ჩვენი უმუშევრობა და მათი ნამუშევარი

ეკა გაბადაძე

საქართველოში ოცდამეერთე საუკუნის პირველივე წლებში უმუშევართა არმია ათი ათასობით მაღალკვალიფიციური პროფესიონალით შეივსება. ყოველწლიურად ოცი ათასამდე დიპლომიან უმუშევარს მოამზადებს უმაღლესი სასწავლებლები… გამოსავალი ბანალური და მარტივია: მრეწველობისა და წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის და ა.შ. ხელშეწყობა და განვითარება. პრობლემის მოგვარების სახელმწიფო ინსტიტუტები, სტრუქტურები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, თუმცა, სიღარიბისა და სიღატაკის ზღვრამდე მისული მოსახლეობა კვლავ მოუგვარებელ დილემად რჩება.

დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის რამდენი უმუშევარი და დასაქმებულია ქვეყანაში. რეალური სურათის წარმოდგენა სულ ადვილად შეიძლება – გაბრძანდით ქუჩაში სამუშაო (?!) საათებში და თავად დარწმუნდებით, რა სიტუაციაც არის. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობა მთლად საგანგაშო არ უნდა იყოს. საქართველოში 2 მლნ-მდე ადამიანია დასაქმებული!

საინტერესოა, როგორ ხდება მოქალაქის ცნობა დასაქმებულად?! არსებობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგია, რომლითაც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სარგებლობს – დასაქმებულად ითვლება ადამიანი, ვინც უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში თუნდაც ერთი საათი იმუშავა. აქედან გამომდინარე, ციფრები რეალობისაგან, რასაკვირველია, შორს არის. აღსანიშნავია ის მომენტიც, დასაქმებულთა სრულ რაოდენობაში რა წილი მოდის ლეგალურად გამომუშავებაზე. როგორც ამბობენ, ეს ძალიან მცირე რიცხვია.

ისევ ციფრები: დაქირავებულთა რაოდენობა 2მლნ დასაქმებულ ადამიანში 722000 ძლივს აღწევს და, მათ შორის, სახელმწიფო სექტორში მომუშავეებზე 63% მოდის. თავი რომ მოგვაქვს კერძო სექტორის ხელშეწყობასა და განვითარებაზე, ეს რეალურად დასაქმებულთა რაოდენობაზე არც კი აისახება. საბიუჯეტო ორგანიზაციებში 321000 ადამიანია დასაქმებული (მთლიანი რიცხვის 40%-მდე, სახელმწიფოს მიერ შექმნილი საწარმოები, რომელთაც იგი აკონტროლებს – 145000. მთლიანად ეს რიცხვი 466000 აღწევს და მხოლოდ დანარჩენი 156000 (37%) ადამიანია დასაქმებული კერძო სექტორში. სხვათა შორის, კერძო სექტორში დასაქმებულთა ასეთი მცირე რაოდენობა სასიკეთოდ არ მეტყველებს. ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ ჩვენში ფარული, აღურიცხავი, ანუ ჩრდილოვნი ეკონომიკა ჯერ კიდევ ღრმადაა ფესვგამდგარი.

სასურველი მდგომარეობისაგან ჩვენ ძალიან შორს ვართ. ექსპერტთა ვარაუდით, ფარული ეკონომიკის არა თუ შემცირება, მისი მასშტაბების გაზრდაა მოსალოდნელი. დავუბრუნდეთ მონაცემებს: უმუშევრობა ოცდამეერთე საუკუნის პირველივე წლებში საშიშ რაოდენობას მიაღწევს – საერთო რაოდენობა 25-30 ათასით გაიზრდება – საბიუჯეტო ორგანიზაციებში მიმდინარე შემცირებებისა და უმუშევრად დარჩენილი სახელმწიფო, თუ კერძო, უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა თითქმის 99%-ის ხარჯზე! უმუშევართა 25 ათასიან არმიაში დიპლომიან უმუშევართა რიცხვი 20 ათასს აღწევს. აქედან, სახელმწიფო უმაღლესი კურსდამთავრებული 13 ათასამდეა. გამოდის, რომ სახელმწიფო, ფაქტობრივად, უმუშევრობას აფინანსებს – ჯერ მათ სწავლებას, შემდეგ დასაქმების სამსახურებში – უმუშევრობის შემწეობას. ორჯერ ხდება უაზრო დაფინანსება…

ერთი სიტყვით, დასაქმების სფეროში მრავლად დაგროვდა პრობლემა. ხელისუფლებამ ამ საკითხების მოგვარება დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების დეპარტამენტს მიანდო. მისი ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის დღიდან (2000 წლის 1 ივლისიდან, საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გაკეთდა: საჭიროა დამთავრდეს პასიური პოლიტიკის ხანა (თუმცა, მიიჩნევენ, რომ ამ სფეროში საერთოდ არანაირი პოლიტიკა არ არსებობდა), ქვეყანა გადავიდეს აქტიურ პოლიტიკაზე და ა.შ.

რა იყო ადრე? ხალხის თქმით, ადრე ყველაფერი იყო… მართლაც უთავბოლოდ გაჭიანურებულმა რეფორმების, გარდატეხის და გარდამავალი სვლის ხანამ “ობივატელს” ის ძველი, ე.წ. უძრაობის ხანა მოანატრა. ავად, თუ კარგად სახსენებელი კომუნისტების ეპოქაში სამუშაოზე თავის არიდების გამო ხალხს იჭერდნენ კიდეც. ჩვეულებრივ, შრომისუნარიან და ასაკიან პირებს უმუშევრობა ეთაკილებოდათ (თუ არ ჩავთვლით ქურდობის სტატუსის მისაღებად “მებრძოლთ”). ეს ისე, ლირიული გადახვევისათვის, მაგრამ ლირიულად ნამდვილად ვერ მოგვეჩვენება ისეთი მძიმე სიტუაცია, როგორიც დღეს შეიქმნა.

– შრომისუნარიან, ხუთსულიან ოჯახში ერთი მაინც თუ არის დასაქმებული, დიდი ბედნიერებაა (რა თქმა უნდა, რეალურად დასაქმებულს, ფულის მშოვნელს ვგულისხმობ). მაგრამ ყევლაფერს ხელისუფლებას და მმართველ წრეებს ვერ დააბრალებ (როგორც ეს მიღებულია ხალხში. უამინდობაც, ხშირად პრეზიდენტს ბრალდება). შრომის ბირჟაზე მრავალი უმუშევარი მიდის და აღრიცხვაზე დგება. ნაწილს სამუშაოს პოვნის სურვილი აქვს, ნაწილს – ნახევარი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 5-6 ლარის მიღების! მაგრამ რეალურად ის საქმდება, ვისაც მართლა სურს მუშაობა. უმუშევართა არცთუ ისე მცირე რაოდენობა აღრიცხვაზე ასვლით თვლის, რომ უკვე გააკეთა საქმე და ელოდება, ლანგრით როდის მიართმევენ სამუშაო ადგილს. სხვათა შორის, ასეთებს, პასიურ და ამბიციურ უმუშევრებს, იმაზე მეტი მოთხოვნილება აქვთ, ვიდრე შეუძლიათ გაიღონ. (ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ცოდნა, ინტელექტი და არა ფინანსურ-მატერიალური შესაძლებლობები. რაც შეეხება ცოდნას, მართლაც საკამათო საკითხია).

ვალერი კევლიშვილი: (დასაქმების ფონდის თბილისის სამმართველოს უფროსი) “ჩვენთან ბევრი მოდის უმაღლესი განათლებით. კარგად მოგეხსენებათ, ალბათ, როგორი იყო და არის განათლების სისტემა. დიპლომი ბევრს აქვს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მათი დიპლომი ნაკლებად სანდოა. მით უმეტეს, ახლა, როცა ფასიანი სასწავლებლები უშვებენ და უშვებენ “კადრებს”. არავინ ფიქრობს არის თუ არა საჭირო ამდენი სპეციალისტი. ძირითადი პრობლემა სწორედ აქედან წარმოიშობა”.

პრობლემა, ბუნებრივია, მარტო ეს არ არის. ვალერი კევლიშვილის თქმით, კანონის შეუსრულებლობა არც ისე მცირე როლს თამაშობს უმუშევრობის პრობლემატიკაში:

“არ სრულდება კანონის ის მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩვენ უნდა მოგვაწოდონ ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი. გვაქვს შავი სია, რომელიც პარლამენტსა და კანცელარიაში ბევრჯერ გაიგზავნა. ჩამოთვლილია ყველა დიდი სამინისტრო, რომელიც არ გვიგზავნის ამ სიებს, მაგრამ მათი მხრიდან არავითარი რეაგირება არ ხდება. დასაქმების ფონდი განტევების ვაცად ჰყავთ გამოყვანილი, კანონის შესრულება არავის სურს, ჩვენ კი ქუჩიდან ვერ მოვიტანთ სამუშაო ადგილებს! მაგალითისათვის, უახლოეს ხანებში პროგრამის განხორციელებას ვაპირებთ: თბილისში, კერძო სტრუქტურამ, ქაღალდის საწარმოს ხელმძღვანელობამ 103 მუშა-მოსამსახურის ადგილი შემოგვთავაზა. მსურველი ბევრი იყო, მაგრამ შესაბამისი კვალიფიკაციის – ცოტა. ამიტომ, შემოგვთავაზეს კონკრეტულად ამ 103 ადამიანის გადამზადება და ისინი დასაქმდებიან. უამრავი უმუშევარი გადამზადებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამსახურს თავად იშოვის. სამუშაოს შოვნის გარანტია ნაკლებია, მაგრამ ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ. დასაქმების ფონდის უპირველესი მოვალეობა სწორედ ეს არის – კონკურენტუნარიანი გახადო შრომის ბაზარი. დასაქმებულ ადამიანს, რომელიც ხელფასს იღებს, სოცანარიცხების სახით ბიუჯეტში თანხა შეაქვს, ხელფასს ხარჯავს და, პრინციპში, სახელმწიფოს უბრუნებს”.

კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც ამ სამსახურმა ჩაატარა, შემდუღებლების გადამზადება გახლდათ. 41 ადამიანმა შემდუღებლის პროფესია აითვისა და ისინი უკლებლივ დასაქმდნენ. თუმცა, პრობლემები აქაც არის. ბევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელს თუ პიროვნებას საერთოდ არა აქვს წარმოდგენა, რომ ასეთი სამსახური არსებობს. ამ სფეროში ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმია. დღეს ყველა დარწმუნდა, რომ ბიძაშვილ-მამიდაშვილობით საქმე არ კეთდება, პროფესიონალური, კვალიფიციური კადრი ყველას სჭირდება. თუ არ განვითარდა მრეწველობა, წარმოება, მცირე და საშუალო ბიზნესი, სამუშაო ადგილები არ იქნება.

საგულისხმო ტენდენცია გამოკითხვისას შეინიშნა, რომელიც დასაქმების ფონდმა ჩაატარა. გამოკითხვაში 400-მდე საწარმო მონაწილეობდა. მათ უნდა აღენიშნათ, თუ რა პროფესიის და კატეგორიის სპეციალისტები სჭირდებოდათ. ძირითადი მოთხოვნა ბარმენებზე, მიმტანებსა და მოსამსახურე პერსონალზე იყო. აუცილებელი პირობა – ინგლისური ენის ცოდნა მინიმალურ დონეზე. შედარებით ნაკლები მოთხოვნა სასტუმროს ადმინისტრატორებზე მოდიოდა.

საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციებიდანაც იყო წინადადებები. ითხოვდნენ უმაღლესი განათლების ფინანსისტს, ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნით, ხელფასიც სოლიდური – $500-600 ექნებოდა. რატომღაც ასეთი სპეციალისტი აღრიცხვაზე არ იყო აყვანილი და გადამზადებასაც ცოტა დრო არ დასჭირდებოდა…

უმუშევრებიც ხანდახან ტყუიან, როცა ამბობენ ყველანაირ სამუშაოზე თანახმა ვართო. როგორც ირკვევა, სულაც არ მიდიან ყველანაირ სამუშაოზე – ამბიციებისა თუ შეუფერებელი განათლების გამო. ყველა ადამიანმა თავისი შესაძლებლობის მიხედვით უნდა მოძებნოს სამუშაო და არა სურვილის მიხედვით. ჩვენში კი ასე არ ხდება.

თურმე ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ჩვენ გვგონია…
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასაქმების სფეროში აღრიცხვიანობა მოუწესრიგებელია. დღეს დაზუსტებით არავის შეუძლია დაასახელოს საქართველოს მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი. შესაბამისად, დაუზუსტებელია შრომისუნარიანი მოსახლეობის, უმუშევართა, დასაქმებულთა რიცხვი და ა.შ.

დაზმირ ჯოჯუა, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი: “დასაქმების სფეროში ინსტიტუციონალური რეფორმა გასულ წლებში მიმდინარეობდა. მხედველობაში მაქვს შრომის სახელმწიფო ბირჟის დასაქმების დეპარტამენტად გარდაქმნა, პროფესიული ორიენტაციის ცენტრის რესტრუქტურიზაცია, დასაქმების დეპარტამენტისა და დასაქმების ფონდის შერწყმა და სხვა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან, რეფორმის შემდგომი განხორციელებისთვის საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტით შეიქმნა დასაქმების ეროვნული საბჭო, დასაქმების რეფორმების კომისია. უმუშევრობის აღმოფხვრა და დასაქმების ხელშეწყობა საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენ მივდივართ პერსონიფიცირების საკითხთან, რადგან გასულ წელს, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობა 2 283 000 კაცს შეადგენდა, რაც სამუშაო ძალის 96,2%-ია, მათგან თვითდასაქმებულთა რაოდენობა 1,418,000 ადამიანს, ანუ 59,8%-ს შეადგენს. ამასთან, დასაქმების სახელმწიფო სამსახურში რეგისტრირებულ უმუშევართა რიცხვი 106,000 ანუ 4,6%-ია. რა თქმა უნდა, რეალური სურათი ასახული არ არის. აქვე მინდა, დავასახელო თAჩIშ-ის მონაცემები, რომელიც საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურება. სამუშაო ძალა 2 მილიონს შეადგენს, მათგან დასაქმებულია 1,030,000 ანუ 47%, ხოლო უმუშევრები შეადგენენ 266,000, ანუ 12,9%-ს. ციფრები ხშირად რეალობას ვერ ასახავენ.

როგორ შეიძლება დასაქმდეს ადამიანი?
ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, დროებით დასაქმებასთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება უნდა მოხდეს. ეს პროცესი, გარკვეულწილად, თითქოს დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით მისი ამოქმედების ეფექტური მექანიზმი შემუშავებული არ არის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ გასულ წლებში დასაქმების აქტიური პოლიტიკის შესამუშავებლად არანაირი თანხები არ არსებობდა. წელს ამ მიზნების განხორციელებისთვის ერთი მილიონი გამოიყო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ეს თანხა სერიოზულ ეფექტს ვერ მოიტანს. მაგრამ რაღაც გარკვეული სამუშაო მაინც შესრულდება. საგულისხმოა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, კრედიტების გაცემა…

საქართველოში ფული არის და არიან ადამიანებიც, რომლებმაც ის უნდა მიიღონ, მაგრამ აქ ორი დიდი დაბრკოლება იჩენს თავს: არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ბანკიდან მცირე მეწარმემდე ფულის მიტანას უზრუნველყოფს. ფულის მისვლის შემთხვევაში მცირე მეწარმე მზად არ არის, ეს თანხა ეფექტურად გამოიყენოს.

რეზო საყვარელიძე: “ბანკიდან მეწარმემდე ფული იმიტომ ვერ მიდის, რომ მათ არ გააჩნიათ ლიკვიდური გირაო, ეს უმთავრესი მიზეზია. არ არსებობს გარანტიები სესხის მისაღებად და დასაბრუნებლად. პრობლემის მოსაგვარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით ვაპირებთ კონსალტინგ-ცენტრების შექმნას. პირველი სექტემბრიდან სულ მცირე 10 კონსალტინგ-ცენტრი დაიწყებს მუშაობას. ეს არ იქნება პროფესიული მომზადება-გადამზადების ავადსახსენებელი ცენტრები, სადაც ფული კეთდებოდა. გარდა იმისა, რომ ჩვენ მათ დავაკისრებთ რეგისტრირებულ უმუშევართა სამეწარმეო საქმიანობისთვის მომზადებას, მათვე დაეკისრებათ როგორც უმუშევართა, ისე მცირე მეწარმეთა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამართლებრივი და კონსალტინგური დახმარება, ანუ დაეხმარებიან კანონმდებლობის გათვითცნობიერებაში, ბიზნეს-გეგმების შედგენა-დახვეწაში. რა თქმა უნდა, აქ ყველა ვერ მოხვდება, ცხადია, ყველა უმუშევარი გარანტიულ მომსახურებას, სესხს ვერ მიიღებს. ის მომზადებული უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობისათვის. კონსალტინგ-ცენტრებში მომზადებაგავლილი უმუშევრები მიიღებენ მოწმობას სამეწარმეო საქმიანობის კურსის შესაბამისად. მათ უფლება ექნებათ, ბიზნეს-წინადადებები წარმოადგინონ დასაქმების სამსახურში.

ამ პროექტის ამოქმედება 2002 წლიდან არის ნავარაუდევი. მომავალში საქართველოში საგარანტიო ფონდების ჩამოყალიბებასაც გეგმავენ, რისი საფუძველიც წელსვე უნდა შეიქმნას. სწორედ საგარანტიო ფონდები იქნება ის შუამავალი, რომლებიც მომზადებულ-გადამზადებულ მცირე მეწარმესა თუ უმუშევარსა და ბანკს შორის ხიდის ფუნქციას შეასრულებს. ამგვარი საგარანტიო ფონდის დაფუძნება, შესაძლოა, წელსაც მოხდეს. ეს იქნება პილოტური ორგანიზაცია და შემდეგში, მათი საქმიანობის აუცილებლობასა და საჭიროებას ბაზარი და მოთხოვნილება დაარეგულირებს. ეს გამოცდილება მრავალ ქვეყანაში არსებობს. როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, დიდ დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

დღეისათვის უმუშევრობის პრობლემები თითქმის ისეთივეა, როგორიც შარშან თუ შარშანწინ იყო. ხანდახან, როდესაც ლამაზად მოსაუბრე ჩინოვნიკებს ვუსმენთ და მათი შორსწასული ფანტაზიით “ვტკბებით”, კაბინეტს მიღმა დარჩენილი სამყარო ვარდისფრად იმოსება… მაგრამ ნაგვის ბუნკერში თავჩარგული მოხუცებულის დანახვაზე ილუზია ქრება და სასტიკ რეალობას უსუსურობის შეგრძნებამდე მივყავართ.