ძირითადი ბარიერები მეწარმეობის განვითარებისთვის საქართველოში

ალექსანდრა ლალიაშვილი

2013 წლის 24 სექტემბერს მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკმა გააკეთა ახალი ანგარიშის პრეზენტაცია ”მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში”. მრგვალი მაგიდის სადისკუსიო პანელის დროს ისაუბრეს კერძო სექტორის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და მთლიანად გლობალური ეკონომიკისთვის.

მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი ბარიერები მეწარმეობის განვითარებისთვის საქართველოში, როგორიცაა: ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, ინოვაციების სიმცირე და შესაბამისი სამეწარმეო უნარები და განათლება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მთავრობისა და კერძო სექტორის როლზე ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის შექმნასთან დაკავშირებით.

1

ნებისმიერი ქვეყნისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძირითადად ისინი არიან სამუშაო ადგილების შემქმნელი ქვეყანაში. მსოფლიო განვითარების 2013 წლის ანგარიშში მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა მსოფლიოს მასშტაბით არის ნომერ პირველი ამოცანა, რამაც უნდა გადაჭრას ნომერ პირველი პრობლემა – უმუშევრობა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა აქტუალურია საქართველოსთვისაც.

პირველად მსოფლიოში მცირე ბიზნესის დახმარების გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო. სახელმწიფო კერძო საფინანსო სამსახურს აძლევს სესხის ნაწილის დაფარვის გარანტიას. კერძოდ, თუ მცირე მეწარმის აღებული სესხი არ აღემატება 750 ათას ამერიკულ დოლარს, მეწარმის გადახდისუუნაროდ შექმნის შემთხვევაში სახელმწიფო ფარავს კრედიტის 75%-ს. ხოლო თუ კრედიტი 100 ათას დოლარს არ აღემატება, გარანტია 80%-ზე გაიცემა. ანალოგიური პროგრამა მოქმედებს დიდ ბრიტანეთშიც. გერმანიაში მცირე საწარმოების ინვესტირებისთვის სახელმწიფო გასცემს უსასყიდლო სუბსიდიებს, რომელიც მთლიანი კაპიტალის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. საფრანგეთში მცირე ბიზნესის დაკრედიტებაზე მოქმედებს 50-მდე ორგანიზაცია, მათ შორისაა ”მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ბანკი”. მცირე ბიზნესის დასაცავად ამერიკის შეერთებული შტატები ჯამში დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს ხარჯავს ყოველწლიურად, დიდი ბრიტანეთი კი მხოლოდ იაფი კრედიტებისთვის 50 000 ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულია მთლიან დასაქმებულთა 25%, მაშინ როდესაც ინგლისში ეს მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს, ხოლო გერმანიაში 80%-ს.

2

მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელიც საქართველოში მეწამეობის განვითარებას ეხება, ნათქვამია, რომ, გამოკვლეულ საწარმოთა 62%-ის დამფუძნებელი ერთი ადამიანია, მათგან 20%-ია ქალი. კვლევაში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ მხოლოდ მაღალტექნოლოგიური დარგების საწარმოების დამფუძნებელთა დიდი ნაწილია მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მფლობელი, სხვა შემთხვევაში დამფუძნებლები, ძირითადად, განათლების უფრო დაბალი საფეხურით ხასიათდებიან. საწარმოთა დამფუძნებლების განათლების საერთო დონის მიხედვით საქართველო ჩამორჩება სომხეთის მაჩვენებელს. საქართველოში საწარმოთა დაამარსებლების 44%-ს ბაკალავრის დიპლომა აქვს, 32%-ს ტექნიკური განათლება.

გამოკვლეულ კომპანიაში დასაქმებულების საშუალო რაოდენობა 12 კაცია, ყველაზე მეტი 220 დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიების 90%-ს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში არანაირი მარკეტინგული კვლევა ბაზართან დაკავშირებით არ ჩაუტარებია და არც მომავალში აპირებს, მაშინ როცა სომხეთში კომპანიების 50% ბაზარში შესვლამდე ბაზრის საფუძვლიან კვლევებს ატარებს. როგორც მცირე მეწარმეთა გამოკითხივიდან ირკვევა, საქართველოში მათთვის მთავარი პრობლემებია საბაზრო რისკებთან და ტექნიკურ რისკებთან დაკავშირებული გაურკვევლობები და დასაქმებულთა კვალიფიკაციის დაბალი დონე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოკითხული მეწარმეების მხოლოდ 7%-მა თქვა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში ცდილობდა რაიმე ინოვაცია დაენერგა ბიზნესის წარმოების დროს. სომხეთში კი ეს მაჩვენებელი 67%-ია. ინოვაციების დანერგვა კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნომერ პირველი წინაპირობაა.

3

ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას აძლევს რეკომენდაციას შეიმუშაოს საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც დაეხმარება ქვეყანას მცირე მეწარმეობის განვითარებაში. პირველ რიგში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოსათვის ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, ბანკის ექსპერტები ურჩევენ მთავრობას შეიმუშაონ მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური სახსრების ხელმისაწვდომობის გამარტივებისათვის გარკვეული რეფორმები. სავალალოა ის მაჩვენებელი, რომ საქართველოში დამფუძნებელთა 90% ბიზნესს საკუთარი სახსრებით იწყებს, მხოლოდ 20% იწყებს საქმიანობას სრულად ბანკის ან ბანკისა და საკუთარი სახრებით ერთად.

მსოფლიო ბანკის ექსპერტები ასევე უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიიჩნევენ საგადასახადო სისტემის სირთულეს. მეწარმეებს უჭირს ცვლილებებისთვის თვალის დევნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მხოლოდ 2011 წელს საგადასახადო კოდექსში 285 ცვლილება შევიდა, 2012 წელს კი 135. ამიტომაც ურჩევენ ექსპერტები მთავრობას მეტ სტაბილურობას საკანონმდებლო ბაზასთან მიმართებაში.

4

გარდა საკანონმდებლო და ინსტუტუციონლური გარემოს დახვეწისა, მსოფლიო ბანკის ექსპერტები მთავრობას ასევე აძლევენ რეკომენდაციას უმაღლესი განათლების სისტების რეფორმირებისა, რადგან ნებისმიერ საერთაშორისო კვლევაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს კვლევას ეხება, განათლების დაბალი დონე ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად სახელდება. საქართველოსთვის განსაკუთრებით მწვავედ დგას კერძო სექტორის განვითარების პრობლემა. 2003-2011 წლებში საქართველოს მშპ-ს ზრდის 60-70% ვაჭრობაზე მოდის. მაღალია უმშევრობის დონეც, რომელიც აჭარბებს როგორც მეზობელი ქვეყნების უმეტესობის დონეს, ისე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელს 7%-ს. დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალგაზრდებს შორისაა. ფორმალურად დასაქმებულია სამუშაო ძალის მხოლოდ 30%. თვითდასაქმებულია 64%. ამასთანავე, ”უმუშევართა შორის აბსოლუტური უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს. მაგრამ ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების მიუხედავად, აღინიშნება სამუშაო უნარების და კომპეტენციის დაბალი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი უფსკრულია განათლების სისტემასა და რეალურ სექტორის საჭშიროებებს შორის” – ვკითხულობთ მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქართული კომპანიები (განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები) არ ცდილობენ გაყიდვების არის გაფართოებას და მხოლოდ აგილობრივი, ხშირად რეგიონული ბაზრებით კმაყოფილდებიან ქვეყნის შიგნით, მაშინ როცა, მაგალითად, სომეხი მეწარმეები ძირითადად საერთაშორისო ბაზრებზე არიან თავიდანვე ორიენტირებულნი. საწარმოების 75% ადგილობრივი რეგიონალური ბაზრებით კმაყოფილდებიან და მხოლოდ 11% ცდილობს გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე.

საქართველოში ძალიან მაღალია ეკონომიკის არაფორმალური სექტორის წილიც. 2002 წელს საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის წილი მშპ-ს მთლიან მოცულობაში 67.3% იყო, მაშინ როცა ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 23%-ს შეადგენდა. მართალია, 10 წლის მანძილზე არაფორმალური ეკონომიკის წილი შემცირდა 2010 წელს 22%-იან მაჩვენებლამდე, ეს მაინც არასახარბიელო მაჩვენებელია. ამჟამად საქართველოში მცირე მეწარმეთა რიცხვი დაახლოებით 85 000-ია. თბილისში თითოეული ასეთი ბიზნესმენის დაქვემდებარებაში საშუალოდ 7-მდე, ხოლო რაიონებში 4-მდე თანამშრომელი საქმიანობს. ყურადსაღებია, რომ ზემოთ ნახსენები 85 000 მეწარმიდან 35 000 იხდის გადასახადებს. რიცხვებს შორის ასეთი განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. ”ჩრდილოვანი” და ”რუხი” ეკონომიკის არსებობაა.

როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, რადგან ამ სახის პრობლემების მოგვარებაში სახელმწიფოს როლი უალტერნატივოა. ბიზნესის განვითარება საქართველოში მჭიდროდ უკავშირდება ფინანსურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა მნიშვნელოვანი ხასიათის ფაქტორებს. მათ არსში გარკვევა და პრაქტიკაში გამოყენება ბიზნესმენთა მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის აუცილებელი პირობაა. მართალია, დღესდღეობით გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, თუმცა, ჯერ კიდევ საჭიროა სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, რათა რეალურად მივიღოთ ის შედეგები, რასაც ითვალისწინებს თეორიული გადაწყვეტილება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.