რეგიონალური ლობიზმი და ინტერესთა სისტემა

ევგენი ბარათაშვილი, ეკ. მეც. დოქტ. პროფესორი, დალი სოლოღაშვილი, ლალი აბაშიძე

გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის მკვლევარები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის პოლიტიკოსები დღეისათვის ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს ტრანსფორმაციის სამომავლო სტრატეგია, პრივატიზაციის ხასიათის, მისი ტემპების და ინსტიტუციონალური მშენებლობის თვალსაზრისით.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში “პრივატიზაციის რთული პროცესი თვითდინებით წარიმართა. მოხდა ღრმა ქონებრივი დიფერენციაცია, რის შედეგადაც, მოსახლეობის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ფლობს ქონებას (უმეტესად ძარცვით, ქურდობით შეძენილს). მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაღატაკდა. ხელისუფლების სტრუქტურებში მოსული ძალების ქვეყნის ეკონომიკის გაძღოლის ცოდნის დაბალმა დონემ, სხვა ფაქტორებთან ერთად, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება განაპირობა”.

ათ წელზე მეტი გავიდა, რაც პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებები მიმდინარეობს. ეს სოციალისტური ეკონომიკის და ცენტრალიზებული დაგეგმვიდან კერძო საკუთრებას და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ყველაზე მტკივნეული პერიოდია. შედეგები, რომელიც ამ ქვეყნებმა ერთმანეთისაგან მიიღეს, არსებითად განსხვავდება. კერძოდ: ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ზოგიერთი ქვეყნები უკვე მიუახლოვდა ეკონომიკის საბაზრო პრინციპებით მშენებლობას, სწრაფად ვითარდება საბაზრო ინსტიტუტები და ინფრასტრუქტურა. მათ მიაღწიეს ეკონომიკის არსებით გადაყვანას ახალ მექანიზმზე და მნიშვნელოვან პროგრესს ევროპის კავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო ეკონომიკური და სხვა სახის პროცედურების შესრულებაში. ხოლო, მთელი რიგი სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნები რეფორმების ჩატარების მიუხედავად, კერძო სექტორის ფორმირებისას მნიშვნელოვან სიძნეელებს კვლავაც განიცდიან – ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ფასების ლიბერალიზაცია და ფასწარმოქმნის დემონოპოლიზაცია, საბაზრო ინსტიტუტების შექმნის პროცესი, არ მომხდარა სახელმწიფო მართვის ორგანოთა საქმიანობის რაციონალიზაცია და ეფქეტური მართლწესრიგის სისტემის ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, საქართველოც მათ რიგში აღმოჩნდა. ამ ფაქტის ახსნა შეიძლება ორი გარემოებით, პირველი: საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად უფრო რთული სასტარტო პირობები ჰქონდა; უფრო მჭიდროდ იყო ჩართული საბჭოთა კავშირის ერთიან ეკონომიკურ კომპლექსში და მოუხდა სამოქალაქო კონფლიქტების გადატანა. მეორე: წარუმატებლობის მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ რეფორმების გატარების მოწინააღმდეგენი აღმოჩდნენ გავლენიანი ეკონომიკური ჯგუფები, რომელთათვისაც ხელსაყრელი იყო ცენტრალიზებული ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის შუა გზაზე შეჩერება. აღნიშნული არასახარბიელო სასტარტო პირობები ასეთ ჯგუფებს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების უზურპირების შესაძლებლობას აძლევს. ასეთი უზურპირება მით უფრო მიუღებელია, რომ გავლენიანი ეკონომიკური ჯგუფები სოციალური სტრუქტურის მეტისმეტად ძლიერ, მაგრამ იმდენად განყენებულ, არაორგანულ ნაწილს წარმოადგენენ, რომ ეს საშუალებას არ იძლევა ისინი სოციალური კლასის ფუნქციების მატარებლად ჩავთვალოთ.

მაშასადამე, მეორე ფაქტორის შემთხვევაში გადამწყვეტი როლი დაინტერესებული გავლენიანი ჯგუფებისა და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთქმედებამ ითამაშა, რასაც შეიძლება ლობირება ვუწოდოთ.

საშუალო ფენის ჩამოყალიბების სიძნელეები და თავისებურებანი მიმდინარე გარდაქმნების ნელი ტემპების და მისი წინააღმდეგობრივი ხასიათის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სამაგიეროდ, შეიქმნა ფენა, რომელიც უკვე აღარ არის ტრადიციული პარტიულ-სამეურნეო “ნომენკლატურა”, მაგრამ არც კლასიკურ ბურჟუაზიას წარმოადგენს. შესაბამისად, აღარ არსებობს სოციალისტური ეკონომიკა, მაგრამ ჯერჯერობით არც კაპიტალისტურია. ძველი პარტიული და მმართველი ელიტა ახალ სისტემაში მოკალათდა. ძველიდან ახალ ეპოქაში გადმოყოლილი მმართველი ელიტა და მისი “გამოცდილება” საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის პროცესში სერიოზულ ბარიერად იქცა. ახლადაღმოცენებული პოლიტიკური ელიტა მოიცავდა ისეთ საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც სრულიად მოკლებული იყო ეკონომიკურ გავლენას და არც კაპიტალის სიმდიდრით გამოირჩეოდა. ეს უკანასკნელნი კი ეროვნული მოძრაობის ახალი ლიდერები იყვნენ, რომლებსაც წამყვანი პოზიციები, ძირითადად, საქართველოს პარლამენტში ეჭირათ. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში “პოლიტიკური ელიტა” განახლდა, “მმართველი ელიტა” კვლავინდებურად საბჭოური დარჩა.

ხელისუფლებაში მოსულმა და ახალ პოლიტიკურ ელიტად ქცეულმა ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა, რომელთაც სათანადო პროფესიული მომზადება და შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნიათ, გამოამჟღავნეს საზოგადოებრივი მართვის სრული უუნარობა. ხელისუფლების სათავეში მოსვლით დაეპატრონენ მზამზარეულ სახელმწიფო მანქანას და სამართავად ძველ პარტიულ და სამეურნეო ნომენკლატურას მოუხმეს. დაშვებული პოლიტიკური შეცდომები და აქამდე არსებული ეროვნული მთავრობის უუნარობა – “როგორც პირველი, ასევე მეორე” არის იმის მიზეზი, რომ დღეს პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე დგას.

გარდამავალი პერიოდის დასაწყისში “ნომენკლატურის” სახელით ცნობილი საბჭოთა ელიტა “პარტიული, კომკავშირული და მმართველი იერარქია, საწარმოთა ხელმძღვანელები, სახელმწიფო პროფკავშირული მოღვაწეები”, რა თქმა უნდა, ძალზე შიშობდა თავისი პრივილეგიური მდგომარეობის დაკარგვას, მაგრამ, საქართველოში ხელისუფლების სისტემური ურთიერთობების რღვევისა და ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების “ნომენკლატურული” ელიტის ვიწრო ჯგუფურ ინტერესებისადმი დამორჩილების გამო ტრანსფორმაციის პროცესები ქვეყნის საერთო ეროვნულ ინტერესებს უკვე აღარ გამოხატავდა. გაჩნდა “ნომენკლატურის” წარმომადგენელთა პირადი გამდიდრების ახალი შესაძლებლობები. ახალ მეწარმეებს შორის მრავლად იყვნენ და არიან ამ ელიტის ისეთი წევრები, რომლებმაც შეძლეს თავიანთი ძველი კავშირებისა და ნომენკლატურული სტატუსის სარფიანი ბიზნესის და სახელმწიფოს პირდაპირი ძარცვის ორგანიზებაში გამოყენება.

ჩვენი ქვეყნის მძიმე და რთულ სიტუაციაში ყოფნა იმითაც იყო განპირობებული, რომ თავი იჩინა ლობირების ისეთმა უარყოფითმა მხარეებმა, რასაც დაინტერესებული ჯგუფების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ალიანსი ქვია. იყო შემთხვევები, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში ისეთი კანონპროექტები განიხილებოდა, რომელიც არა თუ სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამებოდა, არამედ მის წინააღმდეგ იყო მიმართული და კონკრეტულად ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესებს იცავდა. ამან ქვეყანა კორუფციის ჭაობში ჩაძირა.

საქართველოში მასობრივი ხასიათი მიიღო 90-იან წლებში საწარმოთა, როგორც იტყვიან, “ჩალის ფასად” ხელში ჩაგდების კომპანიამ ყოფილი დირექტორებისა და მათი მფარველების (ლობისტების) მიერ. პრივატიზებულ საწარმოთა დიდი ნაწილი დღემდე უმოქმედოა, ხოლო მათი მეპატრონეები მიწისა და სხვა ძირითადი ფონდების რეალიზებითაც წარმატებით აგროვებენ კაპიტალს. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მათთვის ხელსაყრელია სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის მაღალი დონის შენარჩუნება და პრივილეგირებული პოზიციების განმტკიცება, ვიდრე ძველი და არაეფექტური საწარმოების რეკონსტრუქციის ან ახალი საწარმოების შექმნის სარისკო პროექტებში სახსრების დაბანდება. ყოფილი ელიტის წევრობა საშუალებას იძლეოდა მიეღოთ ინფორმაცია და დაუსჯელად აენაზღაურებინათ ხელშემწყობთა სამსახური დირექტიულ ორგანოებში. რისი შედეგიც კორუფციის გაღრმავება გახდა.

თუ 90-იანი წლების დასაწყისში ახალმა გავლენიანმა ეკონომიკურმა ჯგუფებმა ისარგებლეს შექმნილი ქაოსით, რომელსაც სამოქალაქო კონფლიქტებიც თან ერთვოდა და რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ხელისუფლებაზე, რათა მიეღოთ სუბსიდიები (მაგალითად, ენერგიის და ნედლეულის ძირითად სახეობებზე, თუნდაც პურის ტალონების შემოღება და პურის ბიზნესის დოტაცია, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში კრედიტების გაცემა დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, რომელიც, ფაქტიურად, არასაინვესტიციო მიზნით მათ მითვისებაში და უარყოფითი რეალური საპროცენტო განაკვეთების ჩამოყალიბებაში და სხვ. გარდაიქმნა) საგადასახადო შეღავათები და მიზნობრივი კრედიტები მაკროეკონომიკური სტაბილურობის საზიანოდ, 1995 წლისათვის სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა. ამ დროისათვის ეს ჯგუფები უკვე აკონტროლებდნენ უმსხვილეს ბანკებს, საწარმოებს და ამიტომ დაინტერესებულნი იყვნენ ფინანსურ სტაბილიზაციაში და მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებაში. ამასთან ერთად, მათ შეეძლოთ დიდი შემოსავალი მიეღოთ მთავრობაზე მაღალი პროცენტებით სესხების გაცემისას. როგორც ახალი კაპიტალის მფლობელებს, ამ პერიოდისათვის უკვე ესმოდათ, რომ სტაბილური ფასები მათი ეკონომიკური პოზიციების განმტკიცების აუცილებელ საფუძველს წარმოადგენდა. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ პრივატიზებითაც, რადგან დაგროვილი სიმდიდრე და სახელმწიფო სტრუქტურებზე მათ მიერ ქრთამებით ნაყიდი ზეგავლენა, საშუალებას აძლევდათ შეეძინათ სახელმწიფო აქტივები მეტად ხელსაყრელ პირობებში. ამგვარად, გავლენიანმა ჯგუფებმა, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირეს, როგორც მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას, ასევე პრივატიზებას. საქართველოში მოკლე ვადებში მოხდა აქტივების მონოპოლისტური კონცენტრაცია, რამაც მდიდარი ჯგუფების ერთობლივი ზეგავლენა კიდევ უფრო გაზარდა.

კანონის უზენაესობას და საკუთრების უფლებების დაცვის გამჭირვალე და მიუკერძოებელი სისტემის დანერგვაც წინააღმდეგობას აწყდებოდა, რადგან ეს ამცირებს პრივილეგირებული პოზიციების ეკონომიკურ ღირებულებას, ხოლო ეს პრივილეგიები ხშირ შემთხვევაში, შეძენილი იყო გაუმჭვირვალე მეთოდებით ბიუროკრატებთან და ჩრდილოვანი ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ წრეებთან კავშირში.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მონოპოლისტურ ჯგუფებად ჩამოყალიბებული გავლენიანი ძალები არ არიან დაინტერესებულნი საბაზრო ეკონომიკაზე სრულყოფილი გადასვლით, ცდილობენ შეინარჩუნონ გარკვეული წონასწორობა, სადაც შექმნილია ისეთი მდგომარეობა, როდესაც არსებობს კერძო საკუთრება არა კონკრეტული ბაზრის პირობებში, სამეწარმეო საქმიანობაში ყველასათვის თანაბარი მონაწილეობის მიღების შესაძლებლობით. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში შესაძლებელია გავლენიანი ჯგუფების ინტერესების სასარგებლოდ რეფორმების პროცესების გაგრძელება. კერძოდ, ისეთი რეფორმებისა, როგორიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება, განსაკუთრებით, ეროვნული ბანკის განმტკიცება თუნდაც საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერების გარეშე, ხაზინის როლის გაზრდა, სახელმწიფო მართვის სისტემის გარდაქმნა. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ გავლენიანი ჯგუფები ხშირად საგადასახადო სისტემის რეფორმის და საგადასახადო ადმინისტრირების განმტკიცებას ეწინააღმდეგებიან, რადგან იციან რომ მთავრობა წავა ისეთ დათმობაზე, როგორიცაა საგადასახადო შეღავათები და გადასახადების გადაუხდელობა, თუკი სანაცვლოდ ფინანსურ და პოლიტიკურ სტიმულირებას შესთავაზებენ.

ბუნებრივია, ზემოთ განხილული სიტუაციები “ჩრდილოვანი” ეკონომიკის საფუძველთა საფუძველია. თუ განვითარებული ბაზრის პირობებში “ჩრდილოვანი” ეკონომიკა მთელი ეკონომიკის ნაწილია, საქართველოს მთელი “ეკონომიკა” თავისი ხასიათით არსებითად “ჩრდილოვანია”. “ჩრდილოვანი” ეკონომიკა და კორუფცია შესაძლებლად მიგვაჩნია ჩავთვალოთ ერთი და იგივე მოვლენის მხარეებად. “ჩრდილოვანი” ურთიერთობების ქართული სისტემა სხვა არაფერია, თუ არა პრივატიზებული სახელმწიფო, რომელიც იმით განსხვავდება ლეგალური და კონსტიტუციური სახელმწიფოსაგან, რომ მისი არასაბაზრო ფუნქციები, როგორიცაა სასამართლო სისტემა თუ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, კარგავენ საზოგადოებრივი მონაპოვრის ხასიათს და ყიდვა-გაყიდვის, აღებმიცემობის სფეროში ექცევიან, რის შედეგადაც “სახელმწიფო” და “ბაზარი” ერთ ცნებას გამოხატავენ.

90-იანი წლების დასაწყისში ძველი პარტიული და მმართველობითი ელიტა რეფორმების გაგრძელების წინააღმდეგ გამოვიდნენ. სანახევროდ გატარებული რეფორმების შედეგად, მათ შეძლეს ზეგავლენა მოეხდინათ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ლობირებდნენ რა საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობას (რათა არ გატარებულიყო მათი პრივილეგირებული მდგომარეობისათვის საზიანო რეფორმები) და არც თუ ისე იშვიათად მათთვის სასარგებლო კანონების მიღებასაც აღწევდნენ.

ლობი – მეწარმეებს საქართველოში კი არა ამერიკაშიც სჭირდება.

ლობისტობა მონაწილეობას კი არ ნიშნავს (როგორც ეს საქართველოშია გაიგივებული), არამედ გულისხმობს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – პარლამენტში ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებისათვის შენი დარგის ლობირება გასწიო. მსხვილი ტრანსნაციონალური ამერიკული კომპანიები, როგორც წესი, პოლიტიკაში უშუალოდ არ მონაწილეობენ, მაგრამ ისინი განაგებენ პოლიტიკის მთელ ფინანსებს. კერძოდ, ზრდიან პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდგომ პარლამენტში მათ ბიზნესს ლობირებას გაუწევენ და იღვწიან საკუთარი ბიზნესის წარმატებით განვითარებისათვის.

ლობისტი – მხარდამჭერი ხელისუფლებაში, ან მფარველი ხელისუფლებაში, ან კრიმანალურ სამყაროში.

საინტერესოა, რომ “ვარდების რევოლუციამდე” გამოკითხულ მეწარმეთა თითქმის 1/3 მიიჩნევდა, რომ მის ბიზნეს არაკანონიერი მფარველი სჭირდება. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მეწარმეთათვის მისაღები იყო კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის “კრიშობა” (რაც იძულებითი ნაბიჯია) სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის ანალიზი ცხრ. #1 გვიჩვენებს, რომ:
1. გამოკითხულთა 60%-ზე მეტი მეწარმეობის განვითარების ხელისშემშლელ ძირითად ფაქტორებად საგადასახადო სისტემის მოუწესრიგებლობას (72.2%) და სახელმწიფო სექტორში კორუფციას (62.7%) მიიჩნევდა;
2. გამოკითხულთა 51% ხელისუფლების მხრივ მეწარმეობის ინტერესების დაუცველობას, 42% – მოსახლეობის დაუსაქმებლობას;
3. გამოკითხულთა @25% – ენერგეტიკულ კრიზისს, 19% – მმართველობის და მაკონტროლებელი ორგანოების ბიზნესში ზედმეტ ჩარევას, 11% – საბანკო სისტემის არასაიმედობას.

ლობირებისა და ინტერესთა სისტემის საკითხის განხილვის დროს მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ კორუფციის შესახებ ტრადიციულ წარმოდგენას, რომელსაც ადმინისტრაციულ კორუფციას უწოდებენ და რომელიც ბიუროკრატების მიერ კომპანიების ექსპლუატაციას გულისხმობს. კომპანიათა გარკვეული (უმეტესი) ნაწილი თვითონაა დაინტერესებული არაკანონიერი გასამრჯელოს გაღებისა თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსებისათვის ორმხრივი სარგებლობის მიღების მიზნით. კერძოდ, კომპანიები თანამდებობის პირებს მოქმედი ნორმების და დებულებების “კორექტირებული” გამოყენების მიზნით მაღალი შემოსავლის გარკვეულ პროცენტს უხდიან – სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაკეთილსინდისიერი ლობირების და სხვა გარიგებების მეშვეობით ზემოქმედებენ.

1999 წ. ზემოთ აღნიშნული პრობლემების შესწავლის, გაანალიზებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ერთობლივად ჩატარდა გამოკვლევა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაში. საანალიზო მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ “სახელმწიფოს დამორჩილების (მოსყიდვის) ინდექსი ამ ქვეყნებში საშუალოდ 21 %-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 41%-ა, უზბეკეთში – 5% და საქართველოში 24%. ისეთი მაჩვენებლის მიხედვით, როგორიცაა ადმინისტრაციული კორუფცია და ქრთამი, როგორც პროცენტი კომპანიების შემოსავლებიდან (რასაც ქართულად “წილი” ეწოდება) საშუალო დონე 3 %-ა, აზერბაიჯანში – 5.7 %-ის ტოლია, უზბეკეთში – 4.4 %-ის და საქართველოში – 4.3 %-ის.

ალბათ, საჭიროა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, თუ რა იწვევს “სახელმწიფო დამორჩილებაში” კომპანიების დაინტერესებას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცულობის დაბალი დონე, რის შედეგადაც, საჭირო ხდება დამატებით “დაცვის ყიდვა” და მეორე, “მყიდველებს” აკლიათ კონკურენტული ბრძოლისათვის საჭირო მენეჯერული და მარკენტინგული ცოდნა და გამოცდილება, რის შევსებასაც “ნაყიდი” პრივილეგიებით ახერხებენ.

კორუფციის უარყოფა გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე და მის უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე – ინვესტიციებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მიერ სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების ბაზაზე ჩატარებული გაანგარიშებებით, კორუფციის ინდექსის შეცვლა ^6-ის ნაცვლად 8-ით (0-დან 10-მდე შკალი) იმავე ეფექტს იძლევა, რასაც ინვესტიცების 4 პროცენტით ზრდა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5 პროცენტით მატების ტოლფასია3.

უცხოელ დამკვირებელთა გარკვეული ნაწილი გამოთქვამდა აზრს იმის შესახებ, რომ გარდამავალი პერიოდის დასაწყისში რეფორმების გატარებისას იქნებოდნენ მოგებულები და წაგებულები, ხოლო ეს უკნასკნელნი შეეწინაამღდეგებოდნენ გარდაქმნებს. ამასთანავე მოიაზრებდნენ, რომ წაგებულთა შორის აღმოჩნდებოდნენ დაბალრენტაბელური საწარმოების მუშაკებთან ერთად საბჭოთა ნომენკლატურა და ბიუროკრატია, მაგრამ ნომენკლატურისა და ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა ძველი პირადი კავშირების ლობირების მძლავრ შესაძლებლობებთან ერთად, სამთავრობო პრივილეგიებით ისარგებლეს, რამაც, ფაქტიურად, ახალი კაპიტალისტური ელიტა ჩამოაყალიბა, რომელთა ხელშიც კონცენტრირებულმა სიმდიდრემ მოიყარა თავი.

ნეოინსტიტუციონალიზმის კლასიკოსი, ნობელის პრემიის ლაურიატის – რონალდ ქოუსის თეორიების თანახმად, საკუთრების უფლებების ზუსტად განაწილების პირობებში კერძო გარიგებები სოციალურ სტაბილიზაციას ხელს შეუწყობენ. ეს თეორემა პრაქტიკული მნიშვნელობისაა, მაგრამ უგულებელყოფს საკუთრების წარმოშობის წყაროს, იმ გარიგებებს, რომლის შედეგადაც, გუშინდელი ქურდი, დღეს მიტაცებული საუთრების უფლებების დამცველად გვევლინება. ე.ი. საკუთრების უფლებების არსებული განაწილების დაკანონება ჩვენ ქვეყანაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იქნებოდა. კრიტიკოსები, ამის საწინააღმდეგოდ აღნიშნავდნენ, რომ საკუთრების უფლებების ამა თუ იმ ხერხით განაწილების კანონიერება და მაშასადამე, მათი დაცულობა განპირობებულია იმით, თუ როგორ იქნა ეს უფლებები განაწილებული და მითვისებული.

საქართველოში სახელმწიფო ქონების გადანაწილება მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა სამართლიანად, საკუთრების უფლებები დაცულია როგორც “ჩრდილოვანი”, ასევე ლეგალური მეთოდებით. ამას ემატება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მეწარმეების მიერ “საკუთარი” პოლიტიკური პარტიების ლიდერობა, მთავრობაში და პარლამენტში მოხვედრა, ძალოვან თავდაცვით სტრუქტურაში მფარველების ყოლა და სხვა, რაც თანაარსებობს უკიდურეს სოციალურ უთანასწორობასა და ფართოდ გავრცელებულ სიღარიბესთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლებების არსებული განაწილება არც თუ ისე სამართლიანია, ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ წამოყენებული წინადადებით, მისი ხელმოეორედ გადანაწილება, ჩვენი აზრით, კითხვის ქვეშ დააყენებს საერთოდ საკუთრების უფლებების მთელი სისტემის დაცულობას, როგორც მიმდინარე, ისე მომავალ პერიოდში. რენაციონალიზაციის მოთხოვნით, ქონების ხელახალი პრივატიზება, ვფიქრობთ, სხვადასხვა პოპულისტური ჯგუფების იარაღი კარგა ხნის განმავლობაში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ფორმებთან შედარებით ყველაზე უფრო ადეკვატურად ასახავენ სოციალურ დინამიკას, მწვავე საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის დროს, როგორც წესი პარტიული, ჯგუფური ინტერესები გადაძლევენ ხოლმე პოლიტიკური კონსესუსის ინტერესებს და შესაბამისად, იწყება ბრძოლა ხელისუფლებისა და ქონების ხელახალი გადანაწილებისათვის. ვფიქრობთ, რენაციონალიზაციის ყოველი მცდელობა არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ გადანაწილებისათვის უზენაესობის პრინციპის კვლავ დაცემა იქნება.

პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის დროს კერძო საკუთრების ინსტიტუტის ფორმირების ურთულესი პროცესი კორუფციის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორია, რაც მას განვითარებული კაპიტალიზმის ქვეყნებში არსებული კორუფციის გამომწვევი მიზეზებისაგან პრინციპულად განასხვავებს. კერძო საკუთრების ინსტიტუტის განმტკიცების საფუძველს მეწარმეობის განვითარებისათვის საჭირო ლიბერალური საკანონმდებლო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამასთან ერთად აუცილებელია ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეების თანაბარ პირობებში ჩაყენება, რაც მათ შორის გამარჯვებულს მხოლოდ სამართლიანი კონკურენცია გამოავლენს.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების გარეშე პრინციპულად შეუძლებელია. განვითარებული კაპიტალიზმის ქვეყნებში ამ პროცესს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ისტორიაში ისიც ცნობილია, რომ “სუფთა ხელებით” და ლეგალური გზებით კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება შეუძლებელია. ეს პროცესი თანამედროვე ტერმინოლოგიით კორუფციის სახელით მოიხსენიება.

თანამედროვე პირობებში განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში კორუფციის ობიექტური ეკონომიკური საფუძველი თითქმის აღარ არსებობს, რაც იმით არის განპირობებული რომ: 1) მაღალი თანამდებობის პირები საკმაოდ მაღალი ხელფასებით არიან უზრუნველყოფილნი და ამავე დროს, რაც მთავარია, მათ, წინაპრების მიერ დაგროვილი კაპიტალი უკვე აქვთ, რომელიც სხვა თანაბარ პირობებში, მათი ღირსეული არსებობის გარანტიაა. 2) ამ ქვეყნებში, პრაქტიკულად, სრულყოფილი ინსტიტუტები უკვე ჩამოყალიბებულია, რომლებიც რიგით მოქალაქეთა უფლებების დაცვის შესაძლებლობას უზრუნველყოფენ. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს კორუფციის ცალკეული შემთხვევები. ამ ქვეყნებში კორუფციის შეზღუდვის მიზნით ადმინისტრაციული მეთოდებს იყენებენ, რაც ზემოთ აღწერილი ვითარების გათვალისწინებით, სავსებით გამართლებულია. ჩვენს პირობებში კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების კორუფციის მიზნით ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენება უარყოფითი შედეგის მომტანია. რადგან: 1) მხოლოდ დამსჯელი ზომების გატარებით კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების პროცესი კვლავ დაუბრუნდება თავის ამოსავალ წერტილს, რითაც კორუფციის პერიოდი გახანგრძლივდება; 2) გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ დამსჯელი ღონისძიებების გატარებით კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების პროცესი შენიღბული ფორმებით განხორციელდება, რაც უფრო მეტად დაამახინჯებს ამ მოვლენას. დღეს საქართველოში ახალდაგროვილი კაპიტალის განივთება, ძირითადად, სახლების მშენებლობასა და სხვა უძრავ ქონებაში ხდება, რის შედეგადაც, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დასაქმების პრობლემა გარკვეულწილად დღის წესრიგიდან იხსნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება საშიშროება არაკანონიერი გზით მითვისებული კაპიტალის საზღვარგარეთ გატანისა.

კერძო საკუთრების ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესით განპირობებული კორუფციის შეზღუდვის ყველაზე მარტივი გზა კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების არსებული შედეგების დაკანონებაა, რაც ამ კაპიტალს “ხელ-ფეხს გაუხსნის”, რათა ხალხის საკეთილდღეოდ “იმოქმედოს”.

მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა და საბაზრო ეკონომიკის სისტემის დამკვიდრება სხვა დანარჩენ ღონისძიებებთან ერთად კორუფციის შეზღუდვის წმინდა ეკონომიკურ მიდგომას წარმოადგენს. “ვარდების რევოლუციამდე” კორუფციის შეზღუდვის მხოლოდ წმინდა ეკონომიკური მიდგომის საფუძველზე განხორციელებული უმარტივესი გზის ყველაზე თვალსაჩინო ნაკლი დაუსჯელობის სინდრომი იყო.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია კორუფციის შეზღუდვის წმინდა ეკონომიკური მიდგომა იმ ტიპის დამსჯელი ხასიათის ზომებთან ისე იყოს შერწყმული, რომ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის “ამინდი” შეიქმნეს.

ამ საკითხის ეფექტურ გზად სწორი საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკა მიგვაჩნია, რომლის შედეგად, საკუთრების უსამართლო განაწილების შედეგები თანდათანობით გაბათილდება. როგორი კეთილი მიზნებითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, უკანონოდ მითვისებული ქონების დაბრუნება, ეს პროცესი დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. ამიტომ, დღეს მთავარი ამოცანა საკუთრების ხელახალი გადანაწილება კი არ უნდა იყოს, არამედ ის, რომ ქვეყანაში არსებული მაღალცენტრალიზებული კაპიტალი ჩამოვაშოროთ მის მიერ ხელში ჩაგდებულ ეკონომიკური პოლიტიკის უზურპირების ფუნქციას, რათა მან თავისი საქმე აკეთოს. ამ კაპიტალზე საკუთრების უფლებების დაცვა, რაც არ უნდა უკანონო იყოს, შესაძლებელი უნდა გახდეს საკუთრების უფლებების მთელი ეროვნული სისტემის დაცვის დონის ამაღლება, საკონტაქტო ვალდებულების შესრულებას სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა და კანონის უზენაესობის პრინციპის სრული ამოქმედება.

საქართველოში საკუთრების უფლებების დაცვის დონის ამაღლების ამოცანები მთელ რიგ გადაუდებელ ინსტიტუციონალურ ცვლილებებს მოითხოვს. კერძოდ:
– სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს თავისი როლი კეთილსინდისიერად შეძენილი ფასიანი ქაღალდების, უძრავი და სხვა ქონების დაცვაზე;
– უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები საკუთრების უფლებების სახელმწიფო რეგისტრაციის სამართლებრივი მექანიზმის სრულყოფის სფეროში;
– გარიგებების შესახებ ინფორმაციის უვადო შენახვაში საკუთრების უფლების სხვა პირზე გადასვლისას შესაძლო თაღლითობის გამომრიცხავი კანონმდებლობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში;
– საკუთრების ობიექტის შეძენისას უფლებების დაზღვევაში.

აღნიშნულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო გარემოს ჩამოყალიბება ქონებრივ მიმოქცევისას ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ტექნიკური პროცედურების სტანდარტიზაციის მეშვეობით მათ ხელი უნდა შეუწყონ კორუფციის აღმოფხვრას და რაც მთავარია, დასაბეგრი ბაზის გაფართოებას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial