ბრიტიშ პეტროლიუმი 100 წლისაა

რედაქციისაგან

ბრიტიშ პეტროლიუმი (BP) მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგო-კომპანიაა, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს. კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის სამ დიდ მილსადენს უწევს ექსპლუატაციას. მილსადენის მშენებლობიდან და სხვა საქმიანობიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების გარდა, საქართველო “ბრიტიშ პეტროლიუმის” სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროექტებიდანაც იღებს შემოსავალს.

მან კარგად გაითავისა, რომ კასპიის რეგიონს აქვს პოტენციალი მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებელი გახდეს. მისი მეშვეობით, აზერბაიჯანში არსებული რეზერვების მსოფლიოს ბაზრებზე ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქეთის გავლით ხორციელდება. ამას გარდა, “ბრიტიშ პეტროლიუმი საქართველოში მრავალ სოცილურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის პროექტებში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

BP-ს ისტორია
1909 წლის 14 აპრილს ჩამოყალიბდა ანგლო-სპარსული ნავთობ კომპანია, რომელსაც მოგვიანებითBritish Petroleum ეწოდა. კომპანია მიზნად ისახავდა ირანში მასჯიდ ი სულეიმანის საბადოს განვითარებას, რომელსაც, ახლო აღმოსავლეთში, პირველი კომერციული ნავთობის აღმოჩენად მიიჩნევენ.
1901 წლის მაისში ირანის შაჰმა უილიამ ნოქს დარქს ნება დართო მოეპოვებინა ნავთობი, რომელიც მან 1908 წლის მაისში აღმოაჩინა.
1951 წლის მარტში პრემიერ-მინისტრი ალი რაზმარა მოკლეს, ირანის მეჯლისმა ამ პოსტზე ნაციონალისტი მოჰამედ მოსადექი აირჩია, ხოლო იმავე წლის აპრილში, ფარული კენჭისყრით, ნავთობინდუსტრიის ნაციონალიზაცია მოახდინა. ბრიტანეთის მთავრობამ კომპანიის ნაციონალიზაცია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ საჩივარი უარყოფილი იქნა.
ბრიტანეთის მთავრობამ ჩათვალა, რომ ირანულ ნავთობზე კონტროლის დაბრუნების ერთადერთი გზა მოსადექის გადაგდება და მისი პრო-ბრიტანული პრემიერ-მინისტრითა და მთავრობით შენაცვლება იქნებოდა, მაგრამ პრობლემას ამერიკის სუსტი მხარდაჭერა ქმნიდა. ცხადი იყო, რომ აშშ-ის მთავრობა, მხოლოდ ბრიტანული კომერციული ინტერესების დასაცავად, მთავრობის გადატრიალებას არასოდეს მიემხრობოდა. ამიტომ, ბრიტანეთმა ამერიკას ყალბი მტკიცებულებები წარუდგინა, თითქოს, მოსადექი ირანის გასაბჭოებას გეგმავდა. 1953 წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის, ირანული მთავრობის გადაგდების შესახებ, სანქცია გასცა. ოპერაციას, რომელშიც ირანის შაჰიც ჩაება, აიაქსი ეწოდა.
1953 წლის აგვისტოში მოსადექის პოსტი პრო-დასავლურმა გენერალმა, ფაზლოლა ზაჰედიმ დაიკავა. შაჰი, რომელმაც ქვეყანა დატოვა და ირანში სწრაფად დაბრუნდა დემოკრატიული კონსტიტუცია გააუქმა და ავტოკრატიული ძალაუფლება დაამყარა. ანგლო-ირანული ნავთობის კომპანია 1954 წელს “ბრიტიშ პეტროლიუმ კომპანიად” გადაკეთდა, ირანში განაგრძო საქმიანობა და იქვე ძველი პოზიციების აღდგენას შეეცადა. თუმცა “საზოგადოებრივი” აზრი ამ მოვლენას იმდენად დიდ წინააღმდეგობას უწევდა, რომ მთავრობამ ეს ფაქტი ვერ დაუშვა. სანაცვლოდ ნაციონალური სახელის მქონე კონსორციუმი, ირანის ნაციონალური ნავთობის კორპორაცია შეიქმნა, ხოლო ანგლო-ირანული ნავთობის კომპანია 40%-იანი წილით მისი რიგითი წევრი იყო. კონსორციუმი დათანხმდა მოგების 50% ირანისთვის გაეყო, მაგრამ ირანელებს უფლება არ ჰქონდათ დირექტორთა საბჭოში ყოფილიყვნენ. ანგლო-ირანული ნავთობის კომპანიას ირანული ნავთობის მონოპოლიზაცია ძველებურად აღარ შეეძლო. მისი წილი მხოლოდ 40% იყო, 40%-ს ფლობდა ამერიკის ხუთი წამყვანი კომპანია, 20%-ს კი Royal Dutch Shell და Compagnie Francaise des Petroles, ამჟამინდელი Total S.A.
“ბრიტიშ პეტროლიუმი”, 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე, ირანში აქტივობას განაგრძობდა. აიათოლა ჰომეინის რეჟიმმა “ბრიტიშ პეტროლიუმს” ირანში ყველა აქტივი კომპენსანციის გარეშე ჩამოართვა. მაგრამ, ირანის გარეთ უზარმაზარი ინვესტიციების დამსახურებით, განსაკუთრებით, ჩრდილოეთის ზღვასა და ალიასკაში, კომპანიამ ნავთობის სტატუსი გადაარჩინა.
1959 წელს კომპანიის საქმიანობა ახლო აღმოსავლეთიდან ალიასკამდე გადაიჭიმა და 1965 წელს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობი აღმოაჩინა.
1981-1990 წლებში “ბრიტიშ პეტროლიუმს” სერ პეტერ უოლტერსი თავმჯდომარეობდა. ეს იყო ტეტჩერის მთავრობის პრივატიზაციის სტრატეგიის ხანა. ბრიტანეთის მთავრობამ კომპანიაში მისი მთლიანი საკუთრება, 1979-1987 წლებში, ნაწილ-ნაწილ გაყიდა. გაყიდვის პროცესი კუვეიტის მიერ “ბრიტიშ პეტროლიუმის” გაკონტროლების მცდელობით ხასიათდებოდა, რაც ბრიტანეთის ძლიერმა ოპოზიციამ დაბლოკა. 1989 წელს უოლტერსი რობერტ ჰორტონმა შეცვალა.
“ბრიტიშ პეტროლიუმი” 1998 წელს Amoco-ს შეუერთდა და 2000 წლამდე BPAmoco ეწოდებოდა შემდეგ მხოლოდBP აბრივიატურით ჩნდება.

BP საქართველოში
“ბრიტიშ პეტროლიუმი” საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მისი საქართველოში პირველი ინვესტიცია იყო, რომელიც ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა, საქართველო კი სატრანზიტო გადასახადს იღებდა. გლობალურ ბაზარს ყოველდღიურად კასპიის ნავთობის საშუალოდ 155 000 ბარელი მიეწოდება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (BTC) ექსპლუატაციაში 2006 წლის ივნისში შევიდა. ნავთობსადენი პირველი ხაზია, რომლის საშუალებითაც კასპიისა და ხმელთაშუა ზღვები ერთმანეთს პირდაპირ დაუკავშირდნენ.
სამხრეთ კავკასიური გაზის მილსადენი (SCP), კასპიის ზღვის, შაჰ დენიზის საბადოს გაზს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს აწვდის, რაც რეგიონისთვის გაზმომარაგების მნიშვნელოვანი წყაროა. 69 კმ სიგრძის მილსადენს წლიურად, 20 მლრდ. კუბმეტრი გაზის ექსპორტის წარმოების უნარი ექნება.
1998 წლიდან საქართველოში წარმოდგენილია “ბრიტიშ პეტროლიუმის” საავიაციო საწვავის ბიზნესი, რომელიც ნაციონალური და საერთაშორისო საჰაერო კლიენტებისათვის თვითმფრინავების საწვავს აწარმოებს.

2008 წლის აგვისტო
რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად “ბრიტიშ პეტროლიუმმა” საქართველოში ოპერირება დროებით შეწყვიტა. ბაქო-თბილისი-თეირანის ნავთობსადენი ინციდენტის გამო, 6 აგვისტოს 2 კვირით გადაიკეტა. უსაფრთხოების მიზნით, სამხრეთკავკასიური მილსადენი 48 საათით გადაიკეტა, 14 აგვისტოდან კი სრული შესაძლებლობით ამუშავდა. იგივე მიზეზებით შეფერხდა ბაქო-სუფსის მილსადენის მუშაობაც.

BP საქართველოში 2009
“ბრიტიშ პეტროლიუმმა” და მისმა პარტნიორებმა ქართულ საზოგადოებაში ენერგიის ეფექტურად გამოყენების უკეთესად გათავისების მიზნით, ინოვაციური პროექტი წამოიწყეს, რომელიც ქართველებს ენერგო-ეფექტური პროდუქციის შეძენაშიც დაეხმარება. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციების (BP, USAID, Winrock International,EBRD, OSCE) ინიციატივით, ადგილობრივი ქართველი ექსპერტებისა და ბანკების მონაწილეობით ხორციელდება.
პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგება: გააღრმავოს ცნობიერების დონე შიდა მეურნეობებში, რათა შემცირდეს ენერგიის გამოყენება, ან ინვესტიცია ჩაიდოს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებში. ალტერნატიული ენერგოწყაროების განვითარებას მიესალმებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ენერგიის დაზოგვის ცენტრი.
მეორე კომპონენტია იმ შიდა მეურნეობების იაფი კრედიტით მომარაგება, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტიცია ენერგო-ეფექტურ გადაწყვეტილებებში ჩადონ. “ბრიტიშ პეტროლიუმის” გრანტების მეშვეობით, მეურნეობები ენერგოეფექტური პროდუქციისა და მისთვის საჭირო მოწყობილებების შეძენას შეძლებენ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) წარმოდგენილია სესხები, რომლებსაც საქართველოს ადგილობრივი ბანკები გასცემენ. “ბრიტიშ პეტროლიუმის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცდილობენ დაეხმარონ ქართველ საზოგადოებას აიმაღლოს ცოდნა ენერგიის დაზოგვის მოგებიანობის შესახებ და შიდა მეურნეობებმა უფრო მნიშვნელოვანი სარგებელი ნახონ, რაც გარემოსა და საქართველოს მთელს ეკონომიკაზე დადებით ასახვას ჰპოვებს. მცირე სესხების მთავარი მომხმარებლები შიდა მეურნეობები და მცირე მეწარმეები იქნებიან. “ბრიტიშ პეტროლიუმ საქართველო” და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თანამშრომლობენ, რათა საკრედიტო ხაზი გაუხსნან იმ შერჩეულ ბანკებს, რომლებსაც მიკრო და მცირე სესხების გაცემის სურვილი აქვთ. “ბრიტიშ პეტროლიუმის” ფონდები და მისი ნავთობისა და გაზის თანამესაკუთრეები სესხების კაპიტალური დანახარჯების 15%-ს დაფარავენ.