ფინანსების მართვა და კაპიტალის შიდასაფირმო ბაზარი

ალექსანდრე ცერცვაძე, ეკ. მეცნ. დოქტორი, თსუ ასოც. პროფესორი

თანამედროვე ეტაპზე საწარმოში კაპიტალის ბაზრის ორგანიზაციისათვის საჭიროა სამი ძირითადი ელემეტი: პირველი, მანევრულობა; მეორე, საინფორმაციო უზრუნველყოფა და მესამე, კომუნიკაციები.

ფულის ნაკადის დისკონტირების მეთოდი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ობიექტურად შევაფასოთ შიდასაფირმო პროექტები, რადგან რესურსების განაწილების პრობლემა იჭრება როგორც ფინანსების მართვის სისტემის, ასევე კაპიტალის ბაზრის შექმნით.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწარმოების მესაკუთრეთა მიერ კაპიტალის ღირებულების გაზრდაზე ორიენტაცია აღიქმება, როგორც გარედან მოცემული რაოდენობრივი მიზანდასახულობა. უნდა გაირკვეს თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნას სამეურნეო საქმიანობის ყველა სფეროში საგარეო მიზანდასახულობა საწარმოს “შიდა საქმედ”. ამ დროს მხედველობაში უნდა ვიქონიოთ საწარმოს ის ქვედანაყოფები (განყოფილებები, პროექტები), რომელთა მუშაობის შედეგები ჯერ ან სულაც არ შეიძლება შეფასდეს ფულის ნაკადის საშუალებით. ასეთ სიტუაციაში ყველაზე ხშირად პირველ ადგილზე გამოდის შეფასებითი მეთოდები, რომლებიც ბაზირებულია ქულების დათვლის სისტემაზე და შესაბამისად, მნიშვნელოვანი პრობლემაა ადექვატური სისტემის პოვნა.
თანამედროვე პირობებში, საწარმო შეიძლება განვიხილოთ, როგორც თავისებური საერთო “სახურავი” ცალკეული პროექტებისათვის, რომლითაც ხორციელდება როგორც გამოყენებითი კვლევები და ახალი პროდუქციის შემუშავებები, ასევე ახალი სასაქონლო მარკების შექმნისა და გასაღების სტრატეგიის ორგანიზაციის გეგმები.
არსებობს პროექტები, რომელთა რეალიზაცია მიუხედავად დანახარჯებისა, აუცილებელია საწარმოს ფუნქციონირებისათვის და წარმატებით უნდა დასრულდეს. ამასთან რიგ პროექტებში საწარმო ცდილობს შექმნას რაღაც ახალ-ახალი პროდუქტი, ახალი ბაზარი, ახალი ტექნოლოგია. და რა თქმა უნდა, ეს, უსათუოდ სწორი სტრატეგიაა.
სამუშაოების მსვლელობის დროს პროექტის მონაწილეები ცდილობენ განსაზღვრონ წარმატების შანსები. რესურსების შეზღუდულობის გამო ყველა პერსპექტიული პროექტი შეიძლება ბოლომდე ვერ დასრულდეს. ასეთი პროექტი უნდა დაიყოს ნაწილებად ისე, რომ საწარმოს მოქნილობის შენარჩუნებითა და ახალი ინფორმაციის საფუძველზე შეძლოს პროექტის დასრულება და მისი გაფართოებაც კი. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტის მონაწილეებმა ისწავლონ როგორც წარმატების შანსების და თავიანთ პროექტზე დანახარჯების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ამავე დროს უზრუნველყონ საწარმოსათვის ოპტიმალური არჩევის შესაძლებლობა.
უმრავლეს შემთხვევაში პროექტის მონაწილეებს აქვთ ვიწროპროფესიული მომზადება და მოკლებულნი არიან მენეჯერულ ორიენტაციას. ამიტომ მათ იშვიათად შეუძლიათ მისცენ შედარებითი შეფასება რამდენიმე პროექტს. ამავე დროს სავსებით ბუნებრივია ის, რომ შემსრულებლები ცდილობენ წინ წასწიონ თავიანთი პროექტი და ამიტომ ცდილობენ დამალონ უსარგებლო ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება განაპირობოს არასასურველი დასასრული.
ამასთან დაკავშირებით ზემდგომმა ინსტანციებმა უნდა შეინარჩუნონ მუდმივი აქტივობა. მათ უნდა შეადგინონ პრიორიტეტები და შესაბამისად განსაზღვრონ საწარმოსთვის როგორც დაგეგმილი, ისე რეალიზებადი პროექტების მნიშვნელობის ხარისხი. მსხვილ საწარმოებში განყოფილებებისა და სამეურნეო სფეროების ხელმძღვანელებს შეიძლება მოუხდეთ საკმაოდ დიდი რაოდენობის პროექტის სისტემური შეფასებებისა და პერიოდული ზედამხედველობა. ასეთ შემთხვევებში ხელმძღვანელებს უყენებენ გაზრდილ მოთხოვნებს, ამიტომ ისინი ცდილობენ გადაწყვიტონ ამოცანები პირდაპირი ზედამხედვლობით. თუმცა პროექტები, როგორც წესი, ნაკლებად შეჯერებადია და ამავე დროს ისინი იმყოფებიან რეალიზაციის სხვადასხვა ეტაპზე. რადგან პირდაპირი ზედამხედველობა და პროექტების მეთოდოლოგიურად კორექტური შეჯერება მათი არაერთგვაროვნობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ კომპანიების ხელმძღვანელობა ცდილობს გამოიმუშავოს შეფასებების სხვა ხერხები. მათ რიცხვში შედის, უპირველეს ყოვლისა, საწარმოს მასშტაბით გამოყენებული ერთიანი მაჩვენებლები და ჩასათვლელი ქულების სისტემები, რომელთა საშუალებითაც ყველა პროექტი რაოდენობრივად ერთიანი კრიტერიუმებით ფასდება.
ასეთ სიტუაციაში უნდა გაირკვეს, თუ რა პერსპექტივები უნდა დაისახოს საწარმომ და რომელი შემფასებელი კრიტერიუმი უნდა იქნეს არჩეული შესაბამისი მაჩვენებლისა და ჩასათვლელი სისტემების ბაზაზე. განსხვავები შეიძლება განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რა ორიენტაცია აქვს საწარმოს – შიდასაფირმო ან გარე ასპექტები.
უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ მრეწველობისთვის ტრადიციული მაჩვენებლები. მათ ჩვეულებრივ შეიმუშავებს და ნერგავს საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი წარმოდგენა შეფასებათა საგანზე. ეს წარმოდგენები “კარგად ფუნქციონირებადი საწარმოს შესახებ”, ბუნებრივია, აისახება მაჩვენებლების შემქმნელ სისტემებში. თუმცა ასეთი მიდგომისას პრაქტიკულად გამოირიცხება საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული გარე ფაქტორები, განსაკუთრებით აქციონერთა პოზიციების. ამასთანავე, ტრადიციული მაჩვენებლები გაანგარიშებულია უფრო საწარმოზე, როგორც საწარმოო სტრუქტურაზე და არა როგორც განვითარებად ორგანიზაციაზე. ამჟამად სწორედ ასეთი წარმოდგენა დომინირებს საწარმოს შესახებ.
შიდასაფირმო ორიენტაციისაგან განსხვავებით, გარე ფაქტორების გათვალისწინება საჭიროებს პროექტების შეფასებათა მეთოდების გამოყენებას ფულადი ნაკადების დისკონტირების ბაზაზე. ეს მეთოდი გამოიყენება თითქმის უცვლელი სახით პროექტებისა და მათი ნაწილების შეფასებების დროს. პროექტის პერსპექტიულობას ადგენენ შემდგომ წლებში მოსალოდნელი ფულადი ნაკადის ნამდვილი ღირებულების განსაზღვრის საფუძველზე.
მეთოდოლოგიურად ეს მიდგომა კორექტულია, რადგან გამიზნულია მომავალში ღირებულების განსაზღვრაზე. გარდა ამისა, ფულადი ნაკადის დისკონტირების მეთოდი ასახავს კაპიტალური დანახარჯების კონცეფციას1. თუმცა მას მივყავართ შეფასებების გადანაცვლებამდე იმ პროექტების სასარგებლოდ, რომლებიც უკვე კონკრეტიზებულია ისე, რომ მათი ხარისხი განიხილება, როგორც ფულადი საშუალებების შემდგომი შემოსვლის გარანტი. ის პროექტები კი, რომლებიც იმყოფებიან შემოქმედებითი შემუშავებების სტადიაზე, მოცემული მეთოდის თანახმად, უნდა შეჩერდეს. თვით ფულადი ნაკადის ფილოსოფია არ აძლევს პიონერულ პროექტებს არავითარ შანსს.
გარდა ამისა, გადასვლა ფულადი ნაკადის დისკონტირებაზე შიდასაფირმო მმართველობითი ინსტრუმენტის სახით გარკვეულწილად საშიშია საწარმოსათვის. თანამშრომლების წინაშე დგება კონკრეტული საკითხი: როდის მოგვცემს პროექტი უკუგებას? ამიტომ პროექტის ხელმძღვანელი ახდენს თავისი თანამშრომლების ორიენტირებას იმ საქმიანობაზე, რომელიც უფრო სწრაფად მიგვიყვანს საბაზრო წარმატებამდე. ეს ნიშნავს დანაკარგებს ზემოთ მითითებულ პროექტებზე, რომლებიც უნდა განვიხილოთ, როგორც უკვე შემუშავებული და სავსებით კონკრეტული იდეების “მარაგი”, მაგრამ ჯერ კიდევ არ წარმოადგენენ რეალურად შექმნილ ახალ პროდუქტს.
მართალია, ეს დანაკარგები არ აისახება ბალანსში, რადგან დაუსრულებელი პროექტების წვლილი არ შეიტანება აქტივში. პროექტების დონეზე ფულის ნაკადის დისკონტირების მეთოდის დანერგვა ნიშნავს ფარული რეზერვების დანაკარგებს2. მართვის უმაღლეს დონეზე ხშირად ვერ აცნობიერებენ ამ დანაკარგების მნიშვნელობას, რადგან საწარმოს ხელმძღვანელობამ არ იცის ასეთი რეზერვების არსებობა. თუმცა პროექტების დონეზე ასეთი დანაკარგები შეიძლება კრახს ნიშნავდეს.
რადგან მოქმედების გარეგნულ სახეს განსაზღვრავს როგორც ფინანსები და ასევე აქციონერები, ამიტომ საწარმოს შიგნით უნდა შეიქმნას ფინანსების მართვის სისტემა და კაპიტალის შიდა ბაზარი. აქცენტი გადატანილ უნდა იქნეს ფინანსური შედეგებისა და შედარებით-შეფასებითი პროცესის მხარეს, რომელიც დაემსგავსებოდა არა მარტო ბაზარს, არამედ ფინანსურ ბაზარს.
კაპიტალის შიდა ბაზარში იგულისხმება სუსტად სტუქტუირებული და თავისუფლად გასატარებელი ზომების ერთობლიობა, შიდასაფირმო კომუნიკაციის ჩათვლით, აგრეთვე, რაოდენობრივი ასპექტები, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტების შეჯერებას, განსაკუთრებით მათ უკუგებას საწარმოს მიზანდასახულობის გათვალისწინებით, რაც ორიენტირებულია მესაკუთრეების კაპიტალის ღირებულების გაზრდაზე. ამ დროს შესაბამისი ინფორმაცია უნდა გვეხმარებოდეს რესურსების (კადრების, კაპიტალის, დროის) ოპტიმალურ განაწილებაში პროექტებისა და მათი ნაწილების მიხედვით.
კაპიტალის შიდასაფირმო ბაზრის არსი ხასიათდება შემდეგით: ჯერ ერთი, ეს ცნობილი მანევრულობაა. საწარმოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დროდადრო გადაანაწილოს რესურსები პროექტებისა და მათი ნაწილების მიხედვით. თანაც ახალი გადაწყვეტილებები (ერთი პროექტის შეჩერება და მეორე პროექტის გაფართოება) არ უნდა იქნეს მიღებული სოციალური მიმართულების შიდასაფირმო ხარჯების საზიანოდ. კაპიტალის ბაზრის შექმნას დაინტერესებული საწარმო ხელს უნდა უწყობდეს თავისი სტრუქტურების მოქნილობის განვითარებით; მეორეც, კაპიტალის შიდასაფირმო ბაზრის წინა პლანზე დგას საინფორმაციო უზრუნველყოფა. ეს ბაზარი ორგანიზებულ უნდა იქნეს ისე, რომ ინფორმაცია შემოდიოდეს თვით პროექტებიდან. ამ შემთხვევაში ხდება ბაზრის მონაწილეებისაგან გამომდინარე სიგნალების მიმართ თავისუფლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეული პროექტების ხელმძღვანელებს თვითონ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ძლიერი გავლენა მოახდინონ მოცემულ ბაზარზე. უკანასკნელმა კი არ უნდა მოახდინოს შემფასებელი კრიტერიუმების თავისუფალი ინტერპრეტირება, ის იცვლება ორგანიზაციული ნიშნების შესაბამისად, რაც მოცემულია მისი მონაწილეების მიერ.
მეორე პუნქტი განსაზღვრავს ძირითად განსხვავებას კაპიტალის შიდასაფირმო ბაზარსა და ფინანსების მართვის სისტემას შორის: პირველი, კაპიტალის შიდასაფირმო ბაზარი ღიაა ქვემოდან შემოსული ინფორმაციისათვის. თვით ბაზარი წარმოიქმნება უპირატესად “ქვედა ფენების” ინიციატივით; მეორე, ფინანსების მართვის სისტემა, პირიქით, ორგანიზაციულად ყალიბდება ზემოდან ქვედა მიმართულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ იმას, რომ ფინანსების მართვის სისტემა და შიდასაფირმო ბაზარი კარგად უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. საქმე ისაა, რომ პირველი შეცვლილ იქნეს მეორეთი, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ის, თუ რომელი ინფორმაციის კომბინირება უნდა მოხდეს ერთისათვისაც და მეორესათვისაც, რათა ავაგოთ ბაზა საწარმოში პროექტების შეფასებებისათვის.
აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად, უნდა გავაანალიზოთ ურთიერთობები “ბირჟაზე”, ე. ი. სააქციო კაპიტალის საგარეო ბაზარზე. მოცემულ შემთხვევაში არ იქნება გამოკვლეული არც უბრალო აქციონერების ქცევა, არც საწარმოს ეკონომიკის თეორიის პოსტულატები, არამედ პრიორირეტულია კომუნიკაცია საწარმოს (მენეჯერებსა) და საფინანსო ანალიტიკოსებს შორის.
ინფორმაციის მოძრაობის ელემენტები მოქმედებენ, ერთი მხრივ, ზემოდან ქვემოთ, და მეორე მხრივ, ქვემოდან ზემოთ. ანალიტიკოსები უშვებენ ზემოდან წინასწარ სტრუქტურირებულ კითხვებს საწარმოს მენეჯმენტისათვის. თამაშის წესები მოითხოვს იმას, რომ ზუსტად დასმულ კითხვებზე გაცემულ იქნეს გარკვეული პასუხები. ამ გამოკითხვის მსვლელობაში შეიძლება გამოვლენილ იქნეს ცრუ ინფორმაცია. ნებისმიერი მენეჯერისათვის ცნობილია, რომ ცრუ ინფორმაციას, რომელიც შემოვიდა ანალიტიკოსის განკარგულებაში, შეუძლია მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი საწარმოს რეპუტაციას.
ამასთან ერთად საწარმოს უნდა ქონდეს ქვემოდან ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა ანალიტიკოსებთან თავისუფალი კომუნიკაციის პროცესში, რის გარეშეც მისი ანგარიშები შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ფორმალური პასუხები ზემოდან ადრე ჩამოშვებულ კითხვებზე. ასეთი ანგარიშები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ პერსპექტიული შენიშვნების სახით, რაც ჩამოყალიბებულია თავისუფალი ფორმით. მათში არსებული უზუსტობები არ შეიძლება იქნენ განსაზღვრულად გამოვლენილნი, თუმცა დროთა განმავლობაში ანალიტიკოსმა, რომელიც დაკავებულია საწარმოს პრობლემებით, შეიძლება გააცნობიეროს ის, თუ რამდენად სერიოზულად უნდა აღიქვას მენეჯერების ანგარიშები.
ფინანსური ანალიტიკოსები მენეჯმენტისათვის გაგზავნილი კითხვების საშუალებით ცდილობენ გაარკვიონ აქციონერთა პოზიცია. მენეჯერები თავისუფალი ფორმით პასუხების საშუალებით ცდილობენ იმის სიგნალირებას, თუ როგორ მუშაობენ ისინი საწარმოს მტკიცე განვითარების პრობლემების გადაჭრაზე3.
ამრიგად, ფინანსური ანალიტიკოსების სტრუქტუირებული და მკაცრი კითხვები მოითხოვს საწარმოსაგან გარკვეულ პასუხებს. საწარმოებში ფინანსური ანალიტიკოსებისათვის როგორც თავისუფალი ანგარიშები, ასევე კაპიტალის შიდა ბაზარი ახდენს ბაზრის მობილურობისა და სტრუქტურული თავისუფლების ვითარების შესწავლას. ინფორმაციის გაცვლა მენეჯერებსა და ფინანსურ ანალიტიკოსებს შორის (რომელიც გამოიხატება რეკომენდაციებში “ყიდვის”, “ფლობის”, “გაყიდვის” ტიპის აქციების თაობაზე) დამყარებულია ორი კომუნიკაციური მიმართულების – ზემოდან ქვემოთ სტრუქტუირებულისა და ქვემოდან ზემოთ თავისუფალის კომბინაციაზე.
ფინანსურ ანალიტიკოსებსა და მენეჯერებს შორის საკომუნიკაციო გაცვლა წარმოადგენს ნიმუშს საგარეო ურთიერთობების გადაყვანისათვის შიდასაფირმო დონეზე, ე.ი. ფინანსების მართვის სისტემასა და კაპიტალის შიდა ბაზარზე გადასვლისათვის.
სტრუქტუირებული კითხვებისა და არაფორმალური ანგარიშების შინაარსის დაზუსტებისათვის პრაქტიკაში შეიძლება გამოვიყენოთ ფინანსური ანალიტიკოსების მეთოდიკა. ამ მეთოდების ჩარჩოებში გამოიყენება რიგი მაჩვენებლები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორი ტიპის ინფორმაციას – მონაცემები მოგების შესახებ და ანგარიშების მონაცემები. ანალიტიკოსები, ჩვეულებრივ, ახდენენ განვლილი შედეგების შესახებ ფაქტიური ციფრული მასალის კომბინირებას საწარმოს მომავალი განვითარების ჯერ კიდევ გაურკვეველი პერსპექტივების შესახებ. თავდაპირველად ანალიტიკოსები შეისწავლიან მონაცემებს უკანასკნელ 3-5 წელიწადში ბალანსური მოგების დინამიკის შესახებ. მოგება გამოიხატება ერთ აქციაზე დივიდენდების აბსოლუტური სიდიდით ან პროცენტული შეფარდებით, შემოსავლებს ადარებენ ვალუტების კურსს და ფასების ზრდას. ამის შემდეგ ანალიტიკოსები შეისწავლიან ანგარიშებს. ანგარიშებში იგულისხმება შეტყობინებები, რომელთა საშუალებითაც საწარმო დროდადრო ყურადღებას ამახვილებს ახალი პროექტების შემუშავებებზე, ახალ პროდუქციაზე, ცვლილებებზე საწარმოო სიმძლავრეების განთავსებაში და ა. შ. რადგან თავისუფალი ფორმით შედგენილ ანგარიშებს ხშირად პიროვნული მიმართულება აქვს, ამიტომ მათ შეუძლიათ დაამახინჯონ საწარმოს რეალური მდგომარეობა. მაგრამ რადგან საუბარია არა ერთ ანგარიშზე, არამედ მათ მუდმივ ნაკადზე, ამიტომ არსებობს სისტემატური დამახინჯების გამოვლენის შესაძლებლობა.
ანგარიშების ანალიზის მეთოდი რამდენადმე განსხვავდება ფულადი გამოხატულებით მაჩვენებლების (მაგალითად, ქულების გამოთვლის სისტემის) გამოყენების გარეშე შემფასებელ ასპექტებზე ბაზირებული მიდგომებისაგან. შინაარსით ანგარიშები სრულიად თავისუფალია, თუმცა ადრესატმა (ანალიტიკოსმა) შეიძლება მოითხოვოს შემდგენლების მკაცრი დისციპლინა მოყვანილი არგუმენტაციის ჩამოყალიბებაში.
პრაქტიკაში ფინანსური ანალიტიკოსები თავს არიდებენ მომავლისათვის რაოდენობრივ მაჩვენებლებში პროგნოზების გაკეთებას, კერძოდ, მომავალ რამდენიმე წელიწადზე ფულის ნაკადების პროგნოზირებას. ისინი არ იყენებენ ფულის ნაკადის დისკონტირების მეთოდსაც (ყოველ შემთხვევაში ძირითადი სამუშაო ინსტრუმენტის სახით). ანალიტიკოსები მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ როგორც მოგებას (ისტორიულ და ამიტომ საიმედო რაოდენობრივ მაჩვენებლებს), აგრეთვე ანგარიშებს (მომავლის ტექსტურ ესკიზებს), ვიდრე ფულის ნაკადების პროგნოზებსა და მათ დისკონტირებას.
გარდა ამისა, საწარმომ პროექტების ხელმძღვანელებს ნება უნდა დართოს წარმოადგინონ ანგარიშები სრულიად თავისუფალი ფორმით. ანგარიშების ხარისხი და ფორმა განისაზღვრება კაპიტალის შიდასაფირმო ბაზრის აქტიური მონაწილეების (მოცემულ შემთხვევაში პროექტების ხელმძღვანელების) მოქმედებათა თავისუფლების ხარისხით.
ამგვარად, საწარმოს, რომელსაც განზრახული აქვს თავის შიდა ცხოვრებაზე კაპიტალის საგარეო ბაზრის პროექტირება, სჭირდება სამი ელემეტი – მანევრულობა, საინფორმაციო უზრუნველყოფა და კომუნიკაციები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial