თბილისში “ჰაიატს” 1000 ჩინელი ააშენებს

ნინო არველაძე

გამოკვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 28% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი რობერტ ქრისტიანსენი აცხადებს, რომ რეფორმები დასაქმების მაჩვენებელსა და ღარიბთა რაოდენობაზე ზეგავლენას 7-8 წლის შემდეგ მოახდენს. ამიტომ ქრისტიანსენი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებს. ის საქართველოში შემოსული ინვესტიციების დიდ მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა აქვე ცხადი ხდება, რომ სასტუმრო “ჰაიატის” ასაშენებლად ინვესტორი საქართველოში 1000 ჩინელს დაასაქმებს.

რობერტ ქრისტიანსენის განცხადებით, მაკრო-ეკონომიკური განვითარების სწორად წარმართვისათვის საქართველოს მთავრობამ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისადმი რწმენა უნდა აღუდგინოს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე მთავრობისადმი რობერტ ქრისტიანსენის გზავნილი შემდეგი იყო: “უცხოური ინვესტიციების მართვისათვის საჭიროა მთავრობამ გაატაროს პოლიტიკა”. შესაძლებელია უცხოელ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისადმი რწმენა აღუდგეთ, მაგრამ ჩნდება მეორე საშიშროება – საქართველოს მოსახლეობამ ამ ინვესტიციებისადმი რწმენა დაკარგოს.
ქართველი ექსპერტების მსჯელობის საგანი ხშირად საქართველოში ინფლაციის გამოთვლის მართებულობა ხდება. ქართველებისგან განსხვავებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უცხოელი ექსპერტები ეჭვის საფუძველს ვერ ხედავენ და სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების რაოდენობასა და ფასებზე დაყრდნობით ინფლაციის ზუსტი მაჩვენებლის მიღება თავისუფლად შეიძლება.
რობერტ ქრისტიანსენმა სემინარი დამსწრე საზოგადოებისადმი შეკითხვით დაიწყო – საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები ახლა უმჯობესია, თუ ექვსი თვის წინ უკეთესი პროგნოზის გაკეთება შეიძლებოდაო.
მან 2007 წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და განაცხადა, რომ ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა ამ მონაკვეთისთვის ზედმეტად კარგიც კი იყო, ამიტომ წამოიწია ინფლაციის პრობლემა. ინფლაციაზე საუბრისას მან დააკონკრეტა, რომ საუბარი იყო 12-თვიან ინფლაციაზე, რომელიც სექტემბერში 9% იყო და იგი სამწუხაროდ, სტაბილურად იზრდებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის კი ინფლაციის მაჩვენებელი საგანგაშო არ ყოფილა.
რით აიხსნება საქართველოში ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპი?
ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებამ კაპიტალის შემოდინებას შეუწყო ხელი, რაც საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. საქართველოში შემოდინებული ფული მისი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. საქართველოს მშპ 10 მლრდ დოლარია, მისი 20%-ს საქართველოს ეკონომიკაში შემოსული კერძო კაპიტალი შეადგენს, ხოლო მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხები საქართველოს ეკონომიკაში ამინდს არ ქმნის. რამდენიმე წლის წინ გერმანელებმა საქართველოში ცემენტის ქარხანა შეისყიდეს, მისი მაკროეკონომიკური ზეგავლენა უფრო დიდი იყო, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სესხებისა. ეს მისასალმებელია. 2007 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ინვესტიცების მოცულობა მილიარდ 955 დოლარი, ხოლო მთლიანი წლის პროგნოზი კი 3 მლრდ დოლარი იყო. ერთი სიტყვით, საქართველოში ფულის დიდი ნაკადი შემოდიოდა. ნორმალური მდგომარეობა იყო სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაშიც.
ინფლაციის ზრდის მიზეზები
2007 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს მთავრობამ საბიუჯეტო კანონში ახალი ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო დეფიციტი 300 მლნ ლარიდან 800 მლნ ლარამდე გაიზარდა. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. საქართველოში მზარდი ინფლაციაა, ხდება მსხვილი ინვესტიციების დაბანდება, დეფიციტის გაზრდა კი ინფლაციის ზრდის პირდაპირპროპორციულია. წესით, სახელმწიფო არ უნდა ხარჯავდეს ისეთ თანხებს, რომელიც ინფლაციის ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა სტაბილური ფასები და მონეტარული ზრდა.
2007 წლის მესამე კვარტალი
2007 წლის მესამე კვარტლის ბოლოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას რობერტ ქრისტიანსენმა “B” შეფასება გამოიყენა, რაც ნიშნავს კარგს, მაგრამ არა ფრიადს. მან ეს მონაკვეთი კარგი ეკონომიკური ზრდით, საშუალო, მაგრამ მზარდი ინფლაციის მაჩვენებლით, ზედმეტად მაღალი ფისკალური დეფიციტით, ძალიან დიდი რაოდენობით კაპიტალური შემოდინებით და მიმდინარე ანგარიში მაღალი დეფიციტით დაახასიათა, რაც მშპ-ის 15%-ს შეადგენდა.
ნოემბრის მოვლენები
რობერტ ქრისტიანსენმა 2007 წლის ნოემბრის მოვლენები საქართველოს მაკროეკონომიკასთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითად შეაფასა. მართალია, როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკიდან შემოდინებული თანხები არ შემცირებულა, მაგრამ თანხების სიმცირეს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.
შეშინდნენ კერძო ინვესტორები, რადგან გაურკვეველ მომავალს ინვესტორი ვერ ენდობა. ამიტომ მათ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება შეაჩერეს.
მთავრობამ მდგომარეობა სათანადოდ შეაფასა და შეეცადა საქართველოს ეკონომიკისადმი ინვესტორების რწმენა აღედგინა. ინვესტორების განწყობა უცხოური ვალუტის გადაცვლის კურსზე აისახა. 2007 წლის ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული ბანკი ყიდულობდა დოლარს და ყიდდა ლარს, ანუ ჭარბი მოთხოვნა იყო ლარზე. ნოემბერში მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა – ინვესტორები ყიდულობენ უცხოურ ვალუტას და იქმნებოდა ეკონომიკური კრიზისი.
2007 წლის განმავლობაში აღინიშნებოდა ლარის გამყარების ტენდენცია. ამ პერიოდს შესაძლებელია ეკონომიკური ბუმიც ვუწოდოთ, რადგან იყო პრივატიზაციის პროცესი და საბანკო სექტორში შემავალი თანხები. 7 ნოემბრის შემდეგ კი ლარის გამყარება შეწყდა.
პოლიტიკური ცვლილებების შედეგები
პროგნოზით მშპ 13-15% იყო, რეალურად კი მან 12% შეადგინა, ინფლაციის სავარაუდო მაჩვენებელი 9%-ს უტოლდებოდა, რეალურად დაფიქსირდა 11%. პროგნოზით, კაპიტალის შემოდინების მოცულობა იყო 3 მლრდ დოლარი, რეალურად კი შემოვიდა 2 მლრდ დოლარის კაპიტალი, რაც მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. პროგნოზებით გათვალისწინებული დეფიციტი იყო 15%, დაფიქსირდა 18.6%, რაც მნიშვნელოვნად გაუარესებულ სურათს ქმნის.
2007 წლის ბოლოს საქართველო სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. რობერტ ქრისტიანსენმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები 2008 წლისთვის 2-3% ეკონომიკურ ზრდას მოელოდნენ, ამიტომ ქრისტიანსენი ვარაუდობს, რომ მთავრობას გამოსავლის გზა მოძებნილი ჰქონდა და შეეძლო არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, ან სერიოზული ცვლილებების განხორციელება.
გამოსავალი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების რჩევით, საქართველოს მთავრობას, პირველ რიგში, საერთაშორისო ინვესტორების ნდობა უნდა აღედგინა. 2007 წლის ბოლოს დამტკიცდა 2008 წლის ბიუჯეტი, სადაც პროგნოზით მშპ 6% იყო, რადგან პოლიტიკური მდგომარეობა უკეთესი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლეოდა.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ იძლევა პოლიტიკურ რჩევებს, მაგრამ საქართველოს მთავრობის მსგავსად მივხვდით, რომ ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ან გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დადებით შედეგს მოიტანდა”, – აცხადებს რობერტ ქრისტიანსენი. ამიტომ პროგნოზით, 2008 წლის მშპ 8% იქნება, რაც მთავრობის მიერ დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებელია.
ახალი პრემიერ-მინისტრის მოსვლას ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება მოჰყვა, ის უფრო კონსერვატიული გახდა. პრემიერ-მინისტრს მთავრობაში უფრო ცოტა ადამიანი და უფრო ნაკლები ფისკალური დეფიციტი სჭირდება.
საქართველომ ეკონომიკური შოკის დასაძლევად მკაცრი ფისკალური პოლიტიკა უნდა გაატაროს, რაც შეამცირებს ინფლაციურ წნეხს.
მთავრობამ დანახარჯები სოციალურ სფეროზე გადაანაწილა, რაც დროული გადაწყვეტილება იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად, უფრო მოქნილი გახდა ვალუტის გაცვლითი კურსი. ინფლაციაზე კი უფრო მეტი კონცენტრირება ხდება, რადგან ის რეალურ პრობლემას წარმოადგენს.
ხარჯების გადანაწილება
2008 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დეფიციტი 2007 წლისაზე ნაკლებია, თუმცა ქრისტიანსენმა ისიც დასძინა, რომ არსებობს მისი გათვლების სხვადასხვა მეთოდები.
იცვლება დანახარჯების სტრუქტურა – თავდაცვის დანახარჯები 27%-დან 20%-მდე შემცირდა, შემცირდა ეკონომიკური საქმიანობის დანახარჯებიც, იზრდება განათლების დანახარჯები 7%-დან 8%-მდე, სოცდაზღვევაზე დანახარჯები კი 20%-დან 23%-მდე გაიზარდა.
ინფლაცია
2007 წლის მეორე ნახევრიდან მზარდი ინფლაცია პრობლემას ქმნის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, 2008 წლის თებერვალში ინფლაცია 11% იყო, პროგნოზებით მარტსა და აპრილში ინფლაციის მცირედი ზრდა დაფიქსირდება, მომდევნო თვეებში კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგრამ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ქართველ ექსპერტთა უმრავლესობა, რადგან წინასაარჩევნო პერიოდს ინფლაციის ზრდა ახასიათებს.
დასკვნა
2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია. 2007 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს ეკონომიკაში გადახურების ტენდენციები შეინიშნებოდა და მთავრობის წინაშე დადგა გამოწვევა – როგორ აღედგინა ხალხის ნდობა მაკრო-ეკონომიკური განვითარებისადმი. გარდა ამისა, მთავრობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დაეწყო ხალხის იმ მოთხოვნის განხორციელება, რაც სოციალური პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებდა.
მსოფლიოს მთავრობების უმრავლესობა გადაწყვეტდა დანახარჯების მოცულობა გაეზარდა, მაგრამ რობერტ ქრისტიანსენის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ფისკალური პოლიტიკა მომჭირნე გახადა, გადაანაწილა მთავრობის დანახარჯები, მოქნილი გახადა ვალუტის გაცვლითი კურსი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა, რომ არსებული მოლოდინზე უკეთესია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2008 წელს 9% იქნება, ხოლო კაპიტალის შემოდინების მოცულობა შარშანდელს გაუთანაბრდება.
რობერტ ქრისტიანსენის შეფასებით, საქართველოს მაკროეკონომიკური მენეჯმენტი მაღალი დონისაა და პრობლემების მიუხედავად, ის დადებით შედეგებს იძლევა.