ვინ ხეირობს კრიზისით

მოამზადა ეკა წირღვავამ

2008 წლის პირველ თვეებში მსოფლიო ბაზრებზე ვითარება ვერ შემსუბუქდა. სიტყვა “რეცესიას” უკვე ცრუმორწმუნოებრივად “ხეზე დაკაკუნებით” არ ამბობენ, არამედ ის უკვე ფაქტის კონსტანტაცია. ინვესტორები პანიკამ მოიცვა: დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ როგორც განვითარებული ბაზრები, ასევე განვითარებადი ბაზრების პირველი ეშელონი.

კრიზისი – უშიშრების დროა და ეხლა ეს გამოთქმა ისეთი სამართლიანია, როგორც არასდროს, რადგან კონსერვატიული სტრატეგიები, როგორც ჩანს, დაზღვეულია დანაკარგებისაგან. ხეირს ნახავს ორი ტიპის ინვესტორები, ანუ ისინი, ვინც მზადაა დიდი ხნით (შავი ზოლის ბოლომდე) გაყინონ თავიანთი ფული და ისინი, ვინც შეძლებენ გარისკონ ისეთ ახალ ბაზრებზე გასვლა, რომლებიც აქამდე მარგინალებად ითვლებობა.
განვითარებული ბაზრებიდან ფულის გადინება, რაც ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, ამჟამად უკვე მყარი ტენდენციაა. 2007 წლის მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა განვითარებულ ბაზრებზე მომუშავე ფონდების სახსრების განვითარებად ბაზრებზე გადინების ტენდენცია. 2008 წლის დასაწყისში პროცესი ასევე სწრაფი ტემპით გაგრძელდა. თუ გასულ წელს დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შედარებით მეტი დარტყმა მიიღო, ამჟამად ყველაზე მეტად დაზარალდა ამერიკული კომპანიების აქციები. გამოიკვეთა ახალი ტენდენციაც, კერძოდ, აზიის ქვეყნებში ინვესტიციების აგრესიული შემოდინება შეიცვალა გადინებით. ამის მიზეზი ბევრი ახალბედა აზიური ბაზრის გადახურება გახდა, პირველ რიგში ჩინეთისა და ინდოეთის. გარდა ამისა, ჯერ კიდევ გაუგებარია როგორ იმოქმედებს მათზე რეცესია აშშ-ში.
დაშინებული ინვესტორების ძირითადი მასა გაკვალული გზით მიდის. 2007 წელს ბევრმა მათგანმა თავისი კაპიტალი აქციების გლობალურ ფონდებში გადაიტანა. ეს ფონდები ფულს “ცისფერ ფიშკებში” (ყველაზე ლიკვიდური აქციები) დებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თანაბრად ანაწილებენ რისკებს სხვადასხვა ქვეყნებსა და სფეროებზე. მაგრამ თეთრი ფულის მთავარი მიმღები ფულადი ბაზრების ფონდები გახდა. მათი აქტივები ამჟამად, გასული წლის მეორე ნახევრის 990 მლრდ დოლართან შედარებით, 2 ტრლნ დოლარს შეადგენს. ფულადი ბაზრების ფონდების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ ისინი პრაქტიკულად ფულს არასდროს არ კარგავენ. თუმცა ამჟამინდელმა კრიზისმა ინვესტორებს შეიძლება უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადოს.
კომპანია “Emerging Portfolio Fund Research Global (EPFR Global)�-ის მონაცემებით, ფულადი ბაზრების ფონდების საშუალო შემოსავალი წლის დასაწყისიდან მხოლოდ 0,34%-ია. ეს არც ისე ცუდი იქნებოდა რომ არა მზარდი მსოფლიო ინფლაცია. აშშ-ში მარტო იანვარში სამომხმარებლო ფასები 0,4%-ით გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფულადი ბაზრების ფონდებში ინვესტირება უკვე ფულის დაცვის გარანტიას არ იძლევა. სხვა ჩვეულ “მაშველი რგოლებთან” დაკავშირებით უარესი ვითარებაა. გლობალური ფონდების აქციების საშუალო შემოსავალი EPFR Global-ის მონაცემებით მხოლოდ 5%-ია.
რაც უფრო თვალსაჩინო ხდება კონსერვატიული სტრატეგიების სამწუხარო პერსპექტივები, მით ფართოა იმ ინვესტორების წრე, რომლებიც ცდილობენ იპოვონ თუნდაც რისკიანი, მაგრამ მომგებიანი სქემის მქონე გზები. კრიზისით, როგორც წესი, სპეკულანტები ხეირობენ. ამჟამად ყველაზე კარგად ის სპეკულანტები გრძნობენ თავს, რომელებიც ფულს ნედლეულში დებენ. მაგრამ ყველასათვის არ არის ხელსაყრელი მოკლევადიანი სპეკულაციები. მათ კი ვინც შედარებით გრძელვადიან ინვესტირებას შეეჩვიენ, დიდი გამჭრიახობა უნდა გამოავლინონ.
ზოგიერთი დინების საწინააღმდეგოდ გაცურვას ცდილობს და ფულს იმ სფეროებსა და ქვეყნებში დებს, რომლებიც კრიზისისგან ძლიერ დაზარალდნენ. მაგალითად, საფინანსო მომსახურების სექტორზე ორიენტირებული ფონდების აქტივები წლის დასაწყისიდან 2,1 მლრდ დოლარით გაიზარდა, ამასთან მათი საშუალო შემოსავლიანობა 7%-ია, ხოლო თებერვლის ბოლოდან 7 კვირის განმავლობაში, მექსიკის ეკონომიკის აშშ-ის ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირის მიუხედავად, გაიზარდა ინვესტირება ამ ქვეყნის ბაზრებში. კვლავ იზრდება ინტერესი სამრეწველო საქონელსა და მომსახურებაზე, ქიმიურ მრეწველობაზე. ინვესტორები ცდილობენ აქტივები დაბალ ფასებში იყიდონ. ინვესტორების გათვლამ შეიძლება შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღოს, თუ ისინი მოთმინებას გამოიჩენენ – წინა კრიზისების გამოცდილებიდან გამომდინარე, დაზარალებული სფეროებისა და ქვეყნების აღდგენას წლები სჭირდება.
და ბოლოს, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ტიპის “სასაზღვრო” ბაზრებისადმი ინტერესი ყველაზე სასოწარკვეთილებს გაუჩნდათ. ამ ბაზრებში ინვესტირება ზემოაღნიშნული ფონდების მიერ მართვადი აქტივების 16-17%-ს შეადგენს. მათში კაპიტალის შემოდინება მიმდინარე წლის პირველ 9 კვირაში გაორმაგდა. ზოგიერთი ინვესტორი ფულს ისეთ ბაზრებშიც დებს, როგორიცაა პაკისტანის, ირანისა და ერაყის ბაზრები. ალბათ, ხალხი ყველაფერზე წავა მოგების მისაღებად. ბოლო დროს ამ ბაზრებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრე კენიაში არსებული არეულობა ან პაკისტანის ექს-პრემიერის ბენაზირ ბხუტტოს მკვლელობაც კი ინვესტორებისათვის გასაქცევად მიმანიშნებელი სიგნალი იქნებოდა, მაგრამ ეხლა ფონდების მმართველები ასეთ მოვლენებს პირიქით, ახალ ბაზრებში მინიმალური ფასით შესვლის შესაძლებლობად აღიქვამენ. დღეისათვის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრების კაპიტალის 20% უცხოურ ინვესტიციებზე მოდის. ახლო წარსულში კი ეს მაჩვენებელი თითქმის ნოლის ტოლი იყო. ამ ბაზრებზე შემოსული ინვესტიციები სულ უფრო გრძელვადიანი ხდება.
გამორიცხული არ არის, რომ ზუსტად “უშიშრების კოჰორტა” აღმოჩნდეს მომგებიან ვითარებაში იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც ისინი ხსნიან ამჟამად მსოფლიო ბაზრებისათვის. ფულთან ერთად ამ რეგიონებში შეიძლება შემოვიდეს სტაბილურობაც, ახალი ინსტიტუტებიც და ამბიციური გეგმებიც და ამის ნიშნები უკვე არსებობს. მაგალითად, მიმდინარე წელს ანგოლაში (აფრიკაში მშპ-ის მოცულობით მესამე ქვეყანა) საფონდო ბირჟა უნდა გაიხსნას, ხოლო ნიგერიაში 2007 წელს 3 მლრდ დოლარი შევიდა პორტფელური და 4,5 მლრდ დოლარი პირდაპირი ინვესტიციების სახით. პირველი მიღწევები აფრიკის ქვეყნების ლიდერებსაც აძლევს სტიმულს, კერძოდ, ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ უახლოესი 12 წლის მანძილზე ქვეყანა 600 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ელოდება. ხოლო ქვეყნის პრეზიდენტის აზრით, ეს ინვესტიციები ნიგერიას შესაძლებლობას მისცემს 2020 წლისთვის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ოცეულში შევიდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.