რისკის ანალიზზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის განხორციელება საქართველოში

რუსუდან სეთურიძე, მზია ტიკიშვილი

წინა წლებში დაწყებული და უკვე წარმატებით განხორციელებული რეფორმების მეშვეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობაში, ასევე ფინანსური და ფისკალური სფეროების განვითარებაშიც. ამ პროგრესის და 2005-2009 წლების სტრატეგიული გეგმის შესრულების მდგომარეობის გათვალისწინებით ფინანსთა სამინისტრო 2009-2011 წლებში მუშაობას შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით აგრძელებს:

– საბიუჯეტო პოლიტიკა;
– ხაზინის განვითარება;
– საფინანსო პოლიტიკა;
– შემოსავლების მობილიზება;
– ინსტიტუციური განვითარება.
ამ სტრატეგიის უმთავრესი მიზანია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა.
საინტერესოა, რომ 2008 წელს მსოფლიო ბანკის კვლევაში – “აკეთე ბიზნესი” – საქართველოს მე-18 ადგილი ეკავა. 2007 წელს საქართველო აღიარეს მსოფლიოს #1 რეფორმატორ ქვეყანად. ამავე წელს ჩვენმა ქვეყანამ 35-ე ადგილი (161 ქვეყნიდან) მიიღო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით.
ახალი საგადასახადო კოდექსი (2005) და ახალი საბაჟო კოდექსი (2006) მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო ბიზნეს-გარემოსა და ვაჭრობის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. ამასთან, აუცილებელი იყო შემდგომი რეფორმები.
2008 წლის იანვარში მუშავდებოდა რისკების მართვის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ: მოხდა აღნიშნული სისტემის ტესტირება და მისი ანალიზი, შეიქმნა რისკის კრიტერიუმებზე დამყარებული რისკის პროფილები და სისტემის დანერგვა/მუშაობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა. პარალელურად რისკის მართვის სისტემის შესასწავლად ხდებოდა საბაჟო დამუშავების ოპერაციების განყოფილებების თანამშრომლების მომზადება. მსგავსი გამოცდილება დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვეიცარია, რუმინეთი და ა.შ.
საბოლოო ჯამში 2008 წლის 1 თებერვლიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციების განყოფილებებში დაიწყო რისკის მართვის სისტემის ეტაპობრივი დანერგვა. ამ პროცესმა მოიცვა ყველა რეგიონალური ცენტრი. პერიოდულად ხდება რისკის კრიტერიუმებზე დაფუძნებული რისკის პროფილების განახლება. მიმდინარეობს სისტემატიური მუშაობა რისკის მართვის სისტემის დასახვეწად და მისი სრულყოფისთვის.
ამ სისტემის დანერგვის შედეგად მკაცრად რეგლამენტირებულია გადაწყვეტილება დეკლარირებული საქონლის დათვალიერებაზე. მითითება ხორციელდება მხოლოდ მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით, ან საბაჟო ორგანოს საშუალო დონის მენეჯერის მიერ მებაჟე-ინსპექტორის წერილობითი დასკვნის საფუძველზე. დათვალიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ფიქსირდება ელექტრონულ ბაზაში, რაც მიმდინარე რეჟიმიდან გადაწყვეტილების მიღების პროცედურაზე მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
მოხდა დათვალიერების პროცედურის დაწვრილებითი რეგლამენტაცია; განისაზღვრა საქონლის მფლობელის, დეკლარანტის, საბაჟო მოხელის, საბაჟო საწყობის უფლება-მოვალეობები. მოხდა დათვალიერების უწყების, ასევე დათვალიერების აქტის სტანდარტიზაცია და უნიფიცირება. ყოველივე ამან მნიშვნელოვნად შეამცირა იმპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული დრო, მოხდა კორუფციის პრევენცია.
პროგრამა ASYCUDA++-ში, რომელიც გაეროს ექსპერტების მიერ შეიქმნა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონცეფციის UNCTAD-ის (United Nations Conference on Trade and Development) ფარგლებში, ჩადებულია შემდეგი იდეოლოგია: სისტემა ფუნქციონირებს დერეფნების ფერებისა და შემთხვევითი შერჩევითობის (RANDOM) პრინციპით. მისი დახმარებით განხორციელდა პრობლემატური რისკების გამოთვლა, ანუ სისტემაში განთავსებულია სხვადასხვა შინაარსის რისკის პროფილი, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული რისკის კრიტერიუმების ერთობლიობას წარმოადგენენ. საბაჟოზე შემოსული ტვირთი ამჟამად სწორედ ამ რისკების მეშვეობით მოწმდება. თუ ტვირთი რომელიმეს მიესადაგება, სისტემა მას თავადვე ანაწილებს შესაბამისი ფერის დერეფანში. დღესდღეობით მუშაობს 20-მდე რისკის პროფილი, რომლებიც შექმნილია აღურიცხავი საქონლის (არადეკლარირებული) შემოტანის პრევენციისათვის, სასაქონლო კოდების მანიპულირებისთვის და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად. ასევე, ნაკლებად რისკიანი ორგანიზაციების (სამთავრობო სტრუქტურები და დიპლომატია) და საქონლის მაქსიმალურად გამარტივებული საბაჟო პროცედურების განსასაზღვად. სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის გაფორმებისას სისტემა ადარებს დეკლარაციის და რისკის პროფილების მონაცემებს. მათი თანხვედრის შემთხვევაში გადაჰყავს დეკლარაცია შესაბამისი ფერის დერეფანში. დერეფნების ფერები განისაზღვრება რისკის პროფილების შინაარსით და ასევე შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით. მწვანე დერეფანი გულისხმობს წარმოდგენილი საბაჟო დოკუმენტაციის კამერალური შემოწმებისა და ფიზიკური დათვალიერების გარეშე გაშვებას, ყვითელი – დეკლარირებული საქონლის საბაჟო დოკუმენტაციის და თანდართული დოკუმენტაციის კამერალურ შემოწმებას, წითელი – დეკლარირებული საქონლის, როგორც კამერალურ შემოწმებას, ისე საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას, ხოლო ლურჯი – დეკლარირებული საქონლის გაშვების შემდგომ აუდიტს. სისტემის მიერ დეკლარაციის შესაბამისი ფერის დერეფანში გადატანის შემდეგ საბაჟო მოხელეს ელექტრონული სახით მიეწოდება შეტყობინება გასატარებელი ღონისძიების შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციას არ შეეხო რისკის პროფილი, სისტემა მას შესაბამის ფერს “შერჩევითობის პრინციპით” მიანიჭებს. ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ მწვანე, ყვითელი და წითელი დერეფანი და სისტემა ვრცელდება მხოლოდ იმპორტის საბაჟო რეჟიმზე.
მეორე მხრივ, პროგრამა ASYCUDA++ დაყოფილია ფუნქციონალურ სამუშაო სფეროებად, სადაც სპეციალური ოპერაციებია წარმოდგენილი. ერთ-ერთი სფერო დეკლარაციის შევსების პროცესში ორმაგ კონტროლს უზრუნველყოფს. ავტომატიზებულად წყდება საბაჟო დეკლარაციის ფორმირებასთან დაკავშირებული ამოცანები. მეორე სფეროში ხდება საბაჟო ტვირთების აღრიცხვის ოპერაციები, მესამე სფეროში კი – საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება და სხვა.
პროგრამული კომპლექსით ჩქარდება განბაჟების პროცედურები, მცირდება შეფერხებები საექსპორტო ტვირთის საბაჟო შემოწმებისას. ექსპორტთან და იმპორტთან დაკავშირებული პროცესების მართვა ხდება ერთიანი გამოთვლითი ქსელის საშუალებით. გამოთვლით ქსელში გათვალისწინებულია დაცვა არასანქცირებული შეღწევისგან. საბაჟო ოპერაციები გამჭვირვალე და ოპერატიულად მართვადი ხდება.
თუ გასულ წლებში, ტვირთების 100%-ს მებაჟე ფიზიკურად ამოწმებდა, დღეს რისკის მართვის სისტემის დანერგვის შედეგად იმპორტის საბაჟო რეჟიმით დეკლარირებული საქონლის 15% წითელი დერეფნის შესაბამისად მოწმდება, ანუ ხდება მისი ფიზიკური დათვალიერება, ხოლო 85% – ყვითელი დერეფნის შესაბამისად (საბაჟო-სატვირთო დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტაციის შემოწმება). ამ დერეფანში საქონლის კამერალურ შემოწმებას და მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას მხოლოდ 2 საათი სჭირდება. ამდენად, იმპორტიორებისთვის შემცირდა დროის დანაკარგი, დაიზოგა მათი ფინანსები და სატერმინალო ხარჯები, გამარტივდა საბაჟო პროცედურები. შემოსავლების სამსახურისთვის კი გაიზარდა საქონლის დათვალიერების ხარისხი, გამოთავისუფლდა საბაჟო რესურსები ნაკლებად რისკიანი საქონლის დათვალიერებისაგან და მოხდა მათი კონცენტრირება მაღალრისკიან საქონელზე. რაც მთავარია, შემცირდა კორუფციის დონე: აღნიშნული სისტემა გამორიცხავს საბაჟო მოხელესა და იმპორტიორს შორის რაიმე სახის გარიგების შესაძლებლობებს, რაც კორუფციასთან საბრძოლველად წინგადადგმული ეფექტური ნაბიჯია.
მომდევნო ეტაპებზე მოხდება რისკის მართვის სისტემის მაქსიმალურად ეფექტური და მოქნილი მექანიზმის ჩამოყალიბება და მისი დახვეწა. შეიქმნება რისკის ახალი პროფილები, მაგალითად, ორმაგი დანიშნულების საქონლის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების, ნარკოტიკული ნივთიერებების, ფლორისა და ფაუნის, ბირთვული და რადიაციული საქონლის და ა.შ. ბრუნვის მაქსიმალური კონტროლისათვის გაგრძელდება მუშაობა ლურჯი დერეფნის დასანერგად. მოხდება AშYჩUDA ჭორლდ-ზე გადასვლა და რისკის მართვის სისტემის ახალ საბაჟო რეჟიმებში დანერგვა. მაქსიმალურად შემცირდება იმპორტიორებისთვის დროის დანახარჯები. გაიზრდება ფიზიკური დათვალიერების ხარისხი. სისტემატური ტრეინინგები ჩატარდება საბაჟოს თანამშრომლებისატვის და ამაღლდება მათი კვალიფიკაცია.
პარალელურად მუშავდება საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის (“ოქროს სია”) დანეგვასთან დაკავშირებული საკითხები. მიმდინარეობს კანდიდატთა განცხადების განხილვა მათი საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის სიაში დასარეგისტრირებლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტესტირებას გადის დეკლარირების ელექტრონული სისტემა – “ASYCUDA წრლ”-ი, რომლის საშუალებითაც საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეები მოახდენენ საქონლის დეკლარირებას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული ღონისძიებების გატარებამ, ერთის მხრივ, გაამარტივა საბაჟო პროცედურები და შეამცირა ტვირთების გატარების დრო, ხოლო მეორეს მხრივ, მკვეთრად შეამცირა კორუფციის დონე საბაჟოზე. “გარდამავალი ინსტიტუციონალური ხელშეწყობის პროგრამა” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოში ეუთოს (OSCE) მისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია.
საქართველოში იგეგმება ყველა საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე რისკის მართვის სისტემის დანერგვა:
რისკის მართვა (კონტექსტის და პოტენციური რისკების შეფასება);
ინფორმაციის შეგროვება;
რისკის იდენტიფიკაცია, ანალიზი და კლასიფიკაცია;
რისკის კონტროლი და განხორციელება;
რისკის ინდიკატორები;
რისკის პროფილი;
რისკის განხილვა;
რისკის ბალანსი, ეტაპები და უსაფრთხოება;
რისკზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
მონიტორინგი და რისკის პროცესის განხილვა;
რისკის მართვა ტერიტორიის საზღვრებზე უკანონო ნარკოტიკებთან საბრძოლველად;
რისკის მართვა აეროპორტებში უკანონო ნარკოტიკებთან საბრძოლველად;
სასცენარო ტრინინგი (როლური თამაშები პრაქტიკული სავარჯიშოების სახით) სასაზღვრო პოლიციის და საბაჟოს თანამშრომლებისათვის;
ამრიგად, რისკის ანალიზზე დაფუძნებულმა საბაჟო კონტროლმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რამაც გამოხატულება ჰპოვა ადმინისტრაციული ბარიერების შემცირებაში, ბიზნეს-სექტორისათვის საბაჟო გაფორმების პროცედურების გამარტივებაში, საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული დროის შემცირებაში. მოხდა კორუფციის პრევენცია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial