გარდამავალი ეკონომიკა და დამო(უ)კიდებული მედია

მაკა ღანიაშვილი

ბათუმში ივლისში გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “საქართველოს ევროპული გზა”. კონფერენციაზე სხვა გამომსვლელებთან ერთად სიტყვით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე და აღნიშნა: “როცა ქვეყანაში ამ სახის პრობლემებია, ისინი სააშკარაოზე უნდა გამოიტანოს მას-მედიამ, ეს არის მისი უპირველესი ფუნქცია. საქართველოს ხელისუფლება ამაყობს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობით, რამაც თითქოს უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს ამ სფეროში შექმნილია უმძიმესი ვითარება, რომელიც დღითიდღე ემსგავსება არცთუ შორეულ კომუნისტურ წარსულს.

ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, გარდა “კავკასიისა”, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს. დანარჩენი ტელევიზიები მუშაობენ სახელმწიფოს უმკაცრესი ცენზურის ქვეშ და საინფორმაციო პოლიტიკას წარმართავენ სახელმწიფო მოხელეების მითითებითა და დაკვეთით. საერთოდ უარი ეთქვა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა საგამოძიებო ჟურნალისტიკა… ამჟამად იბარებენ და ამუშავებენ ბიზნესმენებს, რათა მათ რეკლამა არ განათავსონ “კავკასიაზე”…
რეკლამა რომ ნებისმიერი მედია-საშუალებისათვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, ადასტურებს თუნდაც ტელეკომპანია “კავკასიის” გარშემო ბოლო დროს ატეხილი სკანდალი. არხის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “ხელისუფლება შეაშფოთა კავკასიის ფინანსურმა წარმატებებმა – მოზიდულ იქნა ბევრი რეკლამა და გეგმავდა მის კიდევ უფრო გაფართოებას”, თუმცა ამ ეტაპზე ზოგიერთი პროექტის განხორციელება შეჩერებულია, რადგან როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, მიმდინარეობს იმ ბიზნესმენებზე ზეწოლა, რომლებიც “კავკასიაში” რეკლამას ანთავსებდნენ და ამით ცდილობენ არხს საარსებო წყარო გადაუკეტონ.
უკეთეს მდგომარეობაში არც ბეჭდური მედიაა, რომელიც ასევე სერიოზული სარეკლამო კამპანიების მიღმაა დარჩენილი, რაც პირდაპირ აისახება მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე. ის, რომ მედიის დამოუკიდებლობა მხოლოდ სამთავრობო და პოლიტიკური წრეებისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს დიდი ხანია აქსიომაა. ალბერტ კამიუს თუ დავესესხებით: “პრესა თავისუფალია მხოლოდ მაშინ, როცა ის არ არის დამოკიდებული არც სახელმწიფოს და არც ფულის მმართველობაზე.” შეიძლება ითქვას, რომ მედიის თავისუფლება სამ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:
1. პროდუქტის რეალიზაციიდან და რეკლამიდან მიღებული ფინანსები მედიის თავისუფლების ბურჯი და საფუძველთა საფუძველია. თუ მედია-საშუალებას აქვს საკმარისი ფინანსური შემოსავალი უშუალოდ მისი საქმიანობიდან, მაშინ მას გააჩნია ყველა ობიექტური პირობა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი;
2. შემდეგი პირობა, რომელსაც მედიის თავისუფლების ხარისხი ეყრდნობა, არის დემოკრატიული წყობის სიმყარე ქვეყანაში და პოლიტიკური ნება, რომელიც არ სდევნის ჟურნალისტიკას და ხელს არ უშლის მის განვითარებას. ეს ასეა თითქმის ყველა ქვეყანაში, რადგან არ არსებობს მსოფლიოში სახელმწიფო, სადაც უმტკივნეულოდ იღებენ მედიის თავისუფლებას. ყველა ხელისუფლებას სურს მასზე მორგებული ავტორიტეტული მედია; მმართველი წრეები ყოველთვის, მათ შორის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც, ცდილობენ ინფორმაციის “შელამაზებას” და საზოგადოებამდე ისე მიტანას, როგორც ეს ხელისუფლებისათვის არის ხელსაყრელი. მეორე მხარეა ის, თუ რამდენად ახერხებს ხელისუფლებაზე მორგებული ჟურნალისტიკა იყოს ავტორიტეტული აუდიტორიისთვის და აკმაყოფილებს თუ არა საზოგადოებას ინფორმაციის ის ნაკადი, რომელსაც პოლიტიკურ წრეებზე დამოკიდებული მედიისაგან იღებს?
3. მედიის დამოუკიდებლობის მესამე წყარო კი არის ჟურნალისტთა პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, რომელიც არ მისცემს მათ საშუალებას მიყიდონ პროფესია პოლიტიკოსს, ბიზნესმენსა თუ ნებისმიერ სხვას.
ეს ის ფაქტორებია, რომლებიც განაპირობებს მედიის თავისუფლების ხარისხს ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ ამჯერად მხოლოდ პირველი მათგანის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესახებ ვისაუბროთ და ვნახოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხარისხს მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. განვიხილოთ მედიის თავისუფლების ხარისხი განვითარებადი (კონკრეტულად კი ყოფილი საბჭოთა კავშირის) ეკონომიკისა და გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში. რა გავლენას ახდენს ეკონომიკური განვითარების ინდიკატორები მედიის თავისუფლების ხარისხზე?
მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა და მისი მნიშვნელობა
ბიზნესის თავისუფლება და განვითარებული საბაზრო ეკონომიკა პრესის დამოუკიდებლობის წინაპირობაა, დამოუკიდებელი და ობიექტური პრესა კი – ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედი. განვითარებადი ეკონომიკისა და დემოკრატიის ქვეყნებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებსა და საქართველოშიც, ცენზურა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მედიის თავისუფლების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, მნიშვნელოვანწილად ეკონომიკურმა ზეწოლამ ჩაანაცვლა. რა გზით მიიღწევა ფინანსური დამოუკიდებლობა და რამდენადაა შესაძლებელი საქართველოში არსებული საბაზრო ეკონომიკის განვითარების დონის გათვალისწინებით მედიის სრულ დამოუკიდებლობაზე საუბარი?
მედია-ბიზნესი ორმაგი ბუნებისაა – ის წარუდგენს საკუთარ პროდუქციას აუდიტორიას და აუდიტორიას – რეკლამის დამკვეთს, ანუ მედია უნდა იყოს საზოგადოების ინფორმირებულობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოხატვის საშუალება, ამასთანავე, მომგებიანი ბიზნესი. ასრულებს თუ არა განვითარების გარდამავალ ფაზაში მყოფი ქართული პრესა ორმაგ ფუნქციას – ემსახუროს საზოგადოებას და იყოს მომგებიანი ბიზნესი?
“იუნესკოს” 1991 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ: “დამოუკიდებელ პრესაში იგულისხმება პრესა, რომელიც არ ექვემდებარება სამთავრობო, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ კონტროლს, ან გაზეთების, ჟურნალების და სხვა პერიოდული გამოცემების გამოშვებისა და გავრცელებისათვის საჭირო მასალების მომწოდებლებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გავლენას.”
ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა კი შეუძლებელია თუ გაზეთი არ ვითარდება მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსებით, რაშიც ტირაჟის გაყიდვიდან და რეკლამიდან მიღებული შემოსავლები იგულისხმება. რეკლამა გაზეთის შემოსავლის მთავარი წყაროა და არამარტო განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში. სარეკლამო სივრცის გაყიდვა გაზეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წყაროა. თუმცა სარეკლამო ბიზნესის ჩამოყალიბება განვითარებადი ქვეყნებისათვის დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ეს არ ეხება მხოლოდ სარეკლამო ბიზნესს, არამედ მთლიანად საბაზრო ეკონომიკას. შეიძლება ითქვას, რომ ყველა განვითარებად, არასრულყოფილი დემოკრატიის ქვეყანაში ბიზნესს მონოპოლიურად უჭირავს ესა თუ ის სეგმენტი. იგივე ითქმის საქართველოზეც, სადაც ბიზნესის თითქმის ყველა სეგმენტი მონოპოლიზებულია ერთი ან მაქსიმუმ ორი კომპანიის მიერ. მაგალითად, ინტერნეტბაზარი მონოპოლიურად უჭირავს ერთ მსხვილ პროვაიდერს – “კავკასუს ონლაინს”, ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელი 2 კომპანიას – “ჯეოსელსა” და “მაგთის”, ფარმაცევტული ბაზარი – “პე-ეს-პე-სა” და “ავერსს” და სხვა. ლოგიკური ჯაჭვია – როდის აწარმოებს ბიზნესმენი აგრესიულ, ინტენსიურ სარეკლამო კამპანიას? როცა მას სურს ბაზრის რაც შეიძლება მეტ სეგმენტს მიყიდოს თავისი პროდუქტი; რატომ გააკეთებს ბიზნესკომპანია რეკლამას, თუ მას მონოპოლიურად უჭირავს ბაზრის გარკვეული სეგმენტი და იცის, რომ კონკურენტი არ ყავს? ეს ბიზნესის გაუმჭვირვალობა და არაკონკურენტუნარიანობაა, რაც ხელს უშლის სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებას. თავის მხრივ კი, რეკლამის მწირი მოცულობა ვერ უზრუნველყოფს მედიის სათანადო ფინანსურ დამოუკიდებლობას. ეს კი განსაკუთრებით ბეჭდვით მედიაზე ითქმის, რადგან საქართველოს მაგალითზე, ზემოთ ჩამოთვლილი და მათი მსგავსი სხვა მონოპოლიური კომპანიები რეკლამას ისევ ელექტრონულ მედიაში აკეთებენ, ამიტომ პრესა სერიოზული სარეკლამო კამპანიების მიღმა რჩება. ამაზე საქართველოს სარეკლამო ბაზრის 2005-2007 წლების სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს: 2005 წელს სარეკლამო ბაზრის მოცულობა 16 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2006 წელს – 14 მლნ, ხოლო 2007 წელს – 12 მილიონს. გარდა იმისა, რომ სარეკლამო ბაზრის მოცულობა წლიდან წლამდე მცირდება (რაც თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების სარეკლამო კამპანიის შეზღუდვითაა გამოწვეული), ამ მაჩვენებლებშიც ბეჭდვითი მედიის რეკლამის წილი მცირეა – მხოლოდ 12%-ია, მაშინ როცა ელექტრონულ მედიაზე (ტელევიზია და რადიო) 85% მოდის, დანარჩენი 3% კი ინტერნეტრეკლამას უჭირავს. 12 მილიონის 12% დაახლოებით მილიონ ნახევარი დოლარია, რაც, არასაკმარისია ქართულ ბაზარზე არსებული ასობით ბეჭდური მედიაორგანოს არსებობისათვის.
თუ მხედველობაში მივიღებთ სარეკლამო ბაზარზე არსებულ ამ სიტუაციას, გამოდის, რომ გაზეთების უმრავლესობას ლობირებს ოლიგარქები, პოლიტიკოსები ან ბიზნესმენები და შესაბამისად ისინი დამკვეთის ინტერესებს ასრულებენ.
ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია “Freedom House”-ის მსოფლიოში პრესის თავისუფლების ამსახველი 2008 წლის ანგარიში – “პრესის თავისუფლება 2007 წელს: გლობალური უკუსვლის წელი”, რომლის თანახმად, საქართველოს პრესის თავისუფლების სარეიტინგო ქულა 2007 წელს 3 პუნქტით გაუარესდა. წინა ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2006 წლის პერიოდს მოიცავდა, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგს განეკუთვნებოდა და 195 ქვეყანას შორის 120-ე ადგილი ეკავა, ხოლო მისი სარეიტინგო ქულა 57-ს შეადგენდა. 2008 წლის ანგარიშის მონაცემებით კი, მართალია, საქართველო კვლავ მიეკუთვნება ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგს, მაგრამ მისი სარეიტინგო ქულა ახლა უკვე 60-ია და სიაში 128-ე ადგილზე გადაინაცვლა.
მართალია, საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხის მაჩვენებლით ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს განეკუთვნება, მაგრამ არათავისუფალი ქვეყნების რიგს სულ ერთი ქულით ასცდა – საქართველოს სარეიტინგო ქულა 60-ია, 61 ქულა კი უკვე არათავისუფალი ქვეყნის სტატუსის მატარებელია. “Fრეედომ Hოუსე”-ის ექსპერტები საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზებზე საუბრისას 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან ერთად, სხვა ფაქტორებზეც მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ “მედია საშუალებების მფლობელების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის და ხშირად ჟურნალისტებმა და რეპორტიორებმა არ იციან მათი კომპანიის რეალური მფლობელის ვინაობა.”
თუ როგორ აისახება ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები პრესის დამოუკიდებლობაზე, ეს ნათლად ჩანს, ამავე ანგარიშში, რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში და შევადაროთ მათი ეკონომიკური განვითარების ინდიკატორები და პრესის თავისუფლების ხარისხი. თავი დავანებოთ აშშ-სა და დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს და შედარებისათვის მოვიყვანოთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. ამჟამად ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი სახელმწიფოების მაგალითს მოვიყვანთ: “Fრეედომ Hოუსე”-ის ანგარიშში არათავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდნენ აზერბაიჯანი (77 ქულა) და სომხეთი (66 ქულა), ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა უკრაინა (53 ქულა), ხოლო მედია თავისუფალია ესტონეთში, რომლის პრესის თავისუფლების სარეიტინგო ქულა 16-ია, ლიტვაში – 18 ქულა, ლატვიაში – 22 ქულა და პოლონეთში – 24 ქულა (რაც უფრო დაბალია ქვეყნის სარეიტინგო ქულა, მით მაღალია მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი).
ციფრებში უკეთ გასარკვევად დაწვრილებით უნდა განვიხილოთ “Fრეედომ Hოუსე”-ის მიერ რეიტინგების შედგენის მეთოდოლოგია: აღნიშნული ორგანიზაცია ამა თუ იმ ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხის შეფასებისას 3 პარამეტრს იყენებს – პოლიტიკური ზეგავლენა და პოლიტიკურ წრეებზე დამოკიდებულების ხარისხი ჯამური 100 ქულიდან 40 ქულით ფასდება, საკანონმდებლო ბაზა – 0-დან 30 ქულამდე და ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხი – ასევე 0-დან 30 ქულამდე. ეკონომიკური დამოუკიდებლობის შეფასების კრიტერიუმებია:
1. მთავრობის მიერ მედიის მესაკუთრეობისა და კონტროლის ხარისხი;
2. მედიის კერძო სექტორის მესაკუთრეთა გამჭვირვალეობა;
3. შეზღუდვები ჟურნალისტთა საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაში;
4. მედიის წარმოებისა და ბეჭდვის თანხები და სახელმწიფო გადასახადები;
5. რამდენად ცდილობს სახელმწიფო აკონტროლოს მედია სხვადასხვა სახის სუბსიდიებით ან რეკლამის საშუალებით?
6. ვინ უხდის ჟურნალისტებს – კერძო თუ საჯარო წყაროები და რამდენად აისახება ეს მათი დამოუკიდებლობის ხარისხზე?
7. ეკონომიკური სიტუაციის ზეგავლენა მედიის დამოუკიდებლობის ხარისხზე და პოლიტიკური პარტიების ან ბიზნესის მიერ ბეჭდვითი მედიის დაფინანსების მასშტაბები.
ეს ის პუნქტებია, რომელთა საშუალებითაც “Fრეედომ Hოუსე”-ის ექსპერტებს მედიის ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხი გამოყავთ. ახლა კი შევადაროთ პოსტსაბჭოური ქვეყნების მედიის ეკონომიკური დამოკიდებულების სარეიტინგო ქულები და მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე – ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებელია (იხ. ცხრილი):
შედეგი სახეზეა, მედიის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხი ეკონომიკური განითარების მაჩვენებლის პირდაპირპორციულია – რაც უფრო მაღალია ეკონომიკური განვითარების დონე სახელმწიფოში, მით უფრო დამოუკიდებელია ამ ქვეყნის მედია ბიზნეს წრეებისა თუ სახელისუფლებო ორგანოებისაგან. იგივეზე მეტყველებს არა მხოლოდ ციფრები, არამედ “Fრეედომ Hოუსე”-ს ექსპერტთა შეფასებები აღნიშნულ ქვეყნებზე. ამ შეფასებით, სომხეთში გაზეთების უმრავლესობა, მცირე გამონაკლისის გარდა, მთავრობის კონტოლის ქვეშაა. ბეჭდვითი მედიის მხოლოდ მცირე ნაწილია თვითდაფინანსებაზე, უმეტესობა კი დამოკიდებულია ბიზნესწრეებზე, რომელთაც თავის მხრივ, სახელმწიფო აკონტროლებს. მართალია, სადისტრიბუციო ქსელი კერძო საკუთრებაშია, მაგრამ არ არის კარგად განვითარებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევეა სატელევიზიო სადგურების უმეტესობა, რომელთა დიდ ნაწილსაც პოლიტიკური ძალები ან ბიზნესმენები აკონტროლებენ; მართალია, აზერბაიჯანში არის დამოუკიდებელი ოპოზიციური პრესა, მაგრამ სადისტრიბუციო ქსელი სახელმწიფოსადმი ლოიალურად განწყობილი კომპანიების საკუთრებაშია და გაზეთების უმეტესობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სტამბებში იბეჭდება; უკრაინაში, სადაც ბევრი კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გაზეთი, ტელე და რადიოსადგური არსებობს, მედია მრავალფეროვანია, მაგრამ ბევრი მედია-საშუალება სახელმწიფო დაფინანსებაზეა, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკური და პოლიტიკური ახალი ამბების მედიაზე. ინფორმაცია მედიის მესაკუთრეთა შესახებ ხშირად გაუმჭვირვალეა.
რაც შეეხება პოლონეთს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს: პოლონეთში როგორც ბეჭდვითი, ასევე სამაუწყებლო მედია, ძირითადად, კერძო მესაკუთრეების ხელშია. მართალია, ტელევიზიის რამდენიმე არხი კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგარამ კერძო სექტორის წილი სულ უფრო იზრდება. ლიტვაში 300-ზე მეტი კერძო საკუთრებაში მყოფი გაზეთი იბეჭდება. მედია-ბიზნესში იდება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციები, განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებიდან. სარეკლამო ბაზრის გამოკვლევების მიხედვით, რომელიც კომპანია TNS Latvia-მ ჩაატარა, 2007 წელს ლიტვის სარეკლამო ბაზრის მოცულობა 2006 წელთან შედარებით 15.6%-ით გაიზარდა (მაშინ, როცა საქართველოს სარეკლამო ბაზრის მოცულობა 2005 წლიდან მხოლოდ მცირდება, არ ვიცით მთლად ამის ბრალია თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ პარალელურად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს პრესის დამოუკიდებლობის სარეიტინგო ქულაც უარესდება), რომლის 45% ტელევიზიაზე, 25% კი ბეჭდვით მედიაზე მოდის. ლატვიაში ბეჭდვითი მედია, ძირითადად, დამოუკიდებელია და კერძო მესაკუთრეების ხელშია. შემოდიან უცხოური ინვესტორებიც, რომლებიც ფლობენ როგორც ბეჭდვით და სამაუწყებლო მედიასაშუალებებს, ასევე მედიის სადისტრიბუციო ქსელსა და საგამომცემლო ბიზნესს. გამოკვლევების მიხედვით, ლატვიაში (“TNS Latvia) 2007 წელს, წინა წელთან შედარებით, რეკლამის ბაზარი 24%-ით გაიზარდა, საიდანაც ტელევიზიის წილი 35%-ია, ბეჭდვითი მედიისა კი – 22%. ესტონეთში დაახლოებით 150 გაზეთია. სარეკლამო ბაზარი პატარაა, ამიტომ შემოსავალი რეკლამიდან არცთუ დიდია. მიუხედავად ამისა, 2007 წელს ესტონეთის სარეკლამო ბაზარი 28%-ით გაიზარდა, რომლის 40% ბეჭდვით მედიაზე მოდის. როგორც ვხედავთ, “Freedom House”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის მედიაზე უკეთეს მდგომარეობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ჟურნალისტიკაა.
გარდა ამისა, მოვიყვანოთ “გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში – 2007-2008”-ის მონაცემებიც, რომელიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პოლიტიკური ლიდერებისა თუ ბიზნესმენებისათვის უფრო სრულყოფილი ეკონომიკური პოლიტიკისა და ინსტიტუციური რეფორმების ჩამოსაყალიბებლად. რეიტინგი ეფუძნება ღია სტატისტიკურ მონაცემებსა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელთა გამოკითხვის შედეგებს, ყოველწლიურ ფართომასშტაბიან კვლევას, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი ატარებს პარტნიორ-ორგანიზაციათა (კვლევითი ინსტიტუტები და კომპანიები) ქსელთან ერთად. მიმდინარე წელს გამოიკითხა 11000 ბიზნეს-ორგანიზაციის ლიდერი მსოფლიოს 131 ქვეყნიდან; ანკეტა მოიცავდა ბიზნესკლიმატზე ზემოქმედი ფაქტორების ფართო წრეს, ანგარიშში აგრეთვე ჩართულია ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების დეტალური მიმოხილვა. საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით 90-ზე ადგილზეა, სომხეთი – 93-ზე, აზერბაიჯანი – 66-ზე, უკრაინა – 73-ზე, რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს – ესტონეთი რეიტინგში 27-ზე ადგილზეა, ლიტვა – 38-ე, ლატვია – 45-ზე, პოლონეთი კი – 51-ზე პოზიციაზე.
ამ მონაცემების მიხედვით უკვე ადვილია გავცეთ პასუხი კითხვას – რა უშლის ხელს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, პრესის თავისუფლებას? ფაქტია, რომ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემსა და რეიტინგში საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანსა და უკრაინაზე წინ ყოველთვის ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან. აქედან გამომდინარე, პასუხი მარტივია: იქ, სადაც სარეკლამო ბაზარი არ არის განვითარებული, სადაც ბიზნესის განვითარების კოეფიციენტი არანორმალურია, გნებავთ საქართველოში და გნებავთ ნებისმიერ განვითარებად ქვეყანაში, რთულია ვილაპარაკოთ თავისუფალ პრესაზე.
მედია-ბაზრის სარეკლამო პირამიდის ყოველი საფეხური (ტელევიზია, რადიო, ბეჭდვითი მედია, ინტერნეტი) უნდა იკვებებოდეს სრულიად საკმარისად პირამიდული მეთოდით. ყოველდღიური ტელევიზიის ხარჯები ბევრად აღემატება ბეჭდვითი მედიის გამოცემის ხარჯებს და ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდი მოცულობის და ძვირი რეკლამა მიდის ტელევიზიაში, მაგრამ აქ ლაპარაკია მედია-ბაზრის თვითრეგულირების დარღვეულ ბალანსზე. როცა ირღვევა თვითრეგულირების პრინციპი, აუცილებლად იზღუდება პრესის თავისუფლება.
როგორც ანალიზიდან ჩანს, ქართული მედია დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით დიდად ვერ გამოირჩევა და ეს მაშინ, როცა მედიას, საბაზრო ეკონომიკის ფორმირების, გარდამავალი დემოკრატიის პირობებში შეუძლია საზოგადოებას მისცეს პოლიტიკური და ეკონომიკური ორიენტირები, გახადოს იგი მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილე, გააცნოს ყველაზე მთავარი – რეალური ამბები. ასრულებს თუ არა ქართული ჟურნალისტიკა ამ ფუნქციას და რამდენადაა ის თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ერთ-ერთი კომპონენტი? ეს კითხვა ყოველთვის და ყველგან აქტუალურია, ვინაიდან ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი მთავრობა ცდილობს შეზღუდოს ხალხის უფლებები და ზეგავლენა მოახდინოს ინფორმაციაზე, რომელიც მათ მიეწოდება.
ამას ემატება განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური პროცესების ინფორმაციული სივრცის თავისებურებანი, როდესაც ეს ინფორმაცია ხშირად გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, რისი შედეგიც არის სტატისტიკური მონაცემების უზუსტობა, ხელისუფლების მიერ საბიუჯეტო და მიკრო-მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლების, ხოლო ბიზნესწრეების მიერ ინფორმაციის დამახინჯება. ამას ემატება ის, რომ ჟურნალისტიკა (თუ დამოუკიდებლობის იმ ხარისხსაც გავითვალისწინებთ, რაც ზემოთ აღვნიშნეთ) ხშირად გვევლინება ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმებისა თუ რომელიმე ბიზნეს-ორგანიზაციის პიარსაშუალებად. ეს თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეკონომიკური პროცესების ტრანსფერაბელურობასა და გამჭვირვალეობას. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – რეალურად რა როლი აკისრია ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტიკას, არის კი იგი ეკონომიკური რეფორმების პიარი თუ ოპონენტი?
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოში მოვლენები კომპლექსურად ვითარდება და იცვლება, ამდენად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რაიმე ანალიზსა და შედეგებზე საუბარი შეუძლებელია. ნებისმიერი სფეროში მოვლენები მიზეზ-შედეგობრივად ერთმანეთთანაა დაკავშირებული და იკვეთება, აღარაფერი არსებობს იზოლირებულად და განცალკევებულად. ქრება ტრადიციული საზღვრები პოლიტიკას, ეკონომიკასა და მედიას შორის. ყველაფერი ერთმანეთშია არეული: ეკონომიკა – პოლიტიკაში, პოლტიკა – ჟურნალისტიკაში, ჟურნალისტიკა კი – პიარში. იშლება საზღვრები და თუ პროცესები მიჯნასა და კვეთაზე არ განვიხილეთ, მოვლენის არსს ვერ ჩავწვდებით – საბაზრო ეკონომიკის, ბიზნესისა და სარეკლამო ბაზრის განვითარება არის პირველი წყარო პრესის თავისუფლებისათვის, პრესის თავისუფლება, თავის მხრივ, არის გარანტია ბიზნესის ტრანსფერაბელურობის, კონკურენტული გარემოს შექმნის და საკუთრების უფლების დაცვისა. საკუთრების უფლება კი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. მაგრამ, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საქართველოში დამოუკიდებელი პრესის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ბიზნესის განვითარების დაბალი დონეა, რასაც კონკურენტული ბიზნესის განვითარების კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი და ბევრ ბიზნესსექტორში მონოპოლიური მდგომარეობა ემატება. ყოველივე ეს ერთად კი ამუხრუჭებს სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებას. სარეკლამო ბაზრიდან დაბალი შემოსავალი კი, რაც ტირაჟის გაყიდვიდან მიღებულ ფინანსებთან ერთად გაზეთის დამოუკიდებლად არსებობის ერთადერთი საშუალებაა, ლოგიკურად ხდის ამა თუ იმ მედია-საშუალებას ვიღაცაზე დამოკიდებულს. ეს ვიღაც კი ძირითადად პოლიტიკოსი ან ბიზნესმენია. ასე, რომ კვლავ ათვლის საწყის წერტილს ვუბრუნდებით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial