აშშ-ს ეკონომიკის ვარდნის ზეგავლენა საქართველოზე

ედუარდ რაუპი, საქართველოს უნივერსიტეტი

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მოსურნე საქართველოს დასავლეთისაკენ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისკენ უჭირავს თვალი, შესაბამისი მაგალითის ასაღებად და შესაძლო პარტნიორის მოსაძიებლად. სამწუხარო კი ისაა, რომ აშშ-ის ეკონომიკა თავდაღმა ეშვება: ეს პროცესი ჯერ კიდევ რეიგან-ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო და ახლა, ჯორჯ უოლკერ ბუშის ზეობის ჟამს კიდევ უფრო გაღრმავდა. შესაბამისად, საკითხავი ახლა ის არის, რამდენად სასიკეთო შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური მოდელი საქართველოსათვის და სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს იგი მასზე.

სტატიაში საუბარი იქნება იმაზე, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს აშშ-ს ეკონომიკამ, როგორც მოდელმა, დღევანდელ, თავისუფალ საბაზრო სისტემაზე ორიენტირებულ ქართულ ეკონომიკაში; ამასთან საინტერესოა, რა მოკლევადიანი შედეგით აისახება აშშ-ს ეკონომიკის ვარდნა საკუთრივ საქართველის ეკონომიკურ განვითარებაზე. სტატიაში შევეხებით ამერიკის ეკონომიკური ვარდნის ნიშნებს, ამ ვარდნის გავლენას საქართველოზე უახლოეს მომავალში, ამერიკული ეკონომიკის პერსპექტივებს და “ჯეორჯია ფორკასთ ჯგუფის” როლს ქართული ეკონომიკის სამომავლო ხედვის შემუშავებაში.
ამერიკის ეკონომიკის ვარდნის სიმპტომები
ამერიკის ეკონომიკის ვარდნის 4 ყველაზე ნათელი ნიშანია: 1) ერთიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის ნულზე ან უკვე ნულს ქვემოთ დაფიქსირება; 2) სახელმწიფოს, ზოგადად მომხმარებლისა თუ სხვადასხვა კორპორაციების ვალებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება; 3) დოლარის გაუფასურება; 4) მიმდინარე სავაჭრო ანგარიშის დისბალანსი.
რეგრესი
ამ ცნების ტრადიციული გაგებით, ეს წელიწადში ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ერთიანი შიდა პროდუქტის უარყოფითი მაჩვენებლის ზრდაა. თუმცა ამ ბოლო დროს ეკონომისტები სულ უფრო აქტიურად ეწინააღმდეგებიან მის ამგვარ განმარტებას. მაგალითად, ამერიკის კვლევითი ჯგუფის (America’s Research Group) ხელმძღვანელი ბრიტ ბიმერი 2007წ. ნოემბერში ამბობდა: “თუკი მომხმარებელი საშობაოდ მაღაზიებს არ მიაწყდა, უოლ-სტრიტისთვის ეს უკვე იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ საქმე რეგრესთან გვაქვსო”. ეკონომიკურ კვლევათა ეროვნული ბიურო (NBER), ანუ ეკონომიკურ ტერმინთა, ასე ვთქვათ, მთავარი განმმარტებელი კი აცხადებს: “რეგრესი ესაა ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბით გამოხატული მნიშვნელოვანი ვარდნა, რაც რამდენიმე თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება და ჩვეულებრივ, ერთიან შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, რეალურ შემოსავლებზე, დასაქმებაზე, სამრეწველო ნაწარმსა და საბითუმო-საცალო გაყიდვებზე აისახება”.
დღეისათვის, აშშ-ს ეკონომიკა, უკეთეს შემთხვევაში, უძრაობას ან სულაც უკუსვლას განიცდის. ასე მაგალითად, 2008 წლის თებერვალში 63000 სამუშაო ადგილი დაიკარგა (Andrews, 2008), გაკოტრებათა რაოდენობამ სარეკორდო ნიშნულს, დღეში საშუალოდ 4000-ს მიაღწია და საქმეში ჩახედულ ეკონომისტთა 70%-ზე მეტი ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა “უკვე რეგრესშიაო” (Izzo& Reddy, 2008).
ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა და აშშ-ში ბიზნეს-ციკლების შემსწავლელი ჯგუფის წევრმა მარტინ ფელდშტეინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო რეგრესი ისეთ ფაზაშია შესული, როგორიც II მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავსო. დოქტორი ფელდშტეინი ამავე დროს ეკონომიკურ კვლევათა ეროვნული ბიუროს პრეზიდენტია და მან ბოკა რეიტონში (ფლორიდა) ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლისას სიტყვა-სიტყვით ასეთი რამ ბრძანა: “მეკითხებით, შესაძლოა თუ არა დღევანდელი რეგრესი ბოლო 60 წელიწადში ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდესო? ვფიქრობ, რომ კი, ოღონდ ჩემთვის აქ სიტყვა შესაძლოა განსაკუთრებით ხაზგასასმელია”. ცნობილმა უოლ-სტრიტელმა ბიზნეს-ჟურნალისტმა დენ დორფმანმა კი მავანთა ნალაპარაკევიც გაახმოვანა: “დეპრესიული 30-იანი წლების შემდეგ არნახული რეცესიის” თაობაზე.
ცხადია, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ყოველივე ამან საქართველოზეც: შტატებს თავისი გასაჭირი აქვს, ხვალ ვერც სხვების ფეხზე დაყენებისთვის ეცლება.
ვალი
ამერიკის ხელისუფლებას 200 წლის მანძილზე ერთი ტრილიონი დოლარი ვალი დაუგროვდა. რონალდ რეიგანმა 8 წელიწადში ეს თანხა გაასამმაგა, ხოლო ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშმა მხოლოდ სამ წელიწაში მთლიან ვალს კიდევ ერთი ტრილიონი დაუმატა. ბილ კლინტონმა ბიუჯეტი დააბალანსა და ნამატზეც კი გავიდა, ოღონდ ჯორჯ ბუში ახლა ყოველ 2-3 წელიწადში კიდევ თითო ტრილიონს ამატებს და დღესდღეობით, მთლიანი სახელმწიფო ვალი სადღაც 9.4 ტრილიონ დოლარს უტოლდება, ანუ, ყოველ ამერიკელ მამაკაცს, ქალსა თუ ბავშვს 31000 დოლარი ვალი აწევს.
სახელმწიფო ვალი, როგორც მშპ-ს შემადგენელი პროცენტი, II მსოფლიო ომის შემდეგ, რეიგანის პრეზიდენტობამდე, მცირდებოდა; ოღონდ რეიგან-ბუშის “დუეტის” 12-წლიანი მმართველობის ჟამს ისევ იწყო ზრდა. შემდგომ კლინტონის პრეზიდენტობისას, ვალმა ისევ იწყო კლება, მაგრამ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის პირობებში სიტუაცია კვლავ გაუარესდა.
აშშ-ს ეკონომიკის ვარდნაზე მხოლოდ სახელმწიფო ვალი რომ მიანიშნებდეს, თავისთავად ესეც უკვე მეტად ცუდი ამბავი იქნებოდა, ოღონდ საქმე ისაა, შემაშფოთებელ დონეს მოქალაქეთა პირადმა და კორპორატიულმა ვალებმაც მიაღწია.
პირადი ვალი, როგორც შემოსავლის ხარჯვითი ნაწილის შემადგენელი პროცენტი, საგანგაშოდ იზრდება, რამაც შესაძლოა უშუალო გავლენა ქართველების ჯიბეზეც იქონიოს: ამერიკელთა იპოთეკური ვალების ზრდა მათსავე ხარჯვით ნაწილს ამცირებს და ნაკლები შესაძლებლობაც ექნებათ, რომ ქართული საქონელი შეიძინონ. ასევე, რაკი ამერიკის ხელისუფლება მილიარდებს ხარჯავს საკუთარი მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად, მცირეა იმის ალბათობა, რომ ის არათუ გაზრდის, არამედ თუნდაც იმავე დონეზე მოახერხებს ოკეანისგაღმა ქვეყნების დახმარებას.
საქმე ისაა, რომ თუკი რიგით ქართველს შემოსავლის საშუალოდ 10%-ის გადადება შეუძლია, მისი ფარდი ამერიკელი თავს ამის უფლებასაც ვერ აძლევს. მათი დანაზოგები “უარყოფითია”, ანუ მათ საბანკო ანგარიშზე კი არ შეაქვთ დანაზოგები, პირიქით – გამოაქვთ იქიდან. დღევანდელი დანაზოგი ხვალინდელ ინვესტიციას და გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივას ნიშნავს, “ნეგატიური დანაზოგი” კი ნაკლები ინვესტირებისა და უფრო ნელი ზრდის წინაპირობაა. ეს საქართველოზეც უარყოფითად აისახება, რადგან ხშირი გაკოტრების ტენდენცია აშშ-ში საქართველოდან შესყიდვებსაც უთუოდ შეამცირებს. რაც შეეხება ფინანსურ ბაზრებს, დღესდღეობით საქართველოში მათ გარკვეული აღმავლობა ეტყობა, ამერიკაში კი მხოლოდ დასუსტება ან სრული კრახი ელით.
კორპორატიული ვალებიც არა ნაკლებია, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკული ფირმები, სავარაუდოდ, ნაკლებად გაიღებენ ხარჯებს ოკეანის გაღმა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოში კაპიტალდაბანდება ვინძლო, სარფიანიც იყოს, მისი მასშტაბები შესაძლებელია შემცირდეს ან შენელდეს მაინც, რადგან ამ დაბანდებათათვის საჭირო თანხები სულ უფრო და უფრო ილევა.
დოლარის გაუფასურება
USD-ს ღირებულება განუხრელად მცირდება და იქნებ აღარც კი გვახსოვდეს, უკანასკნელად როდის იდგა იგი ასეთ დაბალ ნიშნულზე. დოლარის კურსის ვარდნის თაობაზე ბლუმბერგის 2005 წ. ანგარიშში ნათქვამია:
“კორპორაცია მაიკროსოფტის პრეზიდენტმა ბილ გეიტსმა ყველა ეჭვი გაგვიქარწყლა, როცა ტელეწამყვან ჩარლ როუზს განუცხადა – დოლარები შემომაკლდაო. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა სარეკორდო ფედერალურ ვალს – 7.62 ტრილიონ დოლარს (დღეს უკვე 9.4 ტრილიონი – ავტ. შენ.) , “ცოტა არ იყოსდა, საშიში” უწოდა და ამერიკის შეერთებული შტატები, მისდა სამწუხაროდ, ფისკალურ რუკაზე “არარსებულ ტერიტორიად” მოიხსენია. და ვაი, რომ ბატონი გეიტსი ცამდე მართალია: აბა ერთი ახლა უორენ ბაფეტსაც ჰკითხეთ – მსოფლიოს #2 მაგნატს, ვინც 2002 წლიდან უცხოური ვალუტის შესყიდვებითაა დაკავებული – ის რაღას გეტყვით, რით დაგამშვიდებთ…”
ისიც უნდა ითქვას, რომ ჯორჯ ბუშ-უმცროსის შეუნელებელი ძალისხმევა დოლარის გასაუფასურებლად ჯერ არნახული საფრთხეა გლობალური რეზერვებისათვის. ის ქვეყნები, რომლებსაც, ვთქვათ, მილიარდდოლარიანი რეზერვები გააჩნდა ამერიკულ ვალუტაში, ბუშის გაპრეზიდენტების შემდეგ მინიმუმ 400 მილიონ დოლარს დაკარგავდნენ. შესაბამისად, გონივრული იქნებოდა, თუკი ეს ქვეყნები დოლარებს საჩქაროდ აქცევდნენ ევროებად, ფუნტ სტერლინგებად, იენებად, შვეიცარულ ფრანკებად, ან თუნდაც, ოქროდ. თუ ასე მოხდა, USD ინდუსტრიულ სამყაროში ყველაზე სუსტ ვალუტად შეიძლება იქცეს. ბუნებრივია, ამით ქართული ეკონომიკაც დაზარალდება, რადგან იგი სწორედ ამერიკულ დოლარებს ინახავს თავის სარეზერვო დეპოზიტებზე.
სავაჭრო დეფიციტი
ამერიკული ეკონომიკის ვარდნის მეოთხე, თუმცა არა უკანასკნელი ნიშანია იმგვარი სავაჭრო დეფიციტი, რასაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. ბოლოს და ბოლოს, როცა ამერიკელები მეტს შემოიტანენ, ვიდრე გაიტანენ საექსპორტოდ და სხვა ქვეყნები ამერიკულ საქონელს აღარ იყიდიან (ამაში კი ეჭვი არ შეგეპაროთ) გადახდა სხვა, უფრო მყარი ვალუტით მოგვიწევს. ცხადია, ჩინეთი, იაპონია და ნებისმიერი სხვაც, ვისაც კი დადებითი სავაჭრო ბალანსი ექნება აშშ-სთან, ანგარიშსწორებას ყველა რაიმე სხვა ვალუტაში მოითხოვს; მეტიც, გარიგება დოლარებში რომც იყოს, წყალი არ გაუვა – ისინი წამსვე ბირჟაზე გაიტანენ აღებულ თანხას და ან გადაახურდავებენ, ან სულაც ოქროდ აქცევენ.
ამ შემთხვევაშიც საქართველო არასახარბიელო მდგომარეობაშია: ამერიკელები სულ უფრო ნაკლებს იყიდიან საქართველოსაგან, ისევე როგორც იმ ქვეყნებისგან, რომლებიც თავის მხრივ ქართულ პროდუქციას იძენენ. საქართველოს უკვე აქვს ამერიკასთან ვაჭრობის მყარი დეფიციტი და ის მომავალშიც სულ უფრო გაიზრდება.
ნათქვამია, ამერიკისთვის უბრალო სურდო, სხვისთვის მამალი გრიპიაო; მე კი მეტსაც ვიტყოდი: ამერიკისთვის უბრალო გაციება, სხვებს ფილტვების ორმხრივი ანთებით ურთულდება-მეთქი. შესაბამისად, ავადმყოფობის მიმდინარეობაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენადაა “მიბმული” ამა თუ იმ ქვეყნის ფინანსური პოლიტიკა ამერიკულზე. ერთი კია, საბედნიეროდ, საქართველოს ჯერჯერობით არცთუ ისე ფართო სავაჭრო ურთიერთობები აქვს აშშ-სთან. თუმცა, მეორეს მხრივ, საქართველო იმ ქვეყნებთან ვაჭრობს, ვისაც მჭიდრო კომერციული ინტერესები აკავშირებს ამერიკასთან…
და მაინც, რა ეშველება ამერიკის ეკონომიკას? 2009 წლის 20 იანვარს ჯორჯ ბუში უკვე ოფიციალურადაც აღარ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი და წარმოუდგენელია, მისმა მემკვიდრემ რაიმე უარესი მოახერხოს. ოღონდ ეგაა, ამერიკის სახელმწიფო იმ 500 000 ტონიან, მძიმედ დატვირთულ გემს წააგავს, რომელიც კაპიტნის ბრძანების შემდეგ, ინერციით კიდევ ორ საზღვაო მილს მაინც გაივლის მანევრის დაწყებამდე. რა ბრძანებებიც არ უნდა გასცეს მომავალმა პრეზიდენტმა, შეერთებულ შტატებს გვარიანი დრო დასჭირდება ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად.
თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში, ახალი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა – The Georgia Forecast tm – ამერიკული ეკონომიკის ვარდნისა და სხვა გლობალური თუ ადგილობრივი ძალების გავლენათა შესაფასებლად. “ჯორჯია ფორქასთის” (TGF) მიზანია, ქართველ ხელისუფალთა დასახმარებლად, ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის ჩაატაროს კვლევები და გამოაქვეყნოს მათი შედეგები. იგი “საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან” არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანოა, რომელსაც საკუთარი სამეთვალყურეო საბჭო განაგებს. ამ ორგანოს დევიზია – “გამოყენებითი ეკონომეტრიკა – საზოგადოების სამსახურში!” და აქ 150-მდე მოხალისეა დასაქმებული.
პროგნოზირება ყველას შეუძლია, საქმე ისაა, რამდენად სწორად. 2007 წლისათვის TGF-მა რეალური ეროვნული შიდა პროდუქტის 13%-იანი ზრდა ივარაუდა, მაშინ როცა უფრო დიდი და ცნობილი ფირმები 7-8%-ზე საუბრობდნენ. სინამდვილეში ამ მაჩვენებელმა 12.7% შეადგინა. ასე, რომ მათემატიკური და შეფასებითი ანალიზის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით სტარტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
2008 წლისათვის, “ჯორჯია ფორქასთის” პროგნოზის თანახმად, ამგვარი სურათი იხატება: 1) რეალური ერთიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 8-10%-ით განისაზღვრება, რაც ბევრი სხვადასხვა ფაქტორის შეჯერებითაა მიღებული, მათ შორის – უმთავრესია საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა; 2) ინფლაციის მაჩვენებელი 2007 წ. 11%-დან 8-10%-მდე დაიწევს, რაც ისევ და ისევ ეროვნული ბანკის დამსახურება იქნება; 3) უმუშევრობის დონე დამოკიდებული იქნება, ერთის მხრივ, მკაცრ ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და მეორეს მხრივ, პენსიების ზრდაზე, მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებასა და სიღარიბის დაძლევისაკენ მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკაზე.
“ჯორჯია ფორქასთი” ალჩუ-თოხანის იმედად არასოდეს ყოფილა: მისი მეთოდი გულისხმობს ყველაზე სარწმუნო და ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენებას როგორც პირველი, ისე მეორადი წყაროებიდან და ამ მეთოდოლოგიისათვის დამახასიათებელია მუდმივი გამოკითხვების მეშვეობით მეწარმეთა და მომხმარებელთა თვალსაზრისის კვლევა. ყოველთვიურად თბილისში ამ ორგანიზაციის სოციოლოგიური ჯგუფი 200 მომხმარებლისა და 40 მეწარმის სამომავლო გამწყობილებებს იკვლევს; ამავე დროს, გორშიც ტარდება მსგავსი გამოკითხვები, ოღონდ იქ მომხმარებელთა და მეწარმეთა რაოდენობა, შესაბამისად, განახევრებულია. მონაცემთა ბაზის შედგენის შემდგომ ნათელი ხდება, თუ რა შეფარდება არსებობს იმედიანად და უიმედოდ განწყობილ რესპონდენტთა შორის. 2007 წლის სექტემბრიდან 2008 წ. თებერვლამდე როგორც თბილისში, ასევე გორში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველები მომავალს აშკარად იმედიანად შესცქერიან. ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ ის ზარალი, რაც მსოფლიო ეკონომიკას ამერიკის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ მიაყენა, ქართველთა ოპტიმიზმს ვერ შეარყევს და ვერც ქვეყნის ნათელ მომავალს დაემუქრება.