რაში აძლევენ დღეს ეკონომისტებს ნობელის პრემიას

აქტივების ფასის ემპირიული შეფასების კლევაში, 2013 წელს, ეკონომიკაში ნობელის პრემიის მფლობელები გახდნენ ამერიკელი ეკონომისტები: რობერტ შილერი, იუჟინ ფამა (ორივე ჩიკაგოს უნივერსიტეტის ლექტორი) და ლარს პიტერ ჰეინსი (იელის უნივერსიტეტი). ”აქცებისა და ობლიგაციების ფასის განსაზღვრა წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე ზუსტად შეუძლებელია. თუმცა, შესაძლებელია იმის პროგნოზიება, თუ როგორ შეიცვლება ფასები გრძელვადიან პერსპექტივაში” – ნათქვამია ნობელის კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ნობელის წლევანდელი ლაურეატები ეკონომიკაში ამ მიმართულების კვლევებს აწარმოებდნენ. თითოეული მეცნიერი კვლევაზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნობელის პრემიის წლევანდელი გამარჯვებულებიდან ორ კანდიდატს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულება და დებულებები აქვს ფინანსური ბაზრების ფუნქციონირებაზე.

74 წლის იუჟინ ფამი, რომელიც ყველაზე ხანდაზმულია წლევანდელ ნობელიანტებს შორის, 1965 წლიდან მუშაობს ეფექტური ბაზრების თეორიაზე. ის დღემდე ამ საკვლევი თემატიკის ერთგულია.

ფამის ჰიპოთეზის მიხედვით, ბაზარზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მყისიერად და სრულად აისახება ფასიანი ქაღალდების ფასზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზარს შეიძლება ვუწოდოთ ეფექტური ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან მიმართებაში, მხლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია მაშინვე აისახება აქტივების ფასზე. ამდენად, ფამი გამორიცხავს ინვესტორების მიერ არარაციონალურ და ”შემთხვევით” მიღებული გადაწყვეტილების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ეფექტური ბაზრების თეორია გამორიცხავს ზე-მოგების მიღების შესაძლებლობას, რადგან ინფორმაცია ბაზარზე ყველა კონკურენტისთვისაა თანაბრად ხელმისაწვდომი. ამასთანავე, ფამის თეორიის მიხედვით ეფექტურ ბაზრებზე არ არსებობენ ე.წ. ”ბუშტები”.

ფამის ამ ჰიპოთეზაში არ ჯდება იპოთეკური ობლიგაციები, რომელთა გამოც მოხდა კრიზისი 2008 წელს აშშ-ში და ფინანსური გიგანტის Lehman Brothers-ის კრახი. კარგად გვახსოვს, რომ კრიზისამდე იპოთეკური ობლიგაციები სარგებლობდა უჩვეულოდ მაღალი ნდობით ინვესტორებში და შესაბამისი რეიტინგით, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ ობლიგაციები ფინანსური ბაზრების ”ნაგავი” იყო და მეტი არაფერი.

ეს ობლიგაციები გახდა 2007 წლიდან ფამის კოლეგისა და ნობელის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატის 67 წლის ეკონომისტის, რობერტ შილერის კვლევის საგანი. 2007 წელს შილერმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო აშშ-ს უძრავი ქონების ბაზრის მოახლოებულ კრიზისსა და შემდგომ ფინანსური ბაზრების პანიკაზე. 2011 წელს შილერი შევიდა Bloomberg-ის ყველაზე გავლენიანი პირების სიაში (50 კაცი) ფინანსურ სამყაროში. ”შილერმა შეცვალა Wall Street” – აცხადებენ საინფორმაციო სააგენტოები. მათი შეფასებით, შილერმა პოპულარობის ახალ დონეზე აიყვანა ინდექსირების ფონდები – საინვესტიციო ფონდები, სტრუქტურა, რომელიც მიბმულია კერძო საფონდო ინდექსების სტრუქტურაზე. შილერმა ასევე შექნა საკუთარი ინდექსი კარლ კეიზთან თანამშრომლობით, რომელიც ასახავს სახლების ფასებს – კეიზ-შილერის ინდექსი. შილერმა თავის დროზე შენიშნა, რომ აშშ-ში 2000-2006 წლებში უძრავი ქონების ფასი თითქმის გაორმაგდა. ამან მას საშუალება მისცა ეწინასწარმეტყველა ფასების ვარდა 35%-ით და ბაზრის შემდეგი კოლაფსი.

1

შილერი უშვებს ინვესტორების ირაციონალურ საქციელს ფინანსისტთა ”უზნეობას” და აქედან გამომდინარე ”ბუშტების” წარმოქმნას ბაზარზე პირველი ორი ფაქტორიდან გამომდინარე. ანუ თუ ფამი გვეუბნება, რომ ბაზრები ეფექტურია, შილერი ამბობს, რომ ბაზრები ასეთი არ არის. თავის სტატიაში ”რამდენი ფინანსური სპეკულანტი სჭირდება საზოგადოებას”, შილერი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ზოგიერთი მაღალი დონის სპეციალისტის საქმიანობა ფინანსურ ბაზრებზე შეიძლება აღმოჩნდეს საზიანო როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ისევე, როგორც ფამს სჯერა ბაზრების ეფექტიანობის, შილერი ამტკიცებს, რომ ვალატურობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ნებისმიერი მოულოდნელობის გათვალისწინებით.

მესამე ნობელიანტმა, 60 წლის ლარს პიტერ ჰეინსმა მიიღო პრემია ე.წ. ”მომენტის განზოგადებული მეთოდის” თანაავტორობისთვის. ეს მეთოდი იძლევა კონკრეტული ეკონომიკური პროცესების ანალიზისა და პროგნოზირების საშუალებას და ეფუძნება საშუალო ღირებულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს. ჰეინსი არის ბევრი კვლევის ავტორი ამ მიმართულებით.

სპეციალისტთა ნაწილი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე გამარჯვებულებს ნობელის პრემიაზე იმით ხნის, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კატაკლიზმების გათვალისწნებით, აუცილებელია გამოწვევებთან ბრძოლა სხვადასხვა თვალთახედვით და განსხვავებული მეთოდებით.