ევროპა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადადის

ალექსანდრა ლალიაშვილი

გერმანული ენერგეტიკული გიგანტი E.On Ruhrgas რუსულ “გაზპრომთან” ერთად ცდილობს გაზი ავტომობილის მთავარ საწვავ საშუალებად აქციოს. ვინაიდან, ეკონომიასთან ერთად, შეკუმშული ბუნებრივი აირი ეკოლოგიური მიზნების მიღწევის ძალიან კარგი საშუალებაა. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო სადგურების მშენებლობა, რომელიც ავტომობილების მფლობელებს გაზით მოამარაგებს. ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ გერმანიაში იმ ავტომობილების რაოდენობა, რომლებიც გაზზე მუშაობენ სწრაფად იზრდება. საუბარია, როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებზე და მუნიციპალურ ტრანსპორტზე.

რამდენიმე კვირის წინ 24-მა ავტომობილმა 5 ქვეყნიდან (გერმანია, რუსეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბელორუსია და ფინეთი) მოწაყვეს 1000-კილომეტრიანი ტური ბალტიის ზღვის სანაპიროების გავლით, იმის დასამტკიცებლად, რომ ევროპაში ტვირთის გადატანა ისეთი ავტომობილებითაც არის შესაძლებელი, რომელიც გაზზე მუშაობს. მსგავსი აქციები სიახლეს არ წარმოადგენს. 2008-2010 წლებში მხოლოდ რუსეთში 3 აქცია მოეწყო. თუმცა გერმანიის ტერიტორიების მოცვა მსგავსი გარბენების დროს პირველად მოხდა.
გერმანიაში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ტრადიციულად აღიარებულია გადაზიდვის ორი საწვავი – დიზელი და ბენზინი. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ეკოლოგიურად სუფთა საწვა-ვის მიმართ ევროპის ყურადღება განსაკუთრებით იზრდება. ბევრი ექსპერტისა და მეცნიერის შეფასებით, მომავალი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებისაა. ამიტომაც გაზის მიმწოდებლები ბაზ-რის ამ სეგმენტს განიხილავენ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მიმართულებას მომავლისთვის. განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს არა ტრადიციულ თხევად გაზს, არამედ შეკუმშულ ბუნებრივ აირს, რომელსაც გააჩნია უფრო მაღალი ენერგეტიკული ღირებულება.
ბუნებრივი აირის საწვავის გამოყენება გერმანიაში, უფრო მიმზიდველია საგადასახადო კუთხითაც. მაშინ, როცა 1 კილოვატსაათი ენერგია, რომელიც მიიღება ბენზინის ან დიზელისგან, იბეგრება 4,7-დან 7,3 ცენტამდე, შეკუმშული გაზის იგივე მოცულობა იბეგრება 1,5 ცენტით. საკონსულტაციო კომპანია Erdgas Mobil-ის ექსპერტებმა, გემანიის მთავრობასა და ენერგო კომპანიებთან ერთად ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაადგნეს, რომ შეკუმშული ბუნებრივი აირი ყველაზე ეფექტური საწვავი საშუალებაა ამონაგების თვალსაზრისით: შედარებისათვის, ბენზინთან შედარებით ერთსა და იმავე მანძილის დაფარვა ბუნებრივი აირით 3-ჯერ უფრი იაფია. რაც იმას ნიშნავს, რომ საწვავად ბუნებრივი აირის გამოყენების შემთხვევაში, მძღოლებისათვის 50%-იანი მოგება გარანტირებულია.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, ევროპაში ეკოტრანსპორტის წილი მთლიანად ტრანსპორტში ისევ მცირეა. დღეს გერმანიაში დაახლოებით 91 000 ავტომობილია, რომელიც გაზის საწვავზე მუშაობს, მაშინ, როცა მთლიანად ავტოპარკის მოცულობა 50 მილიონია. ექსპერტების გათვლებით, 2025 წლისათვის ევროპაში ეკომობილების რაოდენობა 1 მილიონიდან 16 მილიონამდე გაიზრდება და გაზზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა საერთო ავტოპარკის 5%-ს შეადგენს.
დღეს უკევ თითქმის ყველა ევროპული ავტომწარმოებელი სთავაზობს მომხმარებელს გაზის ძრა-ვაზე მომუშავე სერიულ ავტომობილებს. მათ შორის, Mercedes, Audi, Opel, Ford, Volkswagen და სხვა. სპეციალისტები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილების ძრავების სიმძლავრე გაუთანაბრდეს ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისას.
ამასთანავე, ევროპაში ყველა მუნიციპალიტეტი განიხილავს მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის, ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების ბუნებრივ აირზე გადაყვანის გეგმას. მსგავსი სატრანსპორტო და გადასაზიდი საშუალებები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ, ამიტომ ისინი პირველი სამიზნეები არიან სატრანსპორტო სფეროში გაზის მომწოდებლებისთვის. 2050 წლისათვის, ექსპერტების ვარაუდით, გაზის ძრავაზე მომუშავე სატვირთო ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდება. ეს სეგმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან კრიზისის დაძლევის კვალ-დაკვალ გადასაზიდი ტვირთების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სატვირთო ავტომობილების რაოდენობას ზრდის.
განსაკუთრებით აქტიურობს “გაზპრომი”, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მოგებას მიიღებს გერმანული ავტომწარმოებლებისა და მომხმარებლების მხრიდან მზარდი ინტერესის პირობებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთ უფრო დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, გაზზე მუშაობდა 200 000 ავტომობილი, რომელიც ჯამში მოიხმარდა 525 მილიარდ მ3 ბუნებრივ აირს, დღეს რუსეთში გაზზე მომუშავე 85 000 მანქანაა და ჯამში მოიხმარენ 350 მილიონ მ3 აირს. რუსული კომპანია 2 გაზგასამართ სადგურს ფლობს ბერლინში.
თუმცა, გაზგასამართი სადგურების ნაკლებობა მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ეკოტრანსპორტის გავრცელებისათვის. გერმანიაში ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობაა, სადაც 900-მდე გაზგასამართი სადგური ფინქციონირებს. სხვა ქვეყნებში ეს რიცხვი 100-200-ის ფარგლებს არ სცილდება. ამიტომაც ბევრი ექსპერტი მიიჩნევს რომ, ეკოტრანსპორტის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით გავრცელებისათვის, საჭიროა, მუშაობა, პირველ რიგში, ამ მიმართულებით დაიწ-ყოს.