საქართველოს ინოვაციური განვითარების პერსპექტივები გლობალიზაციის პირობებში

შოთა შაბურიშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი

თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესზე დაფუძნებულ გლობალიზაციის პირობებში უწყვეტი ტექნოლოგიური ცვლილებები ყოვლისმომცველი გახდა, რაც სპობს ტრადიციულ განსხვავებას დაბალ და მაღალტექნოლოგიურ დარგებს შორის, ხოლო ქვეყნის განვითარების საერთო ვექტორს სტატიკური, დროებითი შეფარდებითი უპირატესობიდან ინოვაციებზე დაფუძნებულ, დინამიკურად ცვალებადი კონკურენტული უპირატესობისაკენ მიმართავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინოვაციური კულტურა XXI საუკუნის სტრატეგიული რესურსია, რომლის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების კეთილდღეობის ხანგრძლივი და მძლავრი ამაღლება.

ეკონომიკურ ლიტერატურაში ინოვაციის მრავალი განსაზღვრება არსებობს. ინოვაცია არის როგორც ტექნოლოგიური, ტექნიკური და მმართველობითი სიახლე, დაფუძნებული მეცნიერულ მიღწევებსა და მოწინავე გამოცდილებაზე, ასევე მატერიალიზებული და ბაზრის მიერ აღიარებული უახლესი სამეცნიერო იდეა. უფრო ფართო გაგებით ესაა იდეების, კვლევების, ცდების ტრანსფორმაციის ნაყოფი, ახალი ან გაუმჯობესებული სამეცნიერო-ტექნიკური ან სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, რომელიც გამიზნულია ადამიანების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოსაყენებლად.1 ინოვაციის აუცილებელი მახასიათებლებია სიახლე, საბაზრო მოთხოვნის დაკმაყოფილება და კომერციული მიზანშეწონილობა.
სიახლის თვალსაზრისით ინოვაციას მიეკუთვნება:
ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტი;
ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიური პროცესი;
წარმოების, ვაჭრობის, ფინანსების და სხვა საქმიანობის მართვის ახალი ფორმები.
ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით ინოვაცია შეიძლება იყოს:
ევოლუციური, რაც უკვე არსებული პროდუქტის მოდიფიცირებაში გამოიხატება და იქმნება ბაზრის უკვე ცნობილი მოთხოვნილებების საპასუხოდ. ეს არ გულისხმობს რაიმე უნიკალურ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა მომხმარებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებად ითვლება;
რევოლუციური, მიმართული იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც სიახლის გაჩენასთან ერთად წარმოიშვება. ასეთი ინოვაციები საკმაოდ იშვიათად და მოულოდნელად იბადება. ფაქტიურად ისინი ქმნიან ახალ ბაზარს.
მოსალოდნელი შემოსავლების და დანახარჯების შედარება ნებისმიერი ახალი იდეის რეალიზაციის ძირითადი კრიტერიუმია. სამეცნიერო-ტექნიკური სიახლე არ წარმოადგენს ინოვაციას, თუ მას არ მოაქვს ეკონომიკური ეფექტი მოგების, ოპერაციული ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების სახით.
ინოვაციურ საფუძველზე კონკურენტუნარიანი წარმოების განვითარებას ხელს უწყობს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება და ფირმის საწარმოო ბაზის მოდერნიზაცია. ამ თვალსაზრისით აუცილებელია ხაზი გაესვას “ახალი ეკონომიკის” დარგებს, როგორიცაა აეროკოსმოსური, ფარმაცევტული, ასევე რადიო, სატელევიზიო და საკომუნიკაციო ტექნიკა, კომპიუტერული, ზუსტი სამედიცინო და ოპტიკური მოწყობილობები. უახლესი ტექნოლოგიების ბაზარზე ტრადიციულად ეკონომიკური განვითარების მაღალ საფეხურზე მყოფი ქვეყნების საწარმოები დომინირებენ – აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. მსოფლიო ბაზრის ზოგიერთ სეგმენტზე მათ მნიშვნელოვან კონკურენციას უწევენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნები, კერძოდ, ჰონკონგი, მალაიზია, ტაივანი, სინგაპური და სამხრეთ კორეა (იხ. ცხრილი 1).
გლობალიზაციის პირობებში ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეესატყვისება იგი გლობალური ეკონომიკის ახალ ინოვაციურ კონტურებს. ამასთან, სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს წარმოება სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ერთობლივი პროექტის ჩარჩოებში განხორციელებულ კვლევებზე. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო) დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს ინტერნაციონალიზაციაში ქვეყნის მონაწილეობის მასშტაბებზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:
ქვეყნის სიდიდე (პატარა ქვეყნების სამეცნიერო-ტექნიკური სფერო, როგორც წესი, უფრო ინტერნაციონალიზებულია);
ტექნოლოგიებით გაჯერების დონე;
სამეცნიერო-ტექნიკურ კვლევებში აქტიურად ჩართულ რეგიონებთან გეოგრაფიული სიახლოვე;
სამრეწველო სპეციალიზაცია;
უცხოური ფირმების ფილიალების ხასიათი და ა.შ.
გლობალიზაციის პირობებში ინოვაციური პროცესებისათვის დამახასიათებელია მეცნიერების როლის არსებითი ცვლილება. ამჟამად მეცნიერება გვევლინება არა მარტო ინოვაციური იდეების წყაროდ, არამედ ინოვაციური პროცესის ყველა რგოლის გამჭოლ რესურსად. ინოვაციურმა პროცესმა შეიძინა სისტემური, კომპლექსური ხასიათი. აღნიშნულის შედეგად გაჩნდა სამეცნიერო წარმოების ხარისხობრივად ახალი ხერხი. მისი ძირითადი მახასიათებელი ნიშნებია ცოდნის წარმოება მისი გამოყენების კონტექსტში, დისციპლინათაშორისობა, ჰეტეროგენურობა და ორგანიზაციული დივერსიფიკაცია, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება, უფრო ფართო პრინციპებზე დაფუძნებული ხარისხის კონტროლის სისტემა.
ახალი ტექნოლოგიებით მიღწეული რევოლუციური გარდაქმნები ცვლის ცნობიერებას, თვით ტექნოლოგიები კი, რომლებმაც მიიღეს სახელწოდება high hume ჩვეულებრივი high tech-ის ნაცვლად, ყველაზე მომგებიან ბიზნესად იქცა.3 აღნიშნულის გამო, ვითარდება მსოფლიო ეკონომიკის მაღალტექნოლოგიური სექტორი, იზრდება სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე (სკსსს) გაწეული ხარჯები.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში: “მეცნიერება, ტექნოლოგია და მრეწველობა – 2001” (ასეთი ანგარიში ორ წელიწადში ერთხელ გამოდის) აღნიშნულია, რომ 2001 წელს მთელ მსოფლიოში სკსსს-ზე დაიხარჯა 800 მლრდ დოლარი, აქედან ეთგო-ში შემავალ 30 სახელმწიფოში – 645 მლრდ დოლარი, რაც მათი მშპ-ის 2.33%-ს შეადგენს. კრებსით რეიტინგში ლიდერობს აშშ, რომელმაც 2001 წელს სკსსს-ზე დახარჯა 282 მლრდ დოლარი, მეორე ადგილზეა იაპონია (103 მლრდ დოლარი), შემდგომ ადგილებზე არიან: გერმანია (53.9მლრდ დოლარი); საფრანგეთი (35.1 მლრდ დოლარი); დიდი ბრიტანეთი (29.4 მლრდ დოლარი); სამხრეთი კორეა (22.3 მლრდ დოლარი); ინდოეთი (19.4 მლრდ დოლარი); კანადა (17.4 მლრდ დოლარი); იტალია (15.5 მლრდ დოლარი); ბრაზილია (13.7 მლრდ დოლარი); რუსეთი (11.6 მლრდ დოლარი); ტაივანი (10.9 მლრდ დოლარი); შვედეთი (9.9 მლრდ დოლარი); ავსტრალია (7.7 მლრდ დოლარი); ისრაელი (6.4 მლრდ დოლარი); ფინეთი (4.7 მლრდ დოლარი). მშპ-ში სკსსს-ზე გაწეული ხარჯების წილით ლიდერია ისრაელი – იგი ხარჯავს თავისი მშპ-ის 4.81%-ს, საქართველო კი მოკრძალებულ 56-ე ადგილზეა მშპ-ს 0.3%-ით.
2001 წლიდან ევროკომისია ატარებს გამოკვლევას Innobarometer, რომლის მიზანია გაარკვიოს ინოვაციების როლი ევროპულ ბიზნესში. 2005 წელს გამოქვეყნებული უკანასკნელი ოთხი წლის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
ყოველი ხუთი საწარმოდან ოთხი გადიოდა ახალი ან მოდერნიზებული საქონლის ბაზარზე;
იმ საწარმოთა ხვედრითმა წონამ, რომელიც მთელი კაპიტალდაბანდებების 51% ინოვაციებში მიმართავდა, 14% შეადგინა;
ათიდან მხოლოდ ერთ საწარმოს არ განუხორციელებია არანაირი ინვესტიცია ინოვაციებში;
ყველაზე აქტიურ ინოვატორებს ექსპორტიორი და ახლად შექმნილი საწარმოები წარმოადგენენ;
მენეჯერების 86%-ს მიაჩნია, რომ მათ აქტიურ ინოვაციურ საქმიანობას აიძულებს ბაზარი, რომელზეც ისინი მოღვაწეობენ;
მენეჯერების 90% მიიჩნევს, რომ მათმა საწარმოებმა უნდა განაგრძონ აქტიური ინვესტირება ინოვაციებში.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ინოვატორი მეწარმეები თავიანთ საქმიანობაში დამოკიდებულნი არიან იმაზე, თუ როგორ გაუმართლებთ, რადგან სიახლეების დანერგვისას სრული კრახისა და თავბრუდამხვევი წარმატების შანსები თითქმის თანაბარია. ამ პრობლემის შესწავლას ეკონომისტებმა ჩან კიმმა და რენე მობორნმა 10 წელი მიუძღვნეს – მათ განიხილეს სიახლეების დანერგვის 200 შემთხვევა. 2000 წელს მათ მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში – “მომგებიანი საქმიანი იდეის განსაზღვრა”, გამოყოფილია ოთხი აუცილებელი ეკონომიკური პირობა, რომელიც უნდა ახასიათებდეს კომერციული თვალსაზრისით პერსპექტიულ იდეას. მათი ერთობლიობა ქმნის “პერსპექტიული საქმიანი იდეის ინდექსს”, რომლითაც შეიძლება იხელმძღვანელონ ინოვატორმა ფირმებმა:
1. მომხმარებლისათვის მოტანილი სარგებელი: რამდენად იქცევს მყიდველის ყურადღებას ახალი საქონელი ან მომსახურება?
2. ფასების სტრატეგიული კალკულაცია: რა საფასო სტრატეგიას მიმართავს ფირმა ახალ საქონელსა და მომსახურებაზე მასობრივი მომხმარებლის მისაზიდად?
3. საქმიანი მოდელი: რამდენად მომგებიანად შეუძლია ფირმას ახალი იდეის რეალიზაცია? რამდენად შეესაბამება დასმული ამოცანის გადაჭრას ინოვატორის შესაძლებლობები?
4. მოსალოდნელი სირთულეების განსაზღვრის შესაძლებლობა: შეუძლია თუ არა ფირმას გამოავლინოს სიახლის მიმართ საზოგადოების, პარტნიორებისა და თანამშრომლების უყურადღებობის მიზეზები?
საერთოდ, ინოვატორ საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განვითარებაში შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი ეტაპი.
პირველ ეტაპზე საწარმოები ახორციელებენ მზა პროდუქციის ექსპორტს, რომელშიც განივთებულია ტექნოლოგიური და სხვა სახის სიახლეები. მეცნიერებატევადი საქონლის ექსპორტი, ბუნებრივია, მოითხოვს დიდძალი კაპიტალის დაბანდებას სკსსს-ში, თუმცა, მიუხედავად ამისა, თანამედროვე პირობებში ყველაზე რენტაბელურ საქმიანობად ითვლება. ამ დროს საწარმოს კონკურენტუნარიანობასთან ერთად იზრდება მისი ბაზირების ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალი, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, დასაქმება და მთლიანად ეროვნული შემოსავალი.
მეორე ეტაპზე ინოვაციური საქონლის წარმოება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალებით საზღვარგარეთ იწყება. ეს ინოვატორ საწარმოს საშუალებას აძლევს დაზოგოს სატრანსპორტო დანახარჯები, გამოიყენოს იაფი უცხოური სამუშაო ძალა, ნედლეული და აითვისოს მსოფლიო ბაზრის ახალი სეგმენტები. ბუნებრივია, არც მიმღები ქვეყანაა ამით უკმაყოფილო, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მისთვის არის კაპიტალის დამატებითი წყარო, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარებას უზრუნველყოფს.
მესამე ეტაპზე ადგილი აქვს ტექნოლოგიების გაყიდვას საზღვარგარეთ. როგორც წესი, ამ ეტაპზე ექსპორტიორისათვის ტექნოლოგია აღარ წარმოადგენს განსაკუთრებულ ინოვაციურ ფასეულობას. თუმცა არსებობს მსოფლიო ბაზრის სეგმენტები, სადაც შესაძლებელია მათი გამოყენებით გარკვეული მოგების მიღება. მაგალითად, ის ტექნოლოგიები, რომელიც ეკონომიკური განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომ ქვეყნებში აღარ მიიჩნევა მოწინავედ, შედარებით ჩამორჩენილ სახელმწიფოებში შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლის მატარებელი და კომერციულად მიზანშეწონილი იყოს.
ინოვაციური პროდუქტის პოტენციალის სრულად ამოქმედებისათვის აუცილებელია საერთაშორისო მარკეტინგის მეთოდების გამოყენება. ახალი იდეის ან სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგის პოტენციური უცხოელი მყიდველის შესწავლის დროს უნდა გავითვალისწინოთ:
ფირმის ინოვაციური პრიორიტეტები;
ინოვაციების დანერგვის გამოცდილება;
ფირმის კონკურენტული პოზიცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე;
ინოვატორთან სტრატეგიული პარტნიორობით დაინტერესების ხარისხი და ა.შ.
გლობალური კონკურენციის პირობებში ფირმების ინოვაციური საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების გავრცელებული საშუალებაა ფირმათაშორისი და სექტორთაშორისი თანამშრომლობა, იზრდება, აგრეთვე, კონტაქტების მნიშვნელობა სახელმწიფო, საუნივერსიტეტო და სამრეწველო-სამეცნიერო ორგანიზაციებს შორის. უნივერსიტეტებისა და ფირმების თანამშრომლობის ძირითადი ფორმებია სამეცნიერო-ტექნიკური პარკები, ინოვაციური ცენტრები, ერთობლივი საწარმოები, საუნივერსიტეტო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრები, შეთანხმებები სამრეწველო-საუნივერსიტეტო კვლევების შესახებ, სამეცნიერო-კვლევითი კონსორციუმები. მძლავრი სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსები, როგორც წესი, იქმნება უნივერსიტეტების ირგვლივ. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია აშშ-ის “სილიკონის ველი”, რომელიც შეიქმნა სტენდფორდის უნივერსიტეტთან. ამ სილიკონის (კაჟბადის) ველში განლაგებულია 4 ათასზე მეტი კომპიუტერული ფირმა. აქ უშვებენ აშშ-ის რაკეტებისა და თვითმფრინავების 1/3-ს, ნახევარგამტარების მსოფლიო წარმოების 1/5-ს, კომპიუტერების – 1/6-ს. სილიკონის ველში თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები აქვთ ამერიკულ IBM-ს, Intel-ს, იაპონურ Sony-ს, ტაივანის Acer Incorporation-ს და სხვა კომპანიებს.
ფირმების ახალი ტექნოლოგიური საფუძვლების ფორმირება იწვევს “მეცნიერება-ტექნოლოგია-წარმოება-მოხმარება” სისტემის გართულებას, რაც თავის მხრივ, ინოვაციურ პროცესს ახალ ფუნქციურ ელემენტებს მატებს. კერძოდ, მის სტრუქტურაში მარკეტინგთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ინვესტიციურმა კომპონენტმა. ინოვაციური პროცესის დაფინანსება უაღრესად აქტუალური პრობლემაა. ინოვაციურ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა გართულებულია დაბანდებათა გრძელვადიანი ხასიათითა და პირველ ეტაპებზე უკუგების არარსებობით, აგრეთვე იმის რისკით, რომ ისინი შეიძლება საერთოდ უშედეგო იყოს. აღნიშნულის მიუხედავად, დასავლეთში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსების მთავარი წყარო კერძო სექტორია. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კერძო სექტორი აფინანსებს სკსსს-ის 70%-მდე.
გლობალიზაციის პირობებში ქვეყნის ინოვაციური განვითარება დამოკიდებულია არა მხოლოდ ინოვატორი ფირმების ძალისხმევაზე, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობაზე. მოწინავე ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ ამ პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობის შემდეგი მიმართულებები:
სტრუქტურული პოლიტიკა – იგულისხმება ის საქმიანი გარემო, რომელიც ინოვატორებისათვის იქმნება. ბუნებრივია, მისი მიზანი უნდა იყოს პერსპექტიული ინოვაციების “სათბურის” მუდმივი გაუმჯობესება-გაფართოება, რაც ზრდის ინიციატივების საჭიროებას სხვადასხვა მიმართულებებით: ტექნოლოგიური, კონკურენციული პოლიტიკა, დერეგულაცია, საგადასახადო ტვირთის შემცირება, მსხვილ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში წილობრივი მონაწილეობა, ინოვაციური საქმიანობის შეღავათიანი დაკრედიტება, ინოვაციური საწარმოებისათვის და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებისათვის მიწის ან სახელმწიფო საკუთრების სხვა ობიექტების უფასო ან შეღავათიანი პირობებით გადაცემა, ინფრასტრუქტურის განვითარება.
საშუამავლო (საბროკერო) პოლიტიკა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო თავისთავზე იღებს სამეცნიერო და საქმიან წრეებს, სამთავრობო სტრუქტურებს შორის შეხვედრების ორგანიზებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის ურთიერთობების დამყარებას და სტრატეგიულ თანამშრომლობას.
მომთხოვნი მომხმარებლის პოლიტიკა. ამ დროს შეკვეთების გაფორმების დროს სახელმწიფო აწესებს მაღალ სტანდარტებს საქონლის და მომსახურების ხარისხის, ტექნოლოგიების ან საწარმოო პროცესის მიმართ, რითაც ფირმებს აიძულებს შეიმუშავონ და დანერგონ სიახლეები.
ამრიგად, გლობალიზაციის პირობებში ქვეყნის ინოვაციური განვითარების პერსპექტივებს ფაქტორთა ორდონიანი სისტემა განსაზღვრავს. პირველი დონე მოიცავს იმ სტრატეგიებს და ხერხებს, რომელსაც ფირმები მიმართავენ ინოვაციების გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მიღწევისა და შენარჩუნებისათვის. მეორე დონეზე გადამწყვეტია სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ადგილობრივი ინოვაციური საწარმოების პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სამართლებრივ, ფინანსურ, საგადასახადო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემების ეფექტიანობას.
სამწუხაროდ, საქართველოს ექსპორტის და მთლიანად ეკონომიკის სტრუქტურა გვაიძულებს გავაკეთოთ ორი არასახარბიელო დასკვნა:
1. ქართული ფირმების ინოვაციური აქტივობა დაბალია, რაც აფერხებს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მიღწევასა და შენარჩუნებას;
2. ეკონომიკური განვითარების ქართული მოდელი არ შეესაბამება და არც კი წააგავს მოწინავე ქვეყნებისას. სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია არცერთი ნიშა ინოვაციური პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე.
აღნიშნულის მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების ინოვაციურ მოდელზე გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის გარეშე ქართული საწარმოების კონკურენცია განვითარებული და ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის ფირმებთან უპერსპექტივოდ გამოიყურება. მითუმეტეს, რომ საქართველო ინტელექტუალური კაპიტალით მდიდარი ქვეყანაა. მას გააჩნია ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი რესურსი, რომლის გონივრული გამოყენებით შესაძლებელია სერიოზული აღმავლობა. უკვე დღეს საჭიროა იმის გათვალისწონება, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორი ადამიანისეული კაპიტალით უნდა განისაზღვროს. საქართველოს სჭირდება ისეთი ეროვნული პოლიტიკა, რომელიც განაპირობებს მძლავრი ინოვაციური სექტორის ჩამოყალიბებას. ჩვენმა ქვეყანამ შრომის გლობალურ დანაწილებაში თავისი ღირსეული ადგილი სწორედ ამ სექტორით უნდა დაიმკვიდროს.
საქართველოს ეკონომიკას განვითარების ახალ მოდელზე გადასვლისათვის მნიშვნელოვანი უპირატესობები და შესაძლებლობები გააჩნია:
საყოველთაო საშუალო განათლების სისტემა;
განვითარებული (რეფორმირებული) უმაღლესი განათლების სისტემა;
კვლევითი ინსტიტუტების ფართო ქსელი;
საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები;
იაფი და მაღალკვალიფიციური შრომითი რესურსები;
ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი;
ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო;
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის პერსპექტივები;
დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა;
ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა;
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.
საქართველოს ინოვაციური განვითარების ძირითადი სისუსტეები და საფრთხეებია:
საწარმოო ტექნიკისა და მოწყობილობების დაბალი ტექნოლოგიური დონე;
საწარმოო ფონდების სიძველე;
არსებული საწარმოების მოდერნიზაციისა და ახლის შექმნისათვის ფინანსური რესურსების უკმარისობა;
მენეჯმენტის დაბალი დონე;
ინოვაციური საქმიანობის და მისი სტიმულირების არასრულყოფილი ინსტიტუციურ-სამართლებრივი მექანიზმები;
ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე;
მრეწველობის დარგობრივი სტრუქტურის დეფორმაცია;
სუსტი ორიენტაცია პროდუქციის ხარისხის ზრდაზე;
პოლიტიკური არასტაბილურობის საფრთხე, დაკარგული ტერიტორიები;
სავაჭრო პარტნიორების მხრიდან ეკონომიკური სანქციების დაწესება.
ზოგიერთი განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს (ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები), რომ ინოვაციური პროცესის დაჩქარება შესაძლებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მოზიდვით. წარმოების მოდერნიზაციის შედეგად, რომელიც ამ ქვეყნებში უცხოური რესურსების წყალობით განხორციელდა, შესაძლებელი გახდა საგარეო ბაზარზე გასვლა და იქ გარკვეული ნიშის დაკავება. ტნკ-ბის შესვლამ ხელი შეუწყო ინოვაციურ განვითარებასაც: ფილიალები იქმნება არა მხოლოდ საწარმოო დანიშნულებით, არამედ, როგორც სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოში მნიშნელოვანი გარღვევა “ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა. კერძოდ, ქვეყანაში შემოსულმა პუი-მ 2004 წელს 0,5 მლრდ დოლარი; 2005 – 4,5 მლრდ; 2006 – 1,2 მლრდ, 2007 წელს – 1,8 მლრდ შეადგინა, ხოლო 2008 წელს ნავარაუდევია 1,5 მლრდ დოლარის ინვესტირება, რაც დაახლოებით მშპ-ს 17-18%-ია. ასეთ წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს მთავრობის მიერ საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომელთა შორის აღსანიშნავია:
საგადასახადო რეფორმა. 2005 წელს მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსით შემცირდა გადასახადების განაკვეთები და მათი რაოდენობა. მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გამოკვლევების მიხედვით, 2002 წელს საქართველოში გამოკითხული საწარმოების 84%-მა მთავარ პრობლემად გადასახადების ადმინისტრირება დაასახელა, ხოლო 2005 წელს ეს მაჩვენებელი 23%-მდე შემცირდა. ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია სოციალური გადასახადის გაუქმება და საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, რაც უახლოეს წლებში საშემოსავლო გადასახადის 25-დან 15%-მდე შემცირებას ითვალისწინებს;
საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია. 2006 წელს მიღებული საბაჟო კოდექსით გამარტივდა საბაჟო პროცედურები, შემცირდა საბაჟო გადასახადების განაკვეთები, ხოლო ძირითადი საშუალებების იმპორტი ნულოვანი განაკვეთით იბეგრება, რაც, ბუნებრივია, სტიმულს აძლევს საგარეო ვაჭრობას, განსაკუთრებით კი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტს;
საწარმოთა რეგისტრაციის გამარტივება. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში შესულმა ცვლილებებმა შეამცირა საწარმოთა რეგისტრაციის ვადები, სხადასხვა ბიუროკრატიული დაბრკოლებები და სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მოცულობა, რაც კიდევ უფრო ზრდის ქართული ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობას;
ლიცენზირების, ნებართვებისა და შრომის რეგულირების გამარტივება. ამ მიმართულებებით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საკანონმდებლო ბაზა გააჩნია;
მაღალტექნოლოგიური უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში თავისი როლი უნდა შეასრულოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნამაც.
მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ მდგრადი ეროვნული ინოვაციური სექტორის შესაქმნელად მხოლოდ უცხოური ინვესტიციებისათვის თანმდევი ტექნოლოგიური სიახლეები არ კმარა. საჭიროა ადგილობრივ სამეცნიერო პოტენციალზე დაფუძნებული ინოვაციური კომპლექსის განვითარება, რაც მოითხოვს საქართველოს ინოვაციური პოტენციალის შეფასებას, არსებული მეცნიერული მიღწევების და გამოგონებების დაყვანას “საბაზრო კონდიციაზე”, აქტუალური სიახლეების ძიებას და მათზე მოთხოვნის სტიმულირებას, ინოვაციური ფირმების შექმნას და გლობალურ ბაზრებზე მათ გასასვლელად სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობას, ვენჩურული ბიზნესის განვითარებას. ამ უკანასკნელის განვითარებისათვის ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებ-თან (უპირველესად, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან) მიზანშეწონილია ბიზნეს-ინკუბატორების, ტექნოპარკების შექმნა.