დაეხმარებიან თუ არა უმუშევრებს?

ნინო არველაძე

ეკონომიკური რეცესიის პირველი პრობლემა უმუშევრობაა, და ბუნებრივია ამ პრობლემის გადაწყვეტა მის სწორ, პირუთვნელ აღრიცხვას და, პირველ რიგში, შემდგომ დახმარებას მოითხოვს. საქართველოში, ისევე როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, უმუშევრობის აღიცხვისა და დახმრების საკითხი შორსაა სინამდვილისგან. მიუხედავდ მოგვარების არაერთგზისი მცდელობისა, საკითხი დილემად რჩება. ამ ფონზე საყურადღებოა საქართველოს პროფკავშირების ახალი ინიციატივა: “საქართველოში უმუშევრობის შემწეობის დანიშვნის შესახებ” და “საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”.

საქართველოს პროფესიული კავშირების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მდგომარეობის გამო ქვეყანაში დარეგისტრირებულ ყველა უმუშევარზე უნდა დაწესდეს უმუშევართა შემწეობა მინიმალური პენსიის ოდენობით (55 ლარი). უმუშევართა აღრიცხვაზე, რეგისტრაციასა და დაფინანსებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები უმუშევართა რეგისტრაციისა და შემწეობის დასაფინანსებლად. ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის მესამე მეოთხედის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 280,0 ათასამდე უმუშევარია. ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რიგ დარგებში (მშენებლობა, საბანკო-სადაზღვევო საქმიანობა, მომსახურება, ვაჭრობა და სხვა) შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, მასობრივი დათხოვნები მიმდინარეობს, ამიტომ უახლოეს პერიოდში უმუშევართა სავარაუდო რაოდენობა დაახლოებით 350,0 ათასს მიაღწევს. ირაკლი პეტრიაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ მაჩვენებლებს ეყრდნობა. ოფიციალური პროგნოზების თანახმად, კრიზისი 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამიტომ შემწეობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 თვით უნდა განისაზღვროს. 350 ათას უმუშევარზე 6 თვის განმავლობაში 55 ლარიანი შემწეობისათვის საჭიროა 19,25 მლნ. ლარი თვეში, რაც ექვსი თვის გათვალისწინებით, 115,5 მლნ. ლარს უდრის. კანონპროექტით შემოთავაზებული უმუშევრობის შემწეობის დაწესება ხელს შეუწყობს ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის პირობებში სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპების დამკვიდრებას, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გარკვეული პერიოდით მინიმალური სახსრებით უზრუნველყოფას და ქვეყანას აარიდებს სიღარიბის დონის გაღრმავებას – აცხადებენ ინიციატორები ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება, რადგან გაცემული შემწეობის ძირითადი თანხა შიდა ბაზარზე აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად და მომსახურების მისაღებად იქნება მიმართული.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2008 წელს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ 1 726,2 მლნ. ლარი შეადგინა (მცირე – 826.6 მლნ. ლარი, საშუალო – 897,6 მლნ. ლარი), ხოლო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 132,5 ათასი ადამიანი. აღნიშნულ პერიოდში საშუალო და მცირე საწარმოებში საშულო ხელფასებმა 323,2 ლარი შეადგინა. ერთი დასაქმებულის მიერ გამოშვებული პროდუქცია 13027 ლარს შეადგენს, ანუ 115.5 მლნ. ლარი 8 880 სამუშაო ადგილს ქმნის, რომლის შრომის ანაზღაურებისთვის წელიწადში 34.4 მლნ. ლარი იქნება საჭირო. 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის მიხედვით, ქვეყანა წელიწადში 6,9 მლნ. ლარს, ე.ი. მიზნობრივად გაცემული თანხის – 115,5 მლნ. ლარის 6%-ს მიიღებს.
კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, მისი მიღება საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ მოახდენს, არც ბიუჯეტის საერთო ხარჯვით ნაწილს გაზრდის, მაგრამ ხარჯვითი მუხლების ცალკეულ პარამეტრებში კორექტივების შეტანის აუცილებლობას კი გამოიწვევს.
115,5 მლნ. ლარის წყაროდ შესაძლებელია მოქმედი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი გამოვიყენოთ და 20%-იანი დაბეგვრის სისტემიდან 3% ამ მიმართულებით წარვმართოთ. საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, საშემოსავლო შემოსავალის გეგმიური მაჩვენებელი განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტისათვის 1 123 მლნ. ლარისა და ნაერთი ბიუჯეტისთვის 1 200 მლნ. ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხის 3%
168.5 და 180 მლნ ლარი იქნება, რაც საკმარისია შემწეობის გაცემის 6 თვით უზრუნველსაყოფად. ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით გაწერილი თანხები გადასასინჯია, რადგან ზოგიერთი მათგანი სავსებით შეუსაბამოა, მაგალითად, გაუგებარია თუ რატომ გაიზარდა საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი თანხები, როდესაც პარლამენტარების რაოდენობა შემცირდა, მეტი თვალსაჩინოებისათვის გთავაზობთ სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსების მონაცემებს:
ირაკლი პეტრიაშვილი ყურადღებას ამახვილებს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების ზრდაზე და აღნიშვს, რომ მასში არ შედის იარაღის შესყიდვა.
საერთაშორისო გამოცდილება: უმუშევრებისათვის შემწეობის დანიშვნის პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებული მოვლენაა: იტალიაში უმუშევრობის შემწეობა ინიშნება უმუშევრობის მომდევნო 7 თვის განმავლობაში ხელფასის 40%-ის ოდენობით (მოქმედებს სოციალური დაცვის სხვა დახმარებებიც);
შვედეთში უმუშევრობის შემწეობის ოდენობა გრადაციულად იცვლება პერიოდის მიხედვით: პირველი 200 დღის განმავლობაში უმუშევარი იღებს ხელფასის 80%-ს, 201-300 დღის პერიოდში 70%-ს, ხოლო 301-450 დღის პერიოდში 65%-ს;
დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის შემწეობის ოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, ოჯახურ პირობებსა და სხვა შემოსავლებზე, მაგალითად, 16-17 წლის ასაკში კვირაში ეძლევა 36.65 გირვანქა სტერლინგი, 18-24 წლის ასაკში 46.85 გირვანქა, ხოლო 25 წელზე ასაკის მეტს 59.15 გირვანქა კვირაში.
ჩინეთში უმუშევრობის შემწეობა, მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის შეჯამებით დგინდება.
კანადაში შემწეობა ცნობილია სამუშაოს დაზღვევის სახით, ხოლო ავსტრალიაში უმუშევრობის შემწეობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განისაზღვრება და ა.შ.
უმუშევრობა მსოფლიო მასშტაბით: გაერთიანებული ერების შრომის სააგენტოს პროგნოზით, ეკონომიკური დაღმავლობის გამო შესაძლებელია სამსახურის გარეშე 40 მლნ. ადამიანი დარჩეს და უმუშევრობის მაჩვენებელმა დეკადაში უმაღლეს წერტილს მიაღწიოს. 2009 წლის უმუშევართა რიცხვი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთავრობების ეკონომიკურ პოლიტიკაზე. პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოს, უმუშევართა რიცხვი 210-230 მლნ. ადამიანს შორის ითამაშებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი 2010 წლამდე გასტანს და უმუშევრობის მაჩვენებელი 7,1% იქნება. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ხუან სომავია აცხადებს, რომ მთავრობების უმრავლესობამ საკუთარი ეკონომიკების დახმარება დაიწყეს, მაგრამ გლობალური სოციალური რეცესიის დასაძლევად უფრო კოორდინირებული და გაბედული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მსოფლიოში უკვე აღიარეს, რომ ფისკალური და მონეტარული ინტერვენციების გარდა, მსოფლიო ეკონომიკას დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემოქმედებითი ზომები სჭირდება, აგრეთვე საჭიროა მთავრობებმა დიდი ყურადღება მიაქციონ მცირე და საშუალო კომპანიებს, რადგან ისინი სამუშაო ადგილების ძირითად მასას ქმნიან.
რაც შეეხება კანონს “შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სოციალური სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე უნდა იხელმძღვანელოს და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს. არსებობს საქართველოს პარლამენტის 1997 წლის დადგენილება “საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ”, რომლის თანახმადაც, საქართველო ვალდებულია განახორციელოს სამართლებრივი სისტემების დაახლოება და ჰარმონიზება ევროპის კავშირის პრინციპებთან. 1997 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა შეთანხმება “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ” საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის, რომლის თანახმად, სავალდებულოა, საქართველოს შიდა კანონმდებლობის დაახლოება ევროპის კავშირის დირექტივებთან, ეს ვალდებულება შრომის სამართლის სფეროსაც ეხება. საქართველოში შრომის კოდექსის ხარვეზებზე დიდი ხანია ევროპიდან გვესაუბრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ცალსახად ევალება შრომის კოდექსის (და საერთოდ, საკანონმდებლო ბაზის) ჰარმონიზება ევროპულ სტანდარტებთან, საქართველო მოვალეობებს არ ასრულებს და იაფი მუშახელით ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევას აპირებს. საქართველოს შრომის კოდექსში არ არსებობს მასობრივი დათხოვნის მარეგულირებელი ნორმები და კომპენსაციის გაცემის ვალდებულება, მაშინ როდესაც დასავლეთი ევროპის ქვეყნებში, დამსაქმებლის ინიციატივით, შრომითი ხელშეკრულების მოშლისას, დასაქმებულს კომპენსაციის სახით საშუალოდ 22 კვირის შრომის ანაზღაურება ეძლევა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ბევრ ადამიანს სამსახურის დაკარგვას ჰპირდება, მდგომარეობის შემსუბუქების ერთ-ერთ საშუალებად სახელმწიფოს, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლისას, კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის – ერთი თვის შრომის ანაზღაურების ნაცვლად, ორი თვის შრომის ანაზღაურების დაწესებას სთავაზობს. შეუძლებელია ყურადღების გარეშე დარჩეს შემდეგი ფაქტი: “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლებისას, მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო, რაც აღნიშნული საკითხისადმი მიდგომისას ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები სამსახურიდან დათხოვნისას დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
პრობლემას ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ “მოქნილი” და “დერეგულირებული” შრომის კოდექსი ხელს უწყობს მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების მასობრივ გავრცელებას. ევროკავშირის წარმომადგენლები შრომის კოდექსის უხეში ხარვეზების შესახებ ხშირად მიგვითითებენ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2008 წლის ექსპერტთა საბჭოს დასკვნაში “შსო-ს კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების შესახებ” მკაცრად არის გაკრიტიკებული ის ფაქტი, რომ სოციალური დიალოგი, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, საქართველოს კანონმდებლობით წახალისებული არ არის. აღსანიშნავია ევროკომისიის შუალედური დასკვნაც, რითაც საქართველოს მთავრობას, ამ მხრივ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვენ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial