გაზის ფასი ინვესტიციებში გაიცვლება?

რედაქციისაგან

აზერბაიჯანი-საქართველოს გარიგების დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. აზერბაიჯანის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველომ აზერბაიჯანს გაზის დაბალი საფასურის სამაგიეროდ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა. fineko/abc.az-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველომ აზერბაიჯანს გაზის ფასის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. “წინადადება დაახლოებით შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას – საქართველო აზერბაიჯანს ზოგიერთ საინვესტიციო პროექტში მონაწილეობას შესთავაზებს გაზის დაბალი ფასის სანაცვლოდ. მაგრამ შემოთავაზებები დეტალურ კალკულაციას მოითხოვს”, აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.

სააგენტო Azeri ნეწს აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ბაქოში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის, საბაჟო რეგულაციებისა და სხვადასხვა ინვესტიციების შესახებ ისაუბრა. მაგრამ საქართველოს ენერგეტიკისა და გაზის მინისტრი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მსგავსად ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია 1000 მ2 გაზში 120 აშშ დოლარს იხდის, კონტრაქტი 2007 წლის 1 ოქტომბერს ამოიწურა. მას შემდეგ აზერბაიჯანმა საქართველოს გაზი რამდენჯერმე შეუწყვიტა. ერთ-ერთ მიზეზად არარეალურად დაბალი გაზის ფასი სახელდება. ამას გარდა, აზერბაიჯანი ავრცელებს ინფორმაციას აზერი-ჩირაგისა და შაჰ-დენიზის დაბალი პროდუქტიულობის შესახებ.
გასულ წელს SOCAR-ის პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს გაზს გაუძვირებდა. აბდულაევმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველო გაზში იმ ფასს გადაიხდიდა, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება. საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაში აცხადებენ, რომ ფასები იმპორტირებული გაზის მოცულობაზეა დამოკიდებული: თუ საქართველო დიდი მოცულობის გაზის იმპორტს გააგრძელებს, მოსახლეობისთვის შეთავაზებული ტარიფი უცვლელი დარჩება. ბაქოს ოფიციალურმა პირებმა უკვე განსაზღვრეს ენერგომატარებლების ბალანსი 2008 წლისათვის. ნიკიტ ალიევის მოსაზრებით, ბაქოს საქართველოსთვის 500 მლნ მ2-ზე მეტი ბუნებრივი აირის ექსპორტი არ შეუძლია და 1000 მ2 გაზს 180 აშშ დოლარზე ნაკლებად ვერ გაყიდის.
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მას ბუნებრივ აირში მაღალი ფასის მოთხოვნის საფუძველი აქვს. საბერძნეთი მზადაა აზერბაიჯანისგან 1 მლრდ მ2 გაზი შეიძინოს საერთაშორისო ფასებით. თურქეთი, ბულგარეთი და იტალია აცხადებენ, რომ სურთ აზერბაიჯანთან ხანგრძლივი კონტრაქტები გააფორმონ. აზერბაიჯანის კიდევ ერთმა საინფორმაციო სააგენტომ 14 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაისის ბოლოსთვის ევროპულ სახელმწიფოებსა და თურქეთთან გარიგება დაიდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე კომენტარს არ აკეთებს, fineko/abc.az-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიSOCAR-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია მზად არის განახორციელოს 50 მლნ დოლარის ინვესტიცია საქართველოს გაზის სადისტრიბუციო ქსელში მომავალი სამი წლის განმავლობაში, ხოლო თვით გაზის სადისტრიბუციო ქსელის ღირებულება 10 მლნ დოლარია.
SOCAR-ის შვილობილ კომპანია SOCAR Energy Georgia-ს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სადისტრიბუციო ქსელის შესახებ გამოცხადებულ აუქციონზე განაცხადი შეაქვს. SOCAR-ს SOCAR Energy Georgia-ს 51% ეკუთვნის, დანარჩენი კი ქართველი პარტნიორების საკუთრებაა. ყულევის ტერმინალში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 16 მაისს გახსნა, SOCAR-ი ყველაზე მსხვილი პარტნიორია, მას უკვე 300 მლნ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. SOCAR Energy Georgia საქართველოს აეროპორტთან ახლოს საკუთარი ნავთობტერმინალის აშენებას აპირებს და 15 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიამ უკვე შეისყიდა 5 ჰექტარი მიწა, რომელშიც 3 მლნ დოლარი გადაიხადა. SOCAR Energy Georgia მაისის ბოლომდე 18 გაზგასამართი სადგურის გახსნას აპირებს, ამჟამად SOCAR-ს საქართველოს საწვავის ბაზრის 50% უჭირავს. ბაქოს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2008 წელს აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელებას გააგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელ საინვესტიციო პროექტს შესთავაზებს საქართველო აზერბაიჯანს გაზის დაბალი საფასურის სანაცვლოდ.