საქართველოს საგარეო ვაჭრობის განვითარების ტენდენციები გლობალიზაციის პირობებში

რამაზ ფუტკარაძე, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს გლობალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის, მათ შორის საქართველოსათვის აუცილებელი გახდა ძირეული ეკონომიკური რეფორმების გატარება, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება მეზობელ (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი), განვითარებულ და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან. მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ქვეყნის ეროვნული და სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ძირითადად განვითარებული ქვეყნების მიერ მისით დაინტერესება. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ქვეყნები აშშ-ის, გერმანიის, იაპონიის, ჩინეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ინტერესების სფეროშია. ბუნებრივია, თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და ძლიერი საქართველო უფრო დიდ დახმარებას გაუწევს საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა გამოიყენონ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და რესურსები.
საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ის მსოფლიოს გზაჯვარედინზე მდებარეობს და აკავშირებს ევროპას აზიასთან. საქართველოს საკმარისი პოტენციალი (გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი და შრომითი რესურსები) გააჩნია, რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ვაჭრობაში და ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს მსოფლიო თანამეგობრობასთან. საქართველო მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების ინტერესების სფეროში მოექცა. დამოუკიდებელ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა იყოს დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. გერმანელი მეცნიერი ფრიდ ნილსენი თავის წიგნში: ქარი ქრის – საქართველო ცვლილებათა პროცესში” – წერს, რომ საქართველოსათვის ნავთობსადენი მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ სამუშაო ადგილებისა და ტრანზიტისაგან მიღებული გადასახადები. ეს არის სიმბოლო საქართველოს დაკავშირებისა დასავლეთ სამყაროსთან, რომლის წევრადაც ის თავს მიიჩნევს… შუა საუკუნეებში აბრეშუმის გზა საქართველოზე გადიოდა და ევროპელ ვაჭრებს აზიის კარს უხსნიდა. დღეს ეს არის ნავთობსადენი, რომელიც საქართველოს ერთგვარ ხიდად აქცევს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.2
საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებების შეფასებისათვის განვიხილოთ ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტ-იმპორტი, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები, უმსხვილესი საიმპორტო და საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები და სხვა მაჩვენებლები. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2007 წელს 6456,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 38,1 პროცენტით მეტია (იხ. ცხრილი #1), აქედან ექსპორტი 1240,2 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 24,9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 5216,7 მლნ. აშშ დოლარი (41,7 პროცენტით მეტი). საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილია მხოლოდ 19,2%, ხოლო იმპორტის – 80,8%, ანუ ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი 23,8%-ს შეადგენს (იმპორტი ექსპორტზე 4,2-ჯერ მეტია). აღნიშნული სერიოზულად დამაფიქრებელია და ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია დსთ-ს (და არა მხოლოდ) სივრცეში, საქართველოს ექსპორტის მოცულობა საგარეო სავაჭრო სალდოს 3,2-ჯერ ჩამორჩება. მართალია, იზრდება საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, მაგრამ უფრო მაღალი ტემპებით იზრდება სავაჭრო დეფიციტი და შესაბამისად არ იზრდება ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი. იზრდება ვაჭრობის გეოგრაფია და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რაოდენობა, მაგრამ არ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს. ასევე მართალია მთლიანობაში წინა პერიოდთან შედარებით საექსპორტო მაჩვენებელი იზრდება, მაგრამ არ იცვლება საექსპორტო სასაქონლო სტრუქტურა.
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2007 წელს 3976,5 მლნ. აშშ დოლარია. 2007 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს 100 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 4122,3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ნაცვლად 104 ქვეყნისა და 2850,8 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა 2006 წელს. 2007 წელს ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 23 ქვეყანასთან (145,8 მლნ. აშშ დოლარი), ნაცვლად 28 ქვეყნისა და 109,2 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა წინა წელს. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს საქართველოს მილიონ აშშ დოლარზე მეტი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 11 ქვეყანასთან: კანადა (58,3 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (51,3 მლნ. აშშ დოლარი), მექსიკა (12,6 მლნ. აშშ დოლარი), გიბრალტარი (8,3 მლნ. აშშ დოლარი), ტაჯიკეთი (4,2 მლნ. აშშ დოლარი), იემენი (2,1 მლნ. აშშ დოლარი), ალჟირი (1,6 მლნ. აშშ დოლარი), ერაყი (1,4 მლნ. აშშ დოლარი), ბელიზი (1,3 მლნ. აშშ დოლარი), ფილიპინები (1,3 მლნ. აშშ დოლარი) და ავღანეთი (1,1 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის დსთ-ს ქვეყნებზე (იხ. ცხრილი #2). დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2007 წელს 29,1 %-ით გაიზარდა და 2323,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. დსთ-ის ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36,0 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 37,9 პროცენტი და იმპორტის 35,5 პროცენტი (2006 წელს – შესაბამისად 38,8, 41,8 და 38,1 პროცენტი). სავაჭრო დეფიციტის 34,8 პროცენტი მოდის დსთ-ის ქვეყნებზე (2006 წელს – 36,9 პროცენტი). აღსანიშნავია, რომ დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბები უფრო მაღალია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. ეს განსხვავება კი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების პირობებში. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ბაზარი იყო და იქნება ყოველთვის საქართველოს ეკონომიკისათვის, საექსპორტო პოტენციალისათვის ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის.
საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდას ევროკავშირთან. ევროკავშირის ბაზარი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, მასზე მოდის დაახლოებით მსოფლიო ვაჭრობის 20%. საქართველოს ექსპორტს ევროკავშირში მზარდი ტენდენცია აქვს და გაცილებით მაღალი, ვიდრე საქართველოს ექსპორტს. 2007 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის 27 ქვეყანასთან 1807,4 მლნ. აშშ დოლარია (იხ. ცხრილი #3), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე იმავე ქვეყნების მიხედვით, 73,5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 268,5 მლნ. აშშ დოლარია (42,1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1538,9 მლნ. აშშ დოლარი (80,4 პროცენტით მეტი). ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 28,0 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 21,7 პროცენტი, იმპორტის 29,5 პროცენტი და სავაჭრო დეფიციტის 34,8 პროცენტი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტი ბოლო ხუთი წელია 17-25%-ის ფარგლებშია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტს (24-40%).
საქართველოს ხვედრითი წონა ევროკავშირის მთლიან ექსპორტში მართალია უმნიშვნელოა, მაგრამ პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას შეუძლია ეს მაჩვენებელი გაზარდოს. საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ევროკავშირს ეძლევა შესაძლებლობა გაზარდოს სავაჭრო ურთიერთობების დამყარება ყოფილი საბჭოთა კავშირის, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებთან.
საქართველო 1999 წლიდან მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრია და დღეს ქვეყანას საკმაოდ ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა აქვს, დაბალი საიმპორტო ტარიფებით არ გააჩნია რაიმე რაოდენობრივი შეზღუდვები. 2007 წლიდან საქართველოს კანონი საბაჟო ტარიფების შესახებ” გაუქმდა და მისი დებულებები გადავიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში. იმპორტი იბეგრება საბაჟო გადასახადის 0%, 5% და 12%-იანი განაკვეთით, ხოლო ექსპორტი და რეექსპორტი საქართველოდან განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან.3
ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობს GPS+ რეჟიმით. უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის GSP+-ის სქემით გათვალისწინებულია საქონლის ფართო ჩამონათვალი, მასში არაა წარმოდგენილი საქართველოსთვის ძირითადი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია, მაგალითად, ღვინო. ევროკავშირში GSP+-ის რეჟიმით 2006 წელს ექსპორტირებული პროდუქციის საერთო ღირებულებამ შეადგინა 93,5 მლნ. აშშ დოლარი, რაც საქართველოდან განხორციელებული საერთო ექსპორტის 9,4%-ს შეადგენს, ხოლო ევროკავშირში განხორციელებული ექსპორტის 49,5%-ს შეადგენს. ევროკავშირის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს ქართული თხილის, კაკლის, ნატურალური და მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სხვათა ექსპორტს.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პირობებში საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მასშტაბების გაზრდას, მით უფრო, როცა საქართველოს სტრატეგიულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებში შედის ევროკავშირის წევრობისაკენ სვლა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მხარეებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის (FTA) შემოღება.
საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის პირობებში ევროკავშირთან ბაზრების ორმხრივ დონეზე გახსნა. აღნიშნულს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, მაგრამ პერსპექტივაში, გრძელვადიან პერიოდში საქართველო აუცილებლად მოიგებს. ორმხრივი ეკონომიკური საზღვრების გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას და შეამცირებს ქვეყნის დამოკიდებულობას ცალკეულ ბაზრებზე. ევროკავშირის დიდ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის უმნიშვნელო მოცულობის გათვალისწინებით ქართული პროდუქციის იმპორტი არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. საქართველოს ჩართვა ევროპის სავაჭრო-ეკონომიკურ სივრცეში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, მრეწველობის რიგი დარგების კონკურენტუნარიანობის ზრდას მსოფლიო ბაზარზე. ასეთი დარგები შეიძლება იყოს როგორც მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკისა და ინფორმატიკის, ისე დაბალტექნოლოგიური საფეიქრო მრეწველობის დარგები.
საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობა ხელს შეუწყობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყანაში საშუალო ფენის გაძლიერებას. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს დღემდე დაბეგვრადი საქონლის (რომელსაც არ ითვალისწინებს დღეს მოქმედი GSP+ რეჟიმი) იმპორტს ევროკავშირში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ფართო შეთანხმება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და სამართლებრივ სფეროში ევროპული ნორმების დამკვიდრებას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ფართო შეთანხმება განაპირობებს სტანდარტებთან და სხვა არასატარიფო ბარიერებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით გაღრმავდება რეგიონის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ რუსეთის ფედერაციის მხრივ 2006 წლიდან დაწყებული სავაჭრო ემბარგოს პირობებში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოს საგარეო ეკონომიკურ უსაფრთხოებაში უმნიშვნელოვანესი საკითხია.
საერთაშორისო ეკონომიკის ცნობილი გერმანელი ეკონომისტი ენგელი მიიჩნევდა, რომ უცვლელი ფასების და დემოგრაფიული ცვლილების (ოჯახის სიდიდე და შემადგენლობა) დროს შემოსავლების გადიდებას მივყავართ სურსათზე სამომხმარებლო ხარჯების წილის შემცირებამდე… შემოსავლის ზრდას მოთხოვნის ორიენტაცია ფუფუნების საგნებზე გადააქვს.4 აქედან გამომდინარე, საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გადიდებასთან ერთად გაიზრდება სავაჭრო თანამშრომლობა განვითარებულ ქვეყნებთან. ჩვენ არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება მოსახლეობის შემოსავალი, მოთხოვნა, რაც იმპორტის მოცულობას ასეთი ტემპებით ზრდის, რის ძირითად საფუძვლად საქართველოს კომერციულ ბანკებში გაზრდილი დეპოზიტები სახელდება. დეპოზიტების გაზრდა შეიძლება გამოიწვიოს სხვა ფაქტორებმაც, მაგალითად, მოსახლეობის ნდობის გაზრდამ კომერციული ბანკების მიმართ.
2007 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, მან ჩაანაცვლა რუსეთი. 2007 წელს ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა 899,68 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 13,6 პროცენტია, მათ შორის ექსპორტი 171,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 48,5 მლნ. აშშ დოლარით მეტია (იხ. ცხრილი #4). თურქეთში გაზრდილია ისეთი სასაქონლო ჯგუფების ექსპორტი, როგორიცაა: შავი ლითონების ჯართი (34,4 მლნ. აშშ დოლარით), ალუმინის ჯართი (5,8 მლნ. აშშ დოლარით), ელექტროენერგია (4,6 მლნ. აშშ დოლარით) და მინის ტევადობები (3,4 მლნ. აშშ დოლარით). ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა (205,3 მლნ. აშშ დოლარი) თურქეთიდან იმპორტში. განსაკუთრებით გაზრდილია პლასტმასის მილების (8,4 მლნ. აშშ დოლარით), შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციების (7,4 მლნ. აშშ დოლარით) და კარტოფილის (7,2 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მაღალ დონეს თურქეთთან, უკრაინასთან, რუსეთთან და აზერბაიჯანთან ძირითადად განსაზღვრავს: ტერიტორიული სიახლოვე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის დაბალი შემოსავლები, მოცემული ქვეყნებიდან პირველადი მოთხოვნილების საქონლის იმპორტი, მათი ბაზრის შედარებით ნაკლებ პრეტენზიულობა საქონლის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის მიმართ, ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული სავაჭრო კავშირები და სხვა ფაქტორები.
თურქეთის შემდეგ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია უკრაინა (სავაჭრო ბრუნვის 10,4%), რუსეთი (9,8%), აზერბაიჯანი (8%), გერმანია (6,9%), აშშ (5,5%), ბულგარეთი (3,8%), არაბთა გაერთიანებული საემირო (3,6), ჩინეთი (3,3%), თურქმენეთი 2,7%) და ა.შ. ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი საქართველოს მთელ საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67,9 პროცენტს შეადგენს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის არის დსთ-ის 4 ქვეყანა და მათზე მოდის მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 30,9 პროცენტი, 2006 წლის ამავე პერიოდში კი დაფიქსირდა შესაბამისად 4 ქვეყანა და 34,5 პროცენტი.
უკრაინამ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მესამე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა. ამ ქვეყანაში ექსპორტი გაზრდილია 65,7 პროცენტით, რაც გამოიწვია ძირითადად სპირტიანი სასმელების (21,5 მლნ. აშშ დოლარით), მინერალური წყლების (8,8 მლნ. აშშ დოლარით), რკინიგზის ლოკომოტივების (4,6 მლნ. აშშ დოლარით) და ნატურალური ყურძნის ღვინის (3,2 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის გაზრდამ. იმპორტი უკრაინიდან 79,6 პროცენტით არის გაზრდილი და 574,9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტად გაზრდილია რკინისა და ფოლადის წნელების (34,5 მლნ. აშშ დოლარით), სიგარეტების (18,1 მლნ. აშშ დოლარით) და შავი ლითონების მილებისა და მილაკების (12,7 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 631,9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0,4 პროცენტით ნაკლებია. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი 3,9 პროცენტული პუნქტით – 13,7 პროცენტიდან 9,8 პროცენტამდე – შემცირდა. 2007 წელს წინა წელთან შედარებით ექსპორტი რუსეთში შემცირებულია 22,6 მლნ. აშშ დოლარით, კვლავ შეწყვეტილია ამ ქვეყანაში ნატურალური ყურძნის ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი. უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებია ელექტროენერგია, ფეროშენადნობები, რკინიგზის ან ტრამვაის ლოკომოტივების ნაწილები, მინის ნაწარმის დასამზადებელი მანქანები და რკინიგზის ლოკომოტივები, რომელთა წილად მოდის საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის 83,6 პროცენტი. რუსეთიდან იმპორტი გაზრდილია 20,1 მლნ. აშშ დოლარით და 578,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3,6 პროცენტით მეტია. ჩვენ თუ გადავხედავთ მსოფლიო ქვეყნების ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს, ვნახავთ, რომ თითქმის ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა მეზობელი ქვეყანაა. მიგვაჩნია რუსეთთან ცივილიზებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ იგი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდება. რუსეთი საქართველოსათვის ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო ბაზარია და შესაბამისად მასთან სავაჭრო ემბარგოს შეწყვეტა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ძირითადი სასაქონლო სტრუქტურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურა დამოუკიდებელია იმპორტის სასაქონლო სტრუქტურისაგან. როდესაც ქვეყნის იმპორტი 420%-ით მეტია ექსპორტზე, იმპორტი არაა ორიენტირებული ინვესტიციურ საქონელზე, ხოლო ექსპორტს სანედლეულო მიმართულება აქვს, მასში მზა პროდუქციის ხვედრითი წილი მცირეა. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია – 159,63 მლნ. აშშ დოლარი – მის წილად 2007 წელს ექსპორტის 12,9 პროცენტი მოდის (იხ. ცხრილი #5). შავი ლითონების ჯართის ექსპორტი შეადგენს 96,9 მლნ. აშშ დოლარს, რაც ექსპორტის 7,8 პროცენტია.
საქართველოს იმპორტის სასაქონლო სტრუქტურა გვიჩვენებს, რომ მისი უდიდესი ნაწილი მსუბუქ ავტომობილებზე, სამკურნალო საშუალებებზე, სატვირთო ავტომობილებზე, სამედიცინო ხელსაწყოებსა და მოწყობილებებზე, სხვადასხვა სახის სამრეწველო საქონელზე მოდის. საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2007 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტებია და მისი იმპორტი 556,3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 113,2 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, მის წილად იმპორტის 10,7 პროცენტი მოდის. გაზრდილია მსუბუქი ავტომობილების ჯგუფის იმპორტი და 369,7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 74,4 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, მისი წილი ქვეყნის იმპორტში 7,1 პროცენტია, ნავთობის აირებზე მოდის მთლიანი იმპორტის 5,6%, შაქარზე – 1,7%, გამომთვლელ მანქანებზე – 1,5%, სატვირთო ავტომობილებზე – 1% და სხვა. იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში წარმოდგენილია ბევრი ისეთი პროდუქცია, რომელიც საქართველოში არ იწარმოება ან არ მოიპოვება, მაგალითად, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, სამედიცინო ხელსაწყოები და მოწყობილობები, სხვადასხვა სახის სამრეწველო საქონელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.
ქვეყნის ექსპორტის გაზრდის მიზნით საჭიროა მისი ფინანსური მხარდაჭერა. კერძოდ, უნდა ჩამოყალიბდეს საექსპორტო წარმოებისა და საექსპორტო ოპერაციების დაზღვევისა და დაკრედიტებისა სისტემა. ამასთან დასავლეთის ბაზარზე დამკვიდრებისათვის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის, საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან აუცილებელია ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ადგილობრივ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების, მანქანა-დანადგარების დანერგვაზე იქნება მიმართული.
არასახარბიელოა საქართველოს ექსპორტი იმპორტთან შედარებით. საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ჭარბობს ნედლეული და მასალები (შავი და ფერადი ლითონების ჯართი, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, კაკალი და ა.შ.), ხოლო იმპორტის სტრუქტურაში უმნიშვნელო ხვედრითი წილითაა წარმოდგენილი ტექნოლოგიები და მანქანა-მოწყობილობები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტის სასაქონლო სტრუქტურა უფრო მეტად უნდა იყოს ქვეყნის საწარმოო ძალთა განვითარებაზე ორიენტირებული, რაც საექსპორტო ბაზის განვითარების საფუძველია. ამისათვის ადგილობრივი წარმოების განვითარება უპირველეს პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ დარგებს, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული საექსპორტო შემოსავლები მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. საქართველოში შემოდის ბევრი ისეთი პროდუქცია, რომელთა წარმოებაც საქართველოში შეიძლება და არანაკლები ხარისხით.
ყველა ქვეყანაში არსებობს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამები და პროექტები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იწყებს “ექსპორტის წახალისების” პროგრამის განხორციელებას, რაც მისასალმებია. პროგრამის ფარგლებში დაგეგილია მეწარმეებზე, მათ შორის დამწყებზეც საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა ასი ათასიდან 2,5 მილიონ ლარამდე. პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 25 მლნ. ლარს. ჩვენი აზრით, პროექტის ბიუჯეტი იმდენად მცირეა, რომ ექსპორტის გაზრდა მნიშვნელოვნად ვერ მოხდება, შესაძლებელია დაახლოებით 500 სამუშაო ადგილის შექმნა. აღსანიშნავია რომ მსგავს მეთოდებს იყენებს მრავალი ქვეყანა, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური მხარდაჭერა იქნება ეს, თუ საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა საექსპორტო კრედიტების გაცემის საშუალებით, მაგრამ საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები ამის საშუალებას არ იძლევა. თანამედროვე ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებული და საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის ღერძია, რომელიც თავისი განსაკუთრებული ადგილის გამო არსებით როლს ასრულებს ამ ქვეყნების როგორც ეკონომიკურ, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის გერმანიის ექსპორტის დაახლოებით 30%, სამ მილიონზე მეტი მცირე და საშუალო საწარმო აწარმოებს გერმანიაში წარმოებული პროდუქციის 57%-ს და იძლევა სამუშაო ადგილების 70%-ს.
უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რასაც მნიშვნელოვნად შეუძლია ხელი შეუწყოს ექსპორტს. ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსის დაცემა აძვირებს იმპორტს, ხოლო ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსის გამყარება იმპორტის მნიშვნელოვან გაიაფებას იწვევს. საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე დიდად მოქმედებს ქვეყანაში დღეს არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობის შემცირება, ექსპორტის წახალისება და ეს შესაძლებელია ფულად-საკრედიტო სფეროთი. ქართული ლარი პოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მყარდება. მყარი ლარი ხელს უწყობს იმპორტს და პირიქით, ხელს უშლის ექსპორტს. ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მიმართულია ინფლაციისა და ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი რყევების თავიდან აცილებისაკენ და სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ, მაგრამ ექსპორტს ყველა მიმართულებით ხელშეწყობა სჭირდება. ბოლო პერიოდში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მყარდება, მაგალითად, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2001 წლის ბოლოს 2,06 ლარი/აშშ-ის დოლარი დონეზე დაფიქსირდა (შესაბამისად, 2002 წ. – 2,09 ლარი/აშშ დოლარი, 2003 წ. – 2,075 ლარი/აშშ დოლარი, 2004 წ. – 1,825 ლარი/აშშ დოლარი, 2005 წ. – 1,7925 ლარი/აშშ დოლარი 2006 წ. – 1,715 ლარი/აშშ დოლარი, 2007 წ. – 1,5916 ლარი/აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 22 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ლარის აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1,547 ლარი/აშშ დოლარი ანუ ლარი კიდევ უფრო გამყარდა, რაც დამამუხრუჭებელი ფაქტორია ექსპორტისათვის.
თანამედროვე ეტაპზე საქართველოსათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს განვითარებულ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ვიდრე განვითარების იგივე დონის ქვეყნებთან. ამას უპირატესად განაპირობებს ქვეყნის მზარდი ტექნოლოგიური დამოკიდებულება განვითარებულ ქვეყნებზე. განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების, ექსპორტის გაზრდის და მათი მსოფლიო ეკონომიკასა და ვაჭრობაში ინტეგრირების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს.
ამრიგად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები მთელი რიგი პრობლემებით და თავისებურებებით ხასიათდება: პირველი, საქართველოს სავაჭრო ბალანსი ხასიათდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსით, მართალია იზრდება საქართველოს ექსპორტი, მაგრამ არა მნიშვნელოვნად და გაცილებით დაბალი ტემპებით იმპორტთან შედარებით (იმპორტი 420%-ით მეტია ექსპორტზე). მეორე, საქართველოს ექსპორტის სტიმულირებას და საგარეო სავაჭრო სალდოს (4 მლრდ. აშშ დოლარი) შემცირებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. მესამე, საქართველოს ექსპორტში უნდა გაიზარდოს განვითარებული ქვეყნების წილი, რაც გაზრდის საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. განვითარებულ ქვეყნებთან სავაჭრო თანამშრომლობის გაზრდა არის არა მარტო სტიმული ადგილობრივი წარმოების განვითარების, არამედ ინვესტიციების მოზიდვისათვის. ასევე, უნდა გაიზარდოს ერთობლივი მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოთა რაოდენობა. მეოთხე, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ევროკავშირის ქვეყნებთან. მეხუთე, საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში შეუცვლელია რუსეთის ფედერაციის როლი და ადგილი, რუსეთის დიდი ბაზარი, განსაკუთრებით ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისათვის. მეექვსე, ქართული ლარის გამყარება ხელს უწყობს, ზრდის იმპორტის მოცულობას და პირიქით, ხელს უშლის ექსპორტს. მეშვიდე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის დეპარტამენტი უნდა გამოვიდეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებიდან (როგორიცაა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახური), რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი მონაცემებისა და მასალების მიმართ საზოგადოების ნდობას. დღესაც ცნობილი სარკისებური შედარების მეთოდი ზოგიერთ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის სხვა სურათს იძლევა. მერვე, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების პერსპექტივა უკვე რეალობაა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას მსოფლიო თანამეგობრობასთან და გლობალიზაციის პირობებში ხელს შეუწყობს, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ვაჭრობაში.