საბანკო საინვესტიციო პორტფელის რეგულირება

დოდო (ტატა) კურტანიძე დოქტორანტი

კონომისტთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ზოგადად ეკონომიკისა და, მათ შორის, საბანკო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობა. სპეციალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევა უნდა დავიდეს მინიმუმადე. მეორენი პირიქით, სახელმწიფოს ქმედით მონაწილეობას ემხრობიან ეკონომიკის რეგულირებაში. აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი ეთანხმება სახელმწიფო და საბაზრო ღონისძიებათა გონივრული შერწყმას ეკონომიკისა და საბანკო სისტემის რეგულირებისათვის.

განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სახელმწიფოს ზეგავლენის მექანიზმი ეკონომიკაზე არის საბაზრო და არასაბაზრო მეთოდების ერთობლიობა, კონკრეტული ქვეყნის განვითარების როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე პოლიტიკური დონის მიხედვით. სხვადასხვა ქვეყნაში ერთმანეთისაგან განსხვავებულია ამ მეთოდების როლი და მნიშვნელობა.
მსოფლიოში საფინანსო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მრავალი განსხვავებული მოდელი არსებობს, თუმცა ქვეყნების უმრავლესობა უპირატესობას ერთიან საზედამხედველო ორგანოს ანიჭებს. ზოგიერთ სახელმწიფოში საფინანსო სექტორის რეგულირების ფუნქცია შეთავსებული აქვს ცენტრალურ ბანკს (მაგ., ჩეხეთი, კვიპროსი), ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ამ მიზნით შექმნილია ცალკე სტრუქტურული ერთეული (მაგ., დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ჩინეთი, იაპონია, დანია, შვედეთი). ქვეყნების უმრავლესობა მეორე მოდელით სარგებლობს4.
სახელმწიფო, ცენტრალური ბანკის სახით, წარმოადგენს ბანკების საინვესტიციო საქმიანობის რეგულირების ზედამხედველ ორგანოს და ეკონომიკური ნორმატივების მეშვეობით ზემოქმედებს ფასიან ქაღალდებში საბანკო დაბანდების რისკზე. როგორც წესი, ეკონომიკური ნორმატივები არეგულირებენ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების მოცულობისა და ფასიანი ქაღალდების კონცენტრაციის რისკებს.
განვითარებულ ქვეყნებში ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკების საქმიანობაზე ზემოქმედებს როგორც ეკონომიკური (ირიბი), ასევე ეკონომიკურ-ადმინისტრაციული (პირდაპირი) მეთოდებით. ცენტრალური ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განსახორციელებლად საბანკო საქმიანობის რეგულირების პირდაპირი და ირიბი მეთოდების გარდა გამოყოფენ აგრეთვე საერთო და სელექციურ მეთოდებს.
ზოგადი მეთოდები უმეტესაწილად არაპირდაპირია, რომლებიც მთლიანობაში ზეგავლენას ახდენენ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. სელექციური მეთოდები კი არეგულირებენ ფასიანი ქაღალდების კონკრეტულ სახეებს. მათი დანიშნულებაა ისეთი კერძო ამოცანების გადაჭრა, როგორიცაა, კომერციული ბანკის მიერ ფასიან ქაღალდებში დაბანდებათა შეზღუდვა.
სელექციურ მეთოდებს მიეკუთვნება პირდაპირი რაოდენობრივი შეზღუდვები, რომელსაც 1960-70-იან წლებში იყენებდნენ ევროპის ქვეყნები ლიბერალური საბაზრო რეფორმების გატარებამდე. საბანკო კრედიტების ოდენობათა პირდაპირი შეზღუდვა, როგორც ფულად-საკრედიტო რეგულირების ინსტრუმენტი, ამჟამად განსაკუთრებით პოპულარულია განვითარებად ქვეყნებში.
საბანკო დაკრედიტებაზე პირდაპირი ლიმიტების გამოყენება, ან მისი მატების ტემპების შეზღუდვა აიძულებს კომერციულ ბანკებს დეპოზიტების გარკვეული ნაწილი არამიმოქცევადი რეზერვების სახით იქონიონ. რეგულირების აღნიშული მეთოდის ნეგატიური შედეგია კაპიტალის მოძრაობის სფეროში მკაცრი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიმიტთან მიახლოებისას ბანკები ახდენენ მოზიდული რესურსების “ექსპორტს” საზღვარგარეთ.
შემოთავაზებული კრედიტების ოდენობათა პირდაპირი შეზღუდვის მეთოდს იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გფრ-ში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. შეზღუდვები გამოიხატებოდა, მაგალითად, ცენტრალური ბანკის მიერ ცალკეული საკრედიტო დაწესებულებებისათვის თამასუქების აღრიცხვაზე ლიმიტების ან მთლიანად ეკონომიკაში საკრედიტო დაბანდებათა ზრდის ტემპების დადგენაში.
აუცილებლობის შემთხვევაში კრედიტის დიდი ოდენობის მიწოდებით გამოწვეული ინფლაციის ზრდის თავიდან ასაცილებლად აშშ-ის კანონი კრედიტის მართვის შესახებ (მოქმედებდა 1982 წ. ივნისამდე) ითვალისწინებდა იმას, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია დაავალოს ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს სამომხმარებლო კრედიტის დარეგულირება და უძრავ ქონებაზე კრედიტის არჩევითი მართვა. გარდა ამისა, “ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების შესახებ” კანონით (მიღებული იქნა 1934 წელს) და მისი შემდგომი შესწორების შესაბამისად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭო არეგულირებს ფასიანი ქაღალდების შესაძენი და შესანახი კრედიტის მიწოდებას. ამ შეზღუდვების მიზანი იყო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის დროს კრედიტის მაქსიმალური გამოყენების შედეგად აქციათა ბაზარზე რყევათა მოწესრიგება, ცალკეული ინვესტორებისათვის საკურსო რისკების შემცირება და ფინანსური რისკების დაუშვებლობა. გარდა იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მოთხოვნები ვრცელდებოდა კრედიტის მაქსიმალური ოდენობის შეზღუდვაზე, რომლის შეთავაზება ბანკებსა და სხვა კრედიტორებს შეეძლოთ ფასიანი ქაღალდების ყიდვისას. ეს შეზღუდვები ასევე ვრცელდებოდა აქციებში კონვერტირებულ ობლიგაციებზე და ოპციონებთან დაკავშირებულ გარიგებებზე.
ქვეყნის ეკონომიკის საბაზრო მექანიზმებში სახელმწიფოს ჩარევის დასაშვები დონე შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. კერძოდ, სახელმწიფო ჩარევა უნდა მიმდინარეობდეს სასიცოცხლო ციკლების ცვლილებების ხაზით. მრეწველობის ზოგიერთ დარგში სახელმწიფოს მხრიდან ფართომასშტაბიანი ჩარევა შეიმჩნევა სასიცოცხლო ციკლის საწყის ეტაპზე. ამასთან, დარგის განვითარების კვალდაკვალ ჩარევა მცირდება. სახელმწიფოს მიერ ჩარევა კვლავ ძლიერდება იმ შემთხვევაში, თუკი დარგი ძნელად გადასაჭრელ პრობლემებს წააწყდება.
საინვესტიციო საქმიანობის ოპტიმიზაციის მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ საინვესტიციო პროცესზე სახელმწიფო ზემოქმედებს საპროცენტო განაკვეთებისა და ფულადი ნაკადების რეგულირებით. ამას შედეგად მოჰყვება ფულადი ნაკადებისა და შიდა დანაზოგების სამეწარმეო ინვესტიციებად გარდაქმნა, რითაც კომერციული ბანკების გავლით სამეწარმეო სფეროს განვითარება მიიღწევა.
ცენტრალური ბანკების პრაქტიკაში კომერციული ბანკების საქმიანობაზე ზეგავლენის სელექციური მეთოდების გამოყენება ტიპიურია კვლავწარმოების პროპორციათა დარღვევის სტადიის ეკონომიკური პოლიტიკისათვის. ასეთ პირობებში ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია პრიორიტეტულ დარგებში ინვესტიციათა წახალისებაზე სტრუქტურული ღონისძიებებისა და ფულად-საკრედიტო ურთიერთობების რეგულირების ზოგადი მაკროეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენების გზით.
ამრიგად, ცენტრალური ბანკი სელექციური მეთოდების გამოყენებით ინარჩუნებს საკრედიტო რესურსების ცენტრალიზებული გადანაწილების ფუნქციებს. ეს ფუნქციები ციკლური აღმავლობების პერიოდებში მინიმუმამდე მცირდება და აღარ მოქმედებს, ვინიდან ამ დროს შეზღუდვები ამახინჯებენ საბაზრო ფასებსა და რესურსების განაწილებას.
სავალდებულო ფულადი რეზერვების რეგულირებასთან დაკავშირებით ტრანსკავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურმა ჯგუფმა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, შემდეგ შეუერთდა თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, მოლდოვა და სხვა) 1995 წელს გამოთქვა სურვილი მიერთებოდა ბაზელის კომიტეტის საბანკო ზედამხედველობის პრინციპებს. ერთ-ერთია კაპიტალის საკმარისობის პრინციპი. იგი გულისხმობს საბანკო ზედამხედველობის ორგანოების მიერ ბანკების კაპიტალის საკმარისობის თაობაზე გონივრული და მისაღები მოთხოვნების შემუშავებას. ამ მოთხოვნებში, ერთი მხრივ, უნდა აისახოს რისკები, რომელსაც ბანკები საკუთარ თავზე იღებენ და, მეორეს მხრივ, განისაზღვროს კაპიტალის შემადგენლობა ზარალის დაფარვის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ეს მნიშვნელოვანი პრინციპია საერთაშორისო პრაქტიკაში ჩამოყალიბებული საკრედიტო ორგანიზაციათა მდგრადობის შეფასების სისტემაში. მოცემული გარემოება გამომდინარეობს ბანკის კაპიტალის ბუნებიდან, რომელიც წარმოადგენს რეზერვს გათვალისწინებული ზარალის დასაფარად, ახდენს საკრედიტო ორგანიზაციის მიერ მიღებული რისკების აკუმულირებას, წარმოადგენს ბანკის განვითარების საიმედო წყაროს, ინარჩუნებს საკრედიტო ორგანიზაციებისადმი კრედიტორთა და კონტრაგენტთა ნდობას, არის ბანკის ზრდის რეგულატორი, აწონასწორებს რა გრძელვადიან პერსპექტივაში საკრედიტო ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობას და ზრდას.
კაპიტალის საკმარისობის ნორმატივის გამოანგარიშების მეთოდიკაში კაპიტალის შემადგენლობა ორ დონედ იყოფა.
პირველი დონის კაპიტალი მოიცავს სააქციო კაპიტალს, ე.ი. გამოშვებულ და მთლიანად ანაზღაურებულ ჩვეულებრივ და უვადო პრივილეგირებულ აქციებს დივიდენდების კუმულაციური გადახდის გარეშე, გამოქვეყნებულ რეზერვებს, დამატებით გადახდილ კაპიტალს, გაუნაწილებელ მოგებას, საერთო რეზერვს გაუთვალისწინებელი ზარალის დასაფარავად და სხვა რეზერვებს, რომლებიც ბანკის მიერ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად იქმნება.
მეორე დონის კაპიტალი მოიცავს ფარულ რეზერვებს და რეზერვებს აქტივების გადასაფასებლად, ასევე ფასიანი ქაღალდების ზოგიერთ ტიპს, რომელიც მოიცავს სავალო ვალდებულებებს და რომელმაც უკანასკნელ წლებში დასავლეთში ძალზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
პირველი და მეორე დონეების კაპიტალთა ჯამი წარმოქმნის კაპიტალის საკმარისობის კოეფიციენტის გამოანგარიშების ფორმულის მრიცხველს, ხოლო ამ ფორმულის მნიშვნელია რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების და სხვა რისკების (არაბალანსური ოპერაციები, საპროცენტო, საფონდო, სავალუტო) ჯამი რეზერვების გამოკლებით. რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების გამოყენება საშუალებას იძლევა ზუსტად გამოითვალოს მინიმალურად აუცილებელი, ანუ საკმარისი კაპიტალი. ამასან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ “საკმარისი კაპიტალის” არსებობა ბანკის გაკოტრების ალბათობას არ გამორიცხავს. კაპიტალი და მისი ანალიზი არის ინდიკატორი, რომელიც მიანიშნებს ბანკის ფინანსურ მდგომარეობის ტენდენციებზე და იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას. სხვა შემთხვევაში, მაღალკაპიტალიზირებული ბანკიც ისევე ადვილად შეიძლება გაკოტრდეს და აღმოჩნდეს გადახდისუუნარო, როგორც არასაკმარისი კაპიტალის მქონე ბანკი.
ფასიანი ქაღალდების პორტფელზე ცენტრალური ბანკის მარეგულირებელი ზეგავლენის ძირითადი მიმართულებაა როგორც ფასიანი ქაღალდების სახეობათა განსაზღვრა, რომლებიც ბანკებმა შეიძლება შეიძინონ, ასევე ლიმიტების შეზღუდვა ფასიანი ქაღალდების ტიპების მიხედვით.
სხვადასხვა კატეგორიების აქტივებთან დაკავშირებული რისკების შეფასების სიზუსტის ასამაღლებლად ბანკებს შესაძლებლობა მიეცათ გამოიყენონ საკრედიტო რეიტინგები, რომელსაც სპეციალიზებული ფინანსური სააგენტოები აქვეყნებენ. პრაქტიკა მოწმობს, რომ უდიდეს ინტერესს წარმოადგენს სტანდარტული მიდგომა, რომელიც გულისხმობს რისკის კოეფიციენტების ცვლილებას ცნობილი სარეიტინგო სამსახურების მიხედვით.
ეს რეიტინგები რეგულირებისათვის უკვე გამოიყენება მრავალ ქვეყანაში. შესაბამისად, შემუშავებულია ამგვარი სააგენტოების განსაზღვრის პრაქტიკაც. ე.წ. ბაზელის შეთანხმების მიხედვით, რეიტინგული სააგენტოებისადმი წაყენებული მინიმალური მოთხოვნები შეიძლება იყოს შემდეგი:
ობიექტურობა. რეიტინგის მინიჭების მეთოდოლოგია უნდა იყოს მკაცრი, სისტემური და ისტორიული მონაცემების ბაზაზე შემოწმების ამა თუ იმ პროცედურის ქვეშ მოქცეული.
რეიტინგები პერიოდულად უნდა გადაიხედოს. ისინი უნდა პასუხობდეს მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობაში მომხდარ ცვლილებებს. მარეგულირებელი ორგანოების მიერ შეფასების მეთოდოლოგიის მოწონებამდე მან უნდა გაიაროს მკაცრი შემოწმება სტატისტიკური მონაცემების მიხედვით და გამოყენებულ იქნას არანაკლებ ერთი წლით. უპირატესად ითვლება სამწლიანი მინიმუმი.
დამოუკიდებლობა. მეთოდოლოგია შეძლებისდაგვარად თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი გარე პოლიტიკური ზეგავლენის ან შეზღუდვისაგან, შემფასებლი ორგანიზაციების მიერ გაწეული ეკონომიკური ზეწოლისაგან.
გამჭვირვალობა. ინდივიდუალური შეფასებები უნდა იყოს ადვილად მისაწვდომი შემოწმების მიზნებისათვის.
უტყუარობა. გარკვეულ წილად უტყუარობა წინა კრიტერიუმებზეა ბაზირებული. ეს კრიტერიუმი ხელს არ უნდა უშლიდეს ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას, მაგრამ ყველა სააგენტო, რომელიც რეგულირების სისტემის ცვლილების შემდეგ გამოჩნდა, საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა. სააგენტოები არ არიან ვალდებულნი შეაფასონ ფირმები ერთზე მეტ ქვეყანაში, მაგრამ მათი შედეგები ისევე მისაწვდომი უნდა იყოს უცხოელი დაინტერესებული პირისათვის, როგორც რეზიდენტისათვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალ სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სპეციალიზებული სარეიტინგო სააგენტოები. ჩვენი აზრით, რთული იქნება რისკების შეფასების მოცემული მეთოდიკის გამოყენება გარდამავალი ეკონომიკისა და არც თუ ისე განვითარებული საბანკო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში.
ამ ქვეყნებში ბანკის კაპიტალის საკმარისობის რეალური შეფასება რთულდება ასევე ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე დაუსრულებელი გადასვლით. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ქვეყნების საბანკო სექტორის გადასვლამ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე შეიძლება გამოავლინოს მრავალი ბანკის არასაკმარისი კაპიტალიზირება. ამ ქვეყნების ეკონომიკის საერთო მდგრადობის, აგრეთვე, სისტემური საბანკო კრიზისების პოტენციური მუქარის გათვალისწინებით, გადასვლა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე კაპიტალის საკმარისობისა და ბანკების მდგრადობის სხვა მაჩვენებელთა შეფასებისას უნდა ატარებდეს ევოლუციურ ხასიათს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კაპიტალის საკმარისობის მაჩვენებლის გაზომვა საბანკო საქმიანობის ყველა რისკის გათვალისწინებით, წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციის მდგრადობის შეფასების ინტეგრირებულ მაჩვენებელს. ამასთანავე, თანამედროვე სამყაროში რისკები მუდმივად დივერსიფიცირდებიან და საბანკო გაერთიანების წინაშეც მუდმივად დგას ამოცანა ამ რისკების შეფასების მეთოდიკის სრულყოფისა. ამ ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია, როგორც საზედამხედველო ორგანოების, ისე ბანკების, კონსალტინგული ფირმების, რეიტინგული სააგენტოების და სამეცნიერო წრეეების ძალისხმევის კოორდინაცია.
საბანკო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოში გამოიხატება ეროვნული ბანკის ზეგავლენაში კომერციულ ბანკებზე, რომელიც განსაზღვრულია 1995 წლის 23 ივლისის საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” და 1996 წლის 23 თებერვლის საქართველოს კანონით “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, აგრეთვე, სხვა მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული მრავალრიცხოვანი ნორმატიული აქტებით. ეს კანონები, დებულებები და ბრძანებულებები საბანკო სისტემისათვის ქცევის ისეთ ჩარჩოებს ქმნიან, რომელიც ხელს უწყობს მის საიმედოობასა და მდგრადობის განმტკიცებას რეგულაციისა და კონტროლის მეთოდების გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო რეგულირების არსი არის შემუშავება და გამოყენება კონკრეტული წესებისა, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ყველა კომერციული ბანკისათვის. კონტროლის სფეროსა და მიზანს კი მოქმედი წესების დაცვა წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, საბანკო რეგულირებისა და ზედამხდველობის მთავარი მიზანია შეინარჩუნოს საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობა და გამჭვირვალობა. ეს გულისხმობს მთლიანად საფინანსო სისტემის წინაშე მდგარი და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრას, მათ შემცირებას და ამ გზით კომერციული ბანკების, მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა, აგრეთვე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ინტერესების მაქსიმალურად დაცვას7.
ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ორგანო არის საქართველოს ეროვნული ბანკი – ქვეყნის მთავარი ბანკი, რომელსაც განსაკუთრებული ფუნქციები აქვს მინიჭებული, კერძოდ, ფულის ნიშნების ემისიის უფლება და საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა. საქართველოს საფინანსო სისტემა, მოიცავს ძირითადად კომერციულ ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზრებს. უდიდესი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისათვის აქვთ კომერციულ ბანკებს, რომლებიც საფინანსო სექტორის მთავარ რგოლს წარმოადგენენ საქართველოში. ისინი არიან ყველაზე ეფექტური შუამავლები კრედიტორსა და მსესხებლებს შორის.8
საფინანსო სექტორის რეგულირებისათვის ეროვნულ ბანკთან ფუქციონირებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. განსხვავებით საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსაგან, რომელიც ცალკეული საფინანსო ორგანიზაციების რისკებს აკვირდება, საქართველოს ეროვნული ბანკი სწავლობს მთლიანად საფინანსო სექტორის სისტემურ რისკებს. ამისათვის ეროვნული ბანკი წელიწადში ერთხელ აქვეყნებს თავის ძირითად გამოკვლევას – ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს, რომელიც სტანდარტული მაკროეკონომიკური ანალიზისაგან განსხვავებით, შეისწავლის მოვლენებს, რომელთა მოხდენის ალბათობა დაბალია, მაგრამ პოტენციური უარყოფითი გავლენა – ძალზე მაღალი (ფინანსური კრიზისები). როგორც წესი, ეს ანგარიში მომავალ მოვლენებს განიხილავს ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასების საფუძველზე.
2007 წლამდე საქართველოში არსებობდა საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სამი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული: ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტი პასუხისმგებელი იყო კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო საფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობაზე; ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ზედამხედველობას უწევდა ფასიანი ქაღალდების ბაზარს, ხოლო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – სადაზღვევო საქმიანობას. შესაბამის კანონში 2007-2008 წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამ სამი საზედამხედველო ბაზაზე ჩამოყალიბდა საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ერთიანი ორგანიზაცია – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.
საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ინსტრუმენტებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბანკო ზედამხედველობის როგორც ეკონომიკური (ირიბი), ასევე ეკონომიკურ-ადმინისტრაციული (პირდაპირი) მეთოდების გამოყენებას. ეს მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნას ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებთან მიმართებაში.
ამრიგად, ფასიანი ქაღალდების საბანკო საინვესტიციო პორტფელზე საზედამხედველო ორგანოების მარეგულირებელი ზეგავლენა ვლინდება: წილით აქტივებში, ფასიანი ქაღალდების სახეებით და მათზე დაწესებული ლიმიტებით, აღრიცხვაში ასახვის წესით, რეზერვების შექმნითა და ნორმატივების დადგენით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial