ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაცია: არსი, აუცილებლობა, მიმართულებები

ბესიკ ბოლქვაძე, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, თსუ დოქტორანტი

საქართველოს საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლა რთული და მრავალწახნაგოვანი პროცესია, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული საბაზრო მექანიზმების ამოქმედებას და მათი ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობასთან. გარდამავალი ეკონომიკის პირობებში წარმოშობილი მრავალი ეკონომიკური და არაეკონომიკური ხასიათის პრობლემა დღის წესრიგში აყენებს მათი გადაწყვეტისათვის ყველაზე მოქნილი და ეფექტიანი გზების ძიებას.

საბაზრო ეკონომიკაზე ტრანსფორმაციის ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ერთი მხრივ, ბაზრის, როგორც ეკონომიკური სისტემის, უპირატესობათა მაქსიმალური გამოვლენა და საბაზრო ინსტიტუტებისა და მექანიზმების ფორმირება-ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების ეკონომიკურად მიზანშეწონილი მასშტაბებით განხორციელება იმ ფორმების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე ყველაზე მეტად მიესადაგება ეკონომიკის სტაბილიზაციისა და რეალური ზრდის მოთხოვნებს.
გარდამავალი ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების სპეციფიკის, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებების, რეგულირებაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენა-შესწავლა და მეცნიერული ანლიზი ნაყოფიერია მხოლოდ აღნიშნული საკითხისადმი სისტემური მიდგომის პირობებში. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ეკონომიკა, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, მოიცავს როგორც საბაზრო, ასევე სახელმწიფო რეგულატორებს, რომელთა ურთიერთზემოქმედების ეკონომიკაზე გავლენისადმი კომპლექსური მიდგომა მოითხოვს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ისეთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებების გამოკვეთას, როგორიცაა ფისკალური პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა, მათი ურთიერთკოორდინაციის როლისა და მნიშვნელობის ამაღლებას გარდამავალი ეკონომიკისათვის დამახასიათებელი მაკროეკონომიკური პროცესების ეფექტიანი რეგულირებისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების მიზნით ცალკე აღებულ საბიუჯეტო-საგადასახადო ან ფულად-საკრედიტო მექანიზმებს არ შეუძლია საკვანძო მაკროეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მათი ურთიერთკოორდინაციის აუცილებლობას და გარდამავალი ეკონომიკის მოთხოვნებისადმი მათ მისადაგებას. გარდამავალი ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებაში ფისკალური და მონეტარული მექანიზმების სისტემურ-კომპლექსური კვლევის აუცილებლობას განაპირობებს ასევე ის, რომ რეალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში მოქმედებს სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მიმართული ფაქტორები, ამიტომ რეგულირების რომელიმე ინსტრუმენტის არაეფექტიანი და ეკონომიკის არსებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო გამოყენება შეიძლება ნეგატიურად აისახოს სხვა რომელიმე მაკროეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტის ხარისხზე.
საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში საბიუჯეტო-საგადასახადო და ფულად-საკრედიტო სისტემების ურთიერთზეგავლენა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ოპტიმალური შეთანაწყობის მიღწევა გარეგნულად შეიძლება პრაგმატული, ორგანიზაციული ხასიათის მოვლენად მოგვეჩვენოს. რეალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში კი ეს ურთულესი ძირეული პრობლემაა, რომლის სწორად გადაწყვეტაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის სწორი სტრატეგიის ფორმირება, ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ობიექტური და ხელშემწყობი პირობების შექმნა.
ჩვენს მიერ შემუშავებული ფისკალურ-მონეტარული კოორდინაციის მოდელის განხილვამდე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ორივე მიმართულების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების დახასიათება ეკონომიკურ პროცესებზე მათი ეფექტიანი ზემოქმედების თვალსაზრისით: 1. ეკონომიკის რეგულირების ორივე მიმართულება ითვალისწინებს თვისებრივად სხვადასხვა რეგულატორების როგორც გამოყენებას, ისე ეკონომიკის მაკრო და მიკრო დონეებზე მათ ზემოქმედებას; 2. მონეტარული პოლიტიკა, ფისკალურისაგან განსხვავებით, უფრო სწრაფად ცვალებადი და მობილურია. აღნიშნულს განაპირობებს, ერთი მხრივ, ფულადი ბაზრის და, მეორე მხრივ, საგადასახადო ცვლილებების თავისებურება, კერძოდ, ეს უკანასკნელი დროის უფრო დიდ პერიოდს მოითხოვს; 3. მონეტარულ პოლიტიკაში გატარებული ცვლილებები, ფისკალური მექანიზმების გამოყენებისგან განსხვავებით, შედარებით უფრო რბილად ზემოქმედებს ეკონომიკურ სუბიექტებზე – როგორც ფირმებზე, ასევე მოსახლეობაზე და ამ თვალსაზრისით “შეფარული” ხასიათი აქვს; 4. ფისკალური პოლიტიკა შეიძლება ატარებდეს ავტომატურ ხასიათს ისეთ ეკონომიკურ პირობებში, სადაც ფუნქციონირებს ე.წ. ავტომატური სტაბილიზაციის მექანიზმები (პროგრესული საგადასახადო სისტემა, ეფექტური სოციალური დახმარების სისტემა და სხვა) მაშინ, როდესაც მონეტარული პოლიტიკა ყოველთვის დისკრედიციული ხასიათისაა; 5. მონეტარული პოლიტიკის არაეფექტურობა ვლინდება იმით, რომ ეკონომიკაში ფულის მოწოდება ან გაზრდა გარანტირებული არ არის. აღნიშნული დამოკიდებულია უმთავრესად, ერთი მხრივ, იმაზე, თუ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის რომელ ბერკეტს იყენებს ინტენსიურად და, მეორე მხრივ, იმაზე, თუ კომერციული ბანკების რესურსების ფორმირება რამდენად არის დამოკიდებული საგარეო წყაროებზე; 6. მონეტარული პოლიტიკის გატარების სირთულე და შესაბამისად მისი მეშვეობით ეკონომიკის რეგულირება განსაკუთრებით რთულდება მაღალი “ჩრდილოვანი” ეკონომიკის პირობებში, ვინაიდან აღნიშნული არ აძლევს საშუალებას ეროვნულ ბანკს სრულყოფილად გააკონტროლოს ქვეყანაში არსებული ფულის მასა და გაატაროს ეკონომიკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა მაშინ, როდესაც ფისკალური პოლიტიკის ეფექტიან გატარებას თავად შეუძლია არალეგარული ეკონომიკის მასშტაბის შემცირება; 7. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა განსხვავებულად ზემოქმედებს ასევე ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობაზე; 8. ფისკალურ პოლიტიკას ახორციელებს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც პოლიტიკური ინსტიტუტია და ამდენად ფისკალურ სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები გარკვეულწილად “პოლიტიზებულია” მაშინ, როდესაც მომენტარული პოლიტიკის გამტარებელი ცენტრალური ბანკი ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია, რაც მას უადვილებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკურად არაპოპულარული, მაგრამ ეკონომიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღებას ფულად-საკრედიტო სფეროში; 9. ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას შორის არსებით განმასხვავებელ თავისებურებად შეიძლება მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ფისკალური პოლიტიკა უპირატესად დაკავშირებულია ეკონომიკის რეალურ სექტორთან (საინვესტაციო აქტივობის ზრდა, მეწარმეობის სტიმულირება, საბოლოო მოხმარების გადიდება და ა.შ.) და ამით განსხვავდება მონეტარული პოლიტიკისაგან, რომელიც უპირატესად დაკავშირებულია ეკონომიკის ფინანსურ სექტორთან (ინფლაციის დონის შემცირება, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და ა.შ.). მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის გატარება და, შესაბამისად, ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება განაპირობებს ფინანსური სექტორის სტაბილურობას ისევე, როგორც პირიქით, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის რეალიზაცია და ფინანსური სექტორის სტაბილურობა არის გარანტი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებისათვის. ეკონომიკის რეალურ და ფინანსურ სექტორებს, შესაბამისად, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას შორის არსებული ასეთი მჭიდრო ურთიერთგანმაპირობებელი კორელაცია მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის დაბალანსება-კოორდინაციას, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, როდესაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის ფინანსური და რეალური სექტორის სტიმულირება-განვითარებას; 10. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმართება სხვადასხვაა ეკონომიკის ფუნქციონირების ორი ისეთი ურთულესი პრობლემის მიმართ, როგორიცაა სოციალური სამართლიანობა და ეკონომიკური ეფექტიანობა. კერძოდ, ფისკალურ პოლიტიკას თავისი ბუნებით შეუძლია არსებითი ზემოქმედება მოახდინოს როგორც ერთი, ისე მეორე პრობლემის გადაწყვეტაზე მაშინ, როდესაც მონეტარულ პოლიტიკას შეუძლია თავისი ბერკეტებით აქტიური (პოზიტიური ან ნეგატიური) ზემოქმედების მოხდენა უპირატესად ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ იმასთან დამოკიდებულებით, თუ როგორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონე, საბაზრო მექანიზმების მოქმედების არეალი და ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობის კურსი, ეკონომიკის რეგულირებაში დომინირებული ადგილი შეიძლება ეკუთვნოდეს ეკონომიკური პოლიტიკის რომელიმე მიმართულებას: ფისკალურ პოლიტიკას ან ფულად-საკრედიტო მექანიზმებს. ამის მიხედვით, შეიძლება გამოვყოთ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ურთიერთთანაფარდობის ორი მოდელი: 1. როცა ფულად-საკრედიტო პოლიტიკას თავისთავად არ შეუძლია გახდეს ეკონომიკის სტაბილიზაციის მიღწევის ფაქტორი, ამდენად ფისკალურ პოლიტიკასთან და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სხვა მიმართულებებთან ერთად იგი შეიძლება გამოვიდეს მნიშვნელოვანი დამხმარე როლის შემსრულებლად1; 2. აღნიშნულისაგან განსხვავებით, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკის დროს, ძლიერი მაკროეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა მიყვება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებას და შესაბამისი მექანიზმებისა და რეგულატორების ფუნქციონირებას2.
მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო-საგადასახადო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ ღონისძიებათა სისტემაა, სირთულეს წარმოშობს ის, რომ მათი რეალიზაციისას წარმოიშობა წინააღმდეგობრივი ხასიათის პროცესები, რაც ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება გამოვიდეს. აღნიშნული განაპირობებს იმას, რომ ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენება ყოველთვის არ ეხამება ერთმანეთს, რაშიც ვლინდება ეკონომიკის საფინანსო-საკრედიტო მექანიზმებით რეგულირების გართულებული ხასიათის კანონზომიერება.
მთავრობისა და ცენტრალური (ეროვნული) ბანკის როლი ეკონომიკის მაკროეკონომიკურ რეგულირებაში შეიძლება გამოვლინდეს ე.წ. “მყარი კურსის” ან “ინიციატივის თავისუფლების” პოლიტიკაში3. “მყარი კურსის” პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ღონისძიებები სახელმწიფო ფინანსებისა და ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით იზღუდება წინასწარ ცნობილი და არჩეული მიზნობრივი მაკროეკონომიკური ორიენტირების რაოდენობრივი ჩარჩოებით, რაც არ შეიძლება შეიცვალოს მიმდინარე ეკონომიკური კონიუნქტურის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ორგანოების მოქმედების თავისუფლება იზღუდება წინასწარ შემუშავებული და დეკლარირებული “თამაშის წესებით. აღნიშნული მიდგომისაგან განსხვავებით, “ინიციატივის თავისუფლების პოლიტიკა ემყარება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ეკონომიკური კონიუნქტურისა და პროცესების ადეკვატურად შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკის დისკრედიციულ შერჩევას და განხორციელებას. როგორც განვითარებული ქვეყნების ფისკალურ-მონეტარული რეგულირების გამოცდილება ცხადყოფს, “მყარი კურსის პოლიტიკას აქვს მთელი რიგი უპირატესობები შემდეგ გარემოებათა გამო: ა) ასეთი პოლიტიკა არის თანმიმდევრული და ამცირებს არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს; ბ) ზრდის ეკონომიკური სუბიექტების ნდობას მთავრობისა და ეროვნული ბანკისადმი; გ) უზრუნველყოფს გრძელვადიანი მიზნით ეკონომიკურ ზრდას; დ) უფრო რაციონალურს ხდის “მომხმარებელთა მოლოდინს; ე) ამცირებს პოლიტიკური ციკლების (მათ შორის საარჩევნო ციკლის) გავლენას ეკონომიკური პარამეტრების ფორმირების დინამიკაზე.
აღსანიშნავია, რომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ეფექტიანი და პოზიტიური შედეგის მომტანი, როცა გამოირიცხება მათი ურთიერთზემოქმედებისა და ურთიერთზეწოლის უარყოფითი ეფექტები. ამ თვალსაზრისით საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ოპტიმალური ინფლაციური მიზნის მიღწევა წარმოების ზრდის აუცილებლობის გათვალისწინებით. უნდა შევნიშნოთ, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პოზიტიური შედეგები შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მასზე არ ახდენს უარყოფით გავლენას ფისკალური პოლიტიკა, რაც გულისხმობს შემდეგს: 1. მთავრობისადმი ეროვნული ბანკის სესხები უნდა იყოს მაქსიმალურად მცირე ან საუკეთესო შემთხვევაში ნულის ტოლი; 2. აუცილებელია შიდა ფინანსური ბაზარი იმდენად იყოს განვითარებული, რომ შეძლოს საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულებათა დამატებითი ემისიის “ათვისება. აღნიშნულის პარალელურად თვით ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგებმაც, საბოლოო ჯამში, თავისი ასახვა უნდა ჰპოვოს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდაში, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაში და არა წარმოების განვითარებისაგან მოწყვეტით ეროვნული ვალუტის კურსის განმტკიცებაში.
გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კურსების ოპტიმალურ ურთიერთკოორდინაციას ართულებს ფაქტორთა მთელი კომპლექსი, რომელთაგანაც შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:
1. არ არსებობს მაკროეკონომიკური რეგულირების პოზიტიური გამოცდილება. ამასთან ეკონომიკური არასტაბილურობისა და ცალკეული ოფიციალური პირებისადმი უნდობლობის გამო რთულდება მთავრობისა და ეროვნული ბანკის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობის განმტკიცების პრობლემა;
2. წარმატებული ანტიინფლაციური შედეგების უზრუნველსაყოფად არ არსებობს აუცილებელი სოციალური პირობები და წანამძღვრები უმუშევრობის გაზრდის ფასად, ვინაიდან ქვეყანაში არ ფუნქციონირებს შრომის ბაზრის განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაც ამცირებს ანტიინფლაციური ეფექტების ხანგრძლივადიანი პერსპექტივის შესაძლებლობას;
3. თავს იჩენს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედი პროცესები, რაც აიძულებს პოლიტიკის გამტარებლებს “გაიღონ მსხვერპლი” ეკონომიკის ფუნქციონირების არსებული დონიდან და პრიორიტეტების მოთხოვნიდან გამომდინარე. მაგალითად, ეროვნული ვალუტის უფრო მყარ ვალუტასთან შედარებით კურსის გაზრდა შიდა მოთხოვნის უპირატესად იმპორტით დაკმაყოფილების პირობებში ხელს შეუწყობს იმპორტის ზრდას და იმ პირობებში, როცა საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში საბიუჯეტო შემოსავლების ფორმირების ძირითადი წყაროები ასოცირდება საიმპორტო გადასახდელებთან, აღნიშნული გაზრდის საბიუჯეტო შემოსულობებს, რაც პოზიტიურ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს ფისკალური თვალსაზრისით. მეორე მხრივ აღნიშნული საკურსო ცვლილება აღმოჩნდება ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდის ნეგატიურად ზემოქმედი ფაქტორი, რაც გამოიწვევს სავაჭრო ბალანსის უარყოფით სალდირებას და, შესაბამისად, შიდა პროდუქტის შემცირებას;
4. ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედი პროცესების ანალოგიურად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ერთი მიმართულებით მოქმედ “ჯაჭვური” ტიპის ნეგატიურ პროცესებს, რაც საბიუჯეტო დეფიციტით სავაჭრო დეფიციტის პროვოცირებაში აისახება და ცნობილია, როგორც “ორმაგი დეფიციტის” პრობლემა. მაგალითად, თუ მთავრობა ასტიმულირებს ეკონომიკას სახელმწიფო ხარჯების გაფართოებით, შედეგი დაკავშირებული იქნება მონეტარული პოლიტიკის ხასიათთან. კერძოდ, სასესხო დაფინანსების გამო მოხდება ზეწოლა საფინანსო ბაზარზე, რაც გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, უცხოური ინვესტიციების მოდინებისა და, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების შედეგად გამოიწვევს იმპორტის გაზრდის პროვოცირებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბიუჯეტო და სავაჭრო დეფიციტის ურთიერთკავშირი ვლინდება განსხვავებულად. კერძოდ, იქედან გამომდინარე, რომ ნაკლებად ეფექტიანია სახაზინო ვალდებულებების ბაზარი და სუსტია კავშირი ბიუჯეტის დეფიციტსა და კაპიტალზე საპროცენტო განაკვეთებს შორის, კაპიტალის ბაზარი ფისკალური ოპერაციების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა. გარდამავალ ეკონომიკაში მოხმარებლისადმი მაღალი ზღვრული მიდრეკილების გამო საბიუჯეტო სახსრები უპირატესად სამომხმარებლო ბაზარზეა ორიენტირებული, რაც ხელს უწყობს ერთობლივი მოთხოვნის გაზრდას განსაკუთრებით იმპორტზე. ეს აისახება მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტში.
5. ეკონომიკური სუბიექტების დაბალი მსყიდველუნარიანობისა და საფინანსო ბაზრის (განსაკუთრებით სასესხო ობლიგაციების სეგმენტის) სუსტად განვითარების პირობებში წარმოიშობა ბიუჯეტის დეფიციტის ინფლაციური წყაროებით დაფარვის “ცდუნება. კერძოდ, სახელმწიფო ობლიგაციების კერძო სექტორისათვის მიყიდვის შემთხვევაში (მოსახლეობა, ფირმები, კომერციული ბანკები) ადგილი ექნება კერძო სექტორის დანაზოგთა ფორმის ცვლილებას და, შესაბამისად, ბიუჯეტის არაინფლაციურ დაფინანსებას განსხვავებით აღნიშნულ პროცესებში ეროვნული ბანკის მონაწილეობისაგან, რაც იწვევს ეკონომიკაში ფულის მიწოდების გაფართოების მულტიპლიკაციურ პროცესს;
6. თანამედროვე პირობებში სუსტია ქვეყნის საბანკო სისტემისა და ეკონომიკის რეალური სექტორის ურთიერთკავშირი. აღნიშნულს განაპირობებს ის გარემოება, რომ ფისკალურისაგან განსხვავებით, მონეტარული პოლიტიკის გატარების ინტერესებისა და პასუხისმგებლობის სფეროში არ შედის ეკონომიკის რეალური სექტორის მოთხოვნილებებზე ზრუნვა.
საბიუჯეტო-საგადასახადო და ფულად-საკრედიტო მექანიზმებით ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება და, შესაბამისად, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაცია მიზანშეწონილია წარმოვიდგინოთ განსაზღვრული სისტემის სახით, რომელშიც აისახება მისი ცალკეული ელემენტების თავისებურებები, რაც საფუძვლად დაედება კოორდინაციის სპეციფიკური მოდელის ფორმირება-ჩამოყალიბებას. აღნიშნული მოდელის ფარგლებში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ძირითადი ელემენტები: ა) კოორდინაციის მიზანი და ამოცანები; ბ) სუბიექტები; გ) ობიექტები; დ) ინსტრუმენტები; ე) სტრატეგიები.
კოორდინაციის მიზანი და ამოცანები – ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციის მიზანს გარდამავალი ეკონომიკის პირობებში წარმოადგენს გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევის უზრუნველყოფა, ხოლო ამოცანებს შეიძლება მივაკუთვნოთ: სახელმწიფოს მხრიდან საფინანსო-საკრედიტო სისტემის ეფექტიანი რეგულირების განხორციელება, გრძელვადიან კაპიტალდაბანდებათა მწყობრი მექანიზმის შექმნა და საბაზრო ურთიერთობათა განვითარების დაჩქარების ხელშეწყობა.
კოორდინაციის სუბიექტები – მათ მიეკუთვნება ფინანსთა სამინისტრო, როგორც ფისკალური პოლიტიკის გამტარებელი სახელმწიფო ორგანო და ეროვნული ბანკი, როგორც მონეტარული პოლიტიკის განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტი. მათ მიერ შესაბამისი პოლიტიკის ეფექტიანი გატარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, მათი ფუნქციონირებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა სტრუქტურების მოქნილ ფუნქციონირებას.
კოორდინაციის ობიექტები – აერთიანებს მრავალრიცხოვან ეკონომიკურ ცვლადებს და პარამეტრებს: სამომხმარებლო ფასების დონე და დინამიკა, საპროცენტო განაკვეთები, სავალუტო კურსი, ეკონომიკის წარმოებითი პოტენციალი, დასაქმების დონე, ფინანსური ბაზრის სეგმენტები, საინვესტიციო გარემო, საგადამხდელო ბალანსის ელემენტები და სხვა.
კოორდინაციის ინსტრუმენტები – მათ უნდა მივაკუთვნოთ ის საფინანსო-საკრედიტო მექანიზმები, რომლებსაც იყენებენ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ორგანოები. კერძოდ, გადასახადები, სახელმწიფო ხარჯები, რეფინანსირების განაკვეთი, მინიმალური სავალდებულო რეზერვები, ღია ბაზრის ოპერაციები, სავალუტო ინტერვენციები. საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ ეტაპზე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა მონეტარული პოლიტიკის გატარება შემდეგი შესაძლო ალტერნატივების გათვალისწინებით: ა) სამიზნის არჩევა (ინფლაცია თუ გაცვლითი კურსი); ბ) სათანადო კონტროლის ცვლადის არჩევა (სარეზერვო ფული თუ ფართო ფული); გ) მიზნის მისაღწევად მცირე რაოდენობის მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენება. ამასთან ერთად სპეციფიკური მომენტია ის, რომ ეკონომიკის სოციალურ სექტორთან ზემოქმედების შედარებით უშუალო კავშირით ხასიათდება ფისკალური მექანიზმები.
კოორდინაციის სტრატეგიები – აღნიშნული სტრატეგიები შეიძლება იყოს: ა) პოლიტიკის დონეზე და ბ) ინსტრუმენტების დონეზე. კოორდინაციის სტრატეგია პოლიტიკის დონეზე ნიშნავს ეკონომიკის რეგულირებაში უპირატესობის შეფარდებით მიკუთვნებას ან ერთი ან მეორე პოლიტიკისადმი მაშინ, როცა ინსტრუმენტების დონეზე კოორდინაცია დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში საფინანსო ბაზრის სეგმენტების განვითარების ხარისხი და შედეგზე ორიენტირების დროითი ლაგი – მოკლევადიანი პერიოდის ან გრძელვადიანი პერსპექტივის უპირატესობა.
ამდენად, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც საფინანსო და საკრედიტო მექანიზმების ურთიერთდაკავშირებული მიზნების, სუბიექტების, ობიექტების, ინსტრუმენტების და სტრატეგიების სისტემა, რომლის აუცილებლობა განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ეკონომიკური ვექტორების არსებობით და რომელმაც უნდა უზრუნველყოს საფინანსო-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლება და საერთოდ, ეკონომიკური ზრდის მდგრადი ტემპების მიღწევა.
საქართველოს საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებაში ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაცია რთული და მრავალწახნაგოვანი პროცესია, რომლის ეფექტიან განხორციელებაში მიზანშეწონილია შემდეგი ასპექტების გრადაცია: 1. მაკრო და მიკროეკონომიკური ასპექტი; 2. საგარეო-ეკონომიკური ასპექტი; 3. სამართლებრივი ასპექტი; 4. ინსტიტუციური ასპექტი; 5. ფუნქციონალური ასპექტი.
მაკრო და მიკროეკონომიკური ასპექტი – კოორდინაციის მაკროეკონომიკური ასპექტი საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგან ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა თავისთავად მაკროეკონომიკურ სფეროს განეკუთვნება და მათ მჭიდრო ურთიერთკავშირზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რეალური მშპ-ის ზრდის მყარი ტემპები, ფასებისა და დასაქმების დონე, ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის ინტენსივობა და ა.შ. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკონომიკური ზრდის მდგრად და მაღალ ტემპებს ქვეყანაში, არის ინფლაცია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მონეტიზაცის დონე (ფართო ფულის შეფარდება მშპ-თან) ქვეყანაში დაბალია და უკანასკნელ წლებში მერყეობს 15-დან 20%-მდე მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპაში 55%-ს აღწევს, ბალტიის ქვეყნებში კი – 50%-ს. ამის გამო ნებისმიერი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენა – პირდაპირი ინვესტიციები, პრივატიზაცია თუ ბიუჯეტში გადასახადების მზარდი მობილიზება, ფულის მასის მკვეთრ მატებასთან არის დაკავშირებული და საფრთხეს უქმნის ფასების სტაბილურობას. მიუხედავად ეროვნული ბანკის მხრიდან ჭარბი ფულის სტერილიზაციით ინფლაციის გაკონტროლების მექანიზმისა, აღიშნული ნეგატიურად აისახება საპროცენტო განაკვეთების მატებაზე, რაც ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია. იქედან გამომდინარე, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა, აუცილებელია იგი განხორციელდეს პრაგმატულად და გათვალისწინებულ იქნეს ეკონომიკის რეალური სექტორის ცვლილებები, ფისკალური პოზიცია და კაპიტალის შემოსული ნაკადების გავლენა გაცვლით კურსსა და საერთო მონეტარულ მდგომარეობაზე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში რეგულირების ისეთი ცვლადი, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, პრაქტიკულად უმნიშვნელო როლს თამაშობს, რასაც ვერ ვიტყვით სავალუტო კურსსა და საბიუჯეტი პოლიტიკაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოხდეს გაცვლითი კურსისა და ფასების სტაბილურობიდან მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლა, მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალისხმევა არასაკმარისია. აუცილებელია ფისკალური ორგანოების მხარდაჭერაც, რაც პირველ რიგში უნდა გამოიხატოს დაბალანსებულ ბიუჯეტში და ფისკალური წნეხის რეალურ გრადაციულ შემცირებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკაში დამატებითი შემოსავლების დაზოგვას და საბანკო სისტემის მეშვეობით მათ ინვესტიციებად გარდაქმნას.
მაკროეკონომიკურთან ერთად სპეციფიკურია კოორდინაციის მიკროეკონომიკური ასპექტი იქედან გამომდინარე, რომ საფინანსო და საკრედიტო სისტემების კოორდინაციის პოზიტიური შედეგები და მათი ფუნქციონირების ეფექტიანობის ხარისხი, საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს მიკროეკონომიკური სუბიექტების – ფირმების საქმიანობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, მათ ეკონომიკურ ქცევასა და მოლოდინზე.
საგარეო-ეკონომიკური ასპექტი – მაკრო და მიკროეკონომიკურ ასპექტებთან ერთად ფისკალური და ფულად-საკრედიტო სისტემების ფუნქციონირება და მათი ურთიერთკავშირის სირთულე გამოიხატება კოორდინაციის საგარეო-ეკონომიკურ ასპექტში, რაშიც უნდა გავიგოთ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის არაერთგვაროვანი ზემოქმედება ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის წონასწორობაზე. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ საქართველოს სავაჭრო ბალანსი (როგორც საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის საკვანძო ელემენტი) უკანასკნელი წლების განმავლობაში ხასიათდება დეფიციტის მაღალი ტემპებით (იმპორტი 2-3-ჯერ სჭარბობს ექსპორტს), რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს, ერთი მხრივ, საბიუჯეტო ხარჯების მზარდი ტემპებით ზრდის შესაბამისად იმპორტისადმი მომხმარებელთა მაღალი ზღვრული მიდრეკილება და, მეორე მხრივ, არსებული სავალუტო-საკურსო პოლიტიკის პირობებში ეროვნული ვალუტის მყარ ვალუტასთან მიმართებით გამყარების მზარდი ტენდენციები. აქედან გამომდინარე, სავაჭრო ბალანსის უარყოფით სალდირებაზე შეინიშნება როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკის ზეგავლენა. შესაბამისი კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ფისკალური სტიმულირების პირობებში საბიუჯეტო დეფიციტის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე გავლენის უარყოფითი ეფექტი როგორც თვისებრივად, ასევე რაოდენობრივად განსხვავებულია განვითარებული და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. კერძოდ, პირველ შემთხვევაში ამას ფისკალური ოპერაციების მიმართ კაპიტალის ბაზრის მაღალი მგრძნობიარობა და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების ცვლილების ეფექტი, ხოლო გარდამავალ ეკონომიკაში ერთობლივ მოთხოვნაში იმპორტული პროდუქციის შესყიდვის მაღალი წილი განაპირობებს. ემპირიული კვლევებით დადასტურებულია, რომ განვითარებულ ქვეყნებში 1 აშშ დოლარით ფისკალური დეფიციტის ზრდა იწვევს საშუალოდ 0,30 აშშ დოლარით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდას, ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში აღნიშნული ცვლილების მაჩვენებელი საშუალოდ 0,85 აშშ დოლარია.4 მიგვაჩნია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირება მხოლოდ ერთობლივი მოთხოვნის მარეგულირებელი ინსტრუმენტების გამოყენებით ან ოპტიმალური სავალუტო-საკურსო პოლიტიკის გატარებით აუცილებლად მოითხოვს შემდგომ გადახედვას შემდეგ გარემოებათა გამო: ა) იმპორტისადმი მაღალი ზღვრული მიდრეკილების გამო აუცილებელია ერთობლივი მიწოდების სტიმულირებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; ბ) საქართველოში, გარდამავალი ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმპორტთან შედარებით ექსპორტი უფრო ნაკლებად ელასტიურია სავალუტო-საკურსო ცვლილებების მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია არა იმდენად ექსპორტის სავალუტი პოლიტიკით შესაძლო წახალისება, რამდენადაც საექსპორტო პოტენციალის ასამაღლებლად არასავალუტო ხასიათის ღონისძიებების კომპლექსურად გატარება.
სამართლებრივი ასპექტი – ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ურთიერთკავშირის სამართლებრივი ასპექტი გულისხმობს მათი განხორციელებისათვის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავების აუცილებლობას. მიგვაჩნია, რომ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს მთავრობის მიერ განსაზღვრული ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების მიმართულებას და არა მხოლოდ ეროვნული ვალუტის ყოველგვარი ღონისძიებებით შენარჩუნებას. საკანონმდებლო ასპექტი კარგად ვლინდება მონეტარული მაკროეკონომიკური პარამეტრების გამოყენებით ბიუჯეტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის დროს. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებები, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი, გამოიყენება ბიუჯეტის შედგენის მონეტარულ საფუძვლად. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ჯერ ბიუჯეტი განიხილებოდეს და მტკიცდებოდეს და შემდეგ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები და არა პირიქით, რასაც ადგილი აქვს დღევანდელ პირობებში. სწორედ ამიტომაცაა, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მოწყვეტილია საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკისაგან. იგი უნდა ხორციელდებოდეს მთავრობის მიერ ეკონომიკის განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულების ჩამოუყალიბებლობის გამო არ ხდება და რაც დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს.
ინსტიტუციური ასპექტი – აღსანიშნავია, რომ ფულად-საკრედიტო და ფისკალური სტრატეგიების კოორდინირების საკითხი მოითხოვს სერიოზულ ანალიზს ინსტიტუციური თვალსაზრისით. ეფექტიანი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის მიზნით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შეიქმნას ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციის და ლიკვიდობის მართვის პალატა, რომელიც გარკვეულ კოორდინაციას გაუწევს ფისკალურ და მონეტარულ სფეროებში მიმდინარე მოვლენების განვითარების შეფასებას და გარკვეული პერიოდულობით (თვე ან კვარტალი) პროგნოზირებას გაუკეთებს ფისკალურ და მონეტარულ პარამეტრებს და მათი ურთიერთზეგავლენისა და ეკონომიკის ზრდის მდგრადობაზე გავლენის ტენდენციებს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული პალატა ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის მიმართ, მისი საქმიანობა შემოისაზღვროს მხოლოდ ანალიტიკური ფუნქციით და, რაც უმთავრესია, მისმა ფუნქციონირებამ არ უნდა მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხზე.
ფუნქციონალური ასპექტი – ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მკაცრად განსაზღვრული ადგილი უნდა დაიკავოს ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა, რაც მოითხოვს სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად შესაბამისად ფუნქციების დანაწილებას და მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობის ამაღლებას. კერძოდ, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამტარებელ ორგანოებს შორის დანაწილებული უნდა იყოს საფინანსო-საკრედიტო სისტემის მართვის ისეთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო საკითხები, როგორიცაა: საფინანსო სისტემის სრულყოფის გადაუდებელი ამოცანების განსაზღვრა, ფინანსური ბაზრის ფორმირებისა და ფუნქციონირების რეგულირება, ურთიერთშორის სავალო-საკრედიტო ურთიერთობების სრულყოფა, საგარეო ვალის მართვისა და მომსახურების გაუმჯობესების და მისი რეალური მდგომარეობის ანალიზის მიზნით მონიტორინგის ერთიანი ცენტრის შექმნა.
ამრიგად, ფისკალური პოლიტიკისა და მონეტარული პოლიტიკის კოორდინირება ეკონომიკური პოლიტიკის ისეთი სიმბიოზის შექმნის წინაპირობაა, რომელიც ადეკვატური იქნება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ხოლო კერძოდ, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს ფორმირებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial