ევროკავშირი არასატარიფო ბარიერებს არ გაამარტივებს

მაკა ღანიაშვილი

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო ფართო დისკუსია, განსჯა და შეფასება იმისა, თუ რა გავლენა მოახდინა აგვისტოს მოვლენებმა ამა თუ იმ სფეროზე, როგორია დანაკარგები, რა პერსპექტივები და განვითარების რა გზები არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ყველა სფეროს, კერძოდ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ეკოლოგიას, ენერგეტიკას, სამშენებლო ბიზნესს, საბანკო სისტემას თუ სხვა.

ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის საგანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა. რა შეიცვალა აგვისტოს მოვლენების შემდეგ და ევროკავშირის პოლიტიკურად გააქტიურების ფონზე საქართველო-რუსეთის საკითხთან მიმართებაში რა ხდება სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში? მით უმეტეს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსის შესანარჩუნებლად ეკონომიკური ინტეგრაცია უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომ ქვემოთ ყურადღებას სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე გავამახვილებთ. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველო სარგებლობს ევროკავშირის პრეფერენციათა (შეღავათების) განზოგადებული სისტემით (GSP) გათვალისწინებული სატარიფო შეღავათებით. ამ გზით ევროკავშირი განვითარებად ქვეყნებს საკუთარ ბაზარზე შეღწევის უპირატეს პირობებს ნებაყოფლობით უქმნის, რაც განვითარებად ქვეყნებს მათი ექსპორტის ხელშეწყობაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ GშP ევროკავშირმა 1971 წელს პირველმა შემოიღო. ევროკავშირს დღეისათვის მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნისათვის აქვს მინიჭებული GSP-ით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსი, რაც ამ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ევროკავშირის ბაზარზე საქონელი შემცირებული ან ნულოვანი ტარიფით შეიტანონ. 2005 წლიდან ევროკავშირმა შემოიღო ახალი სპეციალური სქემა “GSP +” – მასში გაერთიანდა სპეციალური სქემები შრომის უფლებათა დაცვისათვის, გარემოს დასაცავად და ნარკოტიკების და ტრეფიკინგინგის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რომლის მიმღები, ევროკომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, სხვა 14 ქვეყანასთან ერთად საქართველოც არის.GSP+-მა 7200 სახეობის პროდუქცია მოიცვა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ვაჭრობაში მესამე ქვეყნები მეტნაკლები წარმატებით ახერხებენ ე.წ. სატარიფო, ანუ ადმინისტრაციული ბარიერების გადალახვას და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები ექმნებათ არასატარიფო ბარიერების დაძლევის პროცესში. არასატარიფო ბარიერში იგულისხმება ის ტექნიკური (მათ შორის, სანიტარული თუ ფიტოსანიტარული) სტანდარტები, რომლებსაც პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად. მათში ასევე მოიაზრება სერთიფიცირებისა და პროდუქციის წარმოების მოთხოვნები და სხვა. ევროკავშირის არასატარიფო ბარიერების დაძლევა გართულებულია იმ მიზეზითაც, რომ ეს ბარიერები ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო აქტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობების რთული სინთეზის შედეგია.
უნდა აღინიშნოს, რომ არასატარიფო ბარიერების უარყოფითი გავლენა გლობალური ვაჭრობის სისტემის განვითარებაზე არა მხოლოდ ევროკავშირთან ორმხრივ ვაჭრობაში შეინიშნება, შესაბამისად მათი შემცირების საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე “დოჰა-ს განვითარების რაუნდის” მოლაპარაკებებშიც არის ჩართული.
GSP-იც განვითარებად ქვეყნებს მხოლოდ სატარიფო შეღავათებს სთავაზობს . არასატარიფო ბარიერებთან დაკავშირებით კი ევროკავშირს სავაჭრო შეღავათები არასოდეს შეუმუშავებია, რაც დაბალი საბაჟო განაკვეთების პირობებშიც კი, განვითარებად ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად გადაულახავ წინააღმდეგობებს უქმნის. მიუხედავად ამისა, GშP+ პროგრამის გაგრძელებას საქართველოსათვის მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი კი სულ ცოტა ხანში, 2008 წლის ბოლოსათვის უნდა გადაწყდეს. აღნიშნული პროგრამის გაგრძელების რა შანსი აქვს საქართველოს და გარდა ამისა, რა ეტაპზე საქართველოს და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხი? ამ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკისა და სამართლის ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორს კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.
– ბატონო კახა, რა შეიცვალა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში აგვისტოს მოვლენების შემდეგ? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ომმა და მისმა შედეგებმა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე?
– ის, თუ რა დანაკარგები განიცადა საქართველომ ომის გამო კარგად არის შეფასებული მსოფლიო ბანკისა და გაერო-ს ერთობლივ ნაშრომში, რომელიც ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზეც იყო წარდგენილი. როგორც იქ არის აღწერილი, მთლიანი დანაკარგები დაახლოებით 3,25 მილიარდი აშშ დოლარია. აქ შედის ყველაფერი – ინფრასტრუქტურა, სოციალური ფონის გაუარესება, ეკოლოგიური მდგომარეობა, ბიუჯეტის, საბანკო და ბიზნეს-სექტორის დანაკარგები და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც იცით, დონორებისაგან ჩვენ მივიღეთ უფრო დიდი რაოდენობის დახმარება – 4,5 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც პრინციპში უნდა უზრუნველყოს ამ დანაკარგების აღდგენა. ეს რაც შეეხება ფინანსურ დანაკარგებს. ევროკავშირთან მიმართებაში კი პირველ რიგში ის შეიცვალა, რომ ევროკავშირი ბევრად უფრო აქტიური პარტნიორი გახდა საქართველოსთვის. მან თავის თავზე ახალი მისიის შესრულება იკისრა, ეს პოლიტიკური მხარდაჭერის უპრეცედენტო დონეა, როდესაც ევროკავშირი მესამე სახელმწიფოსთან აგვარებს შენს პრობლემას, ზრუნავს იმაზე რომ დაცული იყოს შენი ტერიტორიული მთლიანობა, სამშვიდობო შეთანხმებები, დაგიცვას სამხედრო აგრესიისგან და ასე შემდეგ.
– ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ასეთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის პარალელურად, ევროკავშირის კომისია, როდესაც ის საქართველო-ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას დაიწყებს, რაღაცეებზე თვალს დახუჭავს?
– თვალს ევროკომისია არაფერზე არ დახუჭავს. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ის მეტ პასუხისმგებობას კისრულობს შენი განვითარების, დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. რაც შეეხება ჩვენი ურთიერთობების კონკრეტულ ასპექტებს, ის პრინციპული მიდგომები, რომლებიც არსებობდა ისევ დარჩება – იქნება ეს დემოკრატიის განვითარებისა, თუ საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვის საკითხები. ამაში ევროკავშირი ისეთივე თანამიმდევრული და მომთხოვნი იქნება, როგორც აქამდე იყო.
– რა ხდება GSP+ დაკავშირებით? როგორც ვიცით, მისი გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი საქართველოსათვის წლის ბოლოსათვის უნდა გადაწყდეს.
– დიახ, მთავრობა ახლა ამზადებს განაცხადს, რომელიც 31 ოქტომბრამდე უნდა შეიტანოს ევროკავშირში. შემდეგ ევროკავშირის კომისია განიხილავს ამ განცხადებას და გადაწყვეტს უნდა გაუგრძელოს თუ არა საქართველოს GSP+. რაც მთავარია, ამ ეტაპზე ოცდაშვიდივე კონვენცია, რომელიც პირობად იყო მიღებული GSP+-ის შესანარჩუნებლად, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია. ბოლო 2 კონვენციის რატიფიცირება სულ ახლახანს მოხდა. ერთი იყო მეხიკოს კონვენცია, რომლის რატიფიცირება მოხდა 10 ოქტომბერს და მეორე კარტახენას ოქმი – 26 სექტემბერს. ეს უკანასკნელი ეხება ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებს. მაგრამ საუბარია არა მარტო კონვენციების რატიფიცირებაზე, არამედ მათ იმპლიმენტაციაზეც. რამდენად სრულდება ისინი? ზუსტად ამასთან დაკავშირებით ამზადებს საქართველოს მთავრობა განაცხადს, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველაფერი. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ევროკომისიის განსასჯელია იმ დონეზე არის თუ არა შესრულებული ევროკავშირის მოთხოვნები, რომ დააკმაყოფუილოს GSP+ის გაგრძელებისათვის საჭირო მოთხოვნები. ევროკომისიას აუცილებლად ექნება პრეტენზიები გარკვეული მიმართულებებით, მაგრამ იმის შანსი, რომ ევროკომისია დაეთანხმოს და გაუგრძელოს საქართველოს GSP+, ჩემი აზრით, არსებობს.
– გარდა ამისა, ევროკავშირმა გააქტიურა მოლაპარაკებები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის საკითხებთან დაკავშირებით!
– ის, რომ ევროკავშირი დააჩქარებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებების წარმართვას, იყო ევროსაბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. მთავარია, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე მალე დაიწყოს. ამას უკავშირდებოდა თბილისში 14-16 ოქტომბერს ევროკომისიის დელეგაციის ჩამოსვლაც. დელეგაციამ მთავრობასთან გამართა პირველი კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა მზად საქართველო ამ რეჟიმზე გადასასვლელად.
– კონკრეტულად რა შეღავათებს ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება?
– ეს არის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს სატარიფო ბარიერების მოხსნას ყველა მიმართულებით, ყველა ტიპის ვაჭრობაზე როგორც მომსახურების, ასევე სამრეწველო სფეროებში. გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ითვალისწინებს არასატარიფო ბარიერების მინიმიზაციას. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას, რათა შენთან წარმოებული პროდუქციისა თუ წარმოების სტანდარტები დაუახლოვდეს იქაურ სტანდარტებს. სატარიფო ბარიერები დღეისათვის ძალიან დაბალია – 2-3%, და სწორედ არასატარიფო ბარიერებია ის სტანდარტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა და რომლის გამოც ვერ შედიხარ შენ იმ ბაზარზე. ამ მოთხოვნათა სირთულე ნაკარნახევია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა სურვილით, ერთის მხრივ, მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ხოლო მეორეს მხრივ, ევროკავშირის შიდა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობები შექმნან, ანუ არ დაუშვან საკუთარ ბაზარზე ისეთ პირობებში და ისეთი ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქციის შემოსვლა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს არ მიესადაგება, შესაბამისად დაბალი თვითღირებულება აქვს და ამით ბაზარზე გარკვეულ უპირატესობას ფლობს.
– არსებობს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ინიციატივა, ე.წ. დოჰას დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს განვითარებადი ქვეყნებისათვის დასავლეთის ბაზრებზე შეღწევის პროცედურების გაიოლებას. ამ ინიციატივას ევროკავშირიც უჭერს მხარს.
– მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე მოლაპარაკებებსა და პროცესებს, მაგრამ საერთო ტენდენცია რომ არის სატარიფო ბარიერების ნოლამდე ჩამოწევა, ეს ნათელია. რაც შეეხება არასატარიფო ბარიერებს, ამის გამარტივებაზე ევროკავშირი ყოველ შემთხვევაში არ დათანხმდება” რადგან ეს არ არის მარტო კონკურენციის საქმე, ეს არის ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, ცხოვრების დონისა და ხარისხის საკითხი. ამიტომ ამ მიმართულებით არა მგონია რომ გამარტივება მოხდეს. ევროკავშირის ბაზარზე საკვები პროდუქციის იმპორტირების დროს ისეთი არასატარიფო ბარიერების შენარჩუნება, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვასა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას ემსახურება, ევროკავშირს სამართლიანად მიაჩნია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ევროკავშირი ყოველმხრივ ცდილობს გადაულახავი ბარიერები შეუქმნას განვითარებადი ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე უხარისხო და მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის საზიანო პროდუქციის შემოდინებას.
– ამისათვის ქვეყანაში მარეგულირებელი სისტემა და სტანდარტიზაციის საკითხები უნდა იყოს მოწესრიგებული. საქართველოში კი ამ მხრივ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა!
– დიახ, ძალიან ბევრი მიმართულება ჩვენთან, რაც შეეხება სახელმწიფო რეგულირებას, თითქმის არ არსებობდა. მაგალითად, სურსათის უვნებლობის, სამრეწველო სტანდარტების, სამშენებლო ნორმების, ენერგო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხები და აშ., ანუ ყველაფერი ის, რაც ეკონომიკურ საქმიანობას ეხება, ეს ყველაფერი ევროკავშირში არის რეგულირებული და ემორჩილება გარკვეულ ნორმებს, არსებობს ხარისხის შესაბამისობის შეფასების სამსახურები. ყველაფერი ეს საქართველოშიც შესაბამის დონეზე უნდა იყოს.
– თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში, სატარიფო ბარიერები ნოლამდე დავა?
– დიახ, ის ნოლამდე დავა. საერთოდ ასეთი ტიპის შეთანხმებები ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებს ამოღების სიის შედგენას ზოგიერთი პროდუქტისთვის. პროდუქტების დაახლოებით 70%, როცა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მყარდება, არ იბეგრება. პროდუქციათა რაღაც სახეობები კი შეიძლება დაიბეგროს. ეს ორმხრივი შეთანხმების საკითხია. როცა 2 დიდ ქვეყანას შორის იდება მსგავსი შეთანხმება, იქ ყოველთვის არსებობს ამოღების სიები, სადაც მითითებულია პროდუქტები, რომლებიც არ შედის ამ სიაში და ძველი რეჟიმით იბეგრება, ანუ ზოგიერთ პროდუქტზე ეს სატარიფო ბარიერები შეიძლება არ განულდეს. იმედია, რომ საქართველოსთან ასეთი ამოღების სია არ იარსებებს, ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც პროდუქტის არც ერთი სახეობა არ დაიბეგრება.
– დაახლოებით რა დრო დასჭირდება ამ შეთანხმების მიღწევას და ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლას?
– 2-3 წელიწადი შეიძლება დაჭირდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე მისვლას. გააჩნია რამდენად ინტენსიურად მოკიდებს ამას ხელს სახელმწიფო და რამდენად პრიორიტეტული იქნება მისთვის ეს მიმართულება.