თურქეთთან ურთიერთობის შუქ-ჩრდილები ანუ სტრატეგიული პარტნიორის არასტრატეგიულობა

მაკა ღანიაშვილი

ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ?!
“თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება 2008 წლის პირველ ნოემბერს ამოქმედდა. მართალია, ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებმა ერთმანეთის იმპორტულ საქონელზე საბაჟო ტარიფები გააუქმეს, მაგრამ ისინი ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მაინც მოქმედებენ, ხოლო გარკვეული საქონელისათვის კვოტები დაწესდა. მაგალითად, თურქეთში ქართველი ბიზნესმენები ქართულ ღვინოს მათთვის სასურველი რაოდენობით ვერ შეიტანენ, რადგან აღნიშნული ხელშეკრულება წელიწადში მხოლოდ 1-250 000 ბოთლის გატანას ითვალისწინებს.

2007 წელს, საქართველოდან რუსეთში გასული, დაახლოებით 75 მილიონი დოლარის ღვინო, რაც 20 მილიონ ბოთლზე მეტია ადასტურებს, რომ თურქეთი რუსეთს ჯერჯერობით ვერ ცვლის. ამასთანავე, ხელშეკრულების ეს პუნქტი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც ამ დოკუმენტის მიმართ, საქართველოში აზრი ორად გაიყო – დოკუმენტის მომხრეების მტკიცებით, იგი თურქეთთან ვაჭრობით ქართველ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის, ექსპერტთა ნაწილი კი შეთანხმებას ან უარყოფითად აფასებს, ან მისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო პირობები ცალ კარში თამაშს გავს. ფაქტი კი ერთია, რუსეთთან გართულებული პოლიტიკური და თითქმის მთლიანად შეწყვეტილი ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა. ამას ამოწმებენ საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებიც, რომელთა მიხედვით, 2008 წელს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა 1202,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 33,7%-ით მეტია. ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის წილი 1,9 პროცენტული პუნქტით – 14%-დან 15,9%-მდე გაიზარდა. თურქეთში ექსპორტი 262,9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 91,1 მლნ. აშშ დოლარით მეტია. გაზრდილია ისეთი სასაქონლო ჯგუფების ექსპორტიც როგორებცაა: ფეროშენადნობები, შავი ლითონის ჯართი და აზოტოვანი სასუქები. თურქეთიდან იმპორტის ზრდაც ფიქსირდება. განსაკუთრებით გაზრდილია ცემენტის, ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფების იმპორტი. საქართველო-თურქეთს შორის ვაჭრობისას იმპორტის ყოველწლიური ზრდა საშუალოდ 46%-ს, ხოლო ექსპორტისა – 29%-ს შეადგენს.
რამდენად სასარგებლოა ეს ციფრები ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის?
ექსპორტის სტრუქტურის განხილვა და ანალიზი მიუთითებს, რომ საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია ძირითადად ჯართი, ნედლეული და ხე-ტყე მაშინ, როცა პარტნიორი ქვეყნიდან ძირითადად, დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალა, კვების პროდუქტები, ტექსტილი და ა.შ. უწყვეტ ნაკადად შემოედინება, რაც ჩვენთვის არც თუ სახარბიელოა.
ამ სურათის შესაცვლელად საქართველოს მხრიდან თურქულ-ქართული ბიზნესფორუმი დაიგეგმა, რომელიც თბილისსა და ბათუმში მიმდინარე წლის 24-25 თებერვალს ჩატარდა. ბიზნესფორუმს საქართველოდან ბიზნესმენები ესწრებოდნენ. მასში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური და სხვა ქართველი ბიზნესმენები, ხოლო თურქეთის მხრიდან – თურქეთის სახელმწიფო მინისტრი ქურშად თუზმენი, თურქი პარლამენტარები და ბიზნესმენები. რაც შეეხება ფორუმის ფორმატს – საპრეზენტაციო ნაწილს მცირე დრო დაეთმო, ხოლო მთელი დღე ქართველი და თურქი ბიზნესმენების ერთმანეთთან დაახლოებასა და კავშირების დამყარებას დასჭირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ინვესტიციები შემოვა, რაც გამოიწვევს თურქი ბიზნესმენების ბიზნესში სწრაფ ჩაბმას რა გზითაც ქვეყანა დამატებით შემოსავალს, სამუშაო ადგილებსა და საწარმოებს მიიღებს, მაგრამ სურვილი სურვილად რჩება, რადგან ციფრები მეტყველებენ იმაზე, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ჯერჯერობით მხოლოდ ფიქციად რჩება, რატომ? აბა სად არის იმ ინვესტიციათა “ზღვა ჩამონათვალი”, რომელსაც უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორი საქართველოში უნდა ახორციელებდეს (თუ, რა თქმა უნდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აშენება-შეკეთებაზე დახარჯულ მილიონებს არ ჩავთვლით)?!
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ბიზნესფორუმის მონაწილე, როგორც ქართული, ისე თურქული კომპანიებისათვის, აღნიშნული ფორუმი მხოლოდ დაზვერვითი ხასიათისა იყო, რომელსაც რეალურად გაფორმებული კონტრაქტები და საქართველოში წამოწყებული ბიზნესურთიერთობები არ მოყოლია, რაშიც რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ დავრწმუნდით:
“მინდა გითხრათ, რომ “ელიტ ელექტონიქსი” ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებს მსგავსი ტიპის ფორუმებში და ვფიქრობთ, რომ სიახლეების გაცვლასა და თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე მხარის განვითარებისთვის. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან და აქტიურად ვთანამშრომლობთ თურქეთთანაც. აქაც იმ მიზეზით მოვედით, რომ გავეცნოთ სიახლეებსა და შესაძლო პარტნიორებს, თუმცა ჯერ რომელიმე კონკრეტულ პროექტზე საუბარი არ გვაქვს”, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კომპანია “ელიტ ელექტრონიქსის” სამშენებლო პროექტების განვითარების მენეჯერმა ეკატერინე თავთავაძემ.
სამშენებლო ტექნიკის დისტრიბუტორ, თურქული კომპანია SANKO-ს (წწწ.სანკომაკინა.ცომ.ტრ) მარკეტინგის მენეჯერი ნესილ მელეკი: “მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისისა, გვინდა ჩვენი ბიზნესის გაფართოება, ახალი პარტნიორების მოძებნა და არსებული კავშირების გაღრმავება. ვნახოთ რა იქნება; ჩვენ უკვე გვყავს საქართველოში “ჯი-თი ჯგუფი” და სხვა ინდივიდუალური პარტნიორებიც, ვახორციელებთ სამშენებლო ტექნიკის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოში მოთხოვნა არის ამ პროდუქტზე, ამიტომ ამ ქვეყანაში ფართოდ დავმკვიდრების სურვილი გვაქვს.”
საკვები პროდუქტების მწარმოებელი თურქული კომანია SUNAR GRUP-ის (www.sunarmisir.com) გენერალური დირექტორი იბრაჰიმ ეტემ კანის განცხადება ასეთია: “ამ ბიზნესფორუმში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ იმისათვის, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბდა კარგი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა, რაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ინვესტირებისათვის. ჩვენ არ გვაქვს წარმომადგენლობა საქართველოში, მაგრამ ბათუმში ერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და სამომავლოდ საქმიანობის თბილისში გაფართოებასაც ვაპირებთ”.
როგორც ირკვევა რეალური პროექტები ჯერ არ ჩანს, რადგან თურქი ბიზნესმენები მხოლოდ სამომავლო გეგმებზე და შესაძლო ინვესტიციებზე ფიქრობენ.
ბიზნესფორუმზე თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობას ყველა სახელმწიფო მეთაურმა ხაზი გაუსვა. ეკონომიკური განვითარების მინისტრ ლაშა ჟვანიას განცხადებით: “დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისევე თურქეთის ეკონომიკური მომავლისთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ღონისძიება დამატებითი საქართველოსა და თურქეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ბიძგის მიმცემია… აღსანიშნავია ის, რომ თურქ ბიზნესმენებს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რაც ჩვენს რეგიონზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს, საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი აქვთ ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების განხორციელებისა და სამომავლო ურთიერთობების კუთხით. მათ გამოცდილება აქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის გამართვის საკითხში, რაც საქართველოსთვის ძალზე საინტერესოა. არის პარტნიორი ქვეყნებისთვის საინტერესო სხვა საკითხებიც, კერძოდ, ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა (რაც ხელს შეუწყობს ექსპორტს), ასევე სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტის სფეროები. ტრანსპორტის სფეროში სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის, ჩინეთისა და მთელი ევროპისათვის, მეტიც, იგი მთელი კონტინენტის პერსპექტივასაც წარმოადგენს”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, “თურქეთი ბოლო წლების მანძილზე, ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით, საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა, ამას გარდა იგი საქართველოში ენერგეტიკის, ტურიზმის ბიზნესისა და სხვა სფეროების დიდი ინვესტიციების წყაროა. მოგეხსენებათ, დაგეგმილია რამდენიმე ახალი ჰესის მშენებლობა და ეს კონფერენცია ბიზნეს-ურთიერთობის გასაგრძელებლად ამ კუთხითაც მეტად საინტერესოა”.
როგორც თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა, ქურშად თუზმენმა განაცხადა: “ჩვენ ვართ ორი ტრანზიტული ქვეყანა და გვაქვს ის თვისება, რომ მსოფლიო ვაჭრობა და ეკონომიკა გაატაროს საკუთარ ტერიტორიებზე. ჩვენმა ორმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და მომავალშიც განახორციელებს. ჩვენი მიზანია ამ ვიზიტით საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა მილიარდნახევრით გავზარდოთ. ერთ წელიწადში ეს ციფრი 3 მილიარდამდე, ხოლო 4 წელიწადში 5 მილიარდამდე გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ სარფის საბაჟო პუნქტი ერთობლივ საბაჟო-გამშვებ პუნქტად ვაქციოთ და ერთი სარკმლის პრინციპით ვიმოქმედოთ. ჩვენ მსოფლიო ვაჭრობაში უმნიშვნელოვანეს სავაჭრო რუკას შევქმნით. ამ პროექტის განხორციელებით აზიის ტვირთები საქართველო-თურქეთის გავლით ევროპაში მოხვდება. საქართველო და თურქეთის ეკონომიკა ერთმანეთს ავსებს”…
“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო” – სხვანაირად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ამას ამბობს იმ ქვეყნის სახელმწიფო მინისტრი, რომელმაც უარი განაცხადა საქართველოსათვის (და არა მარტო მისთვის) უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული “ნაბუკოს” პროექტის უპირობო განხორციელებაზე (იხ. “საქართველოს ეკონომიკა” #1, 2009; “ევროპის მწარე მოსავალი, ნაბუკო – მითი თუ რეალობა”), მაშინ როცა “ნაბუკო” ითვლება ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთ ქვაკუთხედად, როგორც საქართველოსა და თურქეთისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.
შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი მიმართულებაც გამოიკვეთა, რომელიც თურქეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. დაიგეგმა კონკრეტული პროექტიც – სარფის საბაჟოს მოდერნიზაციისა და გამტარიანობის გაზრდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს. სარფის გამშვები პუნქტი ახალი დასავლური სტანდარტებისა იქნება და ხელს შეუწყობს ინფორმაციების ოპერატიულ გაცვლას, ბიუროკრატიული აპარატის მოხსნას, იმუშავებს ერთი სარკმლის პრინციპით, რაც 60-70%-ით დააჩქარებს მომსახურებას და 2,5-ჯერ გაზრდის ტვირთბრუნვასა და მგზავრთა მიმოსვლას. მსგავსი საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს თურქეთს, სირიას, შვეიცარიასა და საფრანგეთს შორის. გარდა ამისა, 1 მარტიდან თურქული მხარე აპირებდა ფეხით მოსიარულეთა მიმოსვლის აკრძალვას. მაგრამ, ქართული მხარის თხოვნით, გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურის აშენებამდე გადადო.
ენერგეტიკა საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო ხდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჰიდროენერგეტიკა საქართველოში, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა. საქართველოს არ გააჩნია გაზი, ნავთობი, მაგრამ აქვს ძალიან დიდი და კარგი ჰიდრორესურსი, რომლის მხოლოდ 12%-19%-ია ათვისებული. რეალური გახდა საქართველო-თურქეთს შორის 500-კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობაც. ხელი უკვე მოწერილია ყველა აუცილებელ დოკუმენტზე (ეს კიდევ ერთი გაჭიანურებული დავის თემაა საქრთველოში).
როგორც ფორუმზე გახდა ცნობილი, საერთაშორისო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ამ პროექტის დაფინანსებას 4,5-მილიარდდოლარიანი პაკეტის ნაწილით, რომელიც დონორებმა საქართველოს ბრიუსელის კონფერენციაზე გამოუყვეს. სტრატეგიული მშენებლობის ეს პროექტი წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. საქართველოს მხარის მშენებლობას დააფინანსებენ EBRD, KFW და EIB, თურქეთს კი თავისი დაფინანსების წყარო ეყოლება. აღნიშნული ხაზის მეშვეობით შესაძლებელი გახდება საქართველოდან თურქეთში დამატებით 1000 მეგავატამდე ელექტროენერგიის ექსპორტი.
უნდა ითქვას, რომ უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნის მიერ საქართველოში განხორციელებული ეს აქტივობები ზღვაში წვეთია. კვლავ ღიად რჩება კითხვა – რამდენად რეალური პარტნიორია თურქეთი და რამდენად დაეხმარება მასთან ურთიერთობა ქართული ეკონომიკის განვითარებას? იქნებ ამ ბიზნესფორუმის მასშტაბები და მასზე ქართველ სახელმწიფო მეთაურთა ხატოვანი გამოსვლები მხოლოდ თურქეთთან ურთიერთობით თრობაა? რა იცვლება ერთი ეკონომიკური პარტნიორის მეორეთი შეცვლით? ინვესტიციებით არც წინანდელი და არც ამჟამინდელი ნომერ პირველი ეკონომიკური პარტნიორი გვანებივრებს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი კი, პირველ რიგში, სწორედ რომ ინვესტიციებია.