“კავკასიის ჩაის ფესტივალი” საქართველოში

ნინო არველაძე

25 ოქტომბერს თბილისში, შარდენის ქუჩაზე, ბამბის რიგში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზატორობით ჩაის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის მხარდამჭერი გახლდათ საერთაშორისო ორგანიზაცია “კავკასიის ბიზნესისა და განვითარების ქსელი” (The Caucasus Business and Development Network), ბრიტანული “ინთერნაციონალ ალერტი” (International Alert) და სს “ბაზისბანკი”.

პირველად ჩაის ფესტივალი გასულ წელს ჩატარდა, ის ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობას და წახალისებას ემსახურება. წელს კი ეს ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ გაიმართა და სიახლეც შეემატა – მასში მონაწილეობდნენ კავკასიის რეგიონისა და თურქეთის რესპუბლიკის მეჩაიეები.
ფესტივალის მთავარი ამოცანაა მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება რეგიონალური კონფლიქტების ზონებში, ნატურალური კავკასიური ჩაის პოპულარიზაცია, შიდა ბაზრის ათვისება.
ფესტივალის ფარგლებში წარმოადგინეს ჩაის უნიკალური სახეები კავკასიის რეგიონებიდან: “კავკასიის შავი ბაიხის ჩაი” და “კავკასიის მწვანე ელიტური ჩაი”, ასევე “კავკასიის მთის სამკურნალო ჩაი”.
“კავკასიის ბიზნესისა და განვითარების ქსელის” ინიციატივით, საერთო კავკასიური ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში წარმოებულია ერთიანი კავკასიური ჩაის ბრენდები.
გვესაუბრება საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ სვანიძე:
– ფესტივალის მისიაა რეგიონალური კონფლიქტების ზონებში, ჩაის სფეროში ეკონომიკური ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ჩაის პოპულარიზაცია, კავკასიის მეჩაიეთა გაერთიანება რეგიონში ჩაის დარგის გადარჩენისა და მისი აღორძინებისათვის, ჩაის პროდუქციის ახალ ბაზრებზე გასვლა, შიდა ბაზრების ათვისება, კავკასიაში მეჩაიეობის ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება. შარშან პირველად ჩატარებულ ჩაის ფესტივალს დიდი რეზონანსი მოჰყვა, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ღონისძიებისათვის ტრადიციული სახე მიგვეცა და ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს ჩავატაროთ ჩაის ფესტივალი. ფესტივალის ორგანიზატორებმა – “კავკასიის ბიზნესისა და განვითარების ქსელმა” და ბრიტანულმა “ინთერნაციონალ ალერტმა”, რომელიც ინგლისური არასამთავრობო ორგანიზაციაა და კავკასიაში ეკონომიკური კავშირებით მშვიდობის დამყარების ეგიდით მუშაობს, ერთ-ერთ ვექტორად ჩაი აირჩიეს, რადგან ეს პროდუქტი მოდის აზერბაიჯანში, საქართველოში, აფხაზეთის რეგიონში და ა.შ. წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ჩატარდა ქართულ-აზერბაიჯანული ჩაის ფესტივალი, ერევანში – ქართულ-სომხური ჩაის ფესტივალი. სომხეთში აკეთებენ ბალახის ჩაის, ბაქოში კი ჩავატარეთ კავკასიის მეჩაიეთა პირველი კონგრესი, სადაც თურქებიც მონაწილეობდნენ. ჩამოყალიბდა “კავკასიის მეჩაიეთა ასოციაცია”, რომლის პირველი პრეზიდენტიც აზერბაიჯანის მეჩაიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ფარმან გულიევი გახლავთ. აქედან გამომდინარე, “კავკასიის ბიზნესისა და განვითარების ქსელის” ინიციატივით გადაწყდა, რომ ქართული ჩაის ფესტივალის ნაცვლად ჩაგვეტარებინა “კავკასიის ჩაის ფესტივალი”.
– წლევანდელ ფესტივალზე თუ წარმოადგინეთ ქართული ჩაის ახალი ბრენდი?
– საცდელად გავაკეთეთ “კავკასიის ჩაი”, კავკასიის მთელი რეგიონიდან შევკრიბეთ ჩაი და გავაკეთეთ მისი კუპაჟი. ეს საცდელი ბრენდია, ხოლო მისი წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია კავკასიის მეჩაიეთა შორის მოხდეს ინტეგრაცია და საბოლოოდ შეიქმნას “კავკასიის ჩაის” ბრენდი.
– რუსეთ-საქართველოს ომმა რა ზარალი მოუტანა საქართველოს ჩაის სექტორს?
– მას უარყოფიი გავლენა საერთოდ არ მოუხდენია, რადგან ომამდე რუსეთს უკვე ჰქონდა გამოცხადებული ბლოკადა და ქართული ჩაი მაინც არ შედიოდა მის ბაზარზე, ამ მხრივ არაფერი არ იყო და ახლაც არაფერი არ არის!