სახალხო დეფოლტი

ემზარ ჯგერენაია

“გამოცდილება და ისტორია გვასწავლის – ხალხებმა და მთავრობებმა ისტორიდან ვერაფერი ისწავლეს”!
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი

ძნელია უყურო, როგორ მოდის აბობოქრებული ზღვის ათმეტრიანი ტალღა, როგორ გიახლოვდება ცუნამი (მით უმეტეს, თუ პატარა ნავში იმყოფები), ან წიქარასავით მიჰქრი, უკან დევები მოგდევენ, გინდა ამოიღო სავარცხელი და გადააგდო, მაგრამ არ გაქვს. გინდა დევს ბუნჩულა მხრებში ნაცარქექიასავით სადგისი ჩაარჭო, მაგრამ დაბლაგვებულია. გინდა დაიყვირო, მგელი მოდისო, მაგრამ ქაჯანასავით ხმა არ მოგყვება.
საოცარია, რატომ გამხსენდა წიქარა ამ გაგანია კრიზისში, ან რა შუაშია საერთოდ ხარი? მას არ მოაქვს ბედნიერება! ავიღოთ Merill Lynch-ის მაგალითი. ხომ გახსოვთ, ათეული წლების მანძილზე, უოლ სტრიტზე მისი ხარი თავს როგორ იწონებდა და კარიერა როგორ დაამთავრა – უმუშევარი დარჩა! ვის რად უნდა გაკოტრებული ფირმის ხარი. ხარი ხარის წელიწადს გარდაიცვალაო. ეს საშიში ცრურწმენაა! აი, მაგალითად, შარშანდელ კრიზისში ბრალდებული თაგუნიას ამბავი უფრო ჰუმანური იყო (2008 თაგვის წელი იყო), ის უბრალოდ დააპატიმრეს. ოღონდ, ჯერ არ გაუსამართლებიათ, ბრალდების მოტივი და მუხლი ვერ დაადგინეს, რადგან საფინანსო კრიზისის გაჩაღების ფაქტზე ვერ დაიჭირეს.
და მაინც, ვისი ბრალია ეს კრიზისი, რატომ დაიჭირეს თაგვი და რა ბედი ელის წლევანდელ ხარს? სად გაიძურწა ეს ეკონომიკის ჯადოქარი და მამოძრავებელი ძალა – უხილავი ხელი, არის თუ არა ბაზარი, რატომ უნდა იხადოს სახელმწიფომ ტოპ-მენეჯმენტის შეჭმული ბონუსები? – ბევრი კითხვაა. ყველაზე საინტერესო კი ის არის თუ რომელი ეკონომიკური კანონების მიხედვით მუშაობს დღეს მსოფლიო და, საერთოდ, ამ დათვის ტრენდში რა შუაშია ხარი?ამას წინათ, მცირე და საშუალო ბიზესმენთა (ახლა ყველა ბიზნესი მცირე და საშუალოა, ყველამ “ბექშიფტი” გაკეთა) ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სავაჭრო-სამრეწველო პალატა ყოველწლიურად აწყობს, ერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა, ბატონმა ჯუმბერ ხატიაშვილმა კრიზისთან დაკავშირებით თავისი აზრი გამიზიარა: გავა რამდენიმე წელიწადი და მსოფლიო გააღწევს ამ კრიზისიდან. შეიქმნება ახალი ეკონომიკური თეორიები, რაშიც ვიღაცეები ნობელის პრემიებსაც მიიღებენ. ამ სიტუაციიდან იმ გაკვეთილს მივიღებთ, რომ მსგავსი კრიზისი მსოფლიოში აღარ განმეორდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იგივე წარმატებით მოხდება უარესი კრიზისი, ოღონდ სხვანაირი და სხვა სისტემით გამოწვეული. საოცარი სიტუაციაა. ადრე ამბობდნენ, “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო”. გადაბრუნდა ურემი, მაგრამ გზა მაინც არ ჩანს. მეტიც, შარშან გვეგონა ყველაფერმა ჩაიარა და კრიზისი გაიფურჩქნა. ამ მიზეზით ყველანი ციხეში გავუშვით, მათ შორის, შარშანდელი წლის გმირი თაგუნია და აღმოჩნდა – სულ ტყუილად. წელს მოდის და მოშხუილებს კრიზისის ტალღა, წელს მოხდება ყველაზე სერიოზული რამ – შარშანდელს რეცესია ერქვა, რომელიც წელს უკვე დავაჟკაცდა, დაღვინდა, მოღონიერდა, ხარად იქცა და კრიზისი დაარქვეს. ღმერთმა გვაშოროს, რომ გაისად კიდევ გაძლიერდეს და ბაყბაყდევად მოგვევლინოს. ერთი, ცაგარელს ჰკითხეთ, გაისად რისი წელია, რა განწყობილება აქვთ პლანეტებს და ბრ—ს ჩევნს მიმართ და საერთოდ, აუცილებლობის გარეშე კუჭის ამოჭრის ოპერაცია თუ შეიძლება განვახორციელოთ, რადგან საკვები ცოტა იქნება. ეკონომიკურმა ფორქასტებმა აზრი დაკარგეს და ასტროლოგიურს მაინც მოვუსმინოთ. ის, თუ რა ეშველება ეკონომიკას, ეკონომიკურ ინსტიტუტებში არ ისმის და იქნებ, ცაგარელს ვკითხოთ და გვითხრას?! ისე, ეკონომიკური ექსპერტები ისეთი ტემპით მრავლდებიან, სულაც არ გამიკვირდება ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ არხზე უცაბედად საზეიმოდ გვაუწყონ, ახლა, პლანეტების ეკონომიკურ განზრახვებსა და მოთხოვნა-მიწოდების კანონის შესრულების მდგომარების შესახებ ვესაუბრებით ეკონომიკურ ექსპერტს, მიხეილ ცაგარელსო. რატომაც არა! თაგვსა და ხარზე მაგან ჩვენზე მეტი იცის და აბა როგორ ეკონომიკაში ვცხოვრობთ სხვამ ვერავინ დაადგინა და იქნებ, იმათ, პლანეტებმა იცოდნენ. ან ის იცოდნენ, მოზღვავებული კრიზისი საზღვარზე როგორ შევაჩეროთ, საცრით წყალი როგორ დავიჭიროთ და ლაპრაკით ვალი დავაბრუნოთ, საერთოდ, რომელ თანავარსკვლავედში ვიყოთ?! არა, კარგი იდეაა – ასტროლოგი, შეთავსებით ეკონომიკური ექსპერტი, მიხეილ ცაგარელი. ისე, რა მნიშვნელობა აქვს ცაგარელი იქნება ეკონომიკური ექსპერტი თუ მაგარეიშვილი? მაინც ერთი ფასი აქვს – არავინ უსმენს!
კრიზისი კი იცოცხლე, მოდის და მოშხუილებს ჩვენკენ, თაგვიციხეში დასჯილი ზის, ხარი ღმუის, მაგრამ არ ვუშვებთ ამ კრიზისს, სწორსაც ვაკეთებთ! იყოს იქ, უოლ სტრიტზე! ჩვენ აგერ, ცაგრელს დავეყრდნობით და კრიზისს თუ ვერ ვუშველით, იმედია, ჰეგელის აზრებს არ გავამართლებთ და ჭკუას ვისწავლით, რადგან ახლა ხალხის მხრიდან ვალების არგადახდა დაიწყება, რადგან ისინი ბანკის ვალებს ვერ დაფარავენ, ამას მოყვება სახალხო დეფოლტი. ჰკითხეთ ცაგარელს, პლანეტების აზრით, როდის არის ვადაგადაცილებული ვალების დაფარვისათვის ხელსაყრელი დრო და დეფოლტზე გადასვლა, თან უბრალოზე, არასახალხოზე როდის ჯობია?!

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial