ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დაბეგვრა

ლალი ჩაგელიშვილი

2005 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომელიც 42 თავისაგან შედგება. მისი ცალკეული ნაწილების განხილვა ჩვენი ჟურნალის სხვადასხვა ნომრებში შემოგთავაზეთ, ამჟამად კი საზოგადოებას წარვუდგენთ 275-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის წევრთა საერთო შემოსავალმა 2004 წელს გადააჭარბა 40000 ლარს გადააჭარბა, ვალდებულნი არიან, 2005 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო აღრიცხვის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოებში წარადგინონ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა და მიწისა) ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები.
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონებაზე გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური საერთო შემოსავალი აჭარბებს 40000 ლარს.
ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე, გარდა ეკონომიკურ, საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა, გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) კალენდარული წლის განმავლობაში 40000 ლარიდან 60000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არაუმეტეს 0,2 პროცენტისა;
ე.ი. თუ ოჯახის შემოსავალი 50000 ლარია, მისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება კი შეადგენს 30000 ლარს, მაშინ მან უნდა გადაიხადოს ქონების გადასახადი არაუმცირეს 15 ლარისა (30.0 X0,05:100) და არაუმეტეს 60 ლარი (30.0 X0.2:100)
ბ) კალენდარული წლის განმავლობაში 60000 ლარიდან 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,2 პროცენტისა და არაუმეტეს 0,4 პროცენტისა;
ამ შემთხვევაში 60 ათ. ლარის შემოსავლის მქონე ოჯახმა, თუ მისი უძრავი ქონება შეადგენს 80 ათ ლარს, მაშინ მან უნდა გადაიხადოს არანაკლებ 160 ლარი (80.0 X 0.2:100) და არა უმეტეს 320 (80.0 X0.4:100) ლარისა; ხოლო, თუ ოჯახის შემოსავალი 100 ათ. ლარია, 120 ათ. ლარის საბაზრო ღირებულების უძრავი ქონების შემთხვევაში მან უნდა გადაიხადოს არანაკლებ 240 ლარისა (120 X0.2:100) და არაუმეტეს 480 ლარი (120 X0.4:100);
გ) კალენდარული წლის განმავლობაში 100000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,4 პროცენტისა და არა უმეტეს 0,8 პროცენტისა.
აღნიშნულ შემთხვევაში 100000 ლარის შემოსავალზე თუ ოჯახის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას პირობითად იგივეს დავტოვებთ, რაც წინა შემთხვევაში იყო, მაშინ ამ ოჯახმა ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოს არანაკლებ 480 ლარისა (120 X0.4:100);
და არაუმეტეს 960 ლარი (120 X0.8:100);
სიცხადისათვის განვმარტავთ, რომ კალენდარული წელი დროის მონაკვეთია ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახალრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისათვის – პირველ წელს რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ოჯახი – ერთად მცხოვრები მეუღლეები, მშობლები, შვილები, (გერები), და-ძმა, ბებია და ბაბუა, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა ის შემოსავალი (სარგებელი), რომელიც მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით განიხილება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად, მათ შორის:
ა. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ. ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავლები (საგადასახადო შეღავათების გათვალისწინების გარეშე), რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან;
გ. ნებისმიერი შემოსავლები (სარგებელი), რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
მაგალითად: ოჯახი შედგება 5 წევრისაგან: პენსიონერი დედა, მეუღლე და 2 შვილი. 2005 წლის განმავლობაში მეუღლეს, რომელიც პედაგოგია, ხელფასის სახით დაერიცხა და მიიღო 1500 ლარი; დედამ პენსიის სახით მიიღო 280 ლარი; თავად ოჯახის უფროსმა მისი საქმიანობიდან მიიღო დასაბეგრი შემოსავალი (ერთობლივი შემოსავალი შემცირებული საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვებით შეღავათების გარეშე) 31000 ლარი; ამავე წელს მან 30000 ლარად გაყიდა აგარაკი, რომელიც 2001 წელს ნაყიდი ჰქონდა 20000 ლარად, მაშინ მოცემულ შემტხვევაში ოჯახის შემოსავალი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის 2005 წლისათვის, იქნება 42780 ლარი (1500+280+31000+ 10000).
2. ფიზიკურ პირს, რომელსაც საკუთრებაში ერიცხება უძრავი ქონება, საგადასახადო ორგანო საანგარიშო წლის 1 მაისამდე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უგზავნის ქონების გადასახადის დეკლარაციის ფორმას.
ამ მუხლით გათვალისწინებულ დეკლარაციას ფიზიკური პირი ავსებს და საგადასახადო ორგანოში წარადგენს საანგარიშო წლის 1 ივნისამდე.
ფიზიკური პირი ვალდებულია, დეკლარაციაში სრულად ასახოს საქართველოში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა და მიწისა.
თუ ფიზიკური პირის ოჯახის სხვა წევრებსაც საკუთრებაში აქვთ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს ცალ-ცალკე თითოეული გადამხდელის მიხედვით.
თუ პირს შესავსები დეკლარაციის ფორმა წარედგინა ერთზე მეტი საგადასახადო ინსპექციის მიერ (პირი ფლობს ქონებას, რომელიც განთავსებულია ადგილობრივი თვითმართველობის რამდენიმე სუბიექტის ტერიტორიაზე), მაშინ ის შევსებულ დეკლარაციას საგადასახადო ინსპექციაში წარადგენს საგადასახადო აღრიცხვის ან საცხოვრებელი ადგილის (საცხოვრებელი ადგილი – საგადასახადო კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად) მიხედვით. ამავე საგადასახადო ინსპექციას წარედგინება სხვა საგადასახადო ინსპექციების მიერ შევსებული დეკლარაციის ფორმები.
საგადასახადო ინსპექცია, რომელსაც წარედგინა შეუვსებელი დეკლარაციის ფორმები, ვალდებულია, დაარეგისტრიროს ისინი და შეტყობინება გაუგზავნოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციებს.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის რამდენიმე სუბიექტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებაზე შესაბამის ადგოლობრივ ბიუჯეტებში ქონების გადასახადის გადახდევინება ხორციელდება გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით.
მაგალითად, თუ ფიზიკურ პირს, რომლის საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, უძრავი ქონება გააჩნია როგორც ქ. თბილისში, ასევე ქ. ქუთაისში, მაშინ ის მოცემულ შემთხვევაში დეკლარაციას ქონების გადასახადის შესახებ წარადგენს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში, რომელშიც აისახება აგრეთვე ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ქონება და ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი თანხა.
ორივე ბიუჯეტის სასარგებლოდ (იგულისხმება ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტები) ქონების გადასახადის გადახდევინება განხორციელდება ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით.
საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია, მიაწოდოს გადამხდელს ინფორმაცია შესაბამისი სუბიექტების ტერიტორიებზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მათი განაკვეთების შესახებ.
თუ გადასახადით დასაბეგრი ქონება შეძენილი, რეალიზებული (გასხვისებული ან განადგურებული) ან შეძენილი და რეალიზებული (გასხვისებული ან განადგურებული) იქნა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, გადამხდელი გადასახადს ამ ქონებაზე იხდის მის საკუთრებაში ქონების ფაქტობრივად არსებობის დროის მიხედვით. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ ქონება შეძენილია თვის პირველ ნახევარში ან რეალიზებულია თვის მეორე ნახევარში, მაშინ გადასახადის გაანგარიშებისას შეძენის და რეალიზების თვე ჩაითვლება სრულ თვედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული თვე მხედველობაში არ მიიღება.
მაგალითად, თუ ფიზიკურმა პირმა უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი) გაასხვისა 2005 წლის 12 თებერვალს და ამავე წლის 18 სექტემბერს შეიძინა სხვა ბინა, მაშინ მოცემულ შემთხვევაში პირს, 2006 წლის 1 ივნისამდე წარმოსადგენი დეკლარაციის მიხედვით, ქონების გადასახადი გასხვისებულ საცხოვრებელ სახლზე გადაიხდევინება ერთ თვეზე (იანვარი), ხოლო შეძენილ ქონებაზე – 3 თვეზე (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) გაანგარიშებით.
ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში გადამხდელი ფიზიკური პირი გადასახადს იხდის ორ თანაბარ ნაწილად, არაუგვიანეს საანგარიშო წლის 15 ივლისისა და 15 ნოემბრისა.
4. 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე (საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილები საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა 8703 კოდით გათვალისწონებული საქონელი) გამოანგარიშებული გადასახადის თანხის შესახებ საგადასახადო ორგანოები გადასახადის გადამხდელებს წარუდგენენ საგადასახადო შეტყობინებას არაუგვიანეს საანგარიშო წლის 1 აგვისტოსი, ხოლო გადასახადის გადახდა ხდება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია მსუბუქი ავტომობილის სახეობების, ძრავის მოცულობის და ხნოვანების მიხედვით (იხ. ცხრილი).
საქართველოში დადგენილი წესით, რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობოლებზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება საგადასახადო ორგანოების მიერ. ამასთან, გადასახადის გადახდევინება ხორციელდება გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება, ყოველი საანგარიშო წლის 1 აპრილამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს წარუდგინოს მონაცემები დაბეგვრის ობიექტისა და მათი მესაკუთრეების შესახებ (დანართი 5).
6. 2007 წლის 1 იანვრიდან მსუბუქ ავტომობილებზე ქონების გადასახადი გადაიხდევინება ყოველწლიურად სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის (თუ სატრანსპორტო საშუალების წინა მესაკუთრეს მოცემული წლის გადასახადი არა აქვს გადახდილი) ან ყოველწლიურად ტექნიკური დათვალიერების დროს. რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ტექნიკური დათვალიერება არ უნდა განხორციელდეს გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.
7. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის “დ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე (ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იახტებზე (კატარღებზე), თვითმფრინავებზე, შვეულმფრენებზე) გამოანგარიშებული გადასახადის თანხის შესახებ საგადასახადო ორგანოები გადასახადის გადამხდელებს წარუდგენენ “საგადასახადო მოთხოვნას არა უგვიანეს საანგარიშო წლის 1 აგვისტოსი, ხოლო გადასახადის გადახდა ხდება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებულ იახტებზე (კატარღებზე), თვითმფრინავებზე და შვეულმფრენებზე გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია სატრანსპორტო საშუალების სახეობებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით (იხ. ცხრილი).
საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებულ იახტებზე, (კატარღებზე), თვითმფრინავებზე და შვეულმფრენებზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება საგადასახადო ორგანოების მიერ. ამასთან, გადასახადის გადახდევინება ხორციელდება გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით.
საჰაერო ან და საზღვაო ადმინისტრაციებს ევალებათ, ყოველი საანგარიშო წლის 1 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს წარუდგინონ მონაცემები დაბეგვრის ობიექტისა და მათი მესაკუთრეების შესახებ.
8. ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილების და მე-4 ნაწილის “ბ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადი გადაიხდევინება დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით მიმდინარე გადასახდელების სახით და ბიუჯეტში ჩაირიცხება თანაბარ ნაწილებად ყოველკვარტალურად, არაუგვიანეს კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. მიმდინარე გადასახდელების სახით ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები ჩაითვლება საანგარიშო წლის მიხედვით გამოანგარიშებული გადასახადის თანხად. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი არსებობს მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, იგი გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.
მაგალითად: საწარმომ რეგისტრაცია გაიარა საანგარიშო წლის 12 თებერვალს და აღნიშნული პერიოდისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენდა 50.0 ათ. ლარს, ხოლო საანგარიშო წლის ბოლოსათვის – 55 ათ. ლარს, მოცემულ შემთხვევაში საანგარიშო წლის ქონების საშუალო წლიური ღირებულება შეადგენს 52.5 ათ. ლარს, ხოლო გადასახადის თანხა – 0.48 ათ. ლარს (52.5 X1 X11) : (100 X12); სადაც 11 არის საწარმოს არსებობის პერიოდი, ხოლო 12 კალენდარული წლის თვეების რაოდენობა.
9. ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილების და მე-4 ნაწილის “ბ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადის გადამხდელი გაანგარიშებას ქონების გადასახადის შესახებ გასული წლის მიხედვით საგადასახადო ორგანოებს წარუდგენს საანგარიშო წლის 1 აპრილამდე.
10. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელების აღრიცხვა და გადასახადის დარიცხვა წარმოებს ყოველწლიურად 1-ლი მარტის მდგომარეობით.
11. 1-ლი მარტის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული მიწების შესყიდვის ან იჯარით აღების შემთხვევაში პირს საგადასახადო ვალდებულება დაეკისრება წლის ბოლომდე დარჩენილი დროის პროპორციულად.
12. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციისა და გადასახადის თანხის განსაზღვრის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საგადასახადო ორგანოებს საანგარიშო წლის 1-ლ აპრილამდე წარუდგენენ გადამხდელთა სიებს მიწის ფართობის, შესაბამისი კატეგორიის ან ზონის და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით (დანართი 8).
13. ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობების სანიტარულ-ტექნიკურ ზონას.
14. საგადასახადო ორგანოები მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადის შესახებ “საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელებს გადასახადის გამოანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის ჩვენებით აბარებენ საანგარიშო წლის 1 ივნისამდე.
15. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველია მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწაზე სარგებლობის უფლებას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივი მფლობელობა.
16. მიწაზე ქონების გადასახადი პირს დაერიცხება მიწის საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივი მფლობელობის შემთხვევაში – ფაქტობრივ მფლობელად გახდომის თვის მომდევნო თვიდან.
17. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი გადაიხდება საანგარიშო წლის 15 ნოემბრამდე.
18. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახდი გადაიხდება ორ თანაბარ ნაწილად, 15 აგვისტომდე და 15 ნოემბრამდე.
19. შენობა-ნაგებობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე პირის საკუთრებაშია, გადასახდი გადაიხდება ცალ-ცალკე ნაგებობისათვის, თითოეული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად.
მაგალითად: თუ მიწის ნაკვეთზე დგას სამი ფიზიკური პირის მფლობელობაში მყოფი 150მ2 ფართობის შენობა-ნაგებობა, რომლიდანაც ერთ ფიზიკურ პირს დაკავებული აქვს 70მ2, მეორეს 45მ2. ხოლო მესამეს 35მ2-ის ფართობი, მაშინ პირველი პირი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი გადასახადის 46,7 პროცენტი (70:150 X100), მეორემ – 30 პროცენტი (45:150 X100), ხოლო მესამემ – 23,3 პროცენტი (35:150 X100)
20. ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ქონების გადასახადის გადახდის ან საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტი.