სახელმწიფო ბიუჯეტში უცნაური მოვლენები ხდება

ეკა ქაროსანიძე

მთავრობის ახალი ინიციატივა ბიუჯეტის ზრდის შესახებ, არსებული დაძაბული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმედის მომცემია, მაგრამ არის თუ არა ეს რეალრი ზრდა, თუ რაიმე თვალის ასახვევი ფანდია?

რატომ ზრდის მთავრობა მთლიან საბიუჯეტო მაჩვენებელს 312 მილიონით, მაშინ როცა 2009 წლის პირველი კვარტლში ბიუჯეტში 88 მილიონი დეფიციტი დაფიქსირდა. ალქიმია თუ ბიუჯეტინგის ახალი სიტემა საქართველოს სინამდვილეში, რას და რატომ ვცვლით?
წინასწარი სქემით, 2009 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 6 მლრდ 272 მლნ ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც თითქმის მილიარდი ლარით ნაკლებია 2008 წლის საბიუჯეტო ხარჯებთან შედარებით. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2009 წელს 500 მლნ ლარით უნდა შემცირებულიყო თავდაცვის ხარჯები, ასევე იგეგმებოდა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების შეკვეცა, თუმცა გეგმა გეგმად რჩება და მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის. იგი 312 მლნ ლარით ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით ბიუჯეტი ორ ძირითად ფუნქციას უნდა ასრულებდეს: ეკონომიკური სტიმულირება და სოციალური ფუნქცია. სწორედ ამ მიმართულებებით იგეგმება ბიუჯეტის ხარჯების ზრდა, კერძოდ, 35 მლნ ლარით იზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, საიდანაც 21 მლნ გათვალისწინებულია პენსიების ზრდის პროგრამებისათვის; 25 მლნ ლარით იზრდება სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი, აქედან 14 მლნ ლარი მიემართბა რთველის დაფინანსებისათვის, დამატებით დაფინანსდება ასევე პროექტები, რომლებიც ტურიზმის განვითარებას ემსახურება.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს და შესაბამისად, გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებასაც, მაგრამ სანამ ამ გრძელვადიან ნანატრ დრომდე მივალთ, ფაქტია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში პრობლემებია. 2009 წლის I კვარტალში ბიუჯეტში 88 მლნ ლარი დეფიციტი დაფიქსირდა. თუმცა, იმ ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, რაც ქვეყანაშია ეს მოსალოდნელი ფაქტი იყო. მთავრობაც ელოდა საბიუჯეტო დეფიციტს და მეტიც, ეს დეფიციტი 116.4 მლნ ლარით ნაკლებია დაგეგმილ მოცულობაზე, რისი მიზეზიც, ძირითადად არის ბიუჯეტის შემოსავლების გადაჭარბებით მობილიზება, რომელიც შემოსავლის ყველა კატეგორიის მიხედვით აღემატებოდა დაგეგმილ მოცულობას. კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში შემოსული გრანტების მოცულობა 9.6 პროცენტით აჭარბებდა დაგეგმილს, ხოლო სხვა შემოსავლები 7.6 პროცენტით, რომლის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზებიდან მიღებულ შემოსავლებზე, აგრეთვე, სანქციების დაწესებით მიღებულ შემოსავალზე მოდის. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს, მათი დაგეგმილთან შეფარდების კოეფიციენტი უმნიშვნელოდ აჭარბებებს 1-ს.
სახელმწიფო ბიუჯეტის პრობლემა მხოლოდ მიმდინარე დეფიციტის არსებობა არ არის. თუ იმ დინამიკას განვიხილავთ, რომლითაც ბოლო წლებში საბიუჯეტო შემოსავლები ხასიათდება, ყველაზე დიდ და საშიშ პრობლემას შევეჯახებით: საბიუჯეტო შემოსავალები, რომლებიც 2004 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, 2008 წლიდან მნიშვნელოვნად იწყებს კლებას და პროფიციტური ბიუჯეტი უცებ დეფიციტური ხდება. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის არასტაბილურ განვითარებაზე.
საბიუჯეტო შემოსავლების კლების ერთ-ერთი მიზეზი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემცირებაა. 2009 წლის I კვარტალში ამ მაჩვენებელმა 124681.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 25%-ით ნაკლებია 2008 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. (2008 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 537674 ათასი აშშ დოლარი იყო).
მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის ბიუჯეტი ახალი საგადასახადო ცვლილებების ფონზე ხორციელდება (იგულისხმება საშემოსავლო და დივიდენდის გადასახადების შემცირება)P საბიუჯეტო შემოსავლებში საგადასახადო შემოსავლების კლება არ ივარაუდება.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები საპროგნოზო მაჩვენებლებს არ ჩამოუვარდება.
2009 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1172.5 მლნ ლარით, რაც წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 21%-ია. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 191.96 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102%.
საქართველოს 2009 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების მაჩვენებლები ასეთია:
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 087.3 მლნ ლარით, წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 23%-ით. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 099.6 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%. პირდაპირი გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა დაგეგმილ დონეს 1.5 პროცენტით, ხოლო არაპირდაპირი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც უფრო მგრძნობიარეა და ემორჩილება შიდა მოთხოვნის ცვლილებებს, 100.9 პროცენტით შესრულდა.
სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადების ხვედრითი წილის გამომსახველი სქემა შემდეგია:
ფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მობილიზებულ იქნა 110.9 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელის (108.9 მლნ. ლარი) 102%-ია, ხოლო წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 52%-ს შეადგენს.
2009 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფოს მიერ გაწეულ იქნა დაგეგმილი ხარჯების მხოლოდ 93.8 პროცენტი. გეგმიდან ყველაზე დიდი გადახრით ხასიათდება საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გაწეული ხარჯები (შესრულება 85.3 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები გაიზარდა წლიური 3.5 პროცენტით, ხოლო შემოსავლები შემცირდა წლიური 3 პროცენტით.
2009 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 75 პროცენტის დაფარვა მოხდა საგადასახადო შემოსავლებით, ხოლო პრივატიზაციის წილი შეადგენდა მხოლოდ 2 პროცენტს.
აღნიშნული პერიოდის სახელმწიფო ხარჯებში ნიშანდობლივია სოციალურ დაცვაზე გაწეული ხარჯები, რომელმაც 2009 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 292 მლნ ლარი.
2009 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ხარჯების სიდიდით მეორე კატეგორიაა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები (264 მლნ ლარი), რომლებიც წარიმართა ადგილობრივი მთავრობებისადმი გაცემულ გრანტებზე, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ფინანსური და ფისკალური საქმიანობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სახელმწიფო ვალის მომსახურების უზრუნველყოფაზე.
საანგარიშო პერიოდში საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე დაიხარჯა 221 მლნ ლარი.
2009 წლის პირველ კვარტალში მთლიანი სახელმწიფო ვალი 2008 წელთან შედარებით შემცირდა 1.2 პროცენტით (63 მლნ ლარი) 5090.5 მლნ ლარამდე. აქედან, საგარეო ვალდებულებები შემცირდა 1.5 პროცენტით (55 მლნ ლარი), ხოლო საშინაო ვალდებულებები 0.6 პროცენტით (8 მლნ ლარი). ვალუტის კურსის ცვლილებით მიღებული ეფექტი შეადგენს 6.6 მლნ ლარს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი პროგნოზირებადია, პრობლემები, რომლებიც არსებობს მეტად მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია (იგივე საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება). ალბათ, მთავრობამ მართლაც უნდა იზრუნოს ეკონომიკის სტიმულირებაზე და გაზარდოს პრიორიტეტული დარგების დაფინანსება, მაგრამ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საბიუჯეტო დეფიციტი ფიქსირდება მნიშვნელოვანია ხარჯების მიმართვა კაპიტალურ დარგებში, რომლებიც სამომავლო ზრდას გვპირდებიან და არა ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და თავდაცვა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ქვეყანას ძლიერი ჯარი და სოციალურად დაცული მოსახლეობა ჰყავდევს, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნულ დარგებში ხარჯების ზრდა მხოლოდ სამომავლო ვალდებულებებს გაზრდის და რეალურ ეკონომიკურ ზრდას არ გვპირდება.