ქართული ბანკები აგრესიულად აქტიურობენ, რას მოიმკიან?

სარედაქციო წერილი

2011 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ქართული საბანკო სექტორის მოგება გაორმაგდა. ერო-ვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის მოგება ოთხი თვის თავზე 81 მილიონს აჭარბებს. ამასთან, აპრილში შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა. მარტის თვესთან შედარებით მთლიანად საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა 181 მილიონია, მარტში დაფიქსირებული 188 მილიონის საპირისპიროდ. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ, თუ 2011 წლის პირველ სამ თვეში საბანკო სექტორის წმინდა მოგება 44 მილიონ ლარამდე იყო, ერთ თვეში ის თითქმის ამდენივეთი გაიზარდა.

აპრილში მოგების რეკორდულ ზრდას ექსპერტები კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკაში აგრესიული ხასიათის მატებით ხსნიან. მათი განმარტებით, ბანკებს აქვთ ფული და მის დაბანდებას ცდილობენ. თუმცა, პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ზრდა არ შეინიშნება.
ექსპერტთა ნაწილს დღევანდელი სიტუაცია კრიზისამდელ პერიდს აგონებს და აცხადებენ, რომ ეს აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა გარკვეულ პრობლემებს შექმნის. კონკრეტულად, საუბარია, დაკრედიტების გააქტიურების ისეთი მეთოდებზე, როგორიცაა კრედიტების ავტომატური დამტკიცება, რაც ექსპერტთა განმარტებით, მომხმარებლის ახალი არეალის ძიებით არის განპირობებული.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას შეფასებით, კრიზისული პერიოდის შემდეგ აქტიურობა ტემპებს იღებდა და ბუნებრივია, ეს პროცესი შესამჩნევი უნდა გამხდარიყო. მისივე განცხადებით, გადახდისუნარიანი კლიენტების ნაკლებობა დღეს არ შეიმჩნევა, უბრალოდ, ბანკები რისკების საკითხს ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებიან. გარდა ამისა, ბანკები ახალი სეგმენტების ათვისებას ცდილობენ, რათა დაფინანსების სპექტრი გააფართოვონ. დღევანდელი ბიზნეს-გარემო, ახალი საგადასახაო კოდექსის წყალობით, ასოციაციაში კრიზისამდე არსებულ ვითარებაზე უკეთესი ეჩვენებათ, თუმცა არ უარყოფენ, რომ დასახვეწი კიდევ ბევრი რამეა.
მომხმარებელთა უფლებების დასაცავად კომერციულ ბანკებს ახალი შეზღუდვაც უწესდებათ. უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემისას ბანკებმა ლარის 15%-იანი შესაძლო გაუფასურება უნდა გაი-თვალისწინონ, ხოლო უცხოურ ვალუტაში ანაბრის განთავსებისას ლარის შესაძლო 15%-იანი გამყარება.
ეს მისასალმებელია, რადგან ბანკი და მომხმარებელი სავალუტო რისკებს თანაბრად გადაინაწილებენ – ბანკი კურსის ცვლილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ცალმხრივად არ მიიღებს და კლიენტი წინასწარ იქნება საქმის კურსში ჩაყენებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 25 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
2011 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 13.5 პროცენტი შეადგინა. სურსათის გაძვირების წილი წლიურ ინფლაციაში 11.8%-ია. საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს – ინფლაციას სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე, ბოლო თვეების განმავლობაში შემცირების ტენდენცია აქვს და აპრილში 2%-ზე ნაკლებია. კვლავ დაბალია მომსახურების სექტორის ინფლაცია და 1.3%-ს შეადგენს. ინფლაციის საბაზო მაჩვენებლებისა და მომსახურების სექტორის დაბალი ინფლაცია მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის სისუსტეზე მიუთითებს.
არსებული პროგნოზებით, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება და წლის ბოლოსათვის 8 პროცენტის ფარგლებში იქნება.
საკრედიტო აქტივობის არსებული ტემპები შესაბამისობაშია ეკონომიკის მოსალოდნელ ზრდასთან. მოთხოვნის მხრიდან ფასებზე შესაძლო ზეწოლის რისკი კვლავ დაბალია.
ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე ფასებს კლების ტენდენცია აქვს. კერძოდ, შემცირდა ნავთობისა და შაქრის მსოფლიო ფასი. მოსალოდნელია ამ ფაქტორის ასახვა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც.

გერმანული “კომერც ბანკი” საქართველოში შემოდის
გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი “კომერც ბანკი” საქართველოში შემოდის. ეს ინფორმაცია ცნობილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შედეგად გახდა.
“კომერც ბანკის” წარმომადგენელი ოფიციალურად ადასტურებს, რომ საქართველოში ფილიალის გახსნას გეგმავენ. ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, “კომერც ბანკის” შემოსვლით გერმანელ ინვესტორებს მეტი ნდობა გაუჩნდებათ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად”.