საქართველოს საბანკო სისტემა – მხოლოდ გაერთიანების იმედად…

ამბროსი გრიშიკაშვილი

– ამერიკულ-ქართული ბანკის “აბსოლუტის” ქართულ ბანკთან “ქართუსთან” გაერთიანებამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმ მოვლენაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული და რომელსაც ბანკების შერწყმა-გაერთიანება ეწოდება. ბანკების გაერთიანების პროცესები განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს განვითარებულ ქვეყნებში – შეერთებულ შტატებში, იაპონიაში და ა.შ. ეს პროცესები უაღრესად ინტენსიური 90-იან წლებში გახდა.

კერძოდ, 1940 წელს აშშ-ში მხოლოდ 198 ბანკის გაერთიანება დაფიქსირდა, 90-იანი წლების პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 2000-ს აღემატებოდა. აშშ-ის მთელ ისტორიაში ბანკების ყველაზე დიდი შერწყმა 1990 წელს განხორციელდა, როდესაც Bank One Corporation-მა 13 ბანკი შეიერთა. ეს ბანკი ეძებდა მაღალხარისხოვანი აქტივების ბანკებს, სთავაზობდა მათ მიმზიდველ პირობებს, უზრუნველყოფდა მათთვის გარკვეულ დამოუკიდებლობას და საშუალებას აძლევდა მათ, გაეზარდათ თავიანთი შემოსავლები.

ძირითადად, ბანკების შერწყმა-გაერთიანებას შედეგად მოსდევს, როგორც შემსყიდველი, ისე შესყიდული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, ისტორიაში საწინააღმდეგო შემთხვევებსაც ჰქონდა ადგილი. მაგ: 1987 წელს ამერიკული ღეპუბლიც Bანკ-ისა და IნტერFირსტ-ის გაერთიანება (387მლნ. დოლარი). შერწყმის შედეგად წარმოშობილმა ბანკმა, Fირსტღეპუბლიც-მა უკვე ერთი წლის შემდეგ გამოაცხადა თავისი მძიმე მდგომარეობის შესახებ და დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის დახმარებით მოხერხდა NCNB-თან გაერთიანება.

აქედან გამომდინარე, არ უნდა ვიფიქროთ თითქოს ბანკების გაერთიანება პანაცეა იყოს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად და თვითდამშვიდების საშუალებას იძლეოდეს. მეცნიერთა გაანგარიშებით, ბანკების წარმატებული გაერთიანების შემთხვევები წარუმატებელი გაერთიანების მაგალითებს ოდნავ აღემატება. თუმცა, მათივე დაკვირვებით, გაერთიანების შედეგად მოპოვებული შანსის გონივრულად გამოყენების წყალობით, შესაძლებელი გახდება მოგების 2-3%-ით გაზრდა. გარდა ამისა, ბანკებს გაერთიანება სხვა უპირატესობასაც აძლევს, რაც კარგად გამოჩნდა შვეიცარული ბანკების გაერთიანების შემთხვევაში. კერძოდ, გაერთიანების შედეგად ახლადწარმოქმნილმა ბანკმა Uნიტედ Bანკ ოფ შწიტზერლანდ-მა გაზარდა თავისი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე, მყარი პოზიციები დაიკავა აშშ-ში და ა.შ.

მაგრამ დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოს.
2001 წლის 17 აპრილს ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. კერძოდ, ამ დღეს ბანკ “აბსოლუტს”, რომელიც უკვე გაკოტრების პირას იყო და, სადაც უკვე ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო ჯგუფი მუშაობდა და ბანკ “ქართუს” შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, “აბსოლუტბანკის” “უფლებებისა და მოთხოვნების დათმობის შესახებ”. “აბსოლუტბანკის” მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა დროებითმა ადმინისტრატორმა, ლევან ნოზაძემ, ბანკ “ქართუს” მხრიდან კი გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჩრდილელმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ირაკლი მანაგაძის თქმით, გაერთიანების თაობაზე გაფორმებული დოკუმენტი გულისხმობს ბანკ “ქართუს” მიერ “აბსოლუტბანკის” აქტივებისა და პასივების შეძენას, რაც პირველი შემთხვევაა ქართული საბანკო სისტემის ისტორიაში. ადრე პრობლემურ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნას, როგორც წესი, მისი ლიკვიდაცია მოჰყვებოდა. ბანკ “ქართუს” მიერ “აბსოლუტბანკის” ვალდებულებების შეძენა მისი მეანაბრეებისა და სხვა კლიენტების ინტერესების დაცვის სრულ გარანტიას ქმნის. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არ იყო გამორიცხული საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის შესუსტება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა ამ პროცესში მასმედიის დადებით როლზე, რომელმაც პანიკის და დამატებითი დრამატიზირების საფუძველი არ შექმნა.

სებ-ის წარმომადგენელთა თქმით, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში “აბსოლუტბანკში” შექმნილი სიტუაციის დაძლევა, განსაკუთრებით იქ არსებული სოლიდური ანაბრების გამო, ეროვნული ბანკის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბანკი მუშაობდა სპეციალურ რეჟიმში: გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, მას მიეცა უფლება მეანაბრეთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოეყენებინა სებ-ში დაცული რეზერვები, ბანკს გამოეყო სარეაბილიტაციო საკრედიტო ხაზი. ეროვნული ბანკი აწარმოებდა და ახლაც განაგრძობს მოლაპარაკებებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ა.შ.

“ქართუბანკის” გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ჩრდილელის განმარტებით, უახლოეს დღეებში განახლდება ანგარიშსწორება ყველა მიმდინარე ანგარიშებზე. აქტივ-პასივების გადაბარების პროცესში კლიენტებისა და მეანაბრეების ინტერესები სრულად დაცული იქნება. ამ შემთხვევაში დაზარალდებიან მხოლოდ დამფუძნებლები, რადგან მისი აქტივ-პასივების შესყიდვის მომენტისთვის “აბსოლუტბანკს” უარყოფითი კაპიტალი ჰქონდა.