ბრილიანტები და ჰოლივუდი

მოამზადა ავთო ჩიტიძემ

ჰოლივუდი პრემიერებითა და სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებით ცხოვრობს. ნუ იფიქრებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები მართლაც მოულოდნელად ელიან თავიანთი ფილმის პრემიერას ან სხვადასხვა პრიზის მიღებას, უბრალოდ, ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგად გამოსდით თავიანთი “ქირურგიული” სხეულის, ძვირადღირებული ტანსაცმლის და რაც მთავარია, ძვირფასი სამკაულების დემონსტრირება.

ვარსკვლავური დაავადება სწორედ რომ ძვირფასეულობის მიმართ განუსაზღვრელ სიყვარულში ვლინდება. ოსკარების დაჯილდოების ღამეს ვარსკვლავების მიერ წითელ ბილიკზე დემონსტრირებული კაბები და საიუველირო ნაწარმი, მთელი წლის მოდას განსაზღვრავს. ამ ღამისათვის მსახიობები სოლიდური ქონებიდან ასევე სოლიდურ თანხას იღებენ, რათა ყველაზე ძვირადღირებული და გემოვნებიანი ვარსკვლავის სტატუსი მიიღონ, ფული ხშირად გემოვნების უკუპრპორციულია. ამ მნიშვნელოვანი დღისათვის განსაკუთრებულ მზადყოფნას პლანეტის ცნობილი დიზაინერები და ოქრომჭედლები აცხადებენ. ხშირად ისეც ხდება, რომ ესა თუ ის დიზაინერი მზად არის გადასცეს, რომელიმე ვარსკვლავს თავისი ნაწარმი უფასოდ, რათა ამ უკანასკნელმა სამკაულის დემონსტრირება და რეკლამირება მოახდინოს. ზოგიერთი “ღარიბი” ან წუწურაქი ვარსკვლავი პრემიერებისათვის ძვირფასეულობას ქირაობს და სოლიდურ დანაზოგს აკეთებს. საზოგადოებაში დღესაც მყარად დამკვიდრებულია აზრი, რომ ნაკლებად პოპულარული ვარსკვლავიც კი, ერთ პატარა საიუველირო მაღაზიის ვიტრინას მაინც უნდა ჰგავდეს.

ადრეულ წლებში არც ერთი მსახიობი თავს უფლებას არ აძლევდა, რომ საზოგადოება მოეტყუებინა და დაქირავებული ძვირფასეულობებით ეამაყა. წარსული წლების ვარსკვლავებს თანამედროვეთაგან განსხვავებით, სახლში ნამდვილი საიუველირო მუზეუმი აქვთ. უნიკალური ძვირფასეულობა ქონდათ: ჯოან კროუფორდს, გრეტა გარბოს, კეტრინ ჰეპბერნს და ელიზაბეტ ტეილორს. გრეტა გარბო და კეტრინ ჰეპბერნი ბრილიანტებს ეტრფოდნენ. ელიზაბეტ ტეილორი მსოფლიოში ყველაზე დიდი მარგალიტის მფლობელია. ის ალბათ ერთადერთია ამჟამინდელ მსახიობ ქალთა შორის, ვინც კონკურენციას გაუწევდა ჰოლივუდის “ოქროს ხანის” ვარსკვლავთა კოლექციებს. თავის დროზე მან იმითაც გაითქვა სახელი, რომ მსხლის ფორმის უნიკალური, 69,42 კარატიანი ბრილიანტის მფლობელი გახდა. ამ თვალს ზომის მიხედვით მე-11 ადგილი უკავია მსოფლიოში. ტეილორმა იგი 1978 წელს 3 მლნ. დოლარად გაყიდა. მასვე კიდევ ერთი ჰოლივუდური რეკორდი ეკუთვნის – 33,19 კარატიანი ბრილიანტით დამშვენებული ბეჭედი.

ლიზ ტეილორის კოლექციაში დაცული ყველაზე ძვირფასი სამკაულები, მისი ყოფილი (თანაც ორგზის) ქმრის, რიჩარდ ბარტონის ნაჩუქარია. ჩვეულებრივ, ტეილორს ახალი ბრილიანტები მაშინ უჩნდებოდა, როცა მორიგი საოჯახო სკანდალის შემდეგ, მის სახლში მშვიდობა ისადგურებდა. ლიზი ყველაფერს აპატიებდა ქმარს, თუ ეს უკანასკნელი მას რაიმე ძვირადღირებულ ნივთით ასაჩუქრებდა.

“ოქროს წესი”, რომ ყველა ვარსკვლავს თავისი წონის ძვირფასეულობა უნდა ჰქონოდა, პირველად მერლინ მონრომ დაარღვია, რომელიც ერთ-ერთ წვეულებაზე ყალბი ბრილიანტების ყელსაბამით გამოცხადდა. ეს ფაქტი კარგა ხანს საიდუმლო იყო და მისი იდუმალი სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი. გასულ წელს, “ოსკარების” წამყვანმა ვუპი გოლდბერგმა განაცხადა, რომ თავისი დიდი ბრილიანტები სულაც არ არის მისი საკუთრება, არამედ იქირავა, რაც ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ასეთი თამამი განაცხადი ჯერ არც ერთ ვარსკვლავს არ გაუკეთებია. მან განაცხადა: “სრულ უაზრობად მიმაჩნია, მილიონი დოლარი გადავიხადო ბრილიანტის ყელსაბამში, როდესაც შეიძლება ამავე ყელსაბამის 10 ათას დოლარად ქირაობა. ხშირად გამქირავებელი ფირმები არცთუ კმაყოფილნი არიან თავიანთი კლიენტებით. ერთხელ შერონ სტოუნს ბრილიანტების გამქირავებელმა ფირმამ სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ ვარსკვლავმა ნაქირავები ძვირფასეულობა უკან არ დააბრუნა. სასამართლომ ვარსკვლავს ძვირფასეულობა დააბრუნებინა და ჯარიმაც გადაახდევინა. ამ სკანდალის შემდეგ შერონ სტოუნს კარგა ხანს წუწურაქი ვარსკვლავის იმიჯი ჰქონდა. ამ იმიჯს თავი მას შემდეგ დაღწია, როდესაც თავის ქმარს, ფილ ბროშტეინს, 150 ათას დოლარად ღირებული საქორწილო ბეჭედი აჩუქა.

ბევრი ჰოლივუდელი ვარსკვლავი ფირმა “ჰერი უინსტონის” კლიენტია, რომელსაც 200 მილონი დოლარის საერთო ღირებულების ათასობით საიუველირო ნივთი აქვს. ფირმა ახალ ტენდენციას არც ტომ ჰენკსი ჩამორჩება. სულ ცოტა ხნის წინ თავის მეუღლეს, რიტა უილსონს მან XIX საუკუნის საუცხოო ბრილიანტის საყურე უსახსოვრა. მსახიობმა ბენჟამინ რეტმაც გაახარა თავისი საცოლე, ჯულია რობერტსი, რომელსაც ზურმუხტებითა და ბრილიანტებით გაწყობილი 200 ათას დოლარიანი ბეჭედი აჩუქა.

ძვირფასეულობასთან მსახიობ ეშლი ჯადს ერთი უცნაური ისტორია აკავშირებს. საქმე ის გახლავთ, რომ ეშლიმ სიზმარში საუცხოო სილამაზის ბეჭედი ნახა. ამ ამბავმა მოსვენება დააკარგვინა: მას სურდა ცხადში სწორედ ისეთი ბეჭედი ენახა თავის ხელზე, როგორიც ესიზმრა… მსახიობის საქმრომ, დარიო ფრანკიტიმ, თითქმის ყველა სახელგანთქმული ოქრომჭედელი მოიარა და ხუთთვიანი ძიების შედეგად მიაგნო ბრილიანტისთვლიან ბეჭედს, რომელიც ცოტათი მაინც გავდა მისი სატრფოს მიერ სიზმარში ნანახს. როგორც ჩანს, სატრფოს გულის მოგების მრავალ ხერხს შორის, ჰოლივუდში ბრილიანტები ყველაზე დამარწმუნებელი არგუმენტია. ამაში სავსებით დარწმუნდა მსახიობი ბერ ტრეინოლდსი, რომელიც ექვსი წლის მანძილზე უშედეგოდ იბრძოდა ლონი ანდერსონის სიყვარულის მოსაპოვებლად და მხოლოდ შვიდკარატიანი მოყვითალო ბრილიანტით დამშვენებული ბეჭდის მირთმევის შემდეგ მიიღო ოცნებად ქცეული თანხმობა. ორიოდე წლის წინ, სწორედ ამ გზით მოიპოვა გამარჯვება ერთ-ერთ ჰოლივუდელ სექს-სიმბოლოზე, რაკელ უელჩზე, პიცერიების ქსელის მფლობელმა, რიჩარდ პალმელმა. შვიდკარატიანი ბრილიანტის ბეჭდის დანახვისას, ქალი უყოყმანოდ დათანხმდა ცოლობაზე.

თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა მამაკაცი მზად არის თავის სატრფოს ძვირადღირებული ბრილიანტები აჩუქოს.

ალბათ, წარმოუდგენელია ლამაზმანმა საიუველირო საჩუქარზე თქვას უარი, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში ასეთი ქალიც აღმოჩნდა. ეს მსახიობი ანჯელინა ჯოლი გახლავთ. ქორწინებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მან თავისი საქმრო, ბილ მობ ტორნტონი იმით გააოგნა, რომ განუცხადა: “ძვირფასთვლებიანი ბეჭდები ვულგარული რამ არისო”. ბილმა უჩუმრად დააბრუნა საიუველირო მაღაზიაში წინასწარ ნაყიდი ნიშნობის ბეჭედი. ჯვრისწერის დღეს კი, ანჯელინას თითზე, ყოველგვარი “დანამატებისგან” თავისუფალი, წვრილი ოქროს ბეჭედი წამოაცვა. ჯოლი ამით დიდად კმაყოფილი დარჩა…

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ისტორიას, როდესაც ჰოლივუდელი მამაკაცები სატრფოებს ძვირფასეულობას ორიგინალურ, მაგრამ უბრალო გარემოში ჩუქნიან.

ცნობილმა მსახიობმა ჯეიმს ვუდსმა თავის საცოლის სარა ოუენისთვის ნიშნობის ბეჭდის მირთმევის ფრიად ორიგინალურ ხერხს მიაგნო: რესტორანში დაპატიჟა და გაოცებული პუბლიკის თვალწინ ბრჭყვიალა ბრილიანტი ძივრფასი შამპანურის ჭიქაში ჩაუშვა, შემდეგ კი მუხლმოდრეკილმა ეფექტური ჟესტით მიაწოდა ჭიქა სარას. ამ შეუდარებელმა იმპროვიზირებულმა შოუმ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქალზე, რომ ის უმალ დასთანხმდა ვუდსის წინადადებას, თუმცა, კარგად იყო ინფორმირებული მსახიობის აუტანელი ხასიათის შესახებ.

მსახიობმა სკოტ ვულფმა თავის შეყვარებულს, ალისა მილანოს, ერთ-ერთი დღესასწაულის აღსანიშნავად დიდი კოლოფი მიუტანა. კოლოფში ჩვეულებრივი გოგრა აღმოჩნდა. სკოტმა დანა გაუწოდა და გოგრის დაჭრა სთხოვა. ალისას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გოგრაში საუცხოო სილამაზის ბრილიანტის ბეჭედი აღმოჩნდა.