ევროკავშირმა საქართველოს GSP+ გაუგრძელა

მაკა ღანიაშვილი

განვითარებადი ქვეყნებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათი საექსპორტო შესაძლებლობების მსოფლიო ბაზარზე მაქსიმალურად რეალიზაციას. სხვაგვარად შეუძლებელია სიღარიბის დაძლევა და ამა თუ იმ ქვეყნაში ეკონომიკური ზრდის მიღწევა. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც საქართველოა.

ქართველი მწარმოებლებისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზართან – ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხების შესახებ ინფორმაციის გამარტივებული სახით მიწოდებას. ამ მიზანს ემსახურება 2006 წელს ბრიუსელში ქართული და ევროპული კომპანიების მიერ დაარსებული ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC), რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებასაც წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინვესტიციებისა და სავაჭრო ბრუნვის ზრდისათვის ხელშეწყობა.
ამ მიზნით მიმდინარე წლის 12 დეკემბერს EUGBC-მ მოაწყო სემინარი თემაზე: რა უნდა იცოდნენ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად. სემინარი დააფინანსა ევროკავშირმა. სემინარზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: გაირ ვესტგაარდი – Statoil Hydro-ს ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ძირითადი წევრი; საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის წარმომადგენელი თამარ მიქაძე; თამარ ბერუჩაშვილი – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და ჯემალ ინაიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ძირითადი წევრი.
როგორც გაირ ვესტგაარდმა განაცხადა:StatoilHydro არის მნიშვნელოვანი ინვესტორი საქართველოს ეკონომიკისათვის, რადგან ის მონაწილეობს 2 მნიშვნელოვან მაგისტრალში – სამხრეთისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალში. StatoilHydro ასევე არის საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამიტომაც ვმონაწილეობ ამ სემინარში. ამ სემინარის მიზანია ხელი შეუწყოს ექსპორტს ევროპაში; EUGBC-ს ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა სემინარების მოწყობაა, რათა დახმარება გაეწიოს მცირე და საშუალო ბიზნესებს. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო GSP+-ის სტატუსი, რომელიც შეეხება საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებს, მაგრამ არსებობს სხვა პროცედურებიც, რომელთა შესახებაც აუცილებელია იცოდნენ ქართველმა ექსპორტიორებმა, რათა შეძლონ ევროკავშირის ბაზრის ათვისება. ამიტომაც ვართ ჩვენ აქ.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა ასევე საქართველოსათვის GPS+-ის გაგრძელების მნიშვნელობას: როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის წევრია. სულ 2 დღეა დამთავრდა ყოველწლიური შეხვედრა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირს შორის და მინდა რამდენიმე პოზიტიური სიახლე გაცნობოთ: პირველი ის, რომ საქართველოს გაუგრძელდა GSP+-ი 2011 წლამდე და ეს, რასაკვირველია, უნარჩუნებს საქართველოს იმ პრივილეგიას, რაც შეიძლება ჰქონდეს მას ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი იმით, თუ როგორ ვიყენებთ ამ GSP+-ს, მაგრამ შეღავათები არსებობს, რომელიც ქვეყანას კიდევ სამი წლით გაუგრძელდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ და გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები და შეღავათები, რასაც ეს რეჟიმი გვაძლევს. გარდა ამისა, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა – ჩვენ ველით, რომ 2009 წელს დაიწყება მოლაპარაკება ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე. ეს არ იქნება მარტივი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, არამედ იქნება ფართო და ყოვლისმომცველი და ძალზე მნიშვნელოვანი არა მარტო სავაჭრო, არამედ საინვესტიციო ბიზნეს ურთიერთობების განვითარებისთვისაც. ამასთანავე, ევროკავშირმა ფაქტობრივად გააქტიურა ის თემა, რომელიც ეხება აღმოსავლეთის პარტნიორობას. მართალია, ამ მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკა ჯერ არ არის შემუშავებული, მაგრამ არსებობს ევროკომისიის კარგად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელსაც წევრი ქვეყნები განიხილავენ და ალბათ მომავალში ჩამოყალიბდება, როგორც ევროკავშირის პოლიტიკური კურსი რამდენიმე კონკრეტული ქვეყნის მიმართ. აღმოსავლეთის პარტნიორობა გულისხმობს ექვს ქვეყანასთან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და სავარაუდოდ ბელორუსია), უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას; ეს არის კვლავ ვაჭრობისა და ინვესტიციების სფერო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისათვის. ყოველივე ამის გამოყენებას კი უნდა სერიოზული ცოდნა, გამოცდილება, კონტაქტები და პარტნიორები.
სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ პოლიტიკისა და სამართლის ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი და საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის და სამართლის საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ხვთისიაშვილი. ისინი ქართველ მეწარმეებს ესაუბრნენ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის შექმნასა და განვითარებაზე; ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყნების მიმართ წარმოებული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ; ევროკავშირის სატარიფო პოლიტიკაზე მესამე ქვეყნებთან; ევროკავშირთან ვაჭრობაში არსებულ სატარიფო და არასატარიფო ბარიერებზე (საიმპორტო ტარიფები, აქციზი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, სტანდარტები და სხვა მოთხოვნები); ინტერნეტ-ცნობარზე, რომელიც შექმნილია ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მსურველი მეწარმეებისათვის; საბაჟო, სააქციზო და დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის კონკრეტულ მაგალითებზე და სხვა.
ეს ის თემებია, რომელთა განხილვასაც ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე არაერთი გვერდი დაეთმო, ამიტომ მკითხველს მათი გამეორებით თავს აღარ შევაწყენთ. თუმცა უფრო ვრცლად შევჩერდებით GSP+სა და საქართველოსათვის მისი გაგრძელების თემაზე, მით უმეტეს, რომ ამ საკითხის მნიშვნელობას სემინარის თითქმის ყველა მონაწილემ გაუსვა ხაზი.

გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ (UNCTAD) 1968 წელს რეკომენდაცია გაუწია სატარიფო პრეფერენციების განზოგადებული სისტემის (GSP) ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც განვითარებულ ინდუსტრიულ სახელმწიფოებს სავაჭრო შეღავათები უნდა მიენიჭებინათ განვითარებადი ქვეყნებისათვის. GSP-ს ძირითადი არსია ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მხრიდან ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნებისათვის ექსპორტის ხელშეწყობასა და განვითარებაში დახმარება.
ამ მიზნით განვითარებული ქვეყნები GSP-ით მოსარგებლე ქვეყნებს ანიჭებენ გარკვეულ შეღავათებს ურთიერთვაჭრობაში, კერძოდ, აწესებენ ბენეფიციარი ქვეყნებიდან ექსპორტირებულ საქონელზე საიმპორტო ტარიფის საბაზო განაკვეთებთან შედარებით შემცირებულ განაკვეთებს. ამგვარი შეღავათი, რომელიც ბენეფიციარებს ენიჭებათ ცალმხრივ საფუძველზე (საპასუხო შეღავათების მიღების გარეშე), აადვილებს მათი საქონლის შეღწევას განვითარებული ქვეყნების ბაზარზე, ზრდის მის კონკურენტუნარიანობას და ეხმარება განვითარებად ქვეყნებს თავიანთი საექსპორტო წარმოების განვითარებაში.
დღეისათვის GSP შეღავათებს თავის სავაჭრო პარტნიორებს ანიჭებენ: ევროკავშირი, აშშ, ავსტრალია, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, შევეიცარია, ნორვეგია, რუსეთის ფედერაცია, ბელორუსია და თურქეთი.
საქართველო GSP-ს ბენეფიციარის სტატუსით სარგებლობს ევროკავშირთან, აშშ-სთან, კანადასთან, შვეიცარიასთან, იაპონიასთან და თურქეთთან. ევროკავშირის მიერ დაწესებული შეღავათების (პრეფერენციების) ზოგადი სისტემით საქართველო 1999 წლიდან სარგებლობს, რომლის წყალობითაც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებულ საქონელზე საბაჟო მოსაკრებლები გაუქმდა.
2005 წელს საქართველოზე გავრცელდა ევროკავშირის შეღავათების ზოგადი სისტემის მეორე რეჟიმი, რომელსაც ეწოდება მდგრადი განვითარების და კარგი მმართველობის ხელშეწყობის სპეციალური სისტემა (GSP+) და მისი მოქმედების პირველი ეტაპიც 2008 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს სრულდება, შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, რომელიც ძალაში შევა 2009 წლის 1 იანვრიდან და იმოქმედებს 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
2005-2015 წლების GSP-ს სრული სქემის ეტაპებად დაყოფა განპირობებულია ქვეყნების მიერ GSP-ს ბენეფიციარის სტატუსის შესანარჩუნებლად ანდა მოსაპოვებლად აუცილებელი პირობების შესრულების მონიტორინგისათვის. 2005 წელს, როდესაც GSP+-ის სქემა ძალაში შევიდა, ევრორეგულაციის დებულებების თანახმად, იმ მომენტისათვის ბენეფიციარის სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას უნდა ჰქონოდა რატიფიცირებული გაერო-ს 16 ძირითადი კონვენცია, მაგრამ ამავე რეგულაციის თანახმად, 2008 წლის ბოლოსთვის პრეფერენციებით მოსარგებლე ქვეყნებს, ისევე როგორც ამ შეღავათების მიღების მსურველ ახალ ქვეყნებს, რატიფიცირებული უნდა ჰქონოდათ უკვე 27 საერთაშორისო კონვენცია ადამიანის უფლებების, შრომითი სტანდარტებისა და უფლებების, მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროებში. აუცილებელია ასევე მათი აღსრულების მიმოხილვის ანგარიშებიც.
განაცხადი GSP+-ის ბენეფიციარის სტატუსის შესანარჩუნებლად ან მოსაპოვებლად, რომელსაც თან დართული უნდა ჰქონოდა 27 საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაციის დოკუმენტები, ევროკომისიაში უნდა წარედგინათ, არაუგვიანეს, 2008 წლის 31 ოქტომბრისა. ის ქვეყნები, რომლებიც ამ მომენტისათვის ვერ მოახერხებდნენ პირობების დაკმაყოფილებას ახალი რეგულირების თანახმად, ხელახალი მოთხოვნის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ 2010 წლის ბოლოს.
ზემოხსენებული 27 საერთაშორისო კონვენციიდან საქართველოს 2008 წლის ზაფხულისათვის რატიფიცირებული არ ჰქონდა მხოლოდ 2 კონვენცია, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო GSP+-ის ბენეფიციარის სტატუსის შესანარჩუნებლად. ასევე გარკვეული წინააღმდეგობები არსებობდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციების დებულებების პირობების საქართველოს კანონმდებლობაში გაუთვალისწინებლობის კუთხით.
2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით ჩაატარა რატიფიცირება დარჩენილ 2 კონვენციაზე (კარტახენას ოქმი ბიოუსაფრთხოების შესახებ და გაერო-ს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ). ამასთან საქართველოს მთავრობამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ინტენსიური კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად მოაგვარა სადაო საკითხები, რის შესახებაც ეცნობა ევროკომისიას. 2008 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკომისიაში წარადგინა განაცხადი 2009-2011 წლებში GSP+-ის სქემის შენარჩუნების მოთხოვნით, ყველა აუცილებელი თანადართული დოკუმენტით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიურ სხდომაზე, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს 2009-2011 წლებში შეუნარჩუნდება GSP+-ის შეღავათების სქემით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსი.
ახალი სქემა მოიცავს 6421 დასახელების პროდუქტს. აღსანიშავია, რომ 2452 დასახელების პროდუქტის იმპორტს ევროკავშირი ამჟამად ბეგრავს ნულოვანი საბაჟო ტარიფით (ნებისმიერი ქვეყნიდან), GSP+-ის შემთხვევაში ამ ჩამონათვალს დაემატება კიდევ 6421 დასახელების პროდუქტი, რაც საერთო ჯამში შეადგენს 8873 დასახელების პროდუქტს.
საერთოდ, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირების დროს ნულოვანი საბაჟო ტარიფით ისარგებლებს 8873 დასახელების ქართული წარმოშობის პროდუქტი (მთლიანი ჩამონათვალის 92%), ხოლო დანარჩენი პროდუქცია – 824 დასახელების პროდუქტი (ამჟამად ევროკავშირის სასაქონლო ჩამონათვალი შედგება სულ 9697 დასახელების პროდუქტისგან) დაიბეგრება არსებული საბაჟო გადასახადებით.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial