ფემინიზმი – კაცობრიობის დეკადანსის ფრაგმენტი

დავით ჩახვაშვილი

“…ცარიელია, ვერანაირ ლტოლვას ვერ განიცდის, გარდა საკუთარი თავის აღტაცებისა. სამწუხაროდ, თანამედროვე გოგონების უმრავლესობაში არათუ დედობა, არამედ სიყვარულიც კი არ იწვევს არანაირ ინტერესს, მხოლოდ სურვილი – დაუთმონ დრო საკუთარ სხეულს, ტანსაცმლით მორთონ იგი და თანაც, რაც შეიძლება მისი მცირე რაოდენობით…” (გიორგი მცხვეთაძე) თწლეულების მანძილზე დასავლეთში ინტენსიურად მიმდინარეობს უნიფიცირების პროცესი. პოლიტიკაში, ხელოვნებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მკაფიოდ შეიმჩნევა ბრძოლა განსხვავებათა წინააღმდეგ.

დღესდღეობით ჩამორეცხილია ეროვნული და შინაგანი ღირებულებები, რომელთაც ჩვენი ძველი ტრადიციები თავიანთ დიდებას უმადლიან. ასეთ დამოკიდებულებას ტრადიციებისადმი მივყავართ იმ დონემდე, რომ კაცობრიობის მომავლის იდეალად აღიარებულია საზოგადოება, სადაც ადამიანთა შორის არ არის არავითარი განსხვავება. ამ ანტიქრისტიანულ და ანტიერარქიულ მისწრაფებაზეა დაფუძნებული მოვლენა, რომელიც ფემინიზმის სახელითაა ცნობილი. ფაქტიურად, მისი საშუალებით ქალმა საზოგადოებრივ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე მიაღწია მოჩვენებით თანასწორობას. მაგრამ რა მოუტანა კაცობრიობას ამ “თანასწორობამ”?

თანამედროვე საზოგადოებაში ასეთი ცვლილებების მავნებლობაზე რომ ვისაუბროთ, აუცილებელია ჩამოვაყალიბოთ ის ფასეულობები, რომლებითაც უწინ ადამიანები ჰარმონიაში ცხოვრობდნენ.

უმალ ლომთან და ურჩხულთან ერთად ვიცხოვრებდი, ვიდრე ავ ცოლთან (სიბრძნე ზირაქისა 25. 24.)

ბრძენთა აზრით, სამყარო კოსმოსია და არა ქაოსი. როგორც იდეალური ორგანიზმი, იგი შედგება რამდენიმე კარგად შეწყობილი და შეუცვლელი ნაწილებისგან. რაც უფრო უკეთ ასრულებენ ეს ნაწილები თავიანთ მოვალეობას, მით უფრო უკეთ ვლინდება მათი ბუნება, რასაც საბოლოოდ სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბებისკენ მივყავართ. ამის მიხედვით ჩამოყალიბდა იერარქიული წესრიგის საფუძვლები: ოჯახში, გვარში, ქალაქში და, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოშიც. იერარქია, რომელიც დაფუძნებული იყო არა ძალაზე და იძულებაზე, არამედ ადამიანებს შორის ბუნებრივ განსხვავებათა აღიარებაზე.

ქალი და მამაკაცი ადამიანთა მოდგმის ორი წარმომადგენელია. ვინც მამაკაცად დაიბადა, ის მამაკაცად უნდა დარჩეს და ვინც ქალად იშვა, ქალადვე უნდა დასრულდეს, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. უნდა გადაილახოს ყველანაირი აღრევა. როგორც მატერიალურ, ისე სულიერ ასპექტში ყოველი მამაკაცი თუ ქალი ირჩევს თავის გზას (იმისდა მიუხედავად დაოჯახდებიან თუ არა), რომლისგანაც გადახვევა ისე, რომ არ წარმოიქმნას სხვადასხვა უთანხმოება და არეულობა, შეუძლებელია.

როდესაც დედამიწაზე გამეფებული იყო თავისუფლება და რწმენა (რომელთა გარეშეც ცხოვრება აზრს კარგავს) არსებობდა ცხოვრების ორი გზა: ასე ვთქვათ ქმედითი გზა და განდეგილობის გზა. მხედრული და ასკეტური ცხოვრება იყო მამაკაცური ღირსების გამოხატვის საფუძველი. ზუსტად ეს გზები განაპირობებდა მამაკაცის ღირსეულ დამკვიდრებას ცხოვრებაში (მხედარი – როგორც საზოგადოებაში ქმედითი ძალა, ასკეტი – როგორც საზოგადოებიდან განდეგილი ძალა), მამაკაცის ამ ორ გზას შეესატყვისებოდა ქალის ორი გზა, რომლებსაც ქალი იმავე დონეზე აჰყავდა რა დონეზეც მაღლდებოდა მამაკაცი თავის მხედრულ-ასკეტურ ცხოვრებაში. ქალის ცხოვრების ერთი დანიშნულება იყო შეყვარებულის ანუ მიჯნურის გზა, ხოლო მეორე – დედობა. ქალისთვის მისი გზები განაპირობებდა იმას, რომ იგი ორივე შემთხვევაში სხვას უძღვნიდა თავის თავს, მამაკაცს (მიჯნური შეესატყვისება მხედრულ საწყისს) ან შვილს (დედა შეესატყვისება ასკეტს). ასეთ შესატყვისებში პოულობდა ორივე სქესი არსებობის ერთადერთ არა დამამცირებელ და არა ნაძალადევ საშუალებას.

ალბათ, არ არის აუცილებელი შეგახსენოთ რაოდენ შორსაა ასეთი შეხედულება ეგალიტარული და ჰუმანური დასავლეთის ფასეულობებისგან, რომლებიც დიდი ხანია დაეუფლნენ მორალს, სამართალს და საზოგადოებრივ მოწყობას. ამის საფუძველზე შესაძლებელია შევისწავლოთ თანამედროვე ფემინიზმის სახე. ფაქტიურად წარმოუდგენელია, რომ საზოგადოებას, რომელმაც გადალახა იერარქიული განსხვავება შეენარჩუნებინა სქესებს შორის ტრადიციული დამოკიდებულება. ათასწლეულების შემდეგ “დაჩაგრულმა” ქალმა მოისურვა გამხდარიყო თავისუფალი და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. მაგრამ ფემინიზმი უძლური იყო შეეთავაზებინა ქალისთვის რაიმე სხვა ბუნება, ამიტომ ეგრეთწოდებული “ახალი” ქალი იძულებულია მხოლოდ მიბაძოს მამაკაცს. აქედან გამომდინარე, ქალის პრეტენზიები არის საფარი, თავის თავისადმი ღრმა უნდობლობისა რომელსაც “ახალი” ქალი განიცდის, ანუ მას რატომღაც არ შეუძლია იყოს და აღიქვას თავისი თავი, როგორც ქალი.

სამწუხაროდ, ფემინიზმში დასაბამიდან ჩადებულია ერთი ყველაზე დიდი ნაკლი, ის, რომ მისთვის ქალი როგორც ასეთი არ წარმოადგენს ფასეულობას. იგი მაშინ გახდება ძვირფასი, როცა იქცევა მამაკაცად და მოითხოვს “განსაკუთრებულ” მამაკაცურ უფლებებს. აქედან გამომდინარე ფემინიზმი, სამწუხაროდ, ერთგვარი გადაშენების ნიშნად გვევლინება. არადა ძველი ტრადიციები ითხოვდა, რომ ქალი და მამაკაცი სულ უფრო მეტად სრულყოფილნი ყოფილიყვნენ.

სად წავიდა მეტრფე შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა მეტრფე შენი? (ქებათა ქება სოლომონისა 6. 1.)

სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ფემინიზმი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე იმაში, რომ იგი ისეთია, როგორიც არის. რა აზრი ამოძრავებდათ იმ ქალებს, რომლებმაც წამოიწყეს და შემდეგ განავითარეს ეს მოძრაობა. მათ შეიცნეს სამყარო, რომელიც შექმნეს ბანკებმა, ბირჟებმა და თანამედროვე ცივილიზაციის სხვა მოციმციმე ცენტრებმა. აქედან გამომდინარე, ფემინიზმს არ უჭირს დაამტკიცოს, რომ ქალიც, ასე თუ ისე ფლობს იმავე ინტელექტუალურ და პრაქტიკულ საწყისებს, რაც განაპირობებს მის უფლებებს დაიკავოს მამაკაცის ადგილი, რომელიც ამ დროის განმავლობაში საკუთარ ჩრდილს დაემსგავსა. მეორე მხრივ, მამაკაცმა ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვა, და, გარკვეულწილად, ხელსაც კი უწყობდა ამ დამღუპველ მოვლენებს. მან უბიძგა ქალს საზოგადოებრივი ცხოვრებისაკენ, თანამდებობებისკენ, სკოლებისკენ და ქარხნებისკენ. ხოლო სამყაროში, სადაც ფეხბურთელებმა, მსახიობებმა და ბანკირება დაიკავეს მხედრების და ასკეტების ადგილი (როგორც იდეალური მამაკაცის ტიპებმა), ძნელია ქალებს ძველი ტრადიციების ერთგულება მოსთხოვო. ეს პროცესი კი შეუჩერებლივ მიჰქრის წინ.

ხშირად გაიგონებთ, რომ ცვლილება ქალის გარეგნობასაც შეეხო. საფრთხე დაემუქრა მის ბუნებრივ შესაძლებლობა-დანიშნულებას (არაა სადავო, თუ რაოდენ დამღუპველია ეს ტენდენცია ჩვენსავით მცირე ერისთვის). აქედანაა ასე მომრავლებული ეგრეთწოდებული “ქალ-ბიჭა” სუბსტანციები, გამამაკაცებული სპორტული გოგონები და პირიქით გადედაკაცებული “ბიჭუნები” (ეს უკანასკნელი ცალკე განსახილვლი თემაა).

“…ცარიელია, ვერანაირ ლტოლვას ვერ განიცდის, გარდა საკუთარი თავის აღტაცებისა. სამწუხაროდ, თანამედროვე გოგონების უმრავლესობაში არათუ დედობა, არამედ სიყვარულიც კი არ იწვევს არანაირ ინტერესს, მხოლოდ სურვილი – დაუთმონ დრო საკუთარ სხეულს, ტანსაცმლით მორთონ იგი და თანაც, რაც შეიძლება მისი მცირე რაოდენობით…” (გიორგი მცხვეთაძე)

შეიძლება ეს სიტყვები საკმაოდ გადაჭარბებული და, რა თქმა უნდა, სუბიექტურია, მაგრამ რეალური სიტუაცია ბევრით არ ჩამოუვარდება მას.

საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი, “განვითარებულ” და “ემანსიპირებულ” სამყაროში, ქალებს რატომღაც კარგად გამოსდით ეგრეთ წოდებული, ორაზროვანი მეგობრობა. ესაა რაღაც ბუნდოვანი “ინტელექტუალური” სიმპათიები და ახალი “დემონკრატიული” ნატურალიზმი. სიყვარული უკვე აღარ აღიქმება მისი ღრმა საწყისი მნიშვნელობით. ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით ადამიანები მასში ვეღარ ხედავენ რაღაც პირველყოფილ კოსმიურ ძალას.

საყოველთაო თანასწორობამ გააუქმა უწინდელი ღირსეული მამაკაცური დამოკიდებულება-ურთიერთობები: რაინდსა და რაინდს შორის, პატრონსა და ვასალს შორის. გიპერ თანასწორობას მივყავართ რაღაც უგემოვნო სამყაროსკენ. თუმცა, როგორც აღორძინების, ისე დაცემის დროს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. თუ ვსაუბრობთ თანამედროვე ქალის დეკადანსზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოო ჯამში, მამაკაცია ყველაფერზე პასუხისმგებელი. მეფეებს და დიდებულებს თუ მართლაც შესწევდათ ძალა და ნიჭი კვერთხის და ხმლის ტარებისა, საეჭვო წარმოშობის აქტივისტები ვერასოდეს ვერ შეძლებდნენ ერის რევოლუციისკენ დაძვრას, ასევე ქალები იმ საზოგადოებაში, რომელსაც ნამდვილი მამაკაცები მართავენ, არ მოისურვებდნენ ფემინისტური გადაშენების გზაზე დადგომას. Aასე რომ, უფრო სამართლიანია სასჯელი მამაკაკაცებზე იყოს მიმართული, ვიდრე ქალებზე. შეუძლებელია მოსთხოვო ქალს დაუბრუნდეს თავის ბუნებას იმ დროს, როდესაც მამაკაცი საკუთარ კარიკატურას დაემსგავსა.

საქრათველოშიც იგივე ტენდენციებია, რაც მთელ მსოფლიოში. ზედმეტია ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობაზე ლაპარაკი თუ თითოეულ ჩვენგანში არ აღორძინდა ძველი, მამა-პაპური მიდგომა იმ ფუნდამენტალურ საკითხებისადმი, რომლებიც, ფაქტიურად, აყალიბებენ ახალი თაობის (ესე იგი ახალი მოქალაქის) ფსიქოლოგიას. თანამედროვე ადამიანის აღორძინება, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, არის წინაპირობა არამარტო ფემინისტური ცრუ იდეალების გაქრობისა, არამედ ჩვენი ერის პოლიტიკური აღორძინებისა.