესტიციებისა და სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 2006 წელს, 2005 წელთან შედარებით, მთლიანი ინვესტიციების მოსალოდნელი რეალური მოცულობა 24.5 პროცენტით გაიზარდება და მშპ-ის 31.0 პროცენტს გაუტოლდება. შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, მშპ-ში ინვესტიციების წილის კვლავ ზრდაა მოსალოდნელი.
2006-2010 წლებში სამომხმარებლო ხარჯების რეალური მოცულობა გაიზრდება, ხოლო მის წილობრივ დონეს მშპ-თან მიმართებაში კლების ტენდეცია ექნება4.
ანალიზმა ცხადყო, რომ ისევე როგორც წინა წლებში, 2005 წელს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მიმართული იყო ინფლაციისა და ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი რყევების თავიდან ასაცილებლად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მართალია, ასეთი დასკვნები დამაიმედებლად შეგვეძლო ჩაგვეთვალა, მაგრამ ვალუტის კურსის გამყარების რეალური სტიმულატორი ეროვნული ეკონომიკის მიერ შექმნილი საქონელია, ეს უკანასკნელი კი საანალიზო პერიოდში საიმედო მაჩვენებლებით არ ხასიათდება და ამდენად ეჭვგარეშეა, რომ სავალუტო სტაბილურობას ეროვნული ბანკი კვლავ ხელოვნური ბერკეტებით ახორციელებს.
2005 წლის დეკემბერში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 6.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო ფასების საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 8.2 პროცენტით მოიმატა.
2004 წლისათვის ლარის გაცვლითი კურსი ამაღლდა და 1.917 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ამავე მასალებში აღნიშნულია, რომ ინფლაციის სტაბილურობის გამო ლარის ნომინალური და რეალური სავალუტო კურსების ცვლილების დინამიკებს ერთნაირი მიმართულება აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით 2005 წლის მაჩვენებელზე.
2006 წლისათვის ლარის საშუალო გაცვლითმა კურსმა შეადგინა 1.85 ლარი ერთ აშშ დოლარზე. საქართველოში ბოლო ორი კვარტალის განმავლობაში ინფლაციური პროცესების ზრდა დაფიქსირდა. 2007 წელს კი იგი 1,60-ის ტოლია ერთ აშშ დოლარზე, ინფლაცია კი მიუხედავად ოფიციალური მონაცემებისა (8%), 15 %-ს სცილდება. ქვეყანაში ფასების ზრდა ეკონომიკის ზრდით რომ ყოფილიყო გამოწვეული, ეს პირველ რიგში უნდა ასახულიყო საზოგადოების სოციალურ მდგომარეობაზე, კერძოდ, სიღარიბის დონესა და უმუშევრობაზე. ექსპერტთა შეფასებით კი, სიღარიბის ინდექსი საქართველოში 53.4%-ია, ხოლო უმუშევრობა 38.39%-ს აღწევს (ნაცვლად სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული 12%-ისა)5.
თუ ქვეყანაში არ გატარდება აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა, 2007 წელს სურათის რადიკალურად შეცვლას არ უნდა ველოდეთ,
ყურადღება უნდა მიექცეს ინფლაციურ პროცესებს, რათა მისი დონე 5%-იანი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცეს და დაემორჩილოს რეგულირებას. თუმცა დავსძენთ, რომ ფინანსთა სამინისტროს პროგნოზული მაჩვენებლებით, ინფლაციის ტემპების შენარჩუნება 5.0 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი და შესაძლებელიც ზომიერად მკაცრი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკის ფარგლებში, რაც დღევანდელი მოვლენების ფონზე ნაკლებად მოსალოდნელია.
2006 წლისათვის კვლავ ბუნდოვანია ბიუჯეტში თავდაცვაზე მიმართული ხარჯები. არადა, 2006 წლის ბიუჯეტი ისევ დეფიციტური რჩება (333 მლნ ლარი). ვალის ერთი ნაწილის (254,3 მლნ ლარი) დაფარვა გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტით, ხოლო მეორე ნაწილისა კი – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და საქართველოსათვის გამოსაყოფი საინვესტიციო კრედიტით. 2006 წელს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ გააგრძელა პრივატიზაციის სერიები, რასაც აქტიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვერ დავარქმევთ და იმასაც აღვნიშნავთ, რომ ისევ კულისებს მიღმა რჩება ქვეყანაში სტრატეგიული სფეროების განსაზღვრა და მათი განვითარების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელება.
ჩვენს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, 2005 წელს დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 27,6 პროცენტი მოდიოდა მრეწველობის, 18,0 პროცენტი – ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, 17,2 პროცენტი – ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის, 14,6 პროცენტი – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სფეროებში მოქმედ საწარმოებზე. პროდუქციის გამოშვების ყველაზე დიდი ხვედრითი წონა ელექტროკავშირს აქვს, 43%ით იგი პირველ ადგილზეა, რკინიგზის ტრანსპორტის საწარმოები კი მესამე ადგილზე არიან ელექტროკავშირისა და ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებისა და სატრანსპორტო სააგენტოების შემდეგ (16,6%).
რაც შეეხება ვაჭრობის სფეროს, ამ სექტორის განვითარება დამოკიდებულია იმპორტული და ადგილობრივი წარმოების საქონლის ბრუნვის მოცულობაზე. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, 2005 წელს ვაჭრობა 9.3 პროცენტით გაიზარდა. 2005 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2210.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 29.0 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 599.6 მლნ. დოლარია (შესაბამისად, 31.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1610.7 მლნ. დოლარი (28.0 პროცენტით მეტი). 2005 წლის საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1011.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად აღნიშნული მაჩვენებლებისა, საქართველოს ეკონომიკა ხასიათდება სავაჭრო დეფიციტის დიდი მასშტაბით.
ქართული ექსპორტის საშუალო წლიურმა ტემპმა 2003-2006 წლებში 13.5 პროცენტი შეადგინა და მნიშვნელოვნად გაუსწრო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს, რომელიც იგივე პერიოდში საშუალოდ 9 პროცენტი იყო. მიუხედავად ამისა, ექსპორტის ზრდა კვლავ ჩამორჩებოდა სავაჭრო დეფიციტის მატებას, რომელიც აღნიშნულ პერიოდში წლიურად საშუალოდ 15.3 პროცენტს შეადგენდა6.
თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის სისტემა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ყველა ქვეყანა მოგებული დარჩეს. ეს პირობა თავისთავად თითქოს მარტივია, მაგრამ მის განსახორციელებლად საჭიროა დიდი ძალისხმევა მრეწველობის ინფრასტრუქტურის, საკანონმდებლი ბაზის, საერთაშორისო შეთანხმებების მიღწევის და ადმინისტრაციული მართვის სფეროში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია თავისი პოლიტიკის გატარებით ხელს უწყობს, ერთის მხრივ, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ერთი საერთო წესის შემოღებას და დაცვას და, მეორეს მხრივ, იძლევა საფუძველს, რომ შეიქმნას გარკვეულ ქვეყნებში თავისუფალი ბაზრები, მათ შორის, საერთაშორისო დანიშნულებისაც. ცხადია, რომ საქართველო წარმოადგენს რა ბუნებრივ კორიდორს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მას შეუძლია ითამაშოს ასეთი საერთაშორისო თავისუფალი ბაზრის როლი, რის შედეგადაც იგი დიდ სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტს მიიღებს.
საქართველომ საერთაშორისო ბაზრისათვის მნიშვნელოვანი ქვეყნის სტატუსი რომ შეიძინოს, უნდა შეიქმნას სათანადო დონის საგადასახადო გარემო, რადგანაც არსებული საგადასახადო სისტემიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ბაზარი საშუამავლო ოპერაციების შემსრულებლად ვერ გამოდგება და ეს ერთგვარად აფერხებს საქართველოში თავისუფალი საშუამავლო საერთაშორისო ბაზრის ფორმირებას, რაც აბათილებს სახელმწიფოს სტრატეგიულ-გეოგრაფიული მდგომარეობით გამოწვეულ ასეთ ბაზარზე შესვლის სტიმულს. ამიტომ საგარეო ვაჭრობაში ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნის ბაზარი გაჯერებულია ძირითადად იმპორტირებული პროდუქციით, ხოლო სამამულო პროდუქციის მოცულობა როგორც ბაზარზე, ასევე ექსპორტის სახით იმპორტთან შედარებით ძალზე მოკრძალებულია. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2003 წელს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 150.19 ათ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 461.4 ათ. დოლარია, ხოლო იმპორტი – 105.78 ათ. აშშ დოლარი. საქართველოს სავაჭრო ბალანსი უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ 1995-2003 წლებში საქონლის ექსპორტი 2,9-ჯერ გაიზარდა, მისი დონე მაინც დაბალია. საშუალოდ იგი მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ზემოთ აღნიშნული იმედისმომცემი იქნებოდა ექსპორტის ზრდა და საგარეო ვალების შემცირება ქვეყნის ეკონომიკური აქტივობით რომ იყოს განპირობებული. რეალური სურათი კი გვიჩვენებს, რომ ეს მოხდა საქართველოში ე.წ. მდიდართაგან ამოღებული თანხების საფუძველზე. საგარეო ვალებზე ზეგავლენა იქონია ასევე აშშ დოლარის ხელოვნურად გაუფასურებამ. რაც შეეხება საქართველოს ექსპორტს, მისი ზრდა ძირითადად შავი და ფერადი ლითონების დიდი რაოდენობით გატანითაა განპირობებული და ასევე 2004 წელს სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავების ექსპორტით (45,8 მლნ დოლარი)7.
ანალიზმა ცხადყო, რომ ჯერ კიდევ სტაგნაციის ფაზაშია სამამულო წარმოება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამამულო წარმოების კონკრეტულ პროდუქციას კონკურენციას უწევს იგივე დასახელების იმპორტული პროდუქცია თავისი შედარებით დაბალი ფასებით. ასეთ დაბალ ფასს იმპორტიორი აწესებს სავსებით გააზრებულად, რომ ბაზარზე მას კონკურენტი არ ყავდეს. ამით იგი აჩერებს რა მისთვის არასასურველ წარმოებას, ბაზარზე მოქმედებს “თავისუფლად და ასეთ სიტუაციაში მას შეუძლია ფასის შემცირება პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზეც. რაც შეეხება მომხმარებელს, იგი დაბალი მსყიდველუნარიანობით ხასიათდება, რის გამოც ირჩევს დაბალი ფასის პროდუქციას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ განიცდის ერთგვარ კრიზისს. ამ ფონზე კი გადასახადების, ტარიფების და ქვოტების მიმართ პროტექციონიზმი ძალზე მომხიბვლელი ხდება. თუ იმპორტშემცვლელი პროდუქციის მწარმოებელ საწარმოს შევუმცირებთ გადასახადებს, ერთი შეხედვით წარმოებას შეღავათები შეექმნება. იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდით კი თითქოს ვიცავთ ქვეყანაში იმპორტშემცვლელ წარმოებებს. ამის თანმდევი ეფექტი კი უარყოფითია, რადგანაც იგივე პოლიტიკის გატარება იწყება სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც, რაც საბოლოოდ ლახვარს სცემს საერთაშორისო ვაჭრობას. საერთაშორისო ვაჭრობის დაცვის მიზნით მსო-ს შემუშავებული აქვს ტარიფების მექანიზმი FთA-ს (თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი), GშP-ს (პრეფერენციული რეჟიმი) და MFN-ის (უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) მეშვეობით. საქართველოს სავაჭრო რეჟიმების საიმპორტო სატარიფო სქემა მოიცავს 22 განაკვეთს (0-დან 30%-მდე), საშუალი შეწონილი საიმპორტო ტარიფი შეადგენს 10,8%-ს, გაუქმებულია არასატარიფო ბარიერები (გარდა ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი პროდუქტებისა), ამ ეტაპზე არ არსებობს რაოდენობრივი ქვოტები ან სატარიფო ქვოტები. ამავე დროს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით საქართველო სარგებლობს მხოლოდ დსთ-ს 11 ქვეყანასთან, მაშინ, როდესაც იგივე რეჟიმი ბალტიისპირეთის ქვეყნებს დამყარებული აქვს 30 ქვეყანასთან და შესაბამისად 10-ჯერ მეტია ექსპორტის მოცულობა საქართველოსთან შედარებით. რაც შეეხება მსო-ს წევრ ქვეყნებთან შეღავათიანი ხელშეწყობის რეჟიმით საქართველოს საქონელბრუნვას, იგი შემდეგნაირად გამოიყურება: ექსპორტი მთლიან ბრუნვაში 2003 წლისათვის შეადგენდა 24%-ს, იმპორტი კი – 76%-ს, რაც საიმედო პერსპექტივებს ნამდვილად არ ასახავს.8
2002 წლის იანვრამდე საქართველოში მოქმედებდა GშP-ით გათვალისწინებული პროდუქციის მგრძნობელობის 4 კატეგორია. 2002 წლის 1 იანვრიდან კი ევროკავშირის გადაწყვეტილებით მგრძნობელობის 4 კატეგორიის ნაცვლად დაწესდა ორი დონე – “მგრძნობიარე” და “არამგრძნობიარე”. “მგრძნობიარე” კატეგორიის იმპორტულ საქონელს უწესდება დიფერენცირებული შეღავათები. ამასთან, ევროკავშირის კანონმდებლობით, GშP-ით გათვალისწინებული უპირატესობები არ ვრცელდება მთელ რიგ სასაქონლო ჯგუფებზე და პოზიციებზე (თევზეული, მარცვლეული, ბოსტნეულისაგან მიღებული პროდუქცია, ხორცისა და თევზეულის პროდუქცია, მადნები და კონცენტრანტები, სამკურნალო საშუალებები, ხის მერქნის პროდუქცია, ქაღალდი, იშვიათი მეტალები, საბრძოლო იარაღი, სურათები). სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს სავაჭრო რეჟიმი ქვეყანაში ოფიციალურად დადგენილი შედარებით დაბალი ტარიფებითა და მინიმალური არასატარიფო ბარიერების გამო შეფასებულია “2 ბალით” (10-ბალიანი შეფასების მიხედვით).
როგორც ვხედავთ, მიუხედავად სხვადასხვა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმებით ფუნქციონირებისა, საქართველოს საგარეო ვაჭრობის განმაზოგადებელი მაჩვენებლები უარყოფითი ბალანსით ხასიათდება, რაც ჩვენი აზრით, საქართველოს რეალობაში წარმოების განვითარების უკიდურესად დაბალი დონით აიხსნება. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ საქართველოს ექსპორტი 2006 წ. 125%-ით გაიზარდა, სავაჭრო დეფიციტმა კი 2685.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სურათი არც 2007 წლის 9 თვის შემდეგ იცვლება და დეფიციტის მოცულობა ისევ მნიშვნელოვანია (2340.5 მლნ აშშ დოლარი)9.
ეფექტიანი სავაჭრო ურთიერთობებისათვის საქართველოს სავაჭრო სტრატეგიის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს შენაცვლებისა და ჩანაცვლების პოლიტიკის განხორციელება. ეკონომიკის ციკლურობიდან გამომდინარე, აღნიშნული პოლიტიკის გატარება მაღალ შედეგებს მოგვცემს ისე, რომ არ შეიცვალოს საბოლოო მიზანი და ძირითადი სტრატეგია. თანამედროვე პერიოდში ფართო გამოყენება ჰპოვა მომსახურებით ვაჭრობამ. სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხდარმა რევოლუციურმა ცვლილებებმა შეცვალა საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურაში არსებული ტრადიციები და წინა პლანზე წამოიწია მომსახურების ბაზრების განვითარება. ფართო მოთხოვნა გაჩნდა მომსახურებით ვაჭრობის ისეთ სახეებზე, როგორიცაა: ტურისტული იმპორტი და ექსპორტი; საინფორმაციო სისტემებით მომსახურება; ტექნოლოგიებით ვაჭრობა; ნოუ-ჰაუ, პატენტებითა და ლიცენზიებით ვაჭრობა.
ასე მაგალითად: ტურისტული ბიზნესის წილად მოდის მსოფლიო ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 6%, 7% – ჯამური კაპიტალდაბანდებანი, 11% – სამომხმარებლო ხარჯები და 5% – საგადასახადო შემოსავლები. 2000 წლის მონაცემებით, ყოველი მე-16 სამუშაო ადგილი მსოფლიოში მოდიოდა ტურიზმზე. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით იზრდება. საქართველოში კი ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2000 წელს 8826,7 ლარი შეადგინა, რაც ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების მთლიანი მოცულობის 14,5%-ია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ამ პერიოდისათვის, 1995 წელთან შედარებით, 26 მლნ. ლარით გაიზარდა. XX საუკუნის ბოლოდან ფართოდ განვითარდა ელექტრონული ვაჭრობა და სხვ. 2000 წლის მონაცემებით, ინტერნეტის მომსახურებით სარგებლობდა 427 მცირე საწარმო. 2002 წლის დასაწყისში მათი რაოდენობა 95 პროცენტით გაიზარდა. ინტერნეტის მეშვეობით მიღებული შეკვეთების საერთო თანხამ 2002 წლის ბოლოს 19 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 67%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. ინგლისური კომპანია “ატამასტერ”-ის გამოკვლევით, სამომხმარებლო ელექტრონული ვაჭრობის მოცულობამ მიაღწია 26 მლრდ დოლარს. 2005 წლისათვის კი საოჯახო შესყიდვების 70 პროცენტი განხორციელდება ინტერნეტის მეშვეობით. რაც შეეხება საერთო მოხმარების ქსელს, ინტერნეტით 1999 წელს მთელს მსოფლიოში სარგებლობდა 199 მლნ კაცი, 2000 წელს – 400 მლნ-ზე მეტი, ხოლო 2005 წელს 1 მლრდ-ს გადააჭარბა. კომერციის წარმოებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გასაყიდი პროდუქციის რეკლამას. მისი მოცულობა კომპანიის შემოსავლების პირდაპირპროპორციულია. უმსხვილესი კომპანიები თავიანთი პროდუქციის რეკლამაში დიდძალ თანხებს ხარჯავენ. რეკლამირების არხებიდან ყველაზე იაფ რეკლამად აღიარებულია რეკლამა ინტერნეტის საშუალებით. 2001 წლის მონაცემებით, ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული რეკლამის ხვედრითი წილი 61 პროცენტს შეადგენდა. 2000 წლისათვის ეს მაჩვენებელი 27% იყო, ხოლო 1999 წელს კი – 40%10. 2001 წლის ტრადიციული რეკლამის მოცულობა 11 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წელს 18-დან 40 მლრდ დოლარამდე მიაღწია, რაც მთელი სარეკლამო ბიზნესის 6%-ს შეადგენს. ჩრდილოეთ ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამაზე მოდის მთელი ბაზრის 75%, ევროპაში – 12%, ხოლო აზიაში – 7%11.
ექსპერტების აზრით, 2005 წელს მან გადააჭარბა სატელევიზიო რეკლამის მოცულობას12. ფართო პოპულარობით სარგებლოს აგრეთვე ელექტრონული კომერცია “ბუსინესს ტო ცუსტომენ (მსხვილი კომპანიების კორპორაციული სექტორი). 2000 წელს ამ სექტორის წილად მოდიოდა ელექტრონული კომერციის 3,5 მლრდ აშშ დოლ. მოცულობის ელექტრონული ვაჭრობა. 2005 წლის მაჩვენებლები ევროპაში 63 მლრდ აშშ დოლარია, აშშ-ში – 104,7 მლრდ დოლარი, მსოფლიოში – 197,6 მლრდ აშშ დოლარი13. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს-ვაჭრობის ტრადიციული ფორმების იგნორირებას, უარი ვთქვათ მომგებიან ექსპორტზე და გადავინაცვლოთ ეკონომიკის სხვა სფეროებში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფორმა ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკაში მიზანმიმართულად უნდა იქნეს გამოყენებული ვაჭრობიდან მოგების მიღების თვალსაზრისით. ამის განხორციელება კი შესაძლებელია მარკეტინგული მართვის (მარკეტინგ-მენეჯმენტი) გამოყენებით. სწორედ მის საფუძველზე ხდება სასაქონლო და მომსახურებით ვაჭრობის ეფექტიანი შეთავსება ისე, რომ თითოეულმა მათგანმა სასურველი შედეგი მოგვცეს დივერსიფიკაციის პოლიტიკის გატარების დროს. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური მიზანშეწონილობა საქართველოსათვის დამოკიდებულია საექსპორტო პროდუქციის წილის გაზრდაზე, მრეწველობის ინფრასტრუქტურის შექმნასა და იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოებაზე. თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი ფორმაა თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ), რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია.
თეზ-ის შექმნისათვის სხვადასხვა ქვეყანას თავისებური მიზანი აქვს. დიდი და განვითარებული ქვეყნები ასეთ ზონებს ქმნიან იმ მიზნით, რომ მოახდინონ რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაცია. მაგალითად, ინგლისი ასეთ ზონებს ქმნის ვირჯინიის კუნძულებზე, რუსეთი – შორეულ აღმოსავლეთში, ანუ იქ, სადაც სახელმწიფოს ერთგვარად უჭირს რეგულირების და კოორდინაციის განხორციელება. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, თეზ-ი მათთვის ღია ეკონომიკური პრინციპის პოლიგონის შექმნის მიზანია. ამავე დროს, ასეთი ქვეყნების მიერ ზონების შექმნა მოითხოვს თვით ამ ქვეყნების წინასწარ მზადყოფნის სწორ შეფასებას, რაც ძირითადად დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეთნიკურ ჯგუფებზე, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე და სხვ.
საქართველოში კლასიკური ტიპის თეზ-ის შექმნა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია შემდეგი მოსაზრებების გამო: პირველი, საქართველოში საკმაოდ ლიბერალური და გახსნილი ეკონომიკური სივრცეა, რაც აქტუალობას უკარგავს თეზ-ის შექმნას; მეორე, როგორც საერთაშორისო გამოცდილებამ ცხადყო, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, თეზ-ს არ ქმნიან; ისინი, როგორც წესი, ერთიანდებიან საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში; თეზ-ის შექმნა, ჩვენი აზრით, საქართველოში შეიძლება განხილულ იქნეს სამეცნიერო-ტექნიკური და სამეცნიერო-საწარმოო ზონების შექმნის პრინციპით. ასეთი ზონები ნაკლებადაა დაკავშირებული კორუფციასთან და ჩრდილოვან ეკონომიკასთან, ასევე არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტების საფრთხე. მათ შესაძლოა, ძლიერი ზეგავლენა იქონიონ ქვეყნის მეცნიერების აქტივობაზე და ეროვნული კონკურენტული რესურსების ფართოდ გამოყენებასა და გააქტიურებაზე. ამ ზონების შექმნა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მოკლე ვადაში თავს დააღწევს წამოჭრილ ფინანსურ პრობლემებს და, რაც მთავარია, ტექნოლოგიებისა და ტექნოპარკების შექმნით ქვეყანა წინ წამოწევს და განავითარებს ისეთ სტრატეგიულ, კონკურენტულ ფაქტორს, როგორიცაა მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალი და ინოვაციური საქმიანობა. ეს კი ხელს შეუწყობს ეროვნული ტექნოლოგიების განვითარებას, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და მრავალმხრივი სავაჭრო პოლიტიკის განხორციელებას.
სწორად გატარებული სავაჭრო პოლიტიკა ცალსახა შედეგებთან არაა დაკავშირებული. იგი ხელს შეუწყობს ეროვნული კადრების ქვეყნის შიგნით გამოყენებას, შეამცირებს “ტვინების გადინების წილს შრომითი მიგრაციის პროცესებში, ამით კი უზრუნველყოფს ინტელექტუალური შრომითი რესურსების ქვეყნის შიგნით გამოყენებას, რაც მსოფლიო ცივილური ნაწილის მთავარი კონკურენტული “იარაღია”.
ეკონომიკური უსაფრთხოების და სისტემური შოკიდან გამოსვლის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, გატარდეს აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ორიენტირებული უნდა იყოს საექსპორტო დარგების განვითარებაზე, ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სტრატეგიულ ხასიათზე14.
2007 წ. ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის მაღალი ტემპებით ხასითდებოდა. ხარჯების აღნიშნული დინამიკა წლიურ გამოსახულებაში თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაფინანსებლად განკუთვნილი თანხების მნიშვნელოვან მატებას განაპირობებდა.
ნაერთი ბიუჯეტის სტრუქტურაში 2006 წლის მეორე კვარტალთან შედარებით თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხარჯების წილი მკვეთრად გაიზარდა, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების, სოციალური დაცვის, განათლების და საბინაო-კომუნალური მეურნეობის ხარჯების წილი კი შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაცვის ხარჯების 39.5 პროცენტი კაპიტალური დანიშნულებით იქნა გამოყენებული.
ნაერთი ბიუჯეტის სტრუქტურის ამდაგვარი დინამიკა მეტად არასასურველი და არაეფექტურია ნებისმიერი განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნისათვის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს არასწორ სახელმწიფო მმართველობით პოლიტიკაზე, რომელმაც პირველყოვლისა, მთელი ძალისხმევა განათლებისა და სოციალური დაცვისაკენ უნდა წარმართოს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მყარი გარანტი ექნება ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, დაიწყოს თავდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა.
ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების შემდეგი სცენარები და მახასიათებლები:

დასკვნები და რეკომენდაციები
პესიმისტური სცენარი (2004-2008 წწ.)
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საშუალოვადიანი სტრატეგიის ანალიზი ადასტურებს, რომ იგი მთლიანად პესიმისტური სცენარის ჩარჩოებშია მოთავსებული და არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტენდენციების გაგრძელება ვერ დააჩქარებს კრიზისიდან გამოსვლას. გრძელვადიანი პერსპექტივით კი ამ პოლიტიკის განხორციელება გააღრმავებს ისედაც გამწვავებულ სოციალურ ეკონომიკურ კრიზისს, რაც რთული სამართავი იქნება, ამით კი ნოყიერი ნიადაგი შეექმნება “gigant სახელმწიფოებსა და კომპანიებს თავიანთი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების წარმატებულად განხორციელებისათვის. საქართველო კი მხოლოდ ტრანზიტული ფუნქციისა და გამსაღებელი პოლიტიკის მექანიკური შემსრულებელი იქნება.

რელისტური სცენარი (2008-2013)
კრიზისიდან სწრაფი გამოსვლა, რასაც სჭირდება ინვესტიციების გააქტიურება განათლებაში; ინოვაციური საქმიანობის გააქტიურება; ეკონომიკის, სამართლისა და პოლიტიკის ერთ მთლიანობაში განხილვა, როგორც ერთი მთელის შემადგენელი ნაწილებისა; სტრატეგიისა და პოლიტიკის გამიჯვნა და სიტუაციური მიდგომების გამოყენება მართვაში. ბიუჯეტის მთელი ძალისხმევა კი მიმართული უნდა იქნას სოციალური დაცვის პოლიტიკის რეალურად ამოქმედებაზე; სიღარიბის დონის დაძლევაზე და საარსებო მინიმუმის რეალურ ჩარჩოებში საბოლოოდ მოქცევაზე. აუცილებელია ინფორმაციული სექტორის განვითარების დაჩქარება. ეროვნული ეკონომიკის საწარმოო სექტორის გააქტიურება; ქვეყნისათვის ინდუსტრიული სტატუსის აღდგენა და ეროვნული ინტელექტუალური რესურსების ფართოდ ჩაბმა და გამოყენება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში და ამ მიმართულებით გლობალური მენეჯმენტის გააქტიურება.

ოპტიმისტური სცენარი (2013-2020 წწ.)
ეს სცენარი ითვალისწინებს სწრაფი განვითარების სტრატეგიის ამოქმედებას; სახელმწიფო ტერიტორების მთლიანობის საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას ეკონომიკური ზონების რეალურად ამოქმედებისათვის. ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რაც ითვალისწინებს ეკონომიკური და ტექნოლოგიური ზონების, ტექნოპარკების შექმნასა და ამოქმედებას; საწარმოო და სამეცნიერო კოოპერაციული ფორმების, ტოლინგური ურთიერთობების დამკვიდრებას;
ოფშორული ზონების ჩამოყალიბებას; ვენჩერული ბიზნესისა და ფონდების შექმნას, ბიზნეს-ინკუბატორების ფუნქციონირებას, რაც კონკურენტულს გახდის საქართველოს მთლიანად და მის საზოგადოებას. ამის ბაზაზე კი მოხდება საზოგადოების მენტალობის თვისებრივად ახლებურად ჩამოყალიბება; ყოველივე კი აამაღლებს და დააჩქარებს საქართველოს ევროინტეგრაციაში ინტეგრირების პროცესს და მყარ გარანტიას შექმნის გლობალურ ეკონომიკაში ეროვნული ნიშნებით ფუნქციონირებისათვის, საბოლოოდ კი შესაძლებელი იქნება ევროკავშირში შესვლისათვის კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება (ცხრილი #3), რომელიც წარმოდგენილია მე-3 ცხრილში. საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესაბამისად შესაძლებელია მოხდეს მათი გამკაცრება.
წარმოდგენილი სცენარული მოდელი ზოგადი ხასიათის არის. მათზე დაყრდნობით და აღნიშნული ვადების გათვალისწინებით შესაძლებელია ასევე სხვა ვარიანტების არსებობაც, რომლებიც საერთო მიზნის წარმატებულ რეალიზაციას უზრუნველყოფს. მათი განხილვა ჩვენს მომდევნო კვლევებში იქნება წარმოდგენილი.