ბუღალტერთა და აუდიტორთა საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

რედაქციისაგან

28-29 მაისს თბილისში სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” “საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციისა” და ACCA-ს (პროფესიონალ ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაცია) მიერ ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “პროფესიული განათლება და მომსახურების ხარისხის კონტროლი”.

ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, ხოლო სპონსორები – “ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერსი” ცენტრალური აზია და კავკასია ბი-ვი-ს საქართველოს ფილიალი, შპს “დელოიტი და ტუში”, შპს “კონსაუდი”, “თბილისის კონსულტანტები და მენეჯერები”, “საქართველოს აუდიტური და საკონსულტაციო კომპანია” და “KPMG” თბილისი.
როგორც “საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში (ბაფი)” აცხადებენ, მიმდინარე ეტაპზე “ბაფი”-ს უმთავრესი მიზანია აუდიტორული საქმიანობის პროფესიული სერთიფიცირებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის სფეროში საერთაშორისო პრაქტიკასთან სრული შესაბამისობის მიღწევა, რასაც მისგან ასევე მოითხოვს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება, ამიტომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის (ინგლისი, გერმანია, თურქეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა) პროფესიული, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, ისევე როგორც საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, განათლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ ქვეყნებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში პროფესიული განათლებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის გამოცდილება.
კონფერენცია ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია მიეძღვნა აუდიტორის პროფესიული განათლების საკითხებს. მომხსენებლებმა მიმოიხილეს აუდიტორული საქმიანობის ლოკალური და საერთაშორისო სწავლებისა და კვალიფიკაციის პროგრამები. მეორე სესიაზე კი გამომსვლელებმა პროფესიული ორგანიზაციებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბებით.
კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ:
ნატალია ვოვჩუკი (ACCA-ის უკრაინის, ბალტიისპირეთისა და კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი) – “ბუღალტერთა და აუდიტორთა კვალიფიკაციის შეფასების ახალი კრიტერიუმები;”
რევაზ ძაძამია (“ბაფის” გამგეობის თავმჯდომარე) – “ბუღალტერის პროფესიული კვალიფიკაციის პრაქტიკა საქართველოში;”
მინავარ ტოლახაჯაევა (CAP, უზბეკეთის ბუღალტერთა და აუდიტორთა ეროვნული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე) – “ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაცია მოითხოვს ბუღალტერთა საერთაშორისო სერთიფიკაციას.”
დიმიტრი შუიცი (სერთიფიცირებულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ევრაზიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი) – “პროფესიული განათლება: გლობალური ტენდენციები და სერთიფიცირებულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ევრაზიის საბჭოს (ECCAA), როგორც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) რეგიონალური ორგანოს როლი;”
როჯერ ექტონი (ACCA-ის დირექტორი) – “აუდიტორის პასუხისმგებლობა – საერთაშორისო პერსპექტივები;”
ჯონ ჰუპერი (საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, FRC, UK) – “აუდიტის რეგულირების საერთაშორისო მოდელები”;
იურგენ ვეი (ASCG; გერმანიის წარმომადგენელი) – “გერმანიის სტანდარტების კომიტეტის გამოცდილება”;
სერგეი ციციაკოვი (ესტონეთის აუდიტორთა საბჭოს მმართველი გამგეობის წევრი, პროფესიული კვალიფიკაციის კომიტეტის თავმჯდომარე) – “აუდიტორის პროფესია ესტონეთში – თვითრეგულაციიდან თანარეგულირებამდე.”
ივანე ჯელია (“ბაფი”-ს გამგეობის წევრი, ხარისხის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე) – “ხარისხის კონტროლის დანერგვის მიმდინარეობა საქრთველოში;”
დიმიტრი იაკოვენკო (პროფესიონალ ბუღალტერთა სამარის ტერიტორიული ინსტიტუტის პრეზიდენტი) – “პროფესიული ეთიკისა და ბუღალტერის პროფესიისადმი საზოგადოებრივი ნდობის პრობლემა”;
მასუმ თურქერი (თურქეთის აუდიტის სტანდარტების ხელმძღვანელი) – “მომსახურების ხარისხის სისტემა ბუღალტრის პროფესიაში და თურქეთის გამოცდილება;”
დიმიტრი შუიცი (სერთიფიცირებულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ევრაზიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი) – “ხარისხის კონტროლი – ECCAA-ის წევრების საუკეთესო მეთოდების იმპლიმენტაცია.”

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial