როგორ შეაფასა ციცერონმა თანამედროვე ქართული სიტუაცია და რატომ გაგვებუტა კრიზისი

ემზარ ჯგერენაია

“სიამოვნებით დავუშვებდი შეცდომას (შევცდებოდი) პლატონთან ერთად, ვიდრე გავიზიარებდი ჭეშმარიტებას თანამედროვე ბრძენებთან (ექსპერტებთან)”
ციცერონი

როცა გაჩაღდა მტრობა პომპეუსსა და კეისარს შორის ციცერონმა თქვა: “მე ვიცი ვისგან უნდა გავიქცე, მაგრამ არ ვიცი ვისკენ”.
პლუტარქე

ყველანი ცოდვილები ვართ. ეს სიტყვები აღდგომის პერიოდში მეტად აქტუალური და მწვავეა. ამიტომაც ვმარხულობთ ასე გულმოდგინედ, ამიტომაც გვიხარია აღსარება და ცოდვების მიტევება. აღდგომის იმედი გვაქვს. გაზაფხული და შხაპუნა წვიმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ლაფთან ერთად აირია. ამიტომაც გამახსენდა ციცერონი და პლუტარქე. ორი რამ მუდამ არსებობდა – ჭეშამარიტების ძიება და მისი მაძიებელი ექსპერტი. მუდამ იყო წუწუნი, რომ თანამედროვე მოაზროვნეები არ ვარგან არც ეკონომიკაში და არც პოლიტიკაში, არ მოგვწონს, მაგრამ არ ვიცით როგორი სჯობს. თავის მხრივ, ამ ექსპერტებისთვის პლატონი ყოველთვის ყოფილი ბებერი ფილოსოფოსი იყო, ხოლო სულიკო ბუღალაშვილი იმედის მომცემი, ანუ, შორეულ პერსპექტივაში, თვითონ იმედის მომცემი გენიოსი. მიწა მაგარია და არ სკდება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, და ასეთ რამესაც იტანს. მეტიც, ხალხი მის ფუტურისტულ, თავხედურ ბოდვებსაც ეჩვევა და რაც უფრო ბუნდოვანია, მით უფრო იტანს, ამბობს – ხედავ? ნიჭიერია ეს შობელძაღლი, მერე რა რომ ლოგიკა ციცერონივით არ უჭრის. ნათელი არ არის რას ამბობს, რას ჩივის, მთავარია ტონი, ფრაზა, არაფრის მთქმელი დემაგოგია. თან, ერთი წელი ეკონომიკური ექსპერტები არიან, მერე მოწყინდებათ და პოლიტიკურები ხდებიან და მომავალში, თუ დრო დარჩათ, რელიგიასა და შოუ ბიზნესში აპირებენ ბედის ცდას. ან სულაც მწერლები გახდებიან. მერე რა, თუ ვერაფერს დაწერენ, რა საჭიროა წერა, ისე იქნებიან მწერლები, წერის გარეშე. შეიძლება წერო ვერ მიიღონ, მაგრამ მწერლები იქნებიან. რაო, არ შეიძლება? ეკონომიკაში შეიძლება პროფესორ-ეკონომისტი დოქტორი და ექსპერტი იყო და არ წერო? კი, შეიძლება! აბა, აქ რატომ არ შეძლება? არ გვინდა ეკონომიკის ექსპერტობა, ბაზარზე ამ ექსპერტებზე მოთხოვნა არ არის და ამიტომ, ან პოლიტიკის ექსპერტი უნდა გახდე, ან მწერალი, რაც პრინციპულად, ერთი და იგივეა.
ბოლო დროს მხოლოდ ერთი თემაა სალაპარაკო – როდის დამთავრდება ეს მსოფლიო-ადგილობრივი კრიზისი და როგორი იქნება მისი შედეგები? აქ აზრი ძირითადად სამად გაიყო: 1. ამერიკული – სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ შემოდგომაზე გვეცოდინება გველის სიგრძე და სრული მასშტაბი; 2. ევროპული – სადაც ჯერ არ იციან საერთოდ რა ხება, მაგრამ იმედიანად არიან; 3. ჩინური – სადაც კრიზისის მზეს ფიცულობენ და ლოცულობენ, დიდხანს გაგრძელდეს. თუ ევროპელებმა არ იციან საით გარბიან და მუდმივად და მუდამ “დიმპლი კონსერნში” არიან, ჩინელებმა ზუსტად იციან, სად მიდიან და როგორც რომის დიდი მხედართმთავარი პომპეუსი იტყოდა, ამომავალ ვარსკლავს უფრო მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვიდრე ჩამავლს. ასევეა ამომავალი მზის ქვეყანა – ჩინეთი.
ჩვენ კლასიფიკატორში ჯერ ვერ მოვხვდით. არაფერს ვამბობთ კრიზისზე და არ ვაღიარებთ მას. H”ჰოდა, გაბრაზდა კრიზისი და ჩვენთან არ შემოდის, გაჯიქდა ბატონო, თქვენ ვინ ყოფილხართ, ეს რა გულგრილად და უპატივცემლოდ დამხვდითო; როგორ არ დამაფასეთ, ამიტომაც არ მოვალო! აი, ასე დავრჩით უკრიზისოდ. ჰოდა, ასე გავაუქმეთ კრიზისი და ეკონომიკური ექსპერტები უმუშევრები და ხავსმოდებულები დარჩნენ. ბაზარზე მოთხოვნა ახლა პოლიტიკურ ექსპერტებზეა და ეგრევე სატელევიზიო სტუდიაში გნათლავენ, გეკითხებიან თქვენ როგორი ექსპერტი გინდათ იყოთო. შენც იმას ეუბნები, რაზეც მოთხოვნაა. სხვათა შორის, კრიზისმა ესეც გაიგო და მის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა: რაო, ვინ უნდა შეისწავლოს ჩემი წანწკლა და შხვართი მიხვრა-მოხვრა, ხასიათის სირთულე და მიზეზ-შედეგობრივი მემკვიდრეობითი კავშირები ჩემს წინაპრებთან? ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და სერიოზულ ექსპერტულ კვლევას მოითხოვს და თუ ამისთვის არ გცალიათ, რადგან ექსპერტები და მთავრობა პოლიტიკაზე ერთდროულად არიან გადართულნი, მე ცოცხალი თავით საქართველოში არ შემოვალო.G
გაგვებუტა კრიზისი და ასე, ეს რეიტინგების ფანი ქვეყანა რეიტინგის გარეშე დატოვა. არადა, ვგიჟდებით რეიტინგებზე. დავშხუილობთ ათასი ჯურის რეიტინგში მე-19-დან 119-ე ადგილებამდე, ბევრის სრული დასახლება მიმდინარე თაობამ არც იცის, მაგრამ ისტორიას ხომ ეცოდინება და “დიმპლი კონსერნში” ჩავარდება ჩვენი გადატანილის, თუ მიღწეულის გამო. ყველანაირ რეიტინგსა თუ ლისტში ვიყავით შეყვანილნი, მათ შორის ბევრ უცნაურში და ვამაყობდით თუ სულ არაფერი გვექნებოდა ეკონომიკაში: არც სავალუტო საექსპორტო ამონაგები, არც ინვესტიცია, არც წარმოების ზრდა და დასაქმება, რეიტინგსა თუ ლისტში ხომ ვიქნებოდით?! ასე მაგალითად, მსოფლიო კრიზისის აღქმის მხრივ, პირველ ათეულში – ყველაზე გულგრილი ქვეყანა კრიზისის მიმართ, ან ასე – ქვეყანა, რომლის ეკონომიკის თვით კრიზისსაც შეეშინიდა, ან კრიზისმედეგობის კოეფიციენტი. რა ვიცი, ბევრი რამ შეიძლებოდა, მაგრამ რად გინდა, არ მოდის ეს კრიზისი, გაებუტა საქართველოს, მის ეკონომიკასა და ექსპერტებსაც. დგას კარებთან გაბუტული, გულამოსკვნილი, გურმეჭვია გველეშაპივით და არ იცის პლუტარქესი არ იყოს, საით წავიდეს. არა, არსებით ჩიხში დიდად შეშფოთებულები ვართ. ოი, უკაცრავად, როგორც ჩვენი დასავლელი მეგობრები იტყოდნენ, “დიმპლი კონსერნი” – არც კრიზისი, არც ექსპერტები და არც რეიტინგი.
მძიმე აღდგომაა და გაგანია გაზაფხულის მოლოდინი. ისე, საინტერესოა, ეს პლუტარქე ყოფილი (წარსულში ცნობილი) ფილოსოფოსია, თუ ფილოსოფოსი?

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial