უცხოეთში გადახვეწილები წნეხის ქვეშ

ნინო არველაძე

სიდუხჭირისგან გაქცევისა და უკეთესი მომავლის შექმნის იმედით ლეგარულად თუ არალეგარულად ბევრი ქართველი სამშობლოს ტოვებს და უცხოეთში ბედის საძიებლად მიეშურება. ხშირ შემთხვევაში ვარდისფერ ოცნებას მძიმე და მონური სამუშაო ცვლის, სამშობლოდან გადახვეწილი ქართველები კი თავს არ ზოგავენ და სხვა ქვეყნებიდან ცდილობენ საკუთარი ოჯახების შენახვას, მათი ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკაში შემოდის.

ასე ზრუნავენ ქართველი ემიგრანტები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე ფულის ყველაზე დიდი მოცულობა გზავნილების სახით მეზობელი რუსეთიდან შემოედინებოდა – 53.5 მლნ აშშ დოლარი, რაც გზავნილების მთლიანი მოცულობის 63.4%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ფულადი გზავნილების მოცულობამ 62.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ მონაცემებს 10.1 მლნ აშშ დოლარით აღემატებოდა. მიმდინარე წელს ფინანსური კრიზისის გამო აშშ-დან ფულადი ნაკადების შემოდინება შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბერში ნელა, მაგრამ მაინც აღდგა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია. ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 91.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7%-ით მეტია გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4% მოდის რვა დონორ ქვეყანაზე, საიდანაც გზავნილების მოცულობა ერთ მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

მსოფლიო გამოცდილება
მილიონობით დასაქმებული მიგრანტი სახლში ხელფასს აგზავნის და დედამიწას ყოველდღიურად უზარმაზარი თანხები კვეთს. ფულის ასეთი მოძრაობა ყოველი 10 ადამიანიდან ერთს მნიშვნელოვნად ეხმარება, მაგრამ ფინანსური კრიზისის კბილების ღრჭიალი უფრო და უფრო მკვეთრი ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ის დასაქმებულები არიან, რომლებიც ეხლა საკუთარ სამშობლოში მოგზაურობენ და უცხოეთში სარჩოს საძებრად აღარ მიდიან. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ფულადი გზავნილების შემსწავლელ ჯგუფს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მიგრანტები ფულს ზოგავენ, საკუთარი თავისთვის მხოლოდ მინიმალურ თანხებს ხარჯავენ, დანარჩენს კი სამშობლოში აგზავნიან. მადრიდში, ავსტრიაში და აშშ-ში ხშირად შეხვდებით აზიელ მიგრანტებს, რომლებსაც დოკუმენტები არ აქვთ, ისინი ძირითადად ოჯახების სარჩენად არიან უცხოეთში გადახვეწილნი.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, წელიწადში უხილავი ფულადი გზავნილები 350-600 მლრდ დოლარის მოცულობისაა. ძალიან რთულია ზუსტი რიცხვების დადგენა, რადგან ფული იგზავნება ბანკების საშუალებით და ასევე არაოფიციალური ბროკერების მეშვეობით. მაგრამ ის კი დადგენილია, რომ ფულადი გზავნილების მოცულობა სამჯერ აღემატება იმ თანხებს, რომლებსაც მდიდარი ქვეყნის მთავრობები და საერთაშორისო ინსტიტუტები დახმარების სახით უგზავნიან განვითარებად ქვეყნებს. ფულადი გზავნილების მოცულობა წლიდან წლამდე 30%-ით იზრდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ის მკვეთრად შემცირდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2009 წელს 150 მლნ მიგრანტის ფულადი გზავნილები სამშობლოში 1%-ით შემცირდება.
მექსიკა ფულადი გზავნილების მიხედვით მსოფლიოს მესამე უმსხვილესი მიმღებია, პროგნოზის მიხედვით, 2008 წელს შარშან დადგენილი 23.8 მლრდ დოლარის შემოსავალი 8%-ით შემცირდება.
ფინანსური კრიზისის გამო მომდევნო წლებში ფულადი გზავნილების მოცულობა არ გაიზრდება.
მიგრანტები ოჯახების გამოსაკვებად თავდაუზოგავად შრომობენ და ხშირად მათი ფულადი გზავნილები განვითარებადი ქვეყნების შემოსავლის უშრეტი წყაროა.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ექსპერტი ფულადი გზავნილების საკითხებში პედრო დე ვასკონსელოსი აცხადებს, რომ მიმდინარე ფინანსურ კრიზისს გლობალური მასშტაბით ანალოგი არ მოეძებნება, რადგან ეს უკანასკნელი მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს ერთნაირი სიძლიერით უტევს.
წარმოვიდგინოთ, რომ ემიგრანტ დასაქმებულს 1 500 დოლარის ოდენობის შემოსავალი აქვს და აქედან 20-50%-ს სამშობლოში საკუთარ ოჯახს უგზავნის. მდგომარეობის გართულებასთან ერთად ისინი შეეცდებიან საკუთარი თავისთვის შემოსავლის მინიმუმი გამოიყენონ და ამ გზით ფულადი გზავნილების მოცულობა შეინარჩუნონ, მაგრამ გარდაუვალია ემიგრანტების ცხოვრების დონის გაუარესება. ბევრი მიგრანტი აშშ-ში მომსახურების ინდუსტრიაშია დასაქმებული და როდესაც მდიდარი ამერიკელები დანახარჯების შემცირების მიზნით პარასკევის ვახშამზე, ძიძასა და მოსამსახურებაზე უარს იტყვიან, მაშინ დადგება მიგრანტებისთვის მძიმე დღეები. აშშ-ში კი უკვე დენთის სუნი ტრიალებს, არავინ იცის, თუ როგორ დატრიალდება მათი ბედის ბორბალი, თითოეული ხარჯების შემცირებას ცდილობს. სამწუხაროა, მაგრამ ფულადი გზავნილების შემცირებასთან ერთად განვითარებად ქვეყნებს საზღვარგარეთიდან სხვა წყაროს შემოსავლებიც შეუმცირდებათ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დახმარება და უცხოური ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებში წელიწადში 1 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც ფინანსური კრიზისის გამო შესაძლებელია განახევრდეს. ფულადი გზავნილები უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს უღარიბესი ქვეყნებისათვის.
ზოგიერთის აზრით, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ფული პირდაპირ ოჯახის წევრის ჯიბეში ხვდება, ანუ აღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც ის ნამდვილად სჭირდება. მაგრამ არსებობენ ამ მოსაზრების მოწინააღმდეგენიც. მათი აზრით, ფულადი გზავნილები სოციალურად დამანგრეველ და პოლიტიკურად სახიფათო მისიას ასრულებს და მაგალითად მოჰყავთ ქვეყნები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანებს უცხოეთს მიაშურონ, რათა შეამცირონ უმუშევრობის მაჩვენებელი და პოლიტიკური დაძაბულობა. არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნიდან დოქტორის კვალიფიკაციის ან სხვა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ძიძის კვალიფიკაციის მისაღებად ტრეინინგებს გადიან, მათი მიზანი უცხოეთში წასვლაა და ამის გამო მზად არიან კვალიფიკაცია ჩამოიქვეითონ.
მსოფლიო ბანკში კი კვლავ ამტკიცებენ, რომ ფულადი გზავნილები ღარიბ ქვეყნებს სიღარიბის დაძლევაში ეხმარება, ამ ფულის საშუალებით ოჯახები თავს ირჩენენ, ბოლოს და ბოლოს ჩვენ სწორედ ხალხისთვის ვცდილობთ და გვსურს მსოფლიო განვითარება – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2002 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების მოცულობა გაორმაგდა და 350 მლრდ დოლარს გადააჭარბა. აღურიცხავი ფულადი გზავნილები და ფულის გათეთრება ხშირად მჭიდროდაა დაკავშირებული. მსოფლიო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ოფიციალურ ფულად გზავნილებზე გადასახადების შემცირებას. ერთ-ერთი გამოსავალია საფოსტო სისტემის შექმნა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება შექმნას გლობალური ფულადი გზავნილების სისტემა, ან მობილური ტელეფონების საშუალებით შესაძლებელი გახდეს ფულადი გზავნილის მიღება და გაგზავნა. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება განვითარებადი ქვეყნებისათვის. კერძო სააგენტოები “ვესტერნ იუნიონი” და “მანიგრამი” ყოველ წელს აფართოვებდნენ სამუშაო არეალს მსოფლიო მასშტაბით, მათი ბიზნესი ყოველწლიურად 6%-ით იზრდებოდა. ეჭვგარეშეა, რომ ღარიბი ქვეყნების ეკონომიკაზე საზღვარგარეთული ფულადი გზავნილები დადებითად აისახება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ეს თანხები უკეთესი მიზნისათვის დაიხარჯოს. ამიტომ ტრანზაქციების გაიოლება ფულის დამალვის რისკის დაზღვევის თანხლებით განვითარებად ეკონომიკებზე დადებითად აისახება.