ჩაანაცვლებს თუ არა მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა საბანკო მომსახურებას?

მაკა ღანიაშვილი

ბანკის სალაროებთან გადასახადების გადამხდელთა გრძელი რიგები შეიძლება მალე წარსულს ჩაბარდეს – ქართულ სუპერ-მარკეტებში, მაღაზიებსა თუ ვაჭრობის სხვადასხვა პუნქტში გაჩნდა გადასახადების მიმღები თვითმომსახურების ავტომატები. მათი მეშვეობით გამარტივებულია ნებისმიერი სახის გადასახადი, რომლის განხორციელებაც დროის უმოკლეს მონაკვეთში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ონლინე რეჟიმშია შესაძლებელი.

გადასახადების მიმღები თვითმომსახურების ავტომატი კომპანია osmp-ის, ანუ “მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემის” (მგგს) ერთ-ერთი ტერმინალია. კომპანია “მგგს” პროფესიონალურ დონეზე, ვენდინგური ტექნოლოგიებით ახორციელებს გადახდების სისტემათა ინტეგრაციას ბაზრის რეალურ სექტორში. როგორც კომპანიის დირექტორი მირიან ბეგაშვილი აღნიშნავს: “სულ უფრო იზრდება იმ მომსახურების ჩამონათვალი, რომლის საფასურის გადახდაც შესაძლებელია “მგგს” ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით. სისტემის უნივერსალურობამ და მოქნილობამ განაპირობა გადახდის პუნქტების გახსნა საქართველოს ყველა რეგიონში. დღეისათვის გადასახადების მიმღები თვითმომსახურების აპარატები ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დგას, მათ შორის ზემო აფხაზეთში, სარფში, ყაზბეგში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში. რაც შეეხება თბილისს, უახლოეს მომავალში მეტროპოლიტენის 26 სადგურში 52 აპარატი განთავსდება, ასევე ეს აპარატები იმოქმედებს “თი-ბი-სი ბანკის” ყველა ფილიალში, სხვადასხვა სუპერმარკეტსა თუ ტოტალიზატორში.”
“მგგს”-ს სისტემა აბონენტებს საშუალებას აძლევს მოხერხებული და ოპერატიული გზით გადაიხადონ ფიჭური კავშირგაბმულობის, საერთაშორისო სატელეფონო ოპერატორების, კომუნალური გადასახადები, ინტერნეტ-პროვაიდერების, კომერციული ტელევიზიის, ტოტალიზატორებისა თუ სადაზღვევო მომსახურების გადასახადები. სისტემაში ასევე რეალიზებულია სხვა გარე საგადასახადო სისტემების ანგარიშების შევსების შესაძლებლობა; უახლესი ტექნოლოგიური კომპლექსის საშუალებით შესაძლებელია ერთ პლატფორმაზე გაერთიანდეს სხვადასხვა სფეროს მომსახურებები.
“მგგს”-ს მომსახურებით სარგებლობის დროს არ არსებობს ბარათების დამზადებაზე, შენახვაზე, დისტრიბუციასა და აღრიცხვაზე გაწეული დანახარჯები და სხვა ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია წინასწარი გადახდის ბარათებთან. “მგგს”-ს საპროცესინგო ცენტრი და ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რაც ხელსაყრელია სადღეღამისო მაღაზიებისათვის. სისტემის ფარგლებში შესაძლებელია გადახდის ტექნოლოგიების განვითარება მეწარმეთა ყველა კატეგორიისათვის, სუპერმარკეტებისა და კავშირის ოფისებით დაწყებული, საგაზეთო ჯიხურებით დამთავრებული.
“მგგს”-ს სისტემა დღეისათვის მუშაობს შემდეგ პროვაიდერებთან: ჯეოსელი, მაგთი, ბილაინი; – Caucasus Online;Georgia Online; Dial Up 8003030; Maxtel-My Phone; eMoney; rkinigzis telekomi; Gifts.ge; Aqache.com; Global TV, საკაბელო ტელევიზია “საბურთალო”, ასევე სატელეფონო კავშირებთან: 8-07 და 8-68, 8-10 Georgian Telecom; საინფორმაციო ცენტრ -09-სთან; 8-14 GoodWillComm; ირაო-სთან, “ჯი-პი-აი ჰოლდინგთან”. მომსახურებაში ერთვება სადაზღვევო კომპანია “ალდაგიც.”
“მგგს” სისტემაში გადახდები ხორციელდება ტერმინალების მეშვეობით, ტერმინალის სახეობა დგინდება იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია პროვაიდერ კომპანიას. სისტემის ძირითადი ტერმინალებია:
1. WINDOWS ტერმინალი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას თავის ქსელში აქვს ინტერნეტი. ეს არის “მგგს” სისტემაში გადახდების მიმღები პროგრამული პროდუქტი. იგი მუშაობს ჩვეულებრივ კომპიუტერზე Windows-ით. პროგრამა ძალიან მარტივია და არ მოითხოვს კომპიუტერის დიდ სიმძლავრეს.
2. POS ტერმინალი გამოიყენება ინტერნეტის არარსებობის შემთხვევაში. შეიცავს ჩამონტაჟებულ PIN PAD-ის სწრაფ მოდემს, სწრაფ და უხმო თერმოპრინტერს, მაგნიტური და სმარტ ბარათების ამოსაკითხ მოწყობილობას.
3. JAVA ტერმინალი არის სისტემა ნებისმიერი მობილური აპარატისათვის. გადახდის მიღებისათვის არ არის საჭირო დამატებითი მოწყობილობების დაყენება – საკმარისია მობილური ტელეფონი, რომელსაც აქვს WAPტექნოლოგია.
4. და ბოლოს – ბანკომატი, ანუ გადახდების მისაღებად თვითმომსახურების ავტომატები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდა იმისა, რომ ავტომატი მარტივი და მოსახერხებელია მოხმარებისათვის, მის დასაყენებლად საჭიროა მხოლოდ 0,5 კვმ. ფართი და 200-ვოლტიანი კვების წყარო. ავტომატს გააჩნია როგორც ინტერნეტის ლოკალურ ქსელთან მიერთების შესაძლებლობა, ასევე მუშაობს GPRS მოდემის მეშვეობით. ავტომატი მომხმარებელს აძლევს ქვითარს შეტანილი თანხის, ოპერაციის კოდის და სხვა მონაცემების (ტელეფონის, ხელშეკრულების ნომრის) მითითებით.
ქართული კომპანია osmp-ის დამფუძნებელია იმავე დასახელებისა და ლოგოს მქონე რუსული კომპანია, რომელიც დღეისათვის ლიდერია რუსეთის ბაზარზე მსგავს სისტემებს შორის; მისი წლიური ბრუნვა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარია. ქსელი გავრცელებულია დსთ-ს 8 ქვეყანაში და აერთიანებს 100000-ზე მეტ გადასახადების მიმღებ პუნქტს, 65000-ზე მეტ თვითმომსახურების აპარატს, 90 მილიონზე მეტ მომხმარებელს და 7 მილიონზე მეტ გადახდას დღე-ღამეში.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა რუსეთის შემდეგ, სადაც აღნიშნული სისტემა დაინერგა 2005 წელს, პირველი გადასახადების მიღება კი 2006 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ქართულ osmp-ის 51%-იანი წილის მფლობელია რუსული osmp, აქციათა დანარჩენი ნაწილის მფლობელი კი სხვადასხვა ფიზიკური პირი და ასევე საქართველოს “სახალხო ბანკია”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial