როცა სახელმწიფო მოხელე თანამდებობას ტოვებს

ნუნუ ოვსიანიკოვა

ჩვენს სინამდვილეში ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურის მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირები “რეორგანიზაციის” ან სხვა მიზეზით თანამდებობას ტოვებენ და თავის შემდგომ მოღვაწეობას უკეთეს შემთხვევაში ბიზნესის სფეროში (რომელშიც არაოფიციალურად უკვე “მოღვაწეობდნენ”) აგრძელებენ, უარეს შემთხვევაში კი ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაში გადადიან. ამასთან იყენებენ ადმინისტრაციული მართვის და რაც მთავარია პირადი, კონფიდენციალური არხებით მიღებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამგვარი ქმედება არა მარტო პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევაა არამედ დანაშაულადაცაა არის მიჩნეული. საჯარო მოხელე ვალდებულია სამსახურში საქმიანობის დროს და სამსახურის დატოვების შემდეგ პოსტსამსახურებრივ პერიოდში საქმიანობა წარმართოს იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც განსაზღვრულია საჯარო სამსახურის ეთიკის ნორმებით.
გაეროსა და ევროსაბჭოს მიერ რეკომენდებულ “სახელმწიფო თანამდებობის პირთა ქცევის საერთაშორისო კოდექსსა” და “სახელმწიფო მოსამსახურეთა ქცევის მოდელურ კოდექსში”, რომლებშიც საჯარო სამსახურში მოსამსახურეთა ქცევის წესები და ეთიკის ნორმებია ჩამოყალიბებული, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სახელმწიფო სამსახურში მუშაობის შეწყვეტის შემდგომი საქმიანობის რეგლამენტაციის საკითხებს. კერძოდ, სახელმწიფო მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება შემდგომში რაიმე სამსახურის მიღების მიზნით. სახელმწიფო მოსამსახურე ასევე ვალდებულია, მისი შრომითი დასაქმების თაობაზე ყოველი კონკრეტული წინადადების შეთავაზების, ასევე ნებისმიერ შრომით საქმიანობაზე თანხმობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს. ამასთან, ყოფილ საჯარო მოსამსახურეს გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული აქვს უფლება იყოს ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის წარმომადგენელი (რწმუნებული) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც იგი მონაწილეობდა საჯარო სამსახურის სახელით ან კონსულტაციებს უწევდა, როგორც საჯარო მოსამსახურე.
საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს ან არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი ინფორმაციის გავრცელება ან გამოყენება ნებადართულია კანონმდებლობით.
საყურადღებოა, რომ რეგულირდება ასევე ის ურთიერთობები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ყოფილ თანამშრომლებთან მიმართებაში, კერძოდ, სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია არ გამოიჩინოს გადაჭარბებული ყურადღება და ამით არ შეუქმნას განსაკუთრებული პირობები დაწესებულებაში ყოფნის დროს ყოფილ სახელმწიფო მოსამსახურეს.
ამრიგად, საჯარო მოსამსახურის პოსტსამსახურებრივი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყოფილი სახელმწიფო მოხელის ინტერესების პოტენციური ან რეალური კონფლიქტი საჯარო სამსახურის მიმართ. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება სახელმწიფო საქმიანობის დატოვების შემდეგ თავისი ყოფილი სამსახურებრივი მდგომარეობის არაკეთილსინდისიერად გამოყენება და პოსტსამსახურებრივი დასაქმების პერიოდში რაიმე უპირატესობის მიღება; შეღავათიან ან პრივილეგირებულ პირობებში საქმიანობა ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მის ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენებით რაიმე უპირატესობის მოპოვება, ვიდრე იგი საჯაროდ გაცხადდება.
აღნიშნულ ნორმათა ამოქმედება რეალურ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს საჯარო მოსამსახურის მიერ პოსტსამსახურებრივი საქმიანობის პერიოდში არამართლზომიერი სარგებლის მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული ღონისძიებები ძირითადად პრევენციული ხასიათისაა და მისი საბოლოო მიზანია კორუფციული ქმედების თავიდან აცილება.
პრაქტიკაში მიღებულია, რომ პოსტსამსახურებრივი დასაქმების პერიოდში დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული დროის მონაკვეთში მოქმედებს და მისი ვადა თანამდებობრივი იერარქიის გათვალისწინებით ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია. იგი ძირითადად 1-5 წლამდე პერიოდს მოიცავს. შეზღუდვების მოქმედების პერიოდი განისაზღვრება იმ ფაქტორის გათვალისწინებით, თუ რამდენად შესაძლებელია საჯარო მოსამსახურე დაინტერესების ობიექტი იყოს თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. იგულისხმება მის მიერ ინფორმაციის ფლობა, სამსახურებრივი კავშირები და ა.შ. ცალკეულ შემთხვევებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებულია შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს ან პირის მიერ აღნიშნული ვადის კორექტირება. მაგალითად, კანადაში სახელმწიფო მინისტრებისათვის ეს ვადა განსაზღვრულია ორი წლით, ხოლო სხვა რანგის მოხელეებისათვის – ერთი წლით. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სახელმწიფო მოხელის განცხადების საფუძველზე შეამციროს საჯარო სამსახურის დატოვების შემდგომ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოქმედების ვადა. ლიმიტირებული პერიოდის შემცირების საკითხი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: სახელმწიფო მოხელის მიერ საჯარო სამსახურის დატოვების საფუძველი; მისი დასაქმების შემდგომი პერსპექტივები; მის ხელთ არსებული ინფორმაციის მნიშვნელობა; მისი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გამოყენების მიზანშეწონილობა კერძო ან სხვა სახის სტრუქტურაში; სახელმწიფო მოხელის ავტორიტეტი და გავლენა საჯარო სამსახურში და ა.შ.
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მინისტრი, თანამდებობის დატოვების დღიდან ორი წლის განმავლობაში, ვალდებულია დანიშვნის საკითხთა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომიტეტისაგან მიიღოს შესაბამისი კონსულტაციები იმ თანამდებობასთან დაკავშირებით, რომლის დაკავების სურვილიც მას აქვს. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა სამსახური არაანაზღაურებადია, პირი ინიშნება მთავრობის სახელით ან არაკომერციულ ორგანიზაციაში. თავის მხრივ, თუ კომიტეტი მიიჩნევს, რომ ყოფილი მინისტრის ასეთ თანამდებობაზე დანიშვნა საზოგადოების მხრიდან წარმოშობს ეჭვს იმის თაობაზე, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მისი რომელიმე განცხადება (ან გადაწყვეტილება) დაკავშირებული იყო მომავალში კონკრეტულ ორგანიზაციაში მუშაობასთან, კომიტეტი უფლებამოსილია, არ მისცეს მას თანხმობა (ორი წლის განმავლობაში) თანამდებობაზე დანიშვნაზე.
ცხადია, ეს ღონისძიება ხორციელდება საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, რათა ყოფილი მინისტრის ახალ სამსახურში დანიშვნის მიზანშეწონილობისა და მართლზომიერების შესახებ ყოველგვარი ეჭვი გამოირიცხოს.
საყურადღებოა, რომ პოსტსამსახურებრივ საქმიანობაზე ზოგიერთ შემთხვევაში მუდმივი შეზღუდვა წესდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურ მოხელეებზე დაწესებულია შეზღუდვები როგორც მუდმივი, ისე განსაზღვრული ვადით – 1-დან 2 წლამდე, (ე.წ. “Cooling period” – “გაგრილების პერიოდი”), რომლის განმავლობაშიც მოხელეებს ეკრძალებათ გარკვეული სახის საქმიანობა და იგი არსებითად დამოკიდებულია თანამდებობის პირის ყოფილ სამსახურებრივ მდგომარეობაზე.
ორწლიანი შეზღუდვა წესდება იმ საქმიან კონტრაქტებზე, რომელიც შედიოდა თანამდებობის პირის კომპეტენციაში, მიუხედავად იმისა, პირადად იყო თუ არა იგი დაკავებული აღნიშნული საკითხებით. უფრო მეტიც, არა აქვს მნიშვნელობა, იცოდა თუ არა თანამდებობის პირმა ამ კონკრეტული საქმიანობის შესახებ.
პირს, რომელსაც ეკავა მაღალანაზღაურებადი თანამდებობა, ეკრძალება საქმიანი ურთიერთობა ყოფილ თანამშრომლებთან ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, მათთვის დამატებით დაწესებულია დაწესებულებაში შესვლის შეზღუდვები, რათა გამოირიცხოს ყოფილ თანამშრომლებთან ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.
თანამდებობის პირს კი სამუდამოდ ეკრძალება სხვა პირის სასარგებლოდ წარმომადგენლობის განხორციელება იმ საქმეზე, რომელშიც იგი პერსონალურად მონაწილეობდა, თუ ფედერალურ ხელისუფლებას ამ საქმესთან დაკავშირებით არსებითი და პირდაპირი ინტერესები აქვს.
საზღვარგარეთის ქვეყნებში, პოსტსამსახურებრივ დასაქმებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებას უპირატესად ახდენს ეთიკაზე ზედამხედველი ორგანო ან პირი. მაგალითად, აშშ-ში ფედერალურ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეთიკაზე ზედამხედველი ორგანოა ე.წ. “მთავრობის ეთიკის ოფისი”. მის კომპეტენციაში შედის აღნიშნული პროცესის ადმინისტრირება; პოსტსამსახურებრივ პერიოდში სახელმწიფო მოხელის საქმიანობის მიზანშეწონილობისა და მართლზომიერების განსაზღვრა; აღნიშნულ საკითხებზე სახელმწიფო მოხელეთათვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევა. იგი უფლებამოსილია განსაზღვროს, რამდენად აკმაყოფილებს სახელმწიფო მოხელის პოსტსამსახურებრივი საქმიანობა მის მიმართ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და კომერციული საქმიანობის ან კერძო სექტორში მუშაობის დასაწყებად გასცეს შესაბამისი ნებართვა.
სახელმწიფო მოხელე თავის მხრივ ვალდებულია დაიცვას პოსტსამსახურებრივი საქმიანობის პერიოდში მისი საქმიანობისადმი წაყენებული მოთხოვნები, გააკეთოს დეკლარირება ან განაცხადოს ყველა რეალური შემოთავაზებისა და თავისი საქმიანობის შესახებ. კანონმდებლობით განსაზღვრულია შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. მაგალითად, მთავრობის ეთიკის ოფისი უფლებამოსილია მიმართოს გენერალურ პროკურორს პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევებში, თანამდებობის პირს დარღვევის ხარისხის შესაბამისად, შესაძლებელია შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1-დან 5 წლამდე ან დაეკისროს ჯარიმა არა უმეტეს 50 000 დოლარისა ან შესაძლოა შეეფარდოს სასჯელის ორივე ზომა ერთად.
ასე, რომ ნებისმერი პირი აკეთებს რა თავის არჩევანს იმუშაოს საჯარო სამსახურში, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობას კისრულობს “პოსტსამსახურებრივ” პერიოდშიც დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და მორალური სიმტკიცის შენარჩუნება. თანამდებობა მუდმივი არ არის, თანამდებობის დატოვებით ცხოვრება არ მთავრდება.
სამსახურებრივი ეთიკის ექსპერტები გვირჩევენ, უპირველეს ყოვლისა, თქვენი კარიერის გარდამავალ, რთულ პერიოდში არ აყვეთ ემოციებს, იზრუნეთ წლობით მოხვეჭილი რეპუტაციის შენარჩუნებისათვის, ნუ გახდება თქვენს მიერ თანამდებობის დატოვება ყოფილ კოლეგებთან ანგარიშსწორების საბაბი.
სხვადასხვა საუბრებში თუ ინტერვიუში ისაუბრეთ თავდაჯერებულად, აქცენტით არა წარსულზე, არამედ მომავალ საქმიანობაზე და არა პოპულისტურად მომგებიან “სხარტ” ფრაზებზე პრესაში თუ ტელევიზიაში, რომლებსაც მხოლოდ დროებითი, წუთიერი დივიდენდები მოაქვს. ცხოვრებისეული პრაქტიკა გვასწავლის, რომ ადრე თუ გვიან პატიოსანი, კვალიფიციური მუშაკი ისევ დაფასებული ხდება. რთულ, თქვენი კარიერის გარდამავალ პერიოდში აზროვნების პოზიტიური წყობა და შინაგანი რწმენა დაგეხმარებათ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა დროებითი პრობლემების გადასალახად და დაუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ ყველა სიტუაციაში შეგიძლიათ თქვენი პროფესიონალიზმის შენარჩუნება.