ტურიზმის როლი და მნიშვნელობა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში

ვაჟა შუბლაძე

ეკონომიკური, სოციალური, კულტურული მნიშვნელობისა და საერთოდ, ზრდის მაღალი ტემპების გამო ტურიზმი XX საუკუნის ეკონომიკურ აღმოჩენადაა მიჩნეული. მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობების სააგენტოს მონაცემებით, ტურიზმზე მოდის მსოფლიო პროდუქტის 10% (მცირე და განვითარებად ქვეყნებში ბევრად მეტი), კერძო მოხმარების – 10,9%, მსოფლიო ინვესტიციების – 11,8%, ტურიზმში დასაქმებულთა რაოდენობა კი მსოფლიოში დასაქმებული მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.

ტურიზმი დივერსიფიცირებული დარგთაშორისი კომპლექსია, რაც ეკონომიკაში მის ორმაგ დანიშნულებას განსაზღვრავს. იგი ერთდროულად საწარმოო და არასაწარმოო ფუნქციების მატარებელია: ქმნის ახალ მატერიალურ ღირებულებას, ასრულებს არამატერიალურ მომსახურებას და ახდენს მათ რეალიზაციას.

დივერსიფიკაციის და დარგთაშორისი კავშირების მაღალი დონე ტურიზმის მაღალ მულტიპლიკატურ ეფექტს განსაზღვრავს, რის გამოც, ტურიზმი ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური დატვირთვის სფეროდ გვევლინება.

XXI საუკუნის დასაწყისისათვის მსოფლიო კუტურასა და ეკონომიკაში ტურიზმი ფუძემდებლურ, მდგრადი განვითარების დარგად ჩამოყალიბდა, რომელმაც გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

ტურიზმის განვითარება განხილული უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობასთან მიმართებაში. კერძოდ, როცა შეფარდებითი ფასები არ იცვლება, საერთო რეალური მოხმარების 1%-ით ზრდის პირობებში, ტურისტთა რიცხოვნობა უცვლელია, 2,5%-ით ზრდის პირობებში ტურისტთა რიცხოვნობა 4%-ით იზრდება, 5%-ით ზრდის პირობებში – 10%-ით, როცა საერთო რეალური მოხმარების ზრდა 1%-ზე დაბალია, ტურისტთა რიცხოვნობა მცირდება.

ექსპერტთა მონაცემებით, ტურიზმი XXI საუკუნეში გაცილებით დიდ მასშტაბებს შეიძენს. 2003 წელს მსოფლიოში დაფიქსირებულია 715 მილიონი ტურისტი და ვიზიტორი, რომლებმაც იმ ქვეყნებს, სადაც იმყოფებოდნენ 500 მილირდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მოუტანეს. ამ მაჩვენებლებით, ტურიზმმა მსოფლიოში პირველი ადგილი მყარად დაიკავა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობით მიღებულ შემოსავალს რამდენიმე მილიარდით გადაუსწრო.

მტო-ს ექსპერტთა მონაცემებით, 2020 წლისათვის ტურისტთა რაოდენობა მსოფლიოში 1,5 მილიარდ კაცს მიაღწევს და ე.ი. უახლოეს 15 წელიწადში მსოფლიოში ტურისტთა რაოდენობა გაორმაგდება.

ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გაცნობიერებული. ალბათ, დადგა დრო, როცა უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ეკონომიკური პრიორიტეტების დადგენის ახალი ხედვა, სადაც ამ ეტაპზე, ტურიზმმა თავისი კუთვნილი, მნიშვნელოვნად პრიორიტეტული ადგილი უნდა დაიკავოს.
ბუნებრივია, ისეთი მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აუცილებელია გამოიკვეთოს ტურიზმის პრიორიტეტულობის შემდეგი კრიტერიუმები:
– ტურიზმის ექსპორტაბელურობის მაღალი დონე და აქედან
გამომდინარე, ქვეყნის შემოსავლების ზრდაში მისი დიდი
პოტენციალი;
– მოსახლეობის დასაქმების მასშტაბური შესაძლებლობა;
– რეგიონალური ეკონომიკური განვითარების დონის გათანაბრების რეზერვების არსებობა (ამის შესაძლებლობას იძლევა ტურისტული პოტენციალის ბუნებრივ-გეოგრაფიული
განლაგება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე);
– ეკონომიკის სხვა დარგების (ტურიზმის მომიჯნავე დარგების, კერძოდ: ტრანსპორტი და კომუნიკაციის საშუალებები, ვაჭრობა და მომსახურება, დაზღვევა და საბანკო საქმე,
აგრარული სექტორი, კვების მრეწველობა, მშენებლობა და სხვა) განვითარების მაღალი სტიმულირება, ტურიზმის მაღალი მულტიპლიკატორულ-აქსელერატული ეფექტი.
ტურიზმის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე კონკრეტულად გამოიხატება შემდეგ მაჩვენებლებში:
– შემოსული, გასული და ადგილობრივი ტურისტების რიცხოვნობა;
– ერთი ტურისტის მიერ გაწეული ხარჯები;
– ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები;
– ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი ქვეყანაში შექმნილი საქონელისა და მომსახურების საერთო მოცულობაში;
– ტურიზმის ხვედრითი წილი ქვეყნის ექსპორტში და საგადამხდელო ბალანსში;
– ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები;
– ტურიზმის განვითარებით შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა;
ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია და იმართება ეკონომიკური კანონებით. სწორედ ამიტომ, ტურიზმმა ქვეყნის ეკონომიკურ ბლოკში მისი კუთვნილი პრიორიტეტული ადგილი უნდა დაიკავოს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ უცხოელ ინვესტორებსა და ადგილობრივ მეწარმეთა შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ – რომელი დარგები მიაჩნიათ პერსპექტიულ დარგებად საქართველოში, რომელთა განვითარებაც მომგებიანი იქნება ქვეყნისათვის და ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეებისათვის – დაადასტურა ტურიზმის პრიორიტეტულობა. გამოკითხულთა 66%-მა ყველაზე პერსპექტიულ დარგად ტურიზმი დაასახელა.

მსოფლიოში მიღებულია, რომ, თუ ქვეყანაში კვირის განმავლობაში ერთი ტურისტი იმყოფება, იგი ხარჯავს საშუალოდ 1000 აშშ დოლარს (ქვეყანაში შესვლისათვის გაწეული სატრანსპორტო ხარჯების გარეშე). ამდენად, ძნელია გადააფასო ტურიზმის უნიკალური მნიშვნელობა ქვეყნისათვის შემოსავლების გაჩენასთან და მის ზრდასთან დაკავშირებით. თვითონ განსაჯეთ, განა რამდენი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშავოს ქვეყანამ, რომ მისი ღირებულება 1000 აშშ დოლლარს შეადგენდეს, ან იგივე ღირებულების რამდენი ქვანახშირი უნდა მოიპოვოს და ა.შ. ეს, როცა ლაპარაკია ერთ ტურისტზე, ხოლო თუ მას გადავამრავლებთ ათობით და ასობით ათას ტურისტზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მილიონებზე, მივიღებთ კოლოსალურ შემოსავლებს, რომელიც ქვეყანას ფეხზე დააყენებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დაასაქმებს ხალხს და დაეხმარება ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში.

სწორედ ასეთი მოსაზრებით იყო ნაკარნახევი, როდესაც საქართველოს მთავრობამ 1998 წელს განიხილა ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ერთი მილიონი ტურისტის მაჩვენებელზე გასვლის ამოცანის დასახვას და უახლოესი წლებისათვის მთელი საქმიანობის ამ მიზნის მიღწევისათვის დაქვემდებარებას.

რას ნიშნავს ერთი მილიონი ტურისტის მიღების წლიურ მაჩვენებელზე გასვლა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა? ეს ნიშნავს ერთი მილიარდი აშშ დოლარის საერთო შემოსავალს ქვეყანაში, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში შევა არანაკლებ 500 მილიონი ლარი მხოლოდ ტურიზმიდან, დასაქმდება 100 ათასი კაცი (ძირითადად ახალგაზრდობა), გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყანას მიეცემა საშუალება იცხოვროს საკუთარი შემოსავლებით. ეს ამოცანა კვლავაც მთავარ სტრატეგიულ მიზნად, ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება.

უკანასკნელი 50 წელია მსოფლიოში ტურიზმის განვითარების ტემპები და მასშტაბები რამდენჯერმე აჭარბებს ზოგადად ეკონომიკის განვითარების ტემპებსა და მასშტაბებს. საინტერესოა, რომ ანალოგიური სურათია საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ ტურიზმის განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება და ჯეროვანი ყურადღება დარგის განვითარებას ჯერ კიდევ არ ენიჭება, საქართველოშიც საერთო ეკონომიკის ზრდის ტემპებს (2000 წლიდან დაწყებული) 2-3-ჯერ აჭარბებს ტურიზმისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები (ამაზე მიუთითებს ეკონომიკის სამინისტროსა და სტატისტიკის უწყების ოფიციალური მონაცემებიც). ოღონდ საქართველოში, რატომღაც, მას თავისი სახელი – ?ტურიზმი” არ ჰქვია და ყველა კლასიფიკატორში მოხსენიებულია სპეციალური გრაფით, როგორც ?სასტუმროები და რესტორნები”.

ერთი საინტერესო მომენტიც: მსოფლიოში, თვითონ ტურიზმის განვითარების ტემპებში, გაცილებით მეტი ზრდის ტემპით განვითარებადი ქვეყნების ტურიზმი ხასიათდება, ვიდრე განვითარებული ქვეყნებისა. საქართველო კი, მსოფლიო რუქაზე სწორედ ასეთი განვითარებადი, გარდამავალი ეკონომიკის მქონე, ახალი ქვეყანაა. სწორედ ამიტომ, ეს არის შანსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს ტურიზმის დარგში (ცალკე აღებული) განვითარებულ ქვეყნებთან ერთობლიობაში ვაჭრობის დადებითი სალდო გააჩნიათ.

ტურიზმი 49 ნაკლებად განვითარებული ქვეყნისათვის სავალუტო შემოსავლების მთავარი წყარო გახდა და ამავე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის ძირითად შემადგენელთა პირველ სამეულშია.5

ტურიზმის დარგს განვითარებადი ქვეყნებისათვის განსაკუთრებული საექსპორტო მნიშვნელობა გააჩნია. ასეთი ქვეყნებისათვის ტურისტული პროდუქტი ძირითადი საექსპორტო ?საქონელია”. ტურიზმის ექსპორტი (ტურისტების შემოყვანა ქვეყანაში, ანუ ტურისტული მომსახურების გაყიდვა საზღვარგარეთ) მთლიანად მუშაობს შიდა ბაზრის გაფართოებაზე. ეს ამ დარგის უნიკალური თვისებაა, რომელიც მას სხვა დარგებთან მიმართებაში მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.

მსოფლიომ კარგად იცის ტურიზმის კიდევ რამდენიმე განსაკუთრებული თვისება. მაგალითად, უშუალოდ ტურიზმში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი, მომიჯნავე დარგებში ქმნის სამ ახალ სამუშაო ადგილს, როგორიცაა: ტრანსპორტი, მომსახურება, ვაჭრობა და სხვა. ტურიზმის შემოსავლების ერთი ერთეულით ზრდა, მომიჯნავე დარგებში შემოსავლების ორი ერთეულით ზრდას იწვევს.

ტურიზმს ერთი უნიკალური თვისებაც აქვს, რომელიც არც ერთ სხვა დარგს არ გააჩნია – მას შეუძლია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონის გათანაბრება. ტურიზმის განვითარება გარკვეულწილად სტიმულატორის (კატალიზატორის) როლს ასრულებს ქვეყანაში უამრავი სხვა დარგის განვითარებისათვის. ის კავშირშია მრავალ მომიჯნავე და არამომიჯნავე დარგების განვითარებასთან.

აქვე წარმოვადგენთ მსოფლიოში აღიარებულ სქემას ტურისტების კლასიფიკაციის შესახებ, თუ ვინ ითვლება ტურისტად. თვითონ ქვეყანაში მიღებული ვიზიტორები დაყოფილია ორ კატეგორიად – ტურისტებად და ერთდღიან ვიზიტორებად. როგორც სქემაზე ჩანს ტურისტად იწოდება ქვეყნის ყველა უცხოელი სტუმარი, გარდა საზღვრისპირა მუშაკებისა (რომლებიც დილით გადიან სამუშაოდ სხვა ქვეყანაში და საღამოს ბრუნდებიან), დროებითი და მუდმივი ემიგრანტები, მომთაბარენი, ტრანზიტული მგზავრები (რომლებიც არ შემოდიან ქვეყანაში), ლტოლვილები, სამხედროები და დიპლომატები.

ამ სქემის შესაბამისად, 2003 წლის მონაცემებით, საქართველოში ტურისტთა რაოდენობამ შეადგინა 313,4 ათასი კაცი.

1995 წლიდან უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ შორს არის დიდი ტურიზმისაგან, უკვე დღეს იგი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სტატისტიკის მონაცემებით, გასული 2003 წლის შედეგებით, ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის 9-10%-ს შეადგენს, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან შესულია 100 მილიონზე მეტი ლარი. უშუალოდ ტურიზმში მომუშავეთა რაოდენობა 8 ათასი კაციდან (1998 წლის მონაცემებით) 17 ათასამდე გაიზარდა (2003 წ.), საერთოდ ტურიზმში დასაქმებულთა რაოდენობამ კი, 51 ათასს მიაღწია.

ზემოაღნიშნული მონაცემები გაანგარიშდა მსოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგიით, ტურისტთა დანახარჯების შეფარდებითი ანალიზის საფუძველზე, სატელიტური ანგარიშების გათვალისწინებით. 2000 წელს აღნიშნული მეთოდოლოგია საქართველოში პირველად ტურიზმის სახელმწიფო უწყების ინიციატივით შემუშავდა, რომელშიც ტურიზმის დარგის გარდა მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საბაჟო და საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლები და ექსპერტები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial