საინვესტიციო საქმიანობის ინდიკატური რეგულირებისთვის

ლამარა ქოქიაური ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა შონია აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში დიდია საინვესტიციო პოლიტიკის როლი. მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეროვნულ ეკონომიკაში არსებული საინვესტიციო პოტენციალისა და მისი შესაბამისი რესურსების ეფექტიანი გამოყენება, რომელიც საბოლოოდ მყარი ეკონომიკური ზრდის მიღწევას, საინვესტიციო პოტენციალის აღდგენას და საწარმოო ძირითადი ფონდების გაფართოებულ კვლავწარმოებას განაპირობებს.

საინვესტიციო პროცესების სახელმწიფო რეგულირება არის იმ ფორმებისა და მეთოდების ერთიანობა, რომელიც უზრუნველყოფს: კერძო და სახელმწიფო ინტერესების გაერთიანებას; მოხმარებას, დაგროვებასა და ინვესტირებას შორის რაციონალური პროპორციების ჩამოყალიბებას; საინვესტიციო ბაზარზე პროგნოზირების, ინდიკატური რეგულირებისა და სახელმწიფო ზემოქმედების ღონისძიებათა თანწყობას.
ეკონომიკურ ფუნქციებს სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისა და გამოყენების გზით ასრულებს, რომელიც ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მძლავრ ბერკეტსა და საინვესტიციო პოლიტიკის გამოვლინებას წარმოადგენს.
ანალიზს მოითხოვს ურთიერთკავშირი ისეთ ორ ეკონომიკურ კატეგორიას შორის, როგორებიცაა ეკონომიკის ინვესტიციური Mმდგენელი ელემენტი და საინვესტიციო პოლიტიკა.
ეკონომიკის ინვესტიციური მდგენელი საინვესტიციო პოლიტიკის ზემოქმედების ობიექტია. ცნობილია, რომ საინვესტიციო პოლიტიკა არის სახელმწიფო მართვის ორგანოების ორგანიზაციული და ეკონომიკური ზემოქმედების ღონისძიებათა ერთობლიობა ყველა დონეზე, რომელიც ხელსაყრელი პირობების შექმნისაკენ ინვესტიციების მოსაზიდად და მათი ეფექტიანობის ასამაღლებლად არის მიმართული. ამგვარად, ეკონომიკის ინვესტიციური მდგენელი, ერთი მხრივ, განსაზღვრავს სასტარტო პირობებს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებისათვის და, მეორე მხრივ, მისი შედეგიც არის (ნახ. 1).

ეკონომიკის საინვესტიციო მდგენელი ინვესტიციური პოლიტიკის ზემოქმედების შედეგად, კაპიტალდაბანდებისათვის უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეკონომიკის ინვესტიციური მდგენელის გაუმჯობესება, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს ინვესტიციური პოლიტიკის შემდგომ სრულყოფაზე და, პირიქით.
ინვესტიციური მდგენელი და საინვესტიციო პოლიტიკა შეიძლება განხილული იქნას მართვის სხვადასხვა დონეზე – სახელმწიფო, რეგიონულ და საწარმოს დონეზე. საინვესტიციო პოლიტიკის ძირითადი მიზანი არის ოპტიმალური პირობების შექმნა საინვესტიციო პოტენციალის აქტივიზაციისათვის. საინვესტიციო პოლიტიკის მიზნებია:
ინვესტიციისთვის მიმზიდველი ობიექტის (ქვეყანა, რეგიონი, საწარმო) იმიჯის შექმნა. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ იმიჯის შექმნაზე გავლენას ახდენენ ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა საერთაშორისო კავშირების განვითარება, სამრეწველო-სავაჭრო პალატის საქმიანობა, სხვადასხვა სახის ბაზრობის მოწყობა და ა.შ. საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია შეღავათების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენი აზრით, შეღავათები ოთხი მიმართულებით უნდა განხორციელდეს:
გადასახადი მოგებაზე. შეღავათები გადაირიცხება ეკონომიკური სუბიექტების ბიუჯეტებში. მისი სიდიდე იცვლება ახლად შექმნილი საწარმოებისათვის. შეღავათები გაიცემა უცხოური ინვესტიციების სავალდებულო სიდიდისათვის. ამ შეღავათების გაცემის პერიოდია 1-დან 3 წლამდე, შეიძლება გაგრძელდეს 10 წლამდე;
გადასახადი ქონებაზე. შეღავათი სხვადასხვაა და იგი შეიძლება განსხვავებული იყოს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მიხედვით;
გადასახადები საავტომობილო გზების მოსარგებლეთათვის. შეღავათები აქაც იცვლება როგორც საპროცენტო განაკვეთის დონის, ასევე შეღავათის გაწევის ვადის მიხედვით;
ადგილობრივი გადასახადებისაგან განთავისუფლება.
საინვესტიციო პოლიტიკის რეალიზაცია უნდა მოხდეს შემდეგი მიმართულებით (ნახ.2.)
საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ბერკეტის როლში შეიძლება გამოვიდეს სახელმწიფო შეკვეთა. მისი როლი საბაზრო ეკონომიკის რეგულირებაში განისაზღვრება საერთო ეკონომიკური და საინვესტიციო ციკლების ურთიერთდამოკიდებულებით. თუ ვადებითა და ხანგრძლივობით საერთო სამეურნეო ციკლი ემთხვევა საინვესტიციო ციკლს, ეს უკანასკნელი წინ უსწრებს ცალკეული ფაზებისა და ხანგრძლივობის მიხედვით და აჭარბებს სიღრმის მიხედვით. ეკონომიკური აღმავლობის სტადიას წინ უსწრებს საინვესტიციო ბუმი, ხოლო დაცემის სტადიას – ინვესტიციებისა და საინვესტიციო აქტივობის მკვეთრი შემცირება. სახელმწიფო შეკვეთა შესაძლებელს ხდის დააჩქაროს საერთო სამეურნეო კონიუნქტურის მოწესრიგება, დაამუხრუჭოს ინვესტიციების შემცირება დაცემის სტადიაზე და დააჩქაროს მათი გაფართოვება აღმავლობის პერიოდში.

დასავლეთის საკრედიტო ხაზების, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახსრების ცენტრალიზებულად მოზიდვა და განაწილება არ წარმოადგენს ქვეყნის ფინანსური დახმარების იდეალურ მექანიზმს, ვინაიდან, ე.წ. ფინანსური მხარდაჭერა, პირველ რიგში, არის უცხოელი საქონელმწარმოებლების მხარდაჭერა. სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოს ქვეყნის შიგნით საინვესტიციო რესურსების ფორმირებისათვის კომერციული ბანკების საქმიანობის გააქტიურების, საგადასახადო კანონებისა და ბიზნესის პრაქტიკის კარდინალური ცვლილების, საინვესტიციო კრედიტებზე სახელმწიფო საგარანტიო სისტემის დაწესებისა, მოსახლეობის დანაზოგების მობილიზაციის გზით. თანამედროვე პირობებში მოსახლეობის დანაზოგების წილი ინვესტიციების სფეროს ფორმირებაში ძალზე უმნიშვნელოა, რაც გამოწვეულია რიგი მიზეზებით: სახსრების მოზიდვის შესაძლებლობების შეზღუდულობა გრძელვადიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინისა და ეკონომიკური არასტაბილურობის გამო მოსახლეობის ნდობის დაკარგვა სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურებისადმი. ქვეყანაში საბანკო სექტორის განვითარების დონე ასახავს ეკონომიკის, ფინანსური ბაზრის განვითარების დონეს, ეკონომიკის მონეტარიზაციის, ფინანსური სფეროს, საგადასახადო სისტემისა და სამართლებრივი რეგულირების მდგომარეობას.
ეკონომიკური სტრუქტურების შექმნა საწარმოთა შიდა საინვესტიციო რესურსების მობილიზაციისათვის. ბოლო პერიოდში გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საამორტიზაციო ანარიცხების ხარჯზე ფინანსდება ინვესტიციების 23% ძირითად კაპიტალში. ეს იმით აიხსნება, რომ დღეისათვის არ არსებობს სახელმწიფო კონტროლის მოქმედი სისტემა საამორტიზაციო სახსრების მიზნობრივი გამოყენების კუთხით, რის შედეგადაც ამ სახსრების მნიშვნელოვან ნაწილს ფინანსური სიძნელეების მქონე საწარმოები მიმდინარე ხარჯების დასაფარავად იყენებენ.
საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი კარდინალურად იცვლება ბაზრის ფუნქციონირებაში უმნიშვნელო ჩარევიდან ყოვლისმომცველ მართვასა და კოორდინაციამდე, რაც შესაძლებელია, სახალხო მეურნეობის კონკრეტული დარგის პირობებში, მისი სპეციფიკის გათვალსიწინებით.
თანამედროვე პირობებში საქართველოში აუცილებელია რეალურ სექტორში ინვესტირების კარგად გააზრებული, საერთო სისტემური და, ამავდროულად, სელექციური პოლიტიკის გატარება. სახელმწიფოს მხრიდან საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის გარეშე შეუძლებელია ინვესტიციური ბაზრის სუბიექტების აქტივიზაცია და, შესაბამისად, რეალურ სექტორში კაპიტალის მოდინება, რომელიც ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციას განაპირობებს.
საინვესტიციო სისტემის სახელმწიფო რეგულირება გულისხმობს ეროვნულ ეკონომიკაში რაციონალური პროპორციების ფორმირების წესის მოხმარებას, დაგროვებასა და ინვესტირებას შორის, ასევე პროგნოზირების და სტრატეგიული ინდიკატური დაგეგმვის ფორმების შესაბამისობა საინვესტიციო ბაზრებზე. ეკონომიკის ინვესტიციური სფეროს სახელმწიფო რეგულირებამ უნდა უზრუნველყოს ინვესტიციური სფეროს მოწესრიგება, შემადგენელი ელემენტების შესაბამისობა, ოპტიმიზაციის მიღწევა სახალხო მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარებასა და ეკონომიკური სუბიექტების ურთიერთობების საქმიანობაში. ამ ამოცანების გადაჭრა შესაძლებელია საინვესტიციო საქმიანობის ინდიკატური რეგულირებით.
ინდიკატური რეგულირების პრინციპების არსი მდგომარეობს კერძო კაპიტალისა და სახელმწიფოს ინტერესების ჰარმონიზაციაში განვითარების შეთანხმებული ორიენტირებისა და ამოცანების შემუშავების გზით, ასევე მათი მიღწევის მექანიზმებში.
ინვესტიციების ინდიკატური რეგულირების პრინციპების განხორციელებისათვის დღეისათვის შემდეგი რეალური წინაპირობები ჩამოყალიბდა:
ჯერ ერთი, მსხვილი სააქციო საზოგადოებების, საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებისა და სხვა სტრუქტურების სახით საჭიროა შედგეს ეროვნული კორპორაციული კაპიტალი.
მეორე, მსხვილი კაპიტალი დღეისათვის თავადაა დაინტერესებული სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობით. სამამულო კაპიტალს მოეთხოვება სახელმწიფოს პირდაპირი ზემოქმედებით განახორციელოს თავისი პროდუქცია, წინ წასწიოს მსოფლიო ბაზარზე, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები და შექმნას ხელსაყრელი პირობები მრეწველობის რეკონსტრუქციის მსხვილი პროექტების რეალიზაციისათვის.
მესამე, მოსახლეობის დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების მოზიდვა და გამოყენება არის ინვესტირების ერთ-ერთი პოტენციური წყარო.
მეოთხე, საინვესტიციო კრიზისიდან გამოსვლის რეალური ალტერნატივები არ არის ორიენტირებული დანაზოგების რესურსებზე, რომლებსაც ბაზრის სუბიექტები ახორციელებენ.
აღნიშნული ამოცანების გადაჭრისა და გრძელვადიანი სტრუქტურული პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტი საინვესტიციო საქმიანობის ინდიკატური რეგულირებაა, რომელიც მიმართულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტების შეთანხმებაზე მსხვილი ეროვნული კაპიტალის განვითარების პროგრამებთან, მრეწველობის გადაიარაღების მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასა და მსოფლიო ბაზარზე გასვლაზე. ინვესტიციების ინდიკატური რეგულირების ძირითადი პრინციპების რეალიზაცია ემყარება შემდეგ ინსტრუმენტებს:
1) წარმმართველი როლი ეკისრება ინვესტიციური ხელშეკრულებების დადებას, რომლებიც ითვალისწინებს ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფო-სა და წამყვან ინვესტორებს შორის. ხელშეკრულებები ეხება ეკონომიკის სტრუქტურულ-ტექნოლოგიური გარდაქმნების ამოცანებისა და მსხვილი პროექტების განხორციელებას. სახელმწიფოს ვალდებულებებში შედის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ხელსაყრელი საბაჟო, საგადასახადო, საამორტიზაციო რეჟიმების შექმნისაკენ. არ გამოირიცხება ასევე პირდაპირი (წილობრივ საფუძველზე) სახელმწიფო ინვესტირება.
2) ინვესტიციების ბაზარზე ფასისმიერი პოლიტიკა შეთანხმებულია მეწარმეების მხრიდან. ეს არის საგეგმო პერიოდში გამოშვებულ პროდუქციაზე ფასების ცვლილების მკაცრად შეთანხმებული საზღვრები, მომხმარებლის მხრიდან – ანალოგიური შეთანხმება (ვალდებულება) ინვესტიციური დანიშნუ-ლების პროდუქციის შესყიდვასა და დროულ გადახდაზე. ფასისმიერი შეთანხმების პოლიტიკა კაპიტალური დაბანდებების ბაზარზე რეალიზდება სხვადასხვა დონეზე:
ა) ეკონომიკური სამინისტროებისა და უწყებების ეგიდით სახელმწიფო საინვესტიციო შეკვეთის შესრულებისათვის;
ბ) კონკრეტული რეგიონების დონეზე – ადმინისტრაციული ტერიტორიის დამკვეთ-შემსრულებლის ერთიანი სამსახურის ეგიდით, რომლებიც ახორციე-ლებენ საბიუჯეტო და სხვა კონსოლიდირებული საინვესტიციო რესურსების მართვას მშენებარე ობიექტების დაფინანსებისათვის;
გ) საინვესტიციო პროცესების უშუალო მონაწილეთა დონეზე, რომლებიც თავიანთ ძალისხმევას აერთიანებენ ასოცირებული სტრუქტურების ან საწარმოო კორპორაციების ჩარჩოებში.
მეხუთე, მხარეთა ურთიერთდაინტერესების პირობების რეალიზაცია ინვესტიციური განვითარების სტრატეგიის შესრულებაში და ინვესტორებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამისათვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს:
იმ ინვესტორების საქმიანობაზე საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, რომლებიც აფინანსებენ ეფექტიან პროექტებს და მათთვის საამორტიზაციო ჩამოწერისა და კაპიტალის გადაფასების ხელსაყრელი რეჟიმის შექმნა;
ინვესტიციების სახელმწიფო გარანტიებისა და დაზღვევის პრაქტიკის გაფართოება;
ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ეკონომიკის დეპრესიული დარგების რესტრუქტურიზაციისათვის;
სახელმწიფო-კომერციული დაფინანსების წილობრივი პრაქტიკის გაფართოება.
ინდიკატურ დაგეგმვაზე დამყარებული საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთიან სისტემად, რომელიც მოიცავს მიზანდასახულობას, პროგნოზირებას და ინდიკატურ დაგეგმვას. მიზანდასახულობა – ამოსავალი სისტემა – შემქმნელი ფაქტორია ობიექტურ პროცესებზე დამოკიდებულებით, ცვლის სახელმწიფოს საინვესტიციო სფეროზე სახელმწიფო ზემოქმედების ღონისძიებებსა და ხასიათს. პროგნოზირება – შესაძლებელს ხდის შემუშავდეს საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრული პოლიტიკა სახელმწიფო დონეზე. ინდიკატური დაგეგმვა – განსაზღვრავს კონკრეტულ პერიოდებს, პრიორიტეტებს, რესურსებს, მათი გამოყენების ეფექტიანობას და ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეგულატორების ზემოქმედების შესაძლებლობას ინვესტიციურ სფეროში, ქვეყნის ეკონომიკასა და მის დარგებში ეფექტიანი შედეგების მიღწევას.
გამოყოფენ სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის ორ ტიპს:
– საერთო სისტემური ინვესტიციური პოლიტიკა;
– სელექციური ეკონომიკური პოლიტიკა ცალკეული სუბიექტისა და საინვესტიციო პროგრამების მიხედვით.
პირველი მიმართულია ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნაზე და მოქმედებს ჰორიზონტალურად, ანუ თანაბარზომიერად ზემოქმედებს ინვესტიციური საქმიანობის ყველა სუბიექტზე, ქმნის რა მათი აქტივობის ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ გარემოს. იგი, უპირატესად, მაკროეკონომიკური ტიპის საინვესტიციო პოლიტიკაა.
მეორე გამოდის როგორც მიზანმიმართული გავლენა ინვესტიციური ბაზრის (რეგიონის, დარგის, საწარმოს) განსაზღვრულ სუბიექტებზე. მისი მოქმედება ატარებს, ე.წ. ვერტიკალურ, მიკროეკონომიკურ ხასიათს. მასში უფრო ნათლად ვლინდება სახელმწიფოს მარეგულირებელი და მმართველობითი საქმიანობა, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ რეგიონის, დარგის, საწარმოს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, რეალური სექტორის მსხვილ აგენტებს.
საინვესტიციო პროცესი არის არა მარტო ეკონომიკური განვითარების, არამედ საზოგადოების სოციალური სტაბილურობის საფუძველი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მოწოდებულია შექმნას პირობები, რათა ინვესტორებისათვის უზრუნველყოფილ იქნას დაბანდებული კაპიტალის მომგებიანობა და საიმედობა ეკონომიკაში, მრეწველობაში, ახალ ტექნოლოგიებში, წარმოებაში.
ინვესტიციების საბიუჯეტო დაფინანსების პრობლემები. საინვესტიციო საქმიანობის საბიუჯეტო დაფინანსებას ჯერ კიდევ იმ მიდგომების საფუძველზე ახდენენ, რომლებიც არსებითად ზღუდავენ სახელმწიფოს გავლენას საბაზრო გარდაქმნათა მიმდინარეობასა და ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებზე. თანაც, ეს ნაკლოვანებები იმდენად საბიუჯეტო სისტემის შეზღუდული შესაძლებლობებით არაა განპირობებული, რამდენადაც ცენტრალიზებული ინვესტიციების განაწილების გაურკვეველი თუ მცდარი სტრატეგიით და მათი გამოყენების ქმედითი კონტროლის უქონლობით.
ამ პრობლემის გადაჭრას ისიც ხდის აუცილებელს, რომ სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკაში მომხდარი ჩავარდნები კერძო ინვესტორებისთვის ორიენტირების უქონლობის ან მათი დამახინჯების მიზეზი ხდება. ანალიზი ადასტურებს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებსა და კერძო ინვესტორების საინვესტიციო მოტივაციებს შორის გარკვეული დამოკიდებულების არსებობას, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საინვესტიციო პოლიტიკის პერსპექტიულ მიმართულებათა შემუშავების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოვახერხებთ სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის გატარებისა და სხვადასხვა დონის ინვესტორთა ინტერესების შეთანხმებისთვის საფუძვლის მომზადებას, მიღებულ ზომებს კი კვლავინდებურად უფრო მეტად პასიური ხასიათი ექნება და ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილ შედეგებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცალკეული მწარმოებლების ან რეგიონების არასაკმარისად ან უსისტემოდ მხარდაჭერა აქვეითებს დაგროვებისა და შემდეგ თვითდაფინანსების სტიმულებს და ხელს არ უწყობს მეურნე სუბიექტების საბაზრო ქცევის ჩამოყალიბებას.
სახელმწიფოს მიერ მწარმოებელთა საინვესტიციო მხარდაჭერის შესაძლებლობათა შესახებ საკითხის ანალიზის დროს შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ ბიუჯეტის სახსრების უკიდურესი შეზღუდულობა. ამასთანავე, თანამედროვე პირობებში არანაკლებ მნიშვნელობას იძენს საინვესტიციო პოლიტიკის დასაბუთების ხასიათისა და რეალიზაციის გარკვეულობის დონის ამაღლება, საბიუჯეტო დაგეგმვის რეალობის გათვალისწინება.
საქართველოს ეკონომიკაში, სადაც ანგარიშსწორების არასაიმედო ფორმები დომინირებს, ფულის მასის მოცულობის რეალური პროგნოზების შედგენა ერთობ გაძნელებულია. საბიუჯეტო პოლიტიკას ამუშავებენ გაურკვევლობის ფაქტორის პირობებში, რაც ამძაფრებს რეალური ბიუჯეტის შედგენისა და მიღებული ბიუჯეტის შესრულების სირთულეს.
სახელმწიფო ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტული ფაქტორის, რეალიზებაში საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება წარმატებული ვერ იქნება საქართველოს სახელმწიფო ფინანსების თანამედროვე მდგომარეობისა და საბიუჯეტო სისტემის გარდაქმნის აუცილებლობის გაუთვალისწინებლად. საქართველოს ეკონომიკაში, როგორც რეფორმის შედეგები გვიჩვენებს, სახელმწიფოს არამწარმოებლური ხასიათის ხარჯების ზრდის კომპენსირება არ ხდებოდა ბიუჯეტის საინვესტიციო ხარჯების სათანადოდ გადიდებით. პირიქით, ეს ერთი იმ ფაქტორთაგანი იყო, რომლებიც განაპირობდნენ სახელმწიფოს ცენტრალიზებული ინვესტიციების შეკვეცასა და სახელმწიფოს საინვესტიციო ფუნქციის შესუსტებას. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური ზრდის ფაქტორის გამოყენება, არსებით ცვლილებებს მოითხოვს საბიუჯეტო პოლიტიკისა და საბიუჯეტო სისტემის ორგანიზებაში.
ბიუჯეტზე მუშაობის დროს საჭიროა: პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრის და იმ ნორმატივების დაწესების პრინციპის გამოყენება, რომლებიც განსაზღვრავენ ბიუჯეტის სახსრების დონეს გამოყოფილი მიმართულებების მიხედვით; მიმდინარე და საინვესტიციო ბიუჯეტის დაყოფა ნორმატიულ საფუძველზე; შემოსავლებზე ხარჯების გადამეტების შესაძლებლობის გამორიცხვა მიმდინარე ბიუჯეტის დაგეგმვისას; საინვესტიციო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროების მკაფიოდ განსაზღვრა.
გარკვეული ცვლილებების შეტანაა საჭირო ბიუჯეტის ორივე შემადგენელი ნაწილის სახსრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიაშიც, რათა გაძლიერდეს ბიუჯეტის შესრულების სახაზინო მეთოდის როლი.
სახელმწიფო ინვესტიციების გამოყენებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემაა მათი დაბალი ეფექტიანობა კერძო ინვესტიციებთან შედარებით. სახელმწიფოს ფინანსური რესურსების განაწილების დროს გამოყენებული მიდგომები ხელს არ უწყობს ინვესტირების ეფექტიანობის ზრდას და ეროვნული ეკონომიკის რესტრუქტურიზაციას.
საინვესტიციო პროცესის ორგანიზებაში სისტემური საფუძვლის უქონლობამ და საბიუჯეტო დაგეგმვის არასაკმარისმა ხარისხმა სახელმწიფოს საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების მუდმივი ჩავარდნები განაპირობა.
ეს იმას მოწმობს, რომ აუცილებელია სელექციური მიდგომის როლის გაძლიერება სახელმწიფო ინვესტირების დროს, სახელმწიფო ინვესტიციების თავმოყრა მკაცრად განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, კონტროლის გაძლიერება და საკონკურსო პროექტების შერჩევა.
სახელმწიფო საკუთრების მართვა როგორც ეკონომიკის სახელმწიფო სექტორში ინვესტიციების ეფექტიანობის ზრდის ფაქტორი. ინვესტიციების სფეროში სახელმწიფოს როლის გააქტიურება გულისხმობს სახელმწიფო საკუთრების მართვის თვისებრივად უფრო მაღალი დონის მიღწევას სახელმწიფო სექტორის რესტრუქტურიზაციასა და განვითარებაში ინვესტირების უზრუნველყოფისთვის.
აღსანიშნავია, რომ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი სახელმწიფო სექტორის მართვას მკაცრი სახელმწიფოებრივი კონტროლის გამოყენებით ახორციელებენ, ეროვნული ეკონომიკის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. სახელმწიფო სექტორი ასრულებს არა მარტო სასიცოცხლოდ აუცილებელი და წამგებიანი წარმოებების მხარდაჭერის, არამედ ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ფუნქციასაც.
სახელმწიფო სექტორმა, გარკვეულწილად, წამყვანი პოზიციები უნდა დაიკავოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში და ეკონომიკური ზრდის პოტენციალი ჩამოაყალიბოს. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საწარმოების საინვესტიციო პროგრამების შედგენა კონკურსისა და ეფექტიანობის მოთხოვნების შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს. აუცილებელია ინვესტირებული სახსრების მიზნობრივად გამოყენების და ფინანსური ნაკადების მოძრაობის მკაცრი სახელმწიფო კონტროლი.
სახელმწიფოს როლის გააქტიურება საინვესტიციო სფეროში არ უნდა გამოიხატებოდეს მარტო მეცნიერებატევადი წარმოებების, მაღალი ტექნოლოგიებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი დარგების განვითარების ეფექტიანი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში პირდაპირი მონაწილეობით. საზოგადოების საინვესტიციო მხარდაჭერის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, საბაზრო ურთიერთობათა განვითარების პირობებში, ეკონომიკური სუბიექტების საინვესტიციო საქმიანობის წახალისებაა და იგი პროგრესულ სტრუქტურულ გარდაქმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს გულისხმობს ეკონომიკური რეგულირების ოპტიმალური ფორმებისა და მეთოდების შემუშავებას, ინვესტორთა ფინანსური სახსრების აკუმულაციის მექანიზმების განვითარებას და საწარმოო ინვესტიციებად მათი გარდასახვისთვის აქტიურ ხელშეწყობას.