შედარებითი ანალიზის (კომპარატივისტიკის) პარამეტრები და ახალ მაჩვენებელთა სისტემა: მიდგომები და დინამიკა

მაია დანელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი, თინათინ აბრალავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი

როგორც ცნობილია, თანამედროვე მსოფლიოში ფუნქციონირებს შემდეგ ეკონომიკურ სისტემათა ტრიადა: ინდუსტრიულამდელი, ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული. ინდუსტრიულამდელ ეკონომიკურ სისტემაში ძირითადი პრიორიტეტის სახით გვევლინებოდა: მიწა, ჯარი და ეკლესია. ინდუსტრიულ ეკონომიკურ სისტემაში მათ ჩაენაცვლა: კაპიტალი, მოხელეები და ინტელექტუალები, ხოლო რაც შეეხება პოსტინდუსტრიულ ეკონომიკურ სისტემას, აქ ძირითადი პრიორიტეტებია: ცოდნა, ინფორმაცია და პროფესიონალები. ამის შედეგად პოსტინდუსტრიულ ეკონომიკურ სისტემაში ფეხს იკიდებს ახალი სოციალური მოწყობა.

ცალკეულ ეკონომიკურ სისტემათა დონეზე ვლინდება მათი სხვადასხვა მოდიფიკაციები, კერძოდ, ინდუსტრიულ ეკონომიკურ სისტემაში ფორმირებულ იქნა ისეთი სხვადასხვაობანი, როგორებიცაა საბაზრო ეკონომიკა, გეგმიური ეკონომიკა და შერეული ეკონომიკა. მაგრამ თანამედროვე მსოფლიოსათვის პრიორიტეტულია შერეული ეკონომიკა, რომლის ტიპოლოგია სხვადასხვა ქვეყნის დონეზე (განვითარებული, ტრანზიტული ეკონომიკისა და განვითარებადი) მეტად სხვადასხვაგვარად იქმნება. თითოეული ამ სხვადასხვაგვარობის შიგნით ფუნქციონირებს მრავალი მოდელი, რომლებიც გარკვეული კონცეფციების საფუძველზე იქმნება და რომელთათვისაც დამახასიათებელია ცვალებადობა ქვეყანაში არსებული მოთხოვნებისა, თუ მსოფლიოში წარმოქმნილი ახალი ტენდენციების საფუძველზე.
სამეცნიერო სფეროში თანამედროვე ეკონომიკური სისტემების შედარებითი ანალიზის მეთოდოლოგიური მიდგომებისა და პარამეტრების განსაზღვრა მეტად არაერთგვაროვანია. მათ შორის ძირითად ინტერესს იწვევს მეთოდოლოგია, რომელიც შემუშავებულ იქნა ამერიკელ მკვლევართა – პ.გრეგორისა და რ.სტიუარტის2, ასევე რუს მეცნიერთა – ა. ბუზგალინისა და ა.კოლგანოვის3 მიერ. მათგან პირველი გამოიყენება ყველა ტიპის ეკონომიკურ სისტემათა შედარებითი ანალიზის დროს, მეორე კი – ტრანზიტული ეკონომიკური მოდელის ქვეყნებისათვის. მართალია, ეს მეთოდები (თავად ავტორთა მოსაზრებითაც) დაუსრულებელი ხასიათისაა, მიუხედავად ამისა, ისინი უფლებას გვიტოვებენ, პირველ რიგში გამოვააშკარაოთ თანამედროვე ეკონომიკური სისტემების მსგავსება და სხვადასხვაობა, მეორე რიგში კი – განვსაზღვროთ მათი განვითარების ტენდენციები.
თანამედროვე ეკონომიკური სისტემების შედარებითი ანალიზი ხორციელდება იმ მაჩვენებელთა დახმარებით, რომლებიც ახასიათებენ მათ ეკონომიკურ შედეგებს. ამ მაჩვენებელთა შორის ძირითადია:
ეკონომიკური ზრდის;
ეკონომიკური ეფექტიანობის;
შემოსავლების განაწილების;
ეკონომიკური სტაბილურობის.
ეკონომიკური ზრდა ვლინდება ისეთი ორი მაჩვენებლის საფუძველზე, როგორებიცაა: დროის გარკვეულ მონაკვეთში პროდუქციის მასშტაბის ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე პროდუქციის ზრდა. ამ მაჩვენებლებს, გარკვეულწილად, შესაძლებელია მივაკუთვნოთ როგორც მთლიანი შიგა პროდუქტი (მშპ), ასევე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის (მეპ) და მისი საშუალოწლიური ზრდის ტემპი.
ეკონომიკური ეფექტიანობა განისაზღვრება მაჩვენებელთა სისტემით, რომლებიც ხასიათდება სტატისტიკური და დინამიური ეფექტიანობით.
სტატისტიკური ეფექტიანობა ავლენს, თუ როგორ იყენებს დროის გარკვეულ მონაკვეთში ფუნქციონირებადი ეკონომიკური სისტემა არსებულ რესურსებს. მის მთავარ მაჩვენებლად გვევლინება მწარმოებლურობა, რომელიც წარმოადგენს გამოშვებულ პროდუქციასა და წარმოებაში დაბანდებებს (ანუ გამოყენებულ საწარმოო ფაქტორებს) შორის ურთიერთკავშირს. თავისი ეკონომიკური არსით, სტატისტიკური ეფექტიანობა წარმოაჩენს ეკონომიკური პოტენციალის მყისიერ მნიშვნელობას.
დინამიური ეფექტიანობა განსაზღვრავს, თუ როგორ იყენებს ეკონომიკური სისტემა არსებულ რესურსებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. იგი ავლენს დროის ეფექტიანობას, რომლის განმავლობაშიც წარმოებული პროდუქციის რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დახარჯული საწარმოო ფაქტორები. თავისი ეკონომიკური არსით, დინამიური ეფექტიანობა ასახავს ეკონომიკის პოტენციალის ცვლილების ხასიათს დროში.
სტატისტიკური და დინამიური ეფექტიანობის საილუსტრაციოდ განვიხილოთ საწარმოო შესაძლებლობების მრუდი (ნახ.1). AB მრუდი გვიჩვენებს წარმოებული და მოხმარებული პროდუქციის ყველა შესაძლო კომბინაციას, რომლის განხორციელებაც ძალუძს კონკრეტულ ეკონომიკურ სისტემას გარკვეული დროის მონაკვეთისათვის და არსებული რესურსების გამოყენებით. სტატისტიკური ეფექტიანობა მოითხოვს, რომ ეკონომიკურმა სისტემამ იფუნქციონიროს p წერტილში, ხოლო, თუ კომბინაცია p1 წერტილში მოთავსდება, მაშინ ასეთი სისტემა არაეფექტური გახდება. დინამიური ეფექტიანობა გვიჩვენებს ეკონომიკური სისტემის შესაძლებლობას, გააფართოვოს წარმოებული პროდუქციის მოცულობა, კაპიტალდაბანდებისა და შრომის რაოდენობის გაზრდის გარეშე. ეს ილუსტრირებულია AB მრუდის წანაცვლებით CD მრუდისაკენ. ამ ორ მრუდს შორის მანძილი ავლენს ეფექტიანობის ცვლილებას.

შემოსავლების განაწილების მაჩვენებლებიდან საყურადღებოა ორი ჯგუფის გამოყოფა. პირველ ჯგუფში შედის ის მაჩევენებლები, რომლებიც ახასიათებენ შემოსავალს იჯარიდან, შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან, შემოსავალს საკუთრებიდან და სხვა. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება შემოსავლების არათანაბარი განაწილების მაჩვენებლები. ზოგადი სახით, პირველი მათგანი ასახავს ერთ სულ მოსახლეზე სუფთა შემოსავალს, ხოლო შემოსავლების არათანაბარი განაწილება იზომება ლორენცის მრუდისა და ჯინის კოეფიციენტის მეშვეობით.
შემოსავლების განაწილებაში უთანაბრობის უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას გვაძლევს ლორენცის მრუდი (ნახ.2). იგი ავლენს წლის შეჯამებული შემოსავლების წილს, რომელიც მოდის ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა ფენაზე, დაწყებული უღარიბესი ფენიდან, დამთავრებული უმდიდრესი ფენის მოსახლეობით. ამასთან, რაც უფრო მეტადაა ჩაზნექილი ლორენცის მრუდი, მით თანაბარზომიერადაა განაწილებული შემოსავლები.

სხვადასხვა ორიენტაციის ეკონომიკური სისტემის ქვეყნების შედარებისას, ყველაზე მოსახერხებელ მაჩვენებლად გვევლინება ჯინის კოეფიციენტი. თუ იგი 0-ის ტოლია, ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს აბსოლუტურ წონასწორობასთან და თუ იგი 1-ის ტოლია – აბსოლუტურ უთანასწორობასთან. ამასთან არც ერთისა და არც მეორის არსებობა რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია, ამიტომ მისი დონე ყოველთვის 0-ზე მეტია და ნაკლებია 1-ზე.
ამერიკელ მკვლევართა მეთოლოგიის შესაბამისად, ეკონომიკური სტაბილურობა ითვალისწინებს უმუშევრობის მისაღები დონისა და ზომიერი ინფლაციის შენარჩუნებას.
როგორც ცნობილია, შრომით ბაზარზე დომინირებს შემდეგი მნიშვნელობები: “არასრული დასაქმება”, “სრული დასაქმება”, “ზედასაქმება”. დასაქმების დონის გასაზომად, ჩვეულებრივ, იყენებენ უმუშევართა წილს (%), რომელიც თავისთავად წარმოადგენს უმუშევართა რიცხოვნობის დამოკიდებულებას თვითშემომქმედ მოსახლეობის რიცხოვნებასთან, გამრავლებულს 100%.
დასაქმების დონის ერთიანი გამოთვლის მეთოდიკა ჯერჯერობით არ არსებობს. მაგალითად, გერმანიაში არასრულ დასაქმებად ითვლება 3%-ზე მეტი ზღვარი, სრულ დასაქმებად კი – 1-დან 3%-მდე, ზედასაქმებად – 1%-ზე ქვედა ზღვარი.
რაც შეეხება ინფლაციას, მისი კლასიფიკაციის საფუძველში დევს სამი კრიტერიუმი: ზრდის ტემპი, ფასთა სხვადასხვაობის ზრდის ხარისხი, მოლოდინი და წინასწარმეტყველება. ზრდის ტემპის სახით გამოყოფენ სამი ტიპის ინფლაციას: ზომიერი, ჭენებითი და ჰიპერინფლაცია.
ზომიერი ინფლაცია ითვალისწინებს 10%-იან ფასთა ზრდას წელიწადში. ამასთან ფულის ღირებულება შენარჩუნებულია, ხოლო გამოირიცხება ხელშეკრულებათა ხელმოწერის რისკი, გამოსახული ნომინალურ ღირებულებაში. ჭენებითი ინფლაციისას ფასთა ზრდა იზომება ასეულობით პროცენტით წელიწადში, ამასთან ფული დაჩქარებული ტემპით მატერიალიზდება, ხოლო ხელშეკრულებები მიბმულია ფასთა ზრდასთან. ჰიპერინფლაციის პირობებში ფასები ასტრონომიულად იზრდება და მათი სხვადასხვაობა შრომის ანაზღაურებასთან კატასტროფულია.
ტრანზიტული ეკონომიკის ქვეყნებისათვის, რუს მეცნიერთა4 მიერ შემუშავებული და შემოთავაზებული მეთოდოლოგიის საფუძველზე აღსანიშნავია შემდეგი ძირითადი პრინციპები:
დროსა და სივრცეში ურთიერთკავშირისას ეკონომიკურ სისტემათა განსხვავებათა გამოვლენა;
შედარების პარამეტრების უნივერსალური ნაკრების არსებობა, რომლებიც გაუძლებენ როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ ცვლილებებს;
როგორც ეკონომიკური, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის ინფორმაციის მოძიება და შეკრება.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, არსებობს სირთულეები, რომელნიც ძირითადად დაკავშირებულია არასრულ და არასაიმედო სტატისტიკურ მონაცემებთან. ისინი ტრანზიტულ ეკონომიკაში რეალობისაგან შორს იმყოფებიან, რამდენადაც დღემდე მიმდინარეობს მათი ადაპტაციის პროცესი საერთაშორისო ეკონომიკურ სტატისტიკასთან. იგი სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება, თუმცა არცთუ ერთნაირად სწრაფად და სრულად. ამას კი სტატისტიკური მონაცემების ანალიზის დროს დამატებით სირთულეებთან მივყავართ.
გარკვეული სირთულეები იქმნება, აგრეთვე, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების შედარებისასაც. გარდამავალ ეკონომიკაში მათი ცვლილებები მუდმივად ხდება, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ “ეკონომიკური სისტემების გარდაქმნის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს”. ამის შედეგად ქვეყნებში წარმოიქმნება მნიშვნელოვანი წყვეტა სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებსა და ეკონომიკურ საქმიანობას შორის.
ამასთან დაკავშირებით, ტრანზიტული ეკონომიკის ქვეყნების შედარებითი ანალიზის ძირითად პარამეტრებად გვევლინება5:
1. შედარების ეკონომიკურ-ტექნიკური და პოსტეკონომიკური პარამეტრები;
2. რესურსების ალოკაციის განმსაზღვრელი ურთიერთობების შედარების პარამეტრები;
3. ქონებრივი ურთიერთობების შედარებითი პარამეტრები;
4. გარდამავალი სისტემების სოციალური პარამეტრები;
5. კვლავწარმოების ურთიერთობებისა და ეკონომიკური სისტემების ფუნქციონირების მექანიზმების შედარებითი პარამეტრები.
შემუშავებული მეთოდოლოგია ითვალისწინებს შედარებითი კვლევების ორ ეტაპს. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ძირითადი განმაზოგადებელი მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზი. იგი მკვლევარებში შედარებითი ანალიზის “პირველი ხვეული”-ს სახელწოდებითაა ცნობილი. ტრანზიტული ეკონომიკის ქვეყნებში რამდენადმე “კანონზომიერი სისტემატური ანალიზის ტრანსფორმაციის ერთობლიობის” არარსებობას მივყავართ შედარებითი ანალიზის მაჩვენებელთა დინამიკის დამახასიათებელი შეზღუდულობისაკენ:
მშპ-ისა და სამრეწველო პროდუქციის წარმოება;
ინფლაცია;
ინფლაცია და უმუშევრობა;
რეალური შრომის ანაზღაურება;
საგადასახადო შემოსულობები მეპ-ში.
კვლევათა მეორე ეტაპზე ხდება არა მარტო ემპირიული მონაცემების სისტემატიზირება, არამედ უკვე გამოკვლეული არსის სხვადასხვა გამოვლინებანიც. ამასთან ტრანზიტული ეკონომიკის ქვეყნებისათვის მუშავდება მეცნიერულად დასაბუთებული განვითარების პროგნოზები.
ორი მეთოდოლოგიის შედარებითი კვლევების დროს ვლინდება:
პირველი, ამერიკელ მეცნიერთა მეთოდოლოგია, განკუთვნილია სხვადასხვა ორიენტაციის ეკონომიკური სისტემებისათვის. რუს მკვლევართა მეთოდოლოგია, შემუშავებული მხოლოდ გარდამავალი ეკონომიკის კვლევებისათვის (როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული).
მეორე, აღნიშნულ მეთოდოლოგიებში მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა ერთობლიობა განსხვავებულია ერთმანეთისაგან. პირველ მეთოდოლოგიაში შემოთავაზებულია ერთობლივი ხასიათის მაჩვენებლები, რომლებიც დაჯგუფებულია შედარების ისეთ პარამეტრებად, როგორებიცაა ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური ეფექტიანობა, შემოსავლების განაწილება და ეკონომიკური სტაბილურობა. მათ მრავალმხრივი ხასიათი აქვს და რეალობის უფრო სრულად აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. მეორე მეთოდოლოგია შემოიფარგლება მაჩვენებელთა უფრო ვიწრო წრით, რომლებიც ასახავენ მშპ დინამიკას, ინფლაციას, ინფლაციასა და უმუშევრობას, საგადასახადო შემოსულობებს მეპ-ში. ამის შედეგად ანალიზის სფეროდან გამორიცხულია ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლები (განსაკუთრებით ეკონომიკის ტრანსფორმაციის პერიოდში), როგორებიცაა ერთ სულ მოსახლეზე მეპ, მწარმოებლურობა, კვინტალურ ჯგუფებზე შემოსავლების განაწილება, ჯინის კოეფიციენტი და სხვა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად ორივე მეთოდოლოგია არ შეისწავლის ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა სიღარიბე, ეკონომიკის მყარი განვითარების მაჩვენებელი და 90-იან წლებში გაერო-ს მიერ შემოღებული ახალ მაჩვენებელთა სისტემა. ამ მაჩვენებელთა გათვალისწინებით, სხვადასხვა ეკონომიკური ორიენტაციის სისტემათა რეალური სურათი სხვაგვარ, განსხვავებულ ხასიათს მიიღებდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial