საინვესტიციო გარემო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

ნატო ბებიაშვილი

UNCTAD-ის მონაცემებით, 1990-იანი წლების დასაწყისიდან განვითარებადი ქვეყნებისათვის დამახასიათებელია შემდეგი ტენდენცია – ისინი უფრო ლიბერალურები გახდნენ და მოახდინეს თავიანთი საწარმოების პრივატიზაცია, რათა ჩართულიყვნენ გლობალურ ეკონომიკაში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნის პოლიტიკის გატარება ამ ტენდენციის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის დამახასიათებელია ძირითადად ზრდის ტენდენცია, როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ასევე მთლიანად მსოფლიოში, რაც ნათლად ასახულია ცხრილი #1-ში.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო კაპიტალის ბაზარზე პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის ზრდა მიიღწევა მსოფლიო ინვესტორთა უმსხვილესი ტრიადის – აშშ-ს, ევროკავშირისა და იაპონიის ხარჯზე. ამ ქვეყნების მიერ კონცენტრირდება განთავსებული ინვესტიციების 92% და მოზიდული ინვესტიციების 80%.
განვითარებადი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით იმიტომ, რომ მოელიან პოტენციურ სარგებელს, ისეთს, როგორიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა, კაპიტალის აკუმულირება, ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა და დანერგვა, და კონკურენციის გაზრდა.
ჩვენი აზრით, საქართველოსათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ეკონომიკური განვითარების, შემოსავლებისა და დასაქმების ზრდის თვალსაზრისით. ამიტომ საჭიროა მეტი ინფორმაციის მოპოვება იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებზე. სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შესაძლებელია განისაზღვროს ინსტრუმენტები, ღონისძიებები და პოლიტიკური მიმართულებები, თუმცა აუცილებელია მიმღები ქვეყნისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინება.
ჩვენი აზრით, აუცილებელია შევჩერდეთ შემდეგ გარემოებაზე – უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით აუცილებელია, რომ საქართველოში შეიქმნას პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო სტაბილური საინვესტიციო გარემო, რისთვისაც აუცილებელია ეკონომიკური კრიზისის, კორუფციის, ბიუროკრატიზმის და სხვა ხელისშემშლელი პირობების აღმოფხვრა.
როგორც აღვნიშნეთ, საინვესტიციო გარემო” ესაა ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია მოცემული ქვეყნისათვის და განსაზღვრავს შესაძლებლობებს და სტიმულებს, რათა ფირმებმა გააფართოვონ საქმიანობის მასშტაბები, განახორციელონ ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ გლობალურ კონკურენციაში. საინვესტიციო გადაწყვეტილებების რისკი მეწარმეებს ეკისრებათ, მაგრამ სახელმწიფო მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე, იცავს რა უფლებებს საკუთრებაზე, ახორციელებს სამართლებრივ რეგულირებას და ბიზნესის დაბეგვრას, ქმნის ფინანსური ბაზრისა და შრომის ბაზრის ფუნქციონირების პირობებს, საბაზრო ინფრასტრუქტურას. სახელმწიფოს როლი აგრეთვე მნიშვნელოვანია ისეთი საერთო პრობლემების გადაწყვეტისას, როგორიცაა კორუფცია, დამნაშავეობა, პოლიტიკური არასტაბილურობა. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება უნდა იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანა. პოლიტიკა და პოლიტიკური ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საინვესტიციო კლიმატის ფორმირებაში. საინვესტიციო კლიმატი მოიცავს ყველაფერ იმას, რასაც ინვესტორი ითვალისწინებს, როდესაც აფასებს, თუ რამდენად ხელსაყრელია ამა თუ იმ ქვეყანაში პირობები ინვესტიციების განხორციელებისათვის. მათ შორის ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებსაც, როგორიცაა ქვეყანაში არსებული იდეოლოგია და პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა. რაც უფრო ნაკლებად ხელსაყრელია საინვესტიციო კლიმატი, ინვესტორი მით უფრო ძვირად აფასებს თავის სამეწამეო რისკს, ხოლო მიმღები (რეციპიენტი) ქვეყნისათვის ხარჯები ინვესტიციების მოსაზიდად უფრო დიდია.
მსოფლიო ბანკის კვლევები გვიჩვენებს, რომ მთავარ ფაქტორებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ საინვესტიციო გარემოზე, განეკუთვნებიან: პოლიტიკური განუსაზღვრელობა (28%), მაკროეკონომიკური არასტაბილურობა (23%), გადასახადები (19%), სამართლებრივი რეგულირება (10%), კორუფცია (10%).
საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისათვის აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს შეუქმნის გარკვეულ გარანტიებს და სტიმულებს.
მიზანშეწონილია საინვესტიციო ფონდების, სატრასტო და სალიზინგო კომპანიების ქსელის შექმნა, აგრეთვე საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ერთად ვენჩურული ფირმების შექმნა.
უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და რაციონალური გამოყენება საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
უცხოური ინვესტორებისათვის საქართველო ერთი მხრივ მიმზიდველია თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, სამუშაო ძალის სიიაფით და მაღალი კვალიფიკაციით ევროპის ბაზართან შედარებით, პროდუქციის ხარისხის მიმართ მომხმარებელთა დაბალი მოთხოვნით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არის მთელი რიგი მიზეზებისა, რის გამოც საქართველო ნაკლებად მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისათვის, ესენია: პოლიტიკური არასტაბილურობა, დიდი საგარეო ვალი, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები საბოლოოდ არაა დაზუსტებული. ამასთან საქართველოს ბაზარი მცირე ტევადობისაა, ამიტომ ინვესტიციები ძირითადად ორიენტირებული უნდა იყოს საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ დარგებზე.
ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
– დაბეგვრის შეღავათიანი სისტემის დაწესება;
– დაჩქარებული ამორტიზაციის გამოყენების უფლების მიცემა;
– უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიმართ სელექციური პოლიტიკის გატარება, რაც გულისხმობს დარგების დაჯგუფებას უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზანშეწონილობის მიხედვით.
– საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება.
საინტერესოა გავაანალიზოთ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამისათვის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე შევადგინეთ ცხრილი #2.
2003 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულმა რეფორმებმა და ინიციატივებმა დადებითი შედეგები გამოიღო, რაც საერთაშორისო კვლევებითა და შეფასებებითაც დასტურდება:
2005 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში შეადგინა 449,8 მილიონი აშშ დოლარი (2004 წელს – 499 მილიონი აშშ დოლარი). გარკვეული კლება წინა წელთან შედარებით გამოწვეული იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დამთავრებით, თუმცა სხვა ინვესტიციების (არა ნავთობსადენთან დაკავშირებული) მოცულობა 2004 წელთან შედარებით გაიზარდა 44 მილიონი აშშ დოლარით- 139 მილიონი აშშ დოლარიდან 183 მილიონ აშშ დოლარამდე. 2006 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში 1.190 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 740.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2007 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში შეადგინა 656,8 მილიონი აშშ დოლარი (2006 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ზრდა შეადგენს 203,9 მლნ აშშ დოლარს).
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 2006 წელს 407.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 163.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან ნომინალური ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის წილი მთლიან ინვესტიციებში მკვეთრად დაეცა როგორც წლიურ, ისე კვარტალურ ჭრილში. ამის მიზეზი სამხრეთ კავკასიის (შაჰ-დენიზის) გაზსადენის მშენებლობის დამამთავრებელ ფაზაში შესვლა იყო. 2007 წლის იანვარ-ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 321.2 მლნ აშშ დოლარი, რაც 171.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში ბიზნესის კლიმატის გაუმჯობესება მთლიანობაში სტაბილურ მაკროეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად შედეგად იძლევა იმას, რომ ქვეყანა ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველი ხდება. რეფორმების შედეგად შექმნილი ზრდის ინერცია ეხმარება ეკონომიკას, რათა აანაზღაუროს მთავარი საექსპორტო ბაზრის (რუსეთის) დაკარგვისაგან მიღებული ზარალი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მთავრობა უნდა ეცადოს შეინარჩუნოს მშპ-ის ზრდის ტემპი 7-8% და ინფლაცია 6%-ის ფარგლებში, სამწუხაროდ ეს რეკომენდაცია ვერ სრულდება. ამისათვის საჭიროა მკაცრი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გატარება.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის სანქციების მიუხედავად, უცხოელი ინვესტორები უფრო მეტად დაინტერესდნენ საქართველოში საინვესტიციო საქმიანობით (იხ. დიაგრამა).

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება 2006 წლის ოქტომბერში უარყოფითად აისახა საქართველოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგზე. გეოპოლიტიკური რისკის ზრდის გამო ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდა და ინვესტორების განწყობაზეც უარყოფითად აისახა. თუმცა ეს რისკები ნაწილობრივ დაბალანსებულია ჯერ კიდევ მაღალი ეკონომიკური პერპექტივებით, რაც ეკონომიკის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლის მონაცემებით 1 სულ მოსახლეზე მშპ შეადგენდა 1700 დოლარს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
გამოკვლევების თანახმად, რომელიც ჩაატარეს მსოფლიო ბანკმა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა 2002 და 2005 წლებში, საქართველოს ბიზნეს-გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაკროეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება. მაგალითად, 2002 წელს გადასახადების ადმინისტრირება გამოკითხული ფირმების 84%-მა დაასახელა მთავარ პრობლემად, ხოლო 2005 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 23%-მდე. ასევე შემცირდა გადასახადების განაკვეთებიც. მნიშვნელოვანი წარმატებაა კორუფციის შემცირება. 2002 წელს ბიზნესის წარმოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა კორუფცია – 66%-ის მიერ, ხოლო 2005 წელს – გამოკითხულთა 39%-ის მიერ.
დიაგრამა 2. საქართველოს ბიზნეს გარემო1

უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით; 2005 წელს საქართველოს ეკავა 100-ე ადგილი, 2006 წელს – 68-ე, ხოლო 2007 წელს – 35-ე ადგილი. Hერიტაგე ფოუნდატიონ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა განისაზღვრება როგორც უფრო თავისუფალი – “Mostly free”. Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2007 წლის 10 ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა: 1. ჰონგ-კონგი, 2. სინ-გაპური, 3. ავსტრალია, 4. აშშ, 5. ახალი ზელანდია, 6. დიდი ბრიტანეთი, 7. ირლანდია, 8. ლუქსემბურგი, 9. შვეიცარია, 10. კანადა. საქართველო მსოფლიოში 35-ე, ევროპაში კი – 20-ე ადგილზეა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2007 წელს დასახელდა წარმატებული რეფორმატორი ქვეყნების ათეული, სადაც საქართველო მეხუთე ადგილზეა. თუმცა, 2007 წლის შემოდგომაზე საქართველოში გამოიკვეთა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები, რამაც გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის სტაბილურობაზე და შესაბამისად საინვესტიციო კლიმატზეც. საყოველთაოდ ცნობილია, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური სიტუაცია, რათა ინვესტიციების შემოდინება არ შემცირდეს. ამისათვის საქართველოს ხელისუფლება დგავს მნიშვნელოვან ნაბიჯებს (დაინიშნა საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნები, დაკომპლექტდა გადახალისებული ახალი მთავრობა), რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანა იბრუნებს სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, წინსვლის შანსს ზრდის.
გარდა ამისა, საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის დამახასიათებელ უარყოფითი მხარეებია:
პოლიტიკური დაძაბულობა და არცთუ იშვიათად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ბიზნესის თვითნებური მიუღებელი ფორმებით ლობირება, რაც ჯანსაღ კონკურენციას აცლის საფუძველს როგორც ზოგადად, ისე ინვესტორთა შორის;
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქციის გაუვრცელებლობა, რაც გარკვეულწილად ქმნის მიმდებარე რეგიონებში დაძაბულობის კერებს;
მოსახლეობის რთული სოციალური მდგომარეობა (მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარსა და ზღვარს ქვემოთ იმყოფება), რაც იწვევს სოციალურ დაძაბულობას და რყევებს.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ, ჩამოთვლილი სირთულეების მიუხედავად, ქვეყანას გარკვეული დადებითი პოტენციალი გააჩნია, რათა დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები, კერძოდ:
მდიდარი და შედარებით იაფი საკურორტო და ტურისტული რესურსები;
ცნობილი მინერალური და სამკურნალო წყლების უმდიდრესი მარაგი;
შედარებით იაფი კვალიფიციური მუშახელი;
მაღალი ინტელექტუალური დონის სპეციალისტები;
ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესში უცხოელი ინვესტორების მონაწილეობის შესაძლებლობის ფაქტორი;
მაღალი მოგების სწრაფად მიღების შესაძლებლობა.
ჩამოთვლილი ფაქტორები საშუალებას გვაძლევს მიზანშეწონილად მივიჩნიოთ იმის აუცილებლობა, რომ შემუშავდეს მყარი საინვესტიციო კანონმდებლობა, დაცული იქნეს კანონის უზენაესობა ამ სფეროში. საქართველოში დღეისათვის მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის კანონი უცხოური ინვესტიციების შესახებ; 1996 წელს მიღებული კანონი “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ”, 2002 წლის კანონი “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” და 2006 წლის კანონი “ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ”. ჩვენი აზრით, აღნიშნული კანონები საჭიროა გადაისინჯოს და მკაცრ შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სათანადო საერთაშორისო კანონებთან და კონვენციებთან ინვესტიციების შესახებ.
ნებისმიერი ინვესტიციის შემოდინება დამოკიდებულია ინვესტორების რწმენაზე – საქართველოში ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური არასტაბილურობაც უარყოფით გავლენას ახდენს. თუ ინვესტორებს ეშინიათ, ხედავენ რისკს, მაშინ ისინი ფულს არ ჩადებენ.
საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ საქართველოში ინვესტირების განხოციელების შემდეგი მიზეზები:
1. საქართველო წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა;
2. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა;
3. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო;
4. კონკურენტული სავაჭრო წესები;
5. ფართომასშტაბიანი საპრივატიზაციო პოლიტიკა;
6. ლიცენზიების და ნებართვების გამარტივებული პროცედურები;
7. სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია;
8. გარკვეული წარმატებები კორუფციასთან ბრძოლაში;
9. დინამიკური საბანკო სექტორი;
10. ლიბერალური შრომითი კანონები;
11. საქართველო უძველესი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა.
აღნიშნული მიზეზები მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას უცხოელი ინვესტორებისათვის. უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, რომელიც ქვეყნის განვითარების მიმართულებების შესაბამისი იქნება. ამ პროგრამაში უნდა აისახოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები და დაისახოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზები.
უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პრიორიტეტული მიმართულებებია: საწარმოო და სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს განვითარება; საექსპორტო პოტენციალის ზრდა; საბანკო სექტორის მუშაობის გაუმჯობესება.
უცხოური ინვესტიციების მოზიდვისას აუცილებელია რეგიონალური ფაქტორის გათვალისწინება, რადგან საქართველოს ყველა რეგიონს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა.
საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის პირველ რიგში აუცილებელია კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება, რადგან მიუხედავად ამ სფეროში მომხდარი დადებითი ძვრებისა, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით საქართველო კვალავაც რჩება ქვეყნად, სადაც საკმაოდ მაღალ დონეზეა შენარჩუნებული კორუფცია და ბიუროკრატიული აპარატი; მეორე მნიშვნელოვანი საკითხია საგადასახადო კოდექსის დახვეწა. მიუხედავად ბოლო პერიოდში კოდექსში შეტანილი მრავალი ცვლილებისა და გადასახადების საერთო რიცხვის შემცირებისა, კოდექსი კვლავაც რჩება ძნელად აღსაქმელად და ბუნდოვნად, განსაკუთრებით ადმინისტრირების ნაწილში. ასევე ინვესტორებისათვის მიუღებელია საგადასახადო კოდექსში და საერთოდ საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებების სიხშირე. საჭიროა გამარტივდეს საქმიანობის, ლიცენზირებისა და ნებართვების აღების პროცედურები, თუმცა აღსანიშნავია 2006 წელს ამ მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შეღავათიანი კრედიტის არსებობის აუცილებლობა, არ შეიძლება ქვეყანა მთლიანად ორიენტირებული იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლაზე, ასევე საჭიროა ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობა. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია დარეგულირებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში. თუმცა დარეგულირების ღონისძიებები საკმარისი არ იქნება ეკონომიკური ზრდის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, და თუ მას თან არ ახლავს საბაზრო ინსტიტუტების გაძლიერება. კერძოდ, უფრო მეტად უნდა იყოს დაცული საკუთრების უფლება; აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმირება, რომელიც ჩამორჩება ბიზნესგარემოს ლიბერალიზაციის ტემპს და ხელისუფლების მხრიდან გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.
ჩვენი აზრით, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის აუცილებელია ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რომელიც მოიზიდავს როგორც უცხოელ, ისე ქართველ ბიზნესმენებსაც, რათა მათ დააბანდონ თავიანთ კაპიტალი საქართველოში და არა სხვა ქვეყნებში.