რა გავლენა მოახდინა ომმა საქართველოს ეკონომიკაზე

წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი, 2008 წლის ოქტომბერი

2008 წლის აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველო რეალური საფრთხეების წინაშე დააყენა. საომარი ვითარებების დროს ქვეყანამ საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზარალი განიცადა. ომის შემდგომ ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემები თითქმის არ ქვეყნდება, რაც საზოგადოებას რეალობის აღქმის სრულ შესაძლებლობას არ აძლევს. სწორი სტატისტიკური მონაცემების არარსებობის შემთხვევაში კი წარმოუდგენელია ეკონომიკური ზარალის რიცხვებში გამოსახვა, თუმცა შესაძლებელია მოსალოდნელი რისკების დადგენა.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” ეკონომიკის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი იყო. გთავაზობთ ამ კვლევის შედეგებს.
ეკონომიკური ზრდის შენელება და GDP-ის სტრუქტურის ცვლილება
ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი საზომი ერთეული მთლიანი შიდა პროდუქტია. აგვისტოში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე. ბოლო წლებში მშპ-ს ზრდის ტემპი საქართველოში გაიზარდა და 2007 წელს 12.4% შეადგინა, რაც ნომინალურ გამოხატულებაში თითქმის 17 მილიარდ ლარს შეადგენს. 2008 წლის პირველ და მეორე კვარტალში მშპ-ი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9-10%-ით გაიზარდა. ისევე, როგორც 2007 წელს, 2008 წლის პირველ ნახევარშიც მშპ-ს ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, კავშირგაბმულობისა და საფინანსო საქმიანობის დარგებმა.
აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად ყველა ამ დარგის განვითარება შეჩერდა: საომარი მოქმედებების გამო გადაიკეტა საქართველოს მთავარი მაგისტრალი და ოკუპირებული იყო ფოთის პორტი, რის შედეგადაც ქვეყანაში შეჩერდა გადაზიდვები. ამის გამო დაზარალდნენ საქართველოში მოქმედი საწარმოები, ტრანსპორტის დარგი (2006-2007 წლებში ეს დარგი, შესაბამისად 16.8 და 14.4%-ით გაიზარდა). საფინანსო სფეროში წარმოქმნილმა კრიზისმა კი უარყოფითად იმოქმედა თითქმის ყველა სფეროზე. საომარი მოქმედებების დროს ხალხში წარმოქმნილმა პანიკამ საგრძნობლად შეამცირა ბანკებში განთავსებული დეპოზიტები. ბანკების ფუნქციონირება ერთი თვის განმავლობაში შეზღუდული იყო და ეს ტენდენცია ნაწილობრივ ახლაც გრძელდება. ამას ისიც ემატება, რომ საბანკო სექტორი 2008 წლის პირველ ნახევარშიც განიცდიდა პრობლემებს, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი და სესხის აღება გაცილებით გართულდა. ეს გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, რეზერვის განაკვეთის გაზრდით და მეორე მხრივ, “იაფი” ფულის მოზიდვის საშუალებების შემცირებით საერთაშორისო ასპარეზზე. კრიზისის პირასაა სამშენებლო სექტორიც, რადგან მისი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საბანკო სექტორზე. აგვისტოს თვიდან საგრძნობლად შემცირდა გაყიდვები. სავარაუდოდ, დაიწევს ბინების ფასი, რადგან გაყიდვების შეჩერება სამშენებლო სექტორისთვის არა მხოლოდ ახალი მშენებლობების დაწყების საშუალებას აფერხებს, არამედ ძველი ვალდებულებების შესრულებასაც. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო მშპ-ში ვაჭრობაა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მშპ-ს ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა კი, ბუნებრივია, მკვეთრად დაამუხრუჭა სავაჭრო ურთიერთობები.
2007 წელს შინამეურნეობების მოხმარების ხვედრითი წილი მშპ-ში 70,7%-ს შეადგენდა. ამავდროულად გაიზარდა სახელმწიფო მართვის ორგანოებზე გაწეული ხარჯების მოცულობა. შედეგად, საბოლოო მოხმარების წილი მშპ-ში კვლავ წამყვან კომპონენტად რჩება. საინვესტიციო ხარჯების წილი მშპ-ში 2007 წელს 29 პროცენტამდე გაიზარდა. კიდევ უფრო გაიზარდა სავაჭრო დეფიციტიც და მშპ-ის 28.2% შეადგინა.
როგორც კვლევის ავტორები ასკვნიან, მშპ-სთან მიმართებაში შეიცვლება მისი კომპონენტების პროცენტული შემადგენლობა. განსაკუთრებით გაიზრდება მოხმარების და სახელმწიფო შესყიდვების კომპონენტების პროცენტული წილი, ხოლო ინვესტიციების კომპონენტი შემცირდება, რაც საბოლოო ჯამში არასახარბიელო გადანაწილებამდე მიიყვანს საქართველოს ეკონომიკას. წარმოების შეფერხება გაზრდის ექსპორტ-იმპორტს შორის უარყოფით სალდოს და, შესაბამისად, წმინდა ექსპორტის უარყოფით მაჩვენებელსაც.
საბიუჯეტო შემოსავლები
აგვისტოში განვითარებული მოვლენები და ეკონომიკური აქტივობის შემცირება უარყოფითად აისახება ბიუჯეტის შემოსავლებზე. საინტერესოა განვიხილოთ 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლები და 2008 წლის პირველი ნახევრის შესრულება, რათა გამოვთვალოთ, თუ რა საგადასახადო შემოსავლებს ელოდა სახელმწიფო ბიუჯეტი წლის მეორე ნახევარში და დავადგინოთ, რამდენად რეალურია ამ თანხების მობილიზება:
დამატებითი ღირებულების გადასახადი – 2008 წლის განმავლობაში იგეგმება 2 299 000,0 ათასი ლარის მობილიზება, აქედან წლის პირველ ნახევარში გეგმა 100 პროცენტით შესრულდა. წლის მეორე ნახევარში კი იგეგმება 1 278 084,4 ათასი ლარის შემოსვლა. აგვისტოში განვითარებული მოვლენები და მისი თანამდევი ეფექტები პირდაპირ აისახება დღგ-თი მობილიზებული თანხების კლებაზე. შეიძლება ითქვას, რომ წლის მეორე ნახევრის გეგმა ვერ შესრულდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღგ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ყველაზე დიდ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს (საგადასახადო შემოსავლების 47.5%). შესაბამისად, ამ გადასახადით დაგეგმილი შემოსავლების შემცირება ყველაზე დიდი დანაკარგი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.
აქციზის გადასახადი – 2008 წლის განმავლობაში იგეგმება 535 900 ათასი ლარის მობილიზება, აქედან წლის პირველ ნახევარში გეგმა 101 პროცენტით შესრულდა. წლის მეორე ნახევარში იგეგმება 279,141.3 ათასი ლარის შემოსვლა. აგვისტოში ვაჭრობის შეფერხების გამო ამ თანხის მობილიზებაც გაჭირდება.
მოგების გადასახადი – 2008 წლის განმავლობაში იგეგმება 583 300 ათასი ლარის მობილიზება, აქედან წლის პირველი ნახევრის გეგმა 100 პროცენტით შესრულდა. წლის მეორე ნახევარში იგეგმება 230,889.8 ათასი ლარის შემოსვლა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2008 წელს მოგების გადასახადის განაკვეთი 20-დან 15%-მდე შემცირდა, მიუხედავად ამისა, ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო მოგების გადასახადით დაგეგმილი თანხების ზრდა, რაც ეკონომიკური აქტივობის ზრდის შედეგად უნდა მიღწეულიყო. აგვისტოში განვითარებული მოვლენები კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და შესაბამისად, დასაბეგრ მოგებასაც.
საშემოსავლო გადასახადი – 2008 წლის განმავლობაში იგეგმება 1 293 000,0 ათასი ლარის მობილიზება, აქედან წლის პირველ ნახევარში გეგმა 100 პროცენტით შესრულდა. წლის მეორე ნახევარში იგეგმება 737 933,1 ათასი ლარის შემოსვლა. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად მოკლევადიან პერიოდში საშემოსავლო გადასახადის მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის, თუმცა გრძელვადიან პერიოდში თუ გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი, ამ გადასახადით მისაღები თანხები შემცირდება.
საბაჟო გადასახადი – ამ გადასახადით წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო 55 მილიონი ლარის მობილიზაცია, აქედან წლის პირველ ნახევარში გეგმა 100 პროცენტით შესრულდა. წლის მეორე ნახევარში იგეგმებოდა 29 685.3 ათასი ლარის შემოსვლა. აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად საბაჟოს ფუნქციონირება შეფერხდა და, შესაბამისად, შემცირდა ტვირთების ნაკადი. აქედან გამომდინარე, გეგმის შესრულება პრობლემებს უკავშირდება.
ქონების გადასახადი – 2008 წლის პირველ ნახევარში ქონების გადასახადის სახით მობილიზებულ იქნა 74 890,4 ათასი ლარი, რაც გეგმის 104%-ს შეადგენს. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალდნენ მეწარმეები. შესაბამისად, შემცირდა მათი ქონების ღირებულება და ამ გადასახადის დასაბეგრი მოცულობაც დაიკლებს.
ბიუჯეტის შემოსავლებში გადასახადებთან ერთად გათვალისწინებულია გრანტები და სხვა შემოსავლები. სხვა შემოსავლების მუხლით გათვალისწინებული შემოსავლები, სავარაუდოდ, შემცირდება, რადგან მასში, ძირითადად, იგულისხმება: პროცენტები, დივიდენდები, რენტა, მოსაკრებლები, ჯარიმები და საურავები. ქვეყნაში ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო სახელმწიფოს მიერ მისაღები დივიდენდების საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულება არარეალურია. საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლების დაგეგმილი მოცულობით ამოღებაც შეუძლებელია, რადგან აგვისტოში სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მსგავსი მომსახურების და ნებართვების გაცემა თითქმის არ ხორციელდებოდა.
გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი კომპონენტია. 2008 წელს გრანტების სახით დაგეგმილი იყო 176 109,0 ათასი ლარის მობილიზება. წლის პირველ ნახევარში გეგმა 95%-ით შესრულდა. აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა გაააქტიურა საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებების მოცულობა გაიზარდა, თუმცა ფართო საზოგადოებისათვის უცნობია, რა სახით, რა პერიოდის განმავლობაში და კონკრეტულად, რა სფეროებისთვის გამოიყოფა ეს დახმარება.
არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან 2008 წლის პირველ ნახევარში მობილიზებულ იქნა 481 600.6 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (351 500,0 ათასი ლარი) 137%-ია. 2008 წლის 15 ივლისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად ეს მაჩვენებელი გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო შპს “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” პრივატიზებით. აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად გაჭირდება სახელმწიფო ქონების რეალიზაცია. როგორც ცნობილია, სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა ნაწილობრივ დაკავშირებულია ახალი ინვესტიციების მოზიდვასთან და სამუშაო ადგილების შექმნასთან. შესაბამისად, ამ პროცესის შეფერხება ცუდად იმოქმედებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
საგადამხდელო ბალანსის რისკები
საინტერესოა განვიხილოთ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გავლენა საგადამხდელო ბალანსის თითოეულ კომპონენტზე. 2007 წელს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტმა მშპ-ს 19% შეადგინა და ბოლო 7 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. 2007 წელს საქონლის ექსპორტმა 2104,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26,3%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, ხოლო იმპორტი 4976,5 მილიონი აშშ დოლარია, რაც 35%-ით აღემატება 2006 წლის იმპორტის მონაცემებს. მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებისა, რომ რუსეთის ემბარგომ საქართველოს ეკონომიკას ვერაფერი დააკლო, რეალური სიტუაცია სხვაგვარია. რუსული ემბარგოს უარყოფითი გავლენა ჯერ კიდევ არ განეიტრალებულა და მეტიც ნატურალური ყურძნის ღვინოების ექსპორტის მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება (2005 წელს 81,3 მილიონი დოლარი; 2006 წელს – 41 მილიონი დოლარი; 2007 წელს კი 29,2 მილიონი). აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად შეჩერდა საგარეო ვაჭრობა და მათ შორის საქონლის ექსპორტიც. გარდა ამისა, შეფერხდა წარმოების განვითარება. შესაბამისად, მოსალოდნელია ექსპორტის ზრდის ტემპის შენელება. სავარაუდოდ, არ შეიცვლება ექსპორტის სტრუქტურა. აგვისტოს მოვლენების შედეგად შემცირდა იმპორტის მოცულობა, თუმცა სამომხმარებლო ბაზარზე არსებული რეზერვების შედეგად შენარჩუნებული იქნა სიმშვიდე. ამ პერიოდის განმავლობაში რიგი იმპორტირებული საქონლის ფასმა საგრძნობლად იმატა. სავარაუდოდ, იმპორტის წლიური მოცულობის ზრდა კიდევ გაგრძელდება და საერთო ჯამში გაიზრდება საქონლით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო.
მომსახურებით საგარეო ვაჭრობის ბალანსი 2007 წელს 25%-ით გაიზარდა. მომსახურების ექსპორტმა 1137,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა- 919,7 მილიონი. ყველაზე მსხვილ კომპონენტს მომსახურებით ვაჭრობაში სატრანსპორტო მომსახურება წარმოადგენს და წინა წელს დადებითი ტენდენციები დაფიქსირდა, რაც ტურიზმის წახალისების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგია. 2007 წელს ტურისტული მომსახურების დადებითი ბალანსი გაიზარდა 44%-ით, მაგრამ 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შედეგად მკვეთრად შემცირდება მომსახურებითი ვაჭრობის ექსპორტი. პრაქტიკულად ჩავარდა საზღვაო სეზონი, სადაც ტურისტების ძირითად ნაწილს ელოდნენ.
დაახლოებით 4-ჯერ შემცირდა შემოსავლების ანგარიშის ბალანსი 2007 წელს, რაც ძირითადად საინვესტიციო შემოსავლის დებეტის ზრდით იყო გამოწვეული. თუმცა ეს ბალანსი მაინც დადებითი მაჩვენებელი იყო.
ფულადი გზავნილები კვლავ რჩება არა მხოლოდ საგადამხდელო ბალანსის, არამედ სამომხმარებლო ბაზრის კონიუნქტურის ხვედრითი წილის განმსაზღვრელ ფაქტორად. 2007 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ 866,2 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 67% რუსეთზე მოდიოდა. მეორე ადგილზეა ამერიკა – 12%-ით; შემდეგ მოდიან ესპანეთი და საბერძნეთი. ეს ტენდენცია გრძელდება 2008 წელსაც. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკის “ნგრევა” ჩვენს ეკონომიკაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება.
2007 წელს კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშების დადებითმა სალდომ 1900,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ძირითადი მატება ფინანსურ ანგარიშებზე მოდის, რაც 2007 წელს განხორციელებული უცხოური ინვესტიციების დამსახურებაა (2152,7 მილიონი დოლარი). ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად მკვეთრად შემცირდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესი, რაც ნეგატიურად აისახება კაპიტალისა და ფინანსური აქტივების სალდოზე.

საინვესტიციო რისკები
2007 წელს საინვესტიციო ხარჯებმა 4937,8 მილიონი ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ნომინალურმა ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 34,2% შეადგინა, რაც საგრძნობლად აღემატება მშპ-ს ნომინალური ზრდის ტემპს. შედეგად ინვესტიციების ხვედრითი წილი მშპ-ში 29%-მდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,3%-ით აღემატება. ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდა უმეტესწილად განპირობებული იყო უცხოური კაპიტალის შემოდინებით, რამაც 2007 წელს მშპ-ს 20% შეადგინა.
მაგრამ ქვეყანაში არსებული დანაზოგებით ჩადებული ინვესტიციის იგნორირებაც არ იქნება მიზანშეწონილი, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიურად იმოქმედა არა მხოლოდ უცხოურ, არამედ შიდა ინვესტიციებზეც. ექსპერტების ვარაუდით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში საქართველოში სერიოზული ინვესტიციების განხორციელებას არ უნდა ველოდოთ და ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე ოპტიმისტური შეხედულება არასწორი მიდგომაა, რადგან სულ მცირე ომამდე არსებული მიმზიდველობის დასაბრუნებლად საქართველოს წლები დასჭირდება და ეს მარტო ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე არ იქნება დამოკიდებული.

უმუშევრობის საკითხი
უმუშევრობა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემათა შორის სახელდება და ამ პრობლემის გადაჭრა ბევრი ქვეყნისთვის უმთავრესი ამოცანაა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული დასაქმების პროგრამები არ იყო ეფექტური და უმეტესწილად წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს შეადგენდა. სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, უმუშევრობა 2007 წელს 13,3%-ს შეადგენდა. უმუშევრობის შემცირება საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვითა და ეკონომიკის განვითარებითაა შესაძლებელი. 2007 წელს და 2008 წლის პირველ ნახევარში უცხოური ინვესტიციების ზრდამ საფუძველი ჩაუყარა მომავალ წლებში უმუშევრობის პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრას. აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა კი საქართველოს პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნის იმიჯი შესძინა, რაც ართულებს არა მხოლოდ ახალი ინვესტიციების მოზიდვას, არამედ უკვე არსებული ინვესტიციების ამუშავებასაც. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, ითვლებიან დასაქმებულად. აქედან გამომდინარე, კონფლიქტური ზონებიდან ლტოლვილი მოსახლეობაც დაემატება ისედაც მრავალრიცხოვან უმუშევართა არმიას. ამას ემატება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში წარმოქმნილი პრობლემების შედეგად დათხოვილი მუშახელის რაოდენობაც (მაგალითად, სამშენებლო კომპანიებიდან, ბანკებიდან თუ სხვა). შედეგად სახეზეა კიდევ ერთი სავალალო დასკვნა – უმუშევართა არმია საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემდგომ კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი გახდება.
ასეთია იმ დასკვნებისა და სამომავლო პროგნოზების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტები აკეთებენ.