მსოფლიო ფინანსური კრიზისი და საქართველოს გამოწვევები

დავით ნარმანია – ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი
ფინანსური კრიზისის დასაწყისი

დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ამით გამოწვეული ნეგატიური მხარეები. განსაკუთრებული აქცენტი აშშ-ზეა გადატანილი, ვინაიდან სწორედ ამ ქვეყნიდან აღმოცენდა მსოფლიო ფინანსური კრიზისი. კრიზისის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ აშშ-ის იპოთეკური ბაზრის კრიზისი იყო. თანამედროვე მეცნიერებში ამ კრიზისმა მსოფლიო საბანკო და საფინანსო კრიზისის სახელწოდება მიიღო, რომლის დასაწყისადაც 2007 წლის ზაფხული (ძირითადად ივლისის თვე) მიიჩნევა, თუმცა კრიზისის გამომწვევი მიზეზები უფრო ადრეულ პერიოდებს მოიცავს.

2007 წლის ზაფხულში მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინდექსებმა (Dow Jones, NASDAQ, DAX, S&P500, NIKKEI და სხვა) იწყეს ნახტომისებური ვარდნა1. აშშ და მსოფლიო საფინანსო სისტემის ყველაზე მთავარი ინდიკატორი, დოუ-ჯონსის ინდექსი 2007 წლის ივლისში არსებული 14200 პუნქტიდან 2008 წლის ნოემბერში 7500 პუნქტამდე დაეცა (ინდექსის უფრო დეტალური აღწერა იხ. ქვემოთ). 2007 წლამდე აშშ-ში არსებული მშენებლობის მაღალი ტემპების, აშენებულ ფართებზე არაადექვატურად მაღალი ფასების, მშენებლობაში არსებული დიდი მოცულობის ინვესტიციების და იპოთეკური დაკრედიტების არასათანადო მეთოდების გამოყენების გამო, აშშ-ს უძრავი ქონების ბაზარი გაჯერდა და ფასებმა დაიწყო მკვეთრი ვარდნა, რასაც მოჰყვა საკმაოდ მოცულობითი დანაკარგები ინვესტორთა მხრიდან. ვითარება გაართულა იმან, რომ საბანკო დაწესებულებები ხშირ შემთხვევაში თანამონაწილეობის გარეშე, დაბალი პროცენტით გასცემდნენ კრედიტებს უძრავი ქონების შესაძენად. შედეგად დაიწყო მასობრივი გადაუხდელობები, რამაც საბანკო სექტორს სეროზული პრობლემები შეუქმნა. იპოთეკურ ბაზარზე დაწყებულ კრიზისს უპრეცენდენტოდ მაღალი ნავთობის ფასებიც დაემატა, რომელმაც 2008 წლის ივლისის დასაწყისში ბარელზე 140 აშშ დოლარი და მეტიც შეადგინა. ექსპერტთა ნაწილი მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამომწვევ მეორე მიზეზად იპოთეკურ კრიზისთან ერთად ნავთობის ხელოვნურად მაღალ ფასებსაც მიიჩნევს. ამ მოსაზრებას ძირითადად ამერიკელი ექსპერტები გამოთქვამენ, რომლებსაც არ სურთ გამოთქვან თავიანთი კრიტიკული აზრი აშშ-ის ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის გაუაზრებელი ფინანური პოლიტიკის გამო.
“მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაღრმავების მიზეზი პროცესებზე მთავრობების სუსტი რეაგირება იყო” – განაცხადა აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტის მკლევარმა პროფესორმა და ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის 2008 წლის ლაურეატმა პოლ კრუგმანმა (Paul Robin Krugman, 1953). მისი განცხადებით, “უმთავრესი მიზეზი კრიზისის გაღრმავებისა არის ის, რომ ყოველ სტადიაზე მთავრობები სუსტად რეაგირებდნენ პროცესებზე, ამან ნდობის ფაქტორი შეამცირა, რაც კრიზისს განვითარებისკენ უბიძგებდა”2.
ეკონომიკის სფეროს მეცნიერები და მკვლევარები კრიზისის დაწყებას შემდეგ ფაქტორებს უკავშირებენ:
ეკონომიკური განვითარების საერთო ციკლურობა;
მაღალი ფასები ნედლეულზე (მ.შ. ნავთობზე);
საფონდო ბირჟების გადახურება;
საკრედიტო ბაზრის გადახურება და მის შედეგად წარმოქმნილი იპოთეკური კრიზისი აშშ-ში;
პრაქტიკაში ახალი, გამოუცდელი ფინანსური მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება, როგორებიცაა საკრედიტო დეფოლტური სვოპები (credit default swap) და სხვა.
აშშ-ში საერთო საფინანსო და საბანკო კრიზისის უშუალო წინამორბედი იყო 2007 წელს მაღალი რისკის მქონე იპოთეკური კრედიტების კრიზისი (subprime), ანუ ისეთი პირების იპოთეკური დაკრედიტება, რომლებსაც გააჩნდათ დაბალი შემოსავლები და ცუდი საკრედიტო ისტორია. უძრავ ქონებაზე ფასების 20%-იანი ვარდნის შედეგად, უძრავი ქონების ამერიკელი მფლობელები გაღარიბდნენ 5 ტრლნ აშშ დოლარით3. 2008 წლის ოქტომბერში ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა (George Soros, 1930) იპოთეკურ პრობლემას “იპოთეკური საპნის ბუშტი უწოდა და განსაზღვრა როგორც “მხოლოდ და მხოლოდ ბიძგის მიმცემი მექანიზმი, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, რომ გასკდა უფრო მსხვილი ბუშტი. იგი წინასწარმეტყველებდა აშშ-ს ეკონომიკის შესუსტებას (ვარდნას) და ჩინეთის ეკონომიკის მაღალ ზრდას. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ჩვენ გვიგროვდებოდა ვალები, ისინი (ჩინელები) აკეთებდნენ ეკონომიას და აგროვებდნენ სიმდიდრეს. გარკვეული დროის შემდეგ, მსოფლიოს დიდი ნაწილი იქნება ჩინელების საკუთრება, რამდენადაც ისინი აშშ-ში საკუთარ დოლარის რეზერვებსა და წილებს გადაიყვანენ ნამდვილ აქტივებში. ეს შეცვლის ძალთა გადანაწილებას. ამერიკის მიერ ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების შედეგად ძალაუფლების გადატანა აზიისაკენ მოხდება4.
ბერნარდ მედოფს (Bernard Lawrence Madoff, 1938) NASDAQ-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მის მიერ შექმნილი პირამიდის სპეკულაციური სქემით 50 მლრდ აშშ დოლარის მიტაცება ბრალდება. მან 1960 წელს ჩამოაყალიბა კერძო კომპანია Bernard L. Madoff Investment Securities LLC, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2008 წლის 11 დეკემბრამდე, სანამ მას ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრებდა.
სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში დაწყებული კრიზისი ავტომატურად აისახა ბევრ სხვა დარგზე და ჯაჭვური რეაქციის გზით გამოიწვია საერთო რეცესია: უმუშევართა რაოდენობის ზრდა, სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის შემცირება, საბანკო კრიზისი და სხვა. მართალია, აშშ-მ სწრაფად შეიმუშავა კრიზისის მართვის ე.წ. პოლსონის გეგმა (Hენრყ Mერრიტტ Pაულსონ, 1946, აშშ-ს მოქმედი ფინანსთა მინისტრი), მაგრამ ამ პერიოდისთვის, განსაკუთრებით, საბანკო სექტორში არსებული კრიზისი ბევრ სხვა სფეროს და ქვეყანას მოედო. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ აშშ-ის ბანკების მიერ 2008 წელს ავტომობილების შესაძენად კრედიტების გაცემის შეზღუდვა, რის შედეგადაც მსოფლიო ავტოგიგანტების Opel-ის, Daymler-ის და Ford-ის ავტომობილების გაყიდვების მოცულობა შემცირდა და ამ კომპანიებმა შესაბამისად წარმოების მასშტაბებიც შეამცირეს.

ვარდნა საფონდო
ბირჟებზე და საინვესტიციო
ბანკების კრახი
2007 წლის 31 ოქტომბერს მსოფლიო საფონდო ბაზრების ინდექსებმა პიკს მიაღწია, რის შემდეგაც დაიწყო კლება (ვარდნა): 2008 წლის 3 ოქტომბრიდან, როდესაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მოსმენით დაამტკიცა პოლსონის გეგმა, ინდექსი შ&P 500 დაეცა 30%-ით; ინდექსი MSCI World, რომელიც გვიჩვენებს დინამიკას განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე, დაეცა 32,3%-ით; განვითარებადი ბაზრების ინდექსი MSCI Emerging Marktes დაეცა 40,5%-ით. 2000-2002 წლის ვარდნისგან განსხვავებით (რომელიც გამოწვეული იყო ტექნოლოგიური კომპანიების საფონდო ბაზრებზე კრახით და შემოიფარგლებოდა მხოლოდ აშშ-ს ბაზრებით), 2007-2008 წლის ვარდნა შეეხო ყველა ქვეყანას და განპირობებული იყო ბუმითა და საკრედიტო და საყოფაცხოვრებო სექტორებში შემდგომი კრახით, ხოლო მოგვიანებით – ნედლეულის ბაზრებზეც. პირველ რიგში, ვარდნა დაიწყო დასავლური ბანკების აქციებმა, ხოლო 2008 წლის ივლისიდან, როდესაც დაიწყო ნავთობის სწრაფი გაიაფება, განვითარებადი ქვეყნების ნედლეულის მომპოვებელი კომპანიების აქციებმაც.
2008 წლის 6-10 ოქტომბრის საბანკო კვირამ აშშ-ის სავაჭრო მოედნებზე მოიტანა ინდექსების ისტორიულად მაქსიმალური ვარდნა: Dow Jones Industrial Average (DJIA) დაეცა 7882,51-მდე და დაიხურა 8451,19-ით5. 2008 წლის ოქტომბერში საფონდო ბირჟებზე ვარდნა აშშ-ის ბაზრისთვის გახდა რეკორდული ბოლო 20 წლის განმავლობაში, ხოლო იაპონიის ბაზრისთვის – მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.
The Financial Times-მა 2008 წლის 10 ოქტომბერს, პარასკევს, საფონდო ბირჟის დაცემა შეადარა 1938 წლის 10 ოქტომბერს: “დილის ვაჭრობაზე პარასკევს შ&P 500 ინდექსის დაცემა ათწლეულის განმავლობაში იყო თითქმის იდენტური მისი ვარდნისა ათეული წლის განმავლობაში, 1938 წლის იმავე თარიღისათვის”6.
2008 წლის 15 სექტემბერს ბანკმა Lეჰმან Bროტჰერს განცხადებით მიმართა სასამართლოს გაკოტრების თაობაზე. მასთან ერთად აშშ-ის კიდევ ოთხმა წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა შეწყვიტა თავისი საქმიანობა წინანდელი სახით:Bear Stearns გადაყიდული იქნა, Lეჰმან Bროტჰერს გაკოტრდა, Merrill Lynch გაიყიდა, Gოლდმან შაცჰს-მა და Mორგან შტანლეყ-მ შეწყვიტეს საქმიანობა როგორც საინვეტიციო ბანკებმა, მაღალი რისკებისა და ფედერალური სარეზერვო სისტემისგან დამატებითი მხარდაჭერის მიღების აუცილებლობის გამო .
გლობალური ფინანსური კრიზისის 2007-2008 წლების მნიშვნელოვანი მოვლენები7
2007 წ.
2007 წლის 9 აგვისტო – აქტუალურად წამოიწია აშშ-ს ბანკების ლიკვიდურობის პრობლემამ;
2007 წლის 14 სექტემბერი – 24 მლრდ. ფუნტი სტერლინგის აქტივების მქონე 1965 წელს დაფუძნებული ბრიტანული ბანკის Northern Rock-ის ლიკვიდურობის პრობლემას მხარი დაუჭირა ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა;
2007 წლის 9 ოქტომბერი – დაფიქსირდა დოუ ჯონსის ინდექსის (DJIA) რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 14 164. ინდექსის არსებობის მანძილზე ასეთ მაღალ მაჩვენებელს ადგილი არ ჰქონია.
2008
2008 წლის იანვარი – მაღალი რყევები საფონდო ბირჟებზე;
2008 წლის 22 თებერვალი – ბრიტანული ბანკი Northern Rock გადახდის უუნარობის გამო მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში;
2008 წლის მარტი – J.P.Morgan-ის 1923 წელს დაფუძნებული საინვესტიციო ბანკის Bear Stearns-ის აქციებმა (რომლებიც შედის შ&P 500 ინდექსის ფორმირებაში) განიცადა 47%-იანი ვარდნა;
2008 წლის 7 სექტემბერი – 1938 წელს და 1970 წელს დაფუძნებული უძრავი ქონების სააგენტოები Fannie Mae დაFreddie Mac გადავიდნენ იპოთეკური ფინანსირების სახელმწიფო სააგენტოს (FHFA) კონტროლს ქვეშ, ხოლო მათი ხელმძღვანელობა გადადგა დაკავებული თანამდებობებიდან;
2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერი – გლობალური ფინანსური კრიზისი დაიწყო 1850 წელს დაფუძნებული ამერიკული საინვესტიციო ბანკის Lehman Brothers-ის გაკოტრებით;
2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერი – მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე მოხდა მასშტაბური ვარდნა;
2008 წლის 3 ოქტომბერი – აშშ-ის კონგრესის მიერ მოხდა ეკონომიკის სტაბილიზაციის საგანგებო გეგმის (Emergency Economic Stabilization Act) მოწონება და მიღება;
2008 წლის ოქტომბერი – მოხდა ისლანდიის სამი ძირითადი ბანკის სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევა. ზოგიერთი ქვეყნის ბანკები გადავიდნენ ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში;
2008 წლის 24 ოქტომბერი – ვაშინგტონის სამიტამდე, ევროკავშირსა და აზიის სახელმწიფოებს შორის პეკინში გამართული დიალოგი უშედეგოდ დამთავრდა;
2008 წლის 26 ოქტომბერი – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ზოგიერთ ქვეყანას გაუხსნა საკრედიტო ხაზი (მ.შ. 16,5 მილიონი აშშ დოლარი უკრაინას), ხოლო მოცულობითი სესხი გამოუყო უნგრეთს და პაკისტანს;
2008 წლის 27 ოქტომბერი – ჰონ-კონგის საფონდო ბირჟაზე (HKEX) მოხდა აქციების ფასის 13%-იანი ვარდნა, ხოლო 28 ოქტობერს – მყისიერი 15%-იანი ზრდა;
2008 წლის 29 ოქტომბერი – უნგრეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიიღო დაპირებული 25 მლნ. აშშ დოლარი;
2008 წლის 20 ნოემბერი – დაფიქსირდა დოუ ჯონსის ინდექსის (DJIA) ბოლო წლების ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი – 7 507, რითაც ინდექსი დაუბრუნდა 2003 წლის მარტის მდგომარეობას.
პოლსონის გეგმა
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჰენრი პოლსონმა, ფედერალური სარეზერვო სისტემის და კონგრესის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის სექტემბერში დაასრულა ეკონომიკის სტაბილიზაციის საგანგებო გეგმაზე მუშაობა (Emergency Economic Stabilization Act of 2008), რომელსაც მოგვიანებით პოლსონის გეგმა ეწოდა8. აღნიშული გეგმა ითვალისწინებდა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემიდან 700 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას, რომლითაც სპეციალურად ამისთვის შექმნილი სახელმწიფო კორპორაცია მოახდენდა ბანკებისგან პრობლემური აქტივების გამოსყიდვას. გეგმა სამი მთავარი მიმართულებისგან შედგება: (1). პრობლემური აქტივების გამოსყიდვის პროგრამა; (2). ბიზნესისა და მოსახლეობისთვის საგადასახადო შეღავათები; (3). ენერგეტიკის სფეროს სპეციალური სტიმულირება.
2008 წლის 1 ოქტომბერს გეგმა მიიღო აშშ-ის სენატმა, ხოლო 3 ოქტომბერს დაამტკიცა კონგრესმა. 5 ოქტომბერს ხელი მოაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა და დაიწყო კორპორაციის ფორმირება. კორპორაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ედ ფორსტი (Edward C. Forst, 1961), Goldman Sachs Group Inc -ის ყოფილი მთავარი მენეჯერი.
2008 წლის 25 ნოემბერს ცნობილი გახდა ფედერალური სარეზერვო სისტემის განზრახვა, ჩაედო აშშ-ს ბანკებში დამატებით 800 მლრდ. აშშ დოლარი, რაც მიმართული უნდა იყოს მომხმარებელთა საცალო დაკრედიტების სტიმულირებისთვის. გამოცხადებული პროგრამა ითვალისწინებდა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ 600 მლრდ. აშშ დოლარის კრედიტის გამოსყიდვას, რომლებიც გაცემული და გარანტირებული იყო Fannie Mae, Freddie Mac, Ginnie Mae იპოთეკური სააგენტოებისა და ფედერალური ბანკების სამომხმარებლო კრედიტებით.
პოლსონის გეგმამ გამოიწვია ექსპერტებისა და კონგრესმენების ნაწილის უკმაყოფილება. იგი ეხებოდა სახსრების წყაროებს და ფულის ასეთი ემისიის შედეგებს, რასაც შეუძლია მიიყვანოს აშშ-ს ვალუტა დევალვაციამდე. მათი აზრით, ბანკებისგან პრობლემური აქტივების გამოსყიდვაზე ეფექტური იქნებოდა ჰეჯირების ფონდის შექმნა, რომელიც დააზღვევდა ამ აქტივებით გამოწვეულ დანაკარგებს ბანკებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებში. ამასთანავე, გავლენიანი გამოცემა “ფორბსის (The Forbes) მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის საფუძველზე ჰენრი პოლსონი, ისევე, როგორც ფინანსური პირამიდის ფუძემდებელი ბერნარდ მედოფი, 2008 წლის ერთ-ერთ პირველ თაღლითად დასახელდა. კრიტიკის მთავარ მიზეზად სახელდება ის, რომ პოლსონის გეგმის საფუძველზე არ ხორციელდება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის მონიტორინგი9.

დოუ ჯონსის
სამრეწველო ინდექსი
დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი (Dow Jones Industrial Average – DJIA) მსოფლიო ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, თუმცა არა ერთადერთი. აღნიშნული ინდექსი აშშ-ის მოქმედ სამრეწველო ინდექსთაგან უძველესია და მისი დამფუძნებლების – Carlz dousa (Charles Henry Dow, 1851-1902) და ედუარდ ჯონსის (Edward David Jones, 1856-1920), სახელს ატარებს. ინდექსი 1896 წელს შეიქმნა აშშ-ის საფონდო ბაზრების სამრეწველო კომპონენტების ანალიზისთვის და პირველი ინდექსი ამავე წლის 26 მაისს იქნა გამოქვეყნებული. ამჟამად ინდექსის ფორმირებაში 30 უმსხვილესი და დივერსიფიცირებული კომპანია მონაწილეობს (მაგ. Boeing Co., Chevron Corp.,Coca-Cola Co., General Electric Co., General Motors Corp., JPMorgan Chase & Co., McDonalds Corp., Microsoft Corp., Procter & Gamble Co. და სხვა), თუმცა სახელი “ინდუსტრიული” მხოლოდ ისტორიულ დატვირთვას ატარებს და ინდექსის ფორმირებაში მონაწილე კომპანიათაგან უმეტესს მრეწველობასთან კავშირი თითქმის არ აქვს10.
დოუ ჯონსის ინდექსი აშშ-ში უძველესია, იგი აერთიანებს წამყვან კომპანიებს და მსოფლიო ფინანსური კრიზისი აშშ-დან დაიწყო და ეს ინდექსი მსოფლიო ფინანსური კრიზისის მთავარი ინდიკატორია11. თავდაპირველად იგი იანგარიშებოდა, როგორც ინდექსში შემავალი 12 კომპანიის აქციების ფასის საშუალო არითმეტიკული. ამ კომპანიათაგან ინდექსს დღემდე შემორჩა მხოლოდ General Electric. მოგვიანებით ინდექსის წევრთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, მეთოდოლოგია შეიცვალა და იგი იანგარიშება მასშტაბური საშუალოს მეშვეობით: აქციების ფასი იყოფა გამყოფზე, რომელიც იცვლება ყოველთვის, როცა ინდექსში შემავალი აქციების ფასი განიცდის გაყოფას ან შერწყმას. ამ მეთოდოლოგიის მეშვეობით ინდექსი უცვლელია იმ შემთხვევავში, როცა ადგილი აქვს აქციების შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს (კომპანიის შიგნით აქციების ყიდვა-გაყიდვა). დოუ ჯონსის ინდექსი გამოითვლება ფორმულით: DJIA=p/d, სადაც p არის ინდექსში შემავალი აქციების ჯამური ღირებულება, ხოლო d – ინდექსში შემავალი აქციების ფასის ცვლილება.
კრიზისის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე და არსებული გამოწვევები
როგორც ვხედავთ, ფართოდ განვითარებული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, აშშ-ში დაწყებული ფინანსური კრიზისი ჯაჭვური რეაქციით მოედო მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებს, რომელთაც აშშ-სთან საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ (მ.შ. ბუნებრივია, საქართველოსაც). გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაზეც იქონია ნეგატიური გავლენა და ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა. კრიზისის პირველადი შედეგები 2009 წლის დამდეგს უკვე სახეზეა და მისი გაღრმავება წლის განმავლობაში გარდაუვალია. სფეროები და მაჩვენებლები, რომლებზეც მსოფლიო ფინანსური კრიზისი ახდენს გავლენას, საქართველოსთვის შესაძლებელია ასე დავალაგოთ:
ეკონომიკური ზრდის შეფერხება
მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია. განსაკუთრებით შემცირდა მოთხოვნა ფუფუნების საგნებზე, ავტომობილებზე და სხვა პროდუქციაზე, რაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მშპ-ს შემცირების საფუძველი გახდა. მდიდარი ადამიანების აქტივები მნიშვნელოვნად შემცირდა, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ გაკოტრდა, მოსახლეობა კი გადავიდა დაზოგვით მოხმარებაზე. გასულ წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი უცხოეთიდან კერძო კაპიტალის ნაკადების (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საბანკო კრედიტები) და საბიუჯეტო სახსრების მუდმივი ზრდა წარმოადგენდა12. ამდენად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების და საბანკო კრედიტების შემცირება 2009 წელს ეკონომიკური ზრდის შეფერხების მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება. მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე საქართველოს ხელისუფლება ნომინალურ მშპ-ს 21535,9 მლნ. ლარის მოცულობით პროგნოზირებდა, ხოლო კრიზისის შედეგების გამოვლენის შემდეგ ხელისუფლების პროგნოზი 21308,7 მლნ. ლარია (შემცირება ნავარაუდევია 227,2 მლნ. ლარით, რაც დაახლოებით 1,05%-იანი შემცირებაა). რეალური მშპ-ს ზრდა თავდაპირველად ნავარაუდევი იყო 4,0%-ის ოდენობით, ხოლო კრიზისის შედეგების გამოვლენის შემდეგ ნავარაუდევია 2,5%-ის ოდენობით. 2008 წელს რეალური მშპ-ს ზრდა, ნაცვლად დაგეგმილი 8%-ისა, ხელისუფლების პროგნოზით იქნება მხოლოდ 2,0%13. თუმცა, რეალური ვითარება შესაძლებელია უფრო პესიმისტური იყოს და ორპროცენტიანი ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდეს მხოლოდ დონორებიდან მიღებული დაფინანსების მიმართვით მაღალი ეკონომიკური აქტივობის უზრუნველმყოფ ღონისძიებებზე.
ინვესტიციების შემცირება
საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემცირება ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენების შემდგომ დაიწყო. მიმდინარე ეტაპზე ასევე გვაქვს მსოფლიო ფინანსური კრიზისით გამოწვეული ინვესტიციების შემცირების ტენდენცია. იგი ასევე უკავშირდება საქართველოში მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის ამოწურვას, ხოლო მცირე საპრივატიზაციო ობიექტები მნიშვნელოვან ამინდს ვერ ქმნიან. ხელისუფლების პროგნოზით, 2008 წელს საქართველომ მიიღო 2,17 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო 2009 წელს დაგეგმილია მხოლოდ 1,7 მლრდ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა14. ინვესტიციების შემცირების მაგალითებიდან მხოლოდ რამდენიმეს დასახელება საკმარისია იმისათვის, რომ მასშტაბების სიმცირესა და ხელისუფლების მომეტებულ ოპტიმიზმში დავრწმუნდეთ:
აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდგომ, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, ყაზახურმა კომპანია “ყაზმუნაიგაზმა” (KazMunaiGaz) უარი განაცხადა საქართველოში დაგეგმილ 1 მლრდ დოლარის ინვესტიციაზე, რომლითაც ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენებულიყო;
ამერიკულმა კომპანია “ქლიარ სთრიმ ჰოლდინგმა” საქართველოში გამოცხადებულ ინვესტიციაზე უარი თქვა. კომპანიამ აუქციონზე “ვაი მაქსის” სიხშირე 9 მილიონ 300 ათას ლარად შეიძინა და უკაბელო ინტერნეტ-სერვისის აწყობას გეგმავდა. კომპანიის ქართველი პარტნიორების განცხადებით, პროექტი ჩაიშალა და “ქლიარ სთრიმი” საფასურს, რომელიც ნოემბრის ბოლოსთვის უნდა გადაეხადა, აღარ გადაიხდის.
ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის ინვესტირებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოხმარების და სახელმწიფო შესყიდვების კომპონენტების პროცენტული წილი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ინვესტიციების კომპონენტი შემცირდება, რაც, საბოლოო ჯამში, არასახარბიელო გადანაწილებამდე მიგვიყვანს. წარმოების შეფერხება გაზრდის ექსპორტ-იმპორტს შორის უარყოფით სალდოს და, შესაბამისად, წმინდა ექსპორტის უარყოფითი მაჩვენებელი უფრო გაიზრდება.
საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება
როგორც წესი, მშპ-სა და საინვესტიციო ნაკადების შემცირება საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების უმთავრესი ფაქტორია. ამას მოკლევადიან პერიოდში ემატება გადასახადების შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო დანაკარგები (ამ შემთხვევაში იგულისხმება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 25%-დან 20%-მდე დაწევა). მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს ხელისუფლება მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას ვარაუდობს. 2009 წლის დაგეგმილი მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლები საკმაოდ ოპტიმისტურია და გასული წლის მაჩვენებელს (5510,2 მლნ. ლარი) 46,5 მლნ. ლარით აღემატება. მნიშვნელოვნად შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე შესაძლოა საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას ჰქონდეს ადგილი.
საბანკო სფეროს პრობლემები და საერთაშორისო საფინანსო რესურსების გაძვირება
ბანკებისთვის ფინანსური რესურსების ნაკლებობა მსოფლიო პრობლემად იქცა. ამას დაემატა მსოფლიოს გიგანტი ბანკების გაკოტრება, რომლებიც საფინანსო რესურსებით მსოფლიოს ძალიან ბევრ ბანკს ამარაგებდნენ. შედეგად საბანკო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა და მათზე ხელმისაწვდომობა შემცირდა. საქართველოს ბანკების უმეტესობა სწორედ საზღვარგარეთული ბანკებიდან იღებდა ფინანსურ რესურსებს, რომლებსაც გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით გასცემდა საქართველოში კლიენტებზე. ვინაიდან აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების დაწევის პოლიტიკამ ცუდი შედეგები და მასობრივი გადაუხდელობები გამოიწვია, მსოფლიოს ჯერ კიდევ ფინანსურად მდგრადი საბანკო დაწესებულებები ამგვარ პოლიტიკას არ მიმართავენ, ამიტომაც საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე განაკვეთების შემცირებას არ უნდა ველოდოთ.
ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოში არსებული ბანკების მიერ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდა სწორედ საერთაშორისო კრედიტებზე განაკვეთების გაზრდით და საქართველოში არსებული რეალური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით იყო გამოწვეული. გასულ წლებში არსებული საკრედიტო ბუმი, ასევე დეპოზიტებისა და კრედიტების ვადიანობის შეუსაბამობის გადაფარვა, საბანკო რისკების გაძლიერებას იწვევდა16. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში მოქმედი ბანკები კრედიტებს სწორედ იპოთეკური საქონლის შესაქმნელად გასცემდნენ (სამშენებლო კომპანიებზე – უძრავი ქონების მშენებლობისათვის, ხოლო ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე – უძრავი ქონების შესაძენად), სამშენებლო სექტორისთვის კრედიტების გაცემა ძალზე სარისკო საქმედ იქცა.
ფასების საერთო დონის ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დღითიდღე ეცემა, ამიტომ სულ უფრო ცოტა ადამიანი მიმართავს საბანკო დაწესებულებას გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით სესხის მისაღებად. ძალზე ბევრი სამშენებლო კომპანია გაკოტრების ან აქტივობის შემცირების წინაშე დგას, რის გამოც საბანკო დაწესებულებებს ისინიც შედარებით იშვიათად აკითხავენ. ამდენად, სხვადასხვა სფეროში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, საბანკო სფერო ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სფერო აღმოჩნდა საქართველოში და ეს სფერო სადღეისოდ არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაში იმყოფება. შედეგად, 2009 წელი საქართველოს საბანკო სექტორისთვის ძალზე მძიმე იქნება და განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში კონიუნქტურის მნიშვნელოვან ცვლილებას უნდა ველოდოთ.
ფასების ზრდა და მოხმარების შეზღუდვა
მსოფლიო ფინანსურ კრიზისს მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა და, შესაბამისად, მოხმარების შეზღუდვა მოჰყვა (გამონაკლისია მხოლოდ ნავთობი, ნავთობპროდუქტები და ზოგიერთი სხვა პროდუქცია). ეს ტენდენცია რამდენადმე გაგრძელდება ახლო მომავალშიც.
სადღეისოდ საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების უმრავლესობა იმპორტირებულია, ხოლო საქართველოს სავაჭრო პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. ფასების ზრდა პროვოცირებული იქნება ასევე ხელისუფლების მიერ გატარებული ზოგიერთი ღონისძიებით, ისევე, როგორც ამას 2008 წელს ჰქონდა ადგილი17. შედეგად, 2009 წელს ფასების საერთო დონის მაღალ ზრდას უნდა ველოდოთ და ის ხელისუფლების მიერ ნავარაუდევ 7,0%-იან18 მაჩვენებელზე გაცილებით მეტი იქნება.
უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა
ჯერ კიდევ აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდგომ, ხოლო მოგვიანებით საფინანსო კრიზისის გაღრმავების პერიოდში, ძალიან ბევრმა დაქირავებულმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ბანკების მიერ კრედიტების გაცემის შეწყვეტამ განსაკუთრებით დააზარალა სამშენებლო და ავტომობილებით ვაჭრობის ბიზნესი. ფაქტობრივად, გაჩერდა სამშენებლო საქმიანობა და საბანკო სფეროს პრობლემებიდან გამომდინარე, ბანკებმა თავიანთი საკრედიტო პორტფელი მნიშვნელოვნად შეამცირეს. შედეგად, საქართველოს სხვადასხვა ბანკიდან და სამშენებლო კომპანიიდან დაითხოვეს რამდენიმე ათასი თანამშრომელი, რითაც გაიზარდა უმუშევრობის ისედაც კრიტიკულად მაღალი მაჩვენებელი.
საქართველოში უკანასკნელ წლებში სიღარიბის გამუდმებულ ზრდას ჰქონდა ადგილი. ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე და მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა 1 მლნ.-ზე მეტი იყო. გაზრდილი უმუშევრობისა და სამომხმარებლო პროდუქციაზე მაღალი ფასების გამო 2009 წელს კვლავ უნდა ველოდოთ სიღარიბის მაჩვენებლის ზრდას.

გამოწვევებზე რეაგირება
როგორც ვხედავთ, საქართველო საერთაშორისო საფინანსო კრიზისით გამოწვეული საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. პრობლემების მინიმიზაციას და გამოწვევებზე პასუხს სათანადო რეაგირება სჭირდება. ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათისაა და მას მხოლოდ სამთავრობო სხდომაზე გატანილი მუდმივად ცვალებადი პრეზენტაციის სახე აქვს. აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან რეალური ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, მისი განხილვები ექსპერტებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, შემდგომ კი მისი დაყოფა სამოქმედო უწყებრივ გეგმებად და მისი შესრულების მუდმივი მონიტორინგი. ამასთან, აუცილებელია, სახელისუფლებო ანალიტიკურმა ჯგუფმა განახორციელოს საერთაშორისო მოვლენების მუდმივი ანალიზი, რათა ახალ გამოწვევებს, რომლებსაც 2009 წელს მუდმივად ექნება ადგილი, ქვეყნის ხელისუფლება შეხვდეს სათანადოდ მომზადებული. საერთაშორისო საფინანსო სექტორის კონიუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს მხრიდან საჭირო იქნება მუდმივი ცვლილებები და ადაპტირება. პროცესებში მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის როლიც, რომელიც ინსტიტუციონალურად უნდა გაძლიერდეს და მეტი ფუნქცია მიენიჭოს საფინანსო სექტორის გაძლიერების თვალსაზრისით.
ქვეყნის ხელისუფლებამ არსებული პრობლემები უნდა წარმოიდგინოს ერთიანად, რის საფუძველზეც სპონტანური ღონისძიებების გატარებიდან უნდა გადაერთოს თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებაზე. პრიორიტეტები უნდა იყოს მკაფიო, რეალური და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაზე ორიენტირებული. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, 2009 წელს რაიმე სახის არჩევნების დანიშვნა და წინასაარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო თუ სხვა სახის საფინანსო რესურსების მიმართვა დამღუპველი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამასთან, აუცილებელია დონორებიდან მიღებული დახმარებების და კრედიტების გეგმაზომიერი ხარჯვა. ქვეყნის ხელისუფლებას მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ დაგეგმილი 4,5 არ არის მხოლოდ დახმარება და მისი დიდი ნაწილი რამდენიმე წლის შემდგომ უკან უნდა იქნას დაბრუნებული, თანაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთების გადახდით.