ამერიკელი პიონერები

მაკა ღანიაშვილი

ამერიკელები ცდილობენ ომის შემდგომ გაფრენილი, გამქრალი ინვესტორები საქართველოში მოაბრუნონ. საიდუმლო აღარაა, რომ აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოს ექსპორტმა იკლო და თითქმის მთლიანად შეჩერდა საინვესტიციო ბუმი. საქართველოსათვის დონორების მიერ ოქტომბერში 4,5 მილიარდის გამოყოფის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც ქვეყანაში ბიზნეს-კლიმატი, საფინანსო-სამშენებლო სექტორის გადარჩენა და ინფრასტრუქტურის აღდგენაა.

25-28 ოქტომბერს თბილისს სტუმრობდა დელეგაცია აშშ-ს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ჯონ სალივანის ხელმძღვანელობით. ბატონმა ჯონ სალივანმა ძირითადად რამდენიმე ფირმისათვის თანხების გამოყოფაზე ილაპარაკა ჯი-ემ-თი ჯგუფი, რომელიც ისედაც ამერიკელების პარტნიორია და “ქორთიადს” და “თბილის-მარიოტს” მართავს, აშენებს ბიზნეს-ცენტრს პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც თავის დროზე იდგა მხატვრთა სახლი რომელიც 1992 წელს სამოქალაქო ომის დროს დაიწვა და სხვა.
თანხები პარკ “ჰაიატის” მშენებლობისთვისაც გამოიყო. ეს ის პროექტებია, რომლებიც ისედაც OPIC-ზე – აშშ-ს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდზე იყო მიბმული. კარგია, რომ ისინი ცდილობენ დაეხმარონ ლიკვიდური სახსრებით “თი-ბი-სი” ბანკს და “საქართველოს ბანკს”, მაგრამ კონკრეტულად, გარდა თავისი სქემისა, OPIC-ის მიერ განხორციელებულ რა ინვესტიციებზე იყო ბოლო ქართულ-ამერიკულ ფორიუმზე მსჯელობა, ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.
ჯონ სალივანმა მოინახულა რეკონსტრუქციის პროცესში მყოფი ქართულ-ამერიკული ბიზნესკომპანიები და უმასპინძლა ბიზნესფორუმს, რომელზეც ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს საქართველოში არსებული სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები. ამერიკელ ბიზნესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: რობერტ მოსბახერი – საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი პირი, აშშ-ს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი ლარი უოპტერი, ეკონომიკის მინისტრის მეორე მოადგილე ეკონომიკის საკითხებში ჯეკ მაკდუგლი და ეკონომიკის მინისტრის მეორე მოადგილე ევროპის საკითხებში პოლ დიკი. სავაჭრო დელეგაციას თან ახლდა 18 ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელი.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესსამიტზე ოფიციალურად წარმოადგინეს საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) შვიდი ახალი (ან ძველი განახლებული) პროექტი, რომელიც მთლიანად საქართველოსათვის 176 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. როგორც OPIC-ის პრეზიდენტმა მოსბახერმა განაცხადა, “ამ პროექტების მეშვეობით მოხდება მეტად საჭირო კაპიტალის შემოდინება ახალგაზრდა და მზარდი დემოკრატიის ქვეყნის საბანკო, სამშენებლო და სამრეწველო სექტორებში”. დღეს საქართველოში იმიტომ ვიმყოფებით, რომ დაგიდასტუროთ აშშ-ს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისადმი. კარგად გვესმის რა მსხვერპლი გაიღო ქვეყანამ თავისი ბაზრების გასახსნელად და ამით საშუალება მისცა თავის მოსახლეობას გლობალური ეკონომიკის მონაწილე გამხდარიყო”- განაცხადა მოსბახერმა.
თავად OPIC დაარსდა 1971 წელს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტო, რომელიც აშშ-ს კერძო სექტორს ეხმარება განვითარებად ქვეყნებში ეფექტური ინვესტიციების განხორციელებაში, ამ ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის გზით, რითაც ხელს უწყობს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის გატარებას. OPIC-ის მიერ განხორციელებული პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვევა და დაფინანსება ეხმარება აშშ-ს ყველა მასშტაბის საწარმოს მოახდინოს ინვესტირება 150-ზე მეტ ახლადაღმოცენებულ ბაზარსა და განვითარებად ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 35-წლიანი ისტორიის მანძილზე OPIC-მა მხარი დაუჭირა 177 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს, რომლებიც დაეხმარნენ განვითარებად ქვეყნებს 13 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფო შემოსავლების მიღებასა და 800000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში. OPIC-ის პროექტების საშუალებით გამომუშავდა 71 მილიარდი დოლარი აშშ-ს ექსპორტის სფეროში და შეიქმნა 271000 სამუშაო ადგილი აშშ-ში.
OPIC-ის ახალი პროექტი საქართველოში მოიცავს 4 სექტორს – ფინანსებს, მშენებლობას, ტურიზმს და მრეწველობას. ფორუმზე გამართულ ცერემონიაზე მოსბახერმა ხელი მოაწერა რამდენიმე პროექტთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე და აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ჯონ სალივანი.
ქვემოთ მოცემულია იმ პროექტების მოკლე შინაარსი, რომელთა მხარდაჭერასაც OPIC-ი აპირებს:
TBC ბანკს OPIC-ი გადასცემს 40 მილიონ აშშ დოლარს. ამით ბანკს საშუალება ექნება გაზარდოს იპოთეკური სესხების გაცემა ბინათმშენებლობისათვის. თანხა ძირითადად დაბალ და საშუალო შემოსავლიან იპოთეკურ სესხებს მოხმარდება.
40 მილიონ დოლარს მიიღებს “საქართველოს ბანკიც” ასევე იპოთეკური სესხებისათვის. ეს მოხდებაWorldBusiness Capital-თან ერთად, რომელიც აშშ-ს მცირე ბიზნეს-კრედიტორია.
OPIC-ი 30 მილიონ დოლარს გამოყოფს “პარკ ჰაიატი თბილისის” სასტუმრო და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტის დასაფინანსებლად. პროექტს ხელმძღვანელობს “ჰაიატ ინტერნაციონალი” (Hyatt International).
ჯამში 60 მილიონს გამოუყოფს OPIC-ი GMT ჯგუფს, რომელსაც GMT ჯგუფი სამ პროექტზე ანაწილებს. პირველი, 40 მილიონი დოლარი გათვალისწინებულია თბილისის ცენტრში – პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს – მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობისათვის, სადაც განთავსდება ოფისები, საცხოვრებელი ბინები, საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სასტუმროს ლუქსი ნომრები, ავტომობილების პარკინგი და ღია საგამოფენო სივრცე. მეორე – 10 მილიონი გამოიყოფა მთაწმინდის პარკის სამსართულიანი ისტორიული შენობის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად. აშენდება მრავალფუნქციური ბიზნეს-კომპლექსი საქმიანი შეხვედრებისათვის, კონფერენციებისა თუ სხვადასხვა სახის ღონისძიებებისათვის, კომპლექსში განთავსდება რესტორანი, საბანკეტო დარბაზი, გასართობი ცენტრი და საცალო ვაჭრობის პუნქტები. მესამე პროექტი, რომლისთვისაც OPIC-ი ასევე 10 მილიონს გამოუყოფსGMT ჯგუფს, არის რძის პროდუქციისა და წვენების საწარმოს დაფინანსება.
და ბოლოს, OPIC-ი გადასცემს 6.3 მილიონ დოლარს პირდაპირი სესხის სახით სააქციო საზოგადოება “SBიბერიას”, თბილისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. პროექტი ხორციელდება “JSC იბერია უძრავი ქონებისა” და საქართველოს “JSC” ბანკის” მიერ. პროექტის სპონსორი აშშ-ს მხრიდან არის შპს Firebird Avrora Advisors.