“მრეწველობა”… გადაარჩენს საქართველოს?

შოთა მაქაცარი

საქართველოში არ არსებობს კარაქის მრეწველობა, მაგრამ იყიდება “ქართული ნაღების კარაქი”. ჩვენთან არ არის ზეთის მრეწველობა, მაგრამ ვაწარმოებთ “კახურ ზეთს”. მოშლილია მეფრინველეობა, მაგრამ ბაზარი სავსეა “სოფლის ქათმით”.

როგორ იწარმოება ის პროდუქცია, რომელიც შემდგომ ქართულ
მარკას იძენს? ელემენტარულად. აიღება იმპორტული ბლოკური კარაქი. სასურველია ხარისხიანი და იაფი. ე. ი. კონტრაბანდული. იდება წყლიან კასრში. როცა გაიჟღინთება და დამძიმდება, ფასოვდება ბრიკეტებად, შედეგად ცხიმიანობა კლებულობს X-ის, ხოლო წონა Y-ის სიდიდეზე იზრდება. Y იძლევა საშუალებას, ქართული პროდუქცია ნაკლებ ფასად გაიყიდოს, ვიდრე მათი, იმპორტული. თანაც გადაიხადოს ბეგარა და დაიტოვოს მოგება. Y ძალიან ტევადია. ნაცნობი ბიზნესმენი, რომელიც კარაქის იმპორტს ეწევა, მიამბობდა:

“ისინი (ჩვენი მრეწველები) ყოველთვის ჩემგან ყიდულობენ ბლოკურ კარაქს. როგორღაც მოხდა შეფერხება მოწოდებაში. მოვიდნენ და მეუბნებიან – მოგვყიდე დაფასოებული. მე გავოგნდი. ვეუბნები, ნუთუ არ გეზარებათ თითოეულ ბრიკეტს მოხსნათ შესახვევი და ჩაძიროთ წყალში? არასასურველია, მზა პროდუქციის გაფუჭება. მათ გადაიხადეს დაფასოებულის ფასი და წავიდნენ”.

აი, ასეთი ტევადია!
ცოტა ხნის წინ კონფერენციაზე მოვისმინე – თურმე ჩვენთან არნახული ტემპით ვითარდება მზესუმზირის ზეთის წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ქარხნები, მაგრამ კახეთში არსებობს რამდენიმე ნახევრად კუსტარული მინი-საამქრო. მაშინ საიდანაა “კახური ზეთის” ბოთლების შტაბელები და უამრავი ჩამოსასხმელი დანადგარი? საიდუმლო მარტივია: კახეთში ზეთი მართალია იწარმოება, მაგრამ წინანდელზე ნაკლები, ხოლო ზეთის ზღვა წარმოიშობა მასში ჩამდინარე მდინარეებიდან. მდინარეები, რასაკვირველია, მოედინებიან საზღვარგარეთიდან, ძირითადად, თურქეთიდან. ჩვენი მეწარმეებისთვის სასურველია, ზეთის კონტრაბანდული გზით შემოტანა, რომ იაფი იყოს. შემდეგ ყველაფერი ეს ერევა ჩვენსას, რომელიც მშობლიურ ფერსა და სუნს აძლევს.

ჩემთვის მისაღებია ყველანაირი გადამამუშავებელი, დამფასოებელი, შემფუთველი და მზა პროდუქციის წარმოშობის შემცველი მრეწველობა. თუ ეკონომიკაში მთავარია დინამიკა, მაშინ ის სახეზეა – გრუხუნებენ დაზგები, ჭრიჭინებენ მანქანები, მიდი-მოდიან რეალიზატორები, ჭრიან-თლიან ძეხვს, ღორს, ყველს, ამუშავებენ კარაქს, ცხიმს, პასტისმაგვარებს.

ამაში არ იმალება რაიმე კრიმინალი (გარდა, რასაკვირველია, კონტრაბანდისა). იზრდება მოსახლეობის დასაქმება, ბიუჯეტში გადასახადი, ფირმებისა და ფიზიკური პირების მოგება.

დღგ-ში შედის დამატებული ღირებულება, მაგრამ იგი ძნელად აღმოსაჩენია სამრეწველო ფაცი-ფუცში. შედეგად, ადგილი აქვს ღირებულების კლებას. პროდუქტი აგებს სამომხმარებლო თვისებებში, მაგრამ იგებს კომერციულად.

სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა ღარიბია და ბევრის ჯიბე ხარისხიან საქონელს ვერ სწვდება.

მოვლენის განსაზღვრაც კი ძნელია. ფალსიფიკაცია? კომპილაცია? არაფერი არ ერგება, პარაზიტიზმი კი სახეზეა. იმიტომ, რომ ჩვენმა მოხერხებულმა მრეწველმა დაანამცეცა დანიური სალიამი და მიაწება ლეიბლი “ქართული დოვლათი”. დაიბადა არა ახალი პროდუქცია, არამედ სრული ირონია. ქართულ მიწაზე არავითარი დოვლათი არ იქმნება.

თითქმის მარქსისებურად: პარაზიტული კაპიტალიზმი. ის დღეს ვიღაცას კვებავს, მაგრამ ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით. პირდაპირი გაგებით, ჩვენ ვიკვებებით ბრაზილიელი და დანიელი ფერმერების ხელით. ასეთი “მრეწველობა” ვერ გადაარჩენს ქვეყანას, ისე როგორც ვერ გადაარჩენს ცალკე აღებული ელექტროფიკაცია, ქიმიზაცია, კომუნიკაცია, კანალიზაცია და სხვა მიმდინარეობები.