ფინანსური სფეროს ახლებური რეგულირება

ალექსანდრა ლალიაშვილი, ეკა ქაროსანიძე

გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მთავრობებს უბიძგა გაეძლიერებინათ საფინანსო სფეროს რეგულირება. ბანკებისა და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების გადასარჩენად საჭირო გახდა მთავრობების ფინანსური დახმარება. შედეგად, აშშ-იც და ევროპაშიც იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მომავალში მსგავსი ფინანსური კრიზისისა და სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საფინანსო სფეროს რეგულირების გაზრდა. საქართველოშიც დაიწყო მსჯელობა ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალურ და ფუნქციონალურ გაძლიერებაზე.

საქართველოში არსებული რეალობის განხილვამდე გავეცნოთ მსოფლიოში მიმდინარე რამდენიმე ტენდენციას. ევროკომისიის წინადადებით საჭიროა შეიქმნას ახალი ორგანიზაცია, რომელიც გააკონტროლებს ევროსაბჭოს ფინანსური სისტემას. კერძოდ, ევროკომისიას სურს შექმნას სისტემური რისკების ევროპული საბჭო (European Systemic Risk Council, ESRC), რომელსაც ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის ძირითადი ამოცანა იქნება ევროსაბჭოს ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საბჭოს შექმნა ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ადეკვატური ნაბიჯია. ევროკომისიას ასევე სურს ფინანსური დაკვირვების ევროპული სისტემის შექმნაც. მასში შევლენ იმ ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას აკვირდებიან. ევროპის ცენტრალური ბანკი გააკონტროლებს ეკონომიკის საერთო მდგომარეობას და არა კონკრეტულ საკრედიტო ორგანიზაციებს.
ყველა ქვეყანა არ ეთანხმება რეგულირების გაზრდას, ამ საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა. Eევროკომისიის გეგმის წინააღმდეგ უკვე გამოვიდა დიდი ბრიტანეთი. ნისლიანი ალბიონის მთავრობა შიშობს, რომ ახალ ფინანსურ რეგულატორებს გადაჭარბებული უფლებამოსილება მიენიჭებათ, რაც ევროსაბჭოს ცალკეული ქვეყნების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზო კი თვლის, რომ ახალმა რეგულატორებმა საქმიანობა უკვე 2010 წლიდან უნდა დაიწყონ.
რეგულირების ახალი ნორმების შემოღების მომხრეა აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი და უახლოეს მომავალში ამისათვის საკანონმდებლო პაკეტის მომზადებასაც აპირებს. მითუმეტეს, რომ მას ბარაკ ობმასგანაც აქვს სათანადო მხარდაჭერა.
შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილებებს მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ ცხელ გულზე და მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ ღებულობენ. ანალიზისათვის კი ცივი გონების მოხმობა, ალბათ, უფრო უპრიანი იქნებოდა. მაგრამ ცხადია – დიდი ცვლილებებისა და გარდატეხის ერა დაიწყო. საერთაშორისო ფერხულს არც საქართველო ჩამორჩება და ჩვენშიც უკვე დიდი ხანია მსჯელობენ ფინანსური სფეროს ახლებურ რეგულირებასა და სხვადასხვა ნორმების შემოღებაზე. თუმცა ერთია საუბარი, მეორე – პრაქტიკული ქმედებები და მესამე პროგნოზები, შეფასება იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ფინანსურ სექტორზე. ჩვენ ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ეკონომიკის ექსპერტ დავით ნარმანიასაგან შევეცდებით.
ეროვნული ბანკი კვლავ ძლიერდება
“ეროვნულ ბანკში ფუნქციონალური და ინსტიტუციონალური ცვლილებები განხორციელდება – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. მისი თქმით, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტთან ერთად მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელთა მიზანია ეროვნული ბანკის ფუნქციონალური და ინსტიტუციონალური გაძლიერება. ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთენ და აღნიშნავენ, რომ დეტალები მალე გაირკვევა. ჯერჯერობით ოფიციალურად არ კონკრეტდება, რა მიმართულებით მოხდება ბანკის ფუნქციონალური და ინსტიტუციონალური გაძლიერება. თუმცა საუბრობენ ეროვნული ბანკისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ხელახალ გაერთიანებაზე.
ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია: როცა ეროვნული ბანკიდან გამოიყო ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, მე გავაკეთე მნიშვნელოვანი დასკვნა, თუ რატომ იყო ეს უკან გადადგმული ნაბიჯი. ეროვნული ბანკი ყველა ქვეყანაში მთავრობისაგან დამოუკიდებლი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ჰყავს კოლეგიალური ორგანო და მის მიერ მიღებული პოლიტიკის საფუძველზე განსაზღვრავს თავის პოლიტიკას. მეორე საკითხი ისაა, რომ ბანკი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა უფლებით და ის არ უნდა იყოს პასუხისმგებელი მხოლოდ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. ანუ, ერთ ინსტიტუტს უნდა ექვემდებარებოდეს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა ბერკეტი. მაგალითად, თუ ეროვნულ ბანკს ჩვენ მხოლოდ ინფლაციის რეგულირებაზე პასუხისმგებლობას დავაკისრებთ და მას კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქცია არ ექნება, ძალიან მალე არასასურველ შედეგამდე მივალთ. Aმსგავსი რამ მოხდა კიდეც ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონერების შედარებით მცირე პრაქტიკა ჰქონდა, ეროვნული ბანკიდან მისი გამყოფის შემდეგ თავი იჩინა არასასურველმა პროცესებმა. ამის გამო ისევ დადგა დღის წესრიგში ძლიერი ეროვნული ბანკის არსებობის საკითხი. გარდა ამისა, დერეგულირების გაზრდისა და რეგულირების შესუსტების პოლიტიკამ არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანა არამარტო ფინანსურ სექტორში, არამედ ბევრ სხვა სფეროშიც. როცა ეროვნულ ბანკს ჩამოერთვა ეს ფუნქცია და ცალკე შეიქმნა ფინანსური ზედამხედველობის საგენტო, მაშინ საუბარი იყო არა მხოლოდ ეროვნული ბანკის რეფორმირებაზე, არამედ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა უზარმაზარი პაკეტი. ამას დაერქვა რაღაც პანაცეური საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველო უნდა გადაქცეულიყო არამარტო რეგიონის, არამედ მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად. თუმცაღა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯები და შედეგები ფინანსური პაკეტის მიღების შემდეგ ჩვენ ვერ ვიხილეთ.

დასავლეთში საუბრობენ რეგულირების გაზრდაზე,
საქართველოში კი – შემცირებაზე
საქართველოს მთავრობა მუშაობს ბანკებისთვის რეგულირების ნორმების შესამსუბუქებლად. დეტალები ამის თაობაზე არ კონკრეტდება არც მთავრობაში და არც ეროვნულ ბანკში. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელი კრისტიანსენი აცხადებს, რომ ბანკების სტიმულირების ერთ-ერთი საშუალებაა კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტის შემცირება, რაც ბანკებს გაცემულ რესურსებზე კაპიტალის შემცირების უფლებას მისცემს. კრისტიანსენის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ბანკები ნორმალურ მდგომარეობას ინარჩუნებენ და არც ერთ მათგანს მნიშვნელოვანი სირთულეები არ აქვს. თუმცა პრობლემამ სხვა სახე მიიღო. ბანკები თანხებს გასცემენ, თუმცა მათ კლიენტები აღარ ჰყავთ. არა მგონია, რომ აქ ნდობის საკითხი იყოს გადამწყვეტი. უბრალოდ, მოსახლეობამ მასობრივად დაკარგა სამსახური” ამბობს კრისტიანსენი. იგი განმარტავს, რომ მუშაობენ რეგულირების სხვა ნორმების შემსუბუქებაზეც. თუმცა კრისტიანსენი აგრეთვე აღნიშნავს, რომ სწორედ რეგულირების სიმკაცრეა იმის გარანტი, რომ რთულ ვითარებაში ბანკები სიმყარეს ინარჩუნებენ.
საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, აზრთა სხვადასხვაობაა რეგულირების გაზრდა-შემცირების საკითხზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მხარს არ უჭერს საქართველოს საბანკო სექტორისთვის რეგულირების ნორმების შემსუბუქებას. იბიარდის ხელმძღვანელი საქართველოში ირაკლი მექვაბიშვილი ეროვნულ ბანკს არ ურჩევს კომერციული ბანკების რეგულირების ნორმების შემსუბუქებას და უფრო ლიბერალიზაციას. მისი განმარტებით, საბანკო სისტემამ სწორედ რეგულირების ნორმების სიმკაცრის წყალობით გაუძლო რთულ ვითარებას მაგალითისთვის, კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა საქართველოში მკაცრია, თუმცა ამის დამსახურებაა, რომ აგვისტოს მოვლენებისა და ფინანსური კრიზისის პერიოდში საბანკო სისტემა არ დაირღვა – ამბობს მექვაბიშვილი.
დავით ნარმანია: ამ შემთხვევაში მე აბსოლუტურად ვეთანხმები EBღD-ის პოზიციას. არ შეიძლება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის საბაბით შევამციროთ რეგულირების ფორმა და ზომა ფინანსურ სექტორში. ფინანსური სექტირისთვის შეიძლება ბევრი სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რაიმეს გაკეთება, რაც მას ამ ნორმის შემცირებაზე მეტად წაადგება.
ს.ე. – მაგალითად?
დ.ნ. – მაგალითად, გავაანალიზოთ მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და საფინანსო სექტორის სტაბილურობისაკენ მიმართული მათი ქმედებები გასული წლის ოქტომბრის შემდეგ. გადმოვიღოთ მათგან რამოდენიმე საინტერესო ელემენტი, რომელიც ჩვენი საფინანსო სისტემის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
ს.ე. – გამოდის რომ, ამ შემთხვევაში ჩვენ საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ. პროცესები ევროპაშიც და ამერიკაშიც რეგულირების ნორმების გამკაცრებისაკენ მიდის.
დ.ნ. – რა თქმა უნდა. ასეთი კრიზისის პირობებში ყველა ქვეყნის ხელისუფლება დაინტერესებულია სტაბილურობით. მასობრივი დესტაბილიზაციისა და ყოველდღიური ცვლილების დროს კი აუცილებელია რეგულირების დამატებითი ბერკეტები. აქ ხდება პასუხისმგებლობის გადანაწილება. სახელმწიფო თავის თავზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას რეგულირებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით. გარკვეულ რისკებს თავის თავზე იღებს ბიზნესიც და ასე შემდეგ. მთავარი ისაა, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ყველაზე მეტად სახელმწიფოა დაინტერესებული ბიზნესის სტაბილურობით. სტაბილური ბიზნესი მეტ შემოსავალს აძლევს სახელმწიფოს. მეტი შემოსავალი კი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს. ბოლო პერიოდში ყველა ნორმალური ქვეყნის გამოცდილებას თუ გადავხედავთ, მათ დადეს რეალური ანტიკრიზისული გეგმები. უკვე აგვისტოს მოვლენების შემდეგ სწრაფად უნდა შექმნილიყო ანტიკრიზისული გეგმა საქართველოში. მაგრამ უკვე 10 თვე გავიდა და ქვეყანამ ვერ შექმნა მსგავსი გეგმა. გაუგებარია, რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება ხვალ-ზეგ. რაღაც ინფორმაციები ვრცელდება თითქმის ყოველდღე, მაგრამ მათ არ მოსდევს რეალური შედეგები.
რამდენად გაამართლებს საქართველოში
საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სქემის შემოღება?
მსოფლიო კრიზისის გამო მილიონობით დოლარის ზარალის მიღების შემდეგ, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს გაზარდონ მოთხოვნები საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ. ექსპერტების აზრით, თუ ბანკებს დაეკისრებათ უფრო დიდი საკუთარი კაპიტალი და რეზერვების ქონა, ბუმი აღარ მივა გადახურების სტადიამდე, კრიზისის ალბათობა კი შემცირდება. თუმცა, შესაძლებელია ამ მოთხოვნებმა დააზარალოს ეკონომიკა. თანხები შემოაკლდება ისეთ პროექტებს, რომლებმაც შესაძლოა მაღალი უკუგება მოიტანონ. სად ვეძებოთ გამოსავალი?
ეკონომიკურ კონფერენციაზე, რომელიც კანზას-სიტის ფედერალურმა სარეზევო ბანკმა აშშ-ში ჩაატარა, ექსპერტებმა შემოიტანეს კაპიტალის დაზღვევის წინადადება. იგი გულისხმობს, რომ ნორმალური ფუნქციონირების დროს ბანკები ყიდულობენ სადაზღვეო პოლისებს, რომელიც კრიზისის მომენტში დამატებითი კაპიტალის შემოდინების წყარო ხდება.
ახალი წინადადების სამუშაო სქემა ასეთია: რომელიმე საპენსიო ან ეროვნული კეთილდღეობის უზრუნველყოფის ფონდი ამაზე პრემიას დააწესებს, ვთქვათ 10 მლრდ დოლარის ოდენობით. წინასწარ მოლაპარაკებული პირობების დადგომისას კი ეს თანხები ბანკებს მიეწოდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასაც ურჩევს შემოიღოს საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. ედვარდ გარდნერი, ფონდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს, რომ ბანკებისადმი ნდობის დასაბრუნებელი ერთ-ერთი საშუალება დეპოზიტების დაზღვევაა. ჩვენ განვიხილეთ დეპოზიტების დაზღვევის საკითხი მთავრობასთან ერთად და მივეცით რჩევა, რომ ეს სისტემა დაინერგოს. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რადგანაც შეცდომის დაშვების შემთხევვაში, შესაძლოა, მას უარყოფითი შედეგი ჰქონდეს აცხადებს გარდნერი.
საინტერესოა, რამდენად ეფექტურია დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ქართული ბანკები ახლა, საქართველოში დაზღვევის ასეთი სისტემა რომ ფუნქციონირებდეს?
დღესდღეობით, საქართველოში მოსახლეობის ნდობა ბანკების მიმართ დაბალია. ამის დასტურია ის, რომ ფულადი მიმოქცევის დონე ბანკების გარეთ ძალიან მაღალია, ხოლო საბანკო ოპერაციების უმრავლესობა უცხოური ვალუტით ხორციელდება.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის უმთავრესი მიზანია კომერციული ბანკებისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლება. ამისათვის მათი რესურსული პოტენციალის გაზრდაა საჭირო. ეს კი პირდაპირ უკავშირდება კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და, შესაბამისად, ეკონომიკის ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა.
უნდა შეიქმნას სპეციალური სადაზღვევო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკის გაკოტრების შემთხვევაში უზრუნველყოფს მისი კლიენტების ანაბრების მთლიან ან ნაწილობრივ ანაზღაურებას. საქართველოში ასეთი დაწესებულება დღემდე არ არსებობს. ეს უარყოფითად ზემოქმედებს მოსახლეობის დეპოზიტების ზრდაზე.
ცხადია, დღეს დეპოზიტების სადაზღვევო ფონდში ჩართვა და განსაზღვრული საპროცენტო თანხის გადახდა კიდევ უფრო დაამძიმებს ბანკების მდგომარეობას და შეიძლება ისინი გაკოტრებამდეც კი მიიყვანოს. პრობლემის გადასაჭრელად საწყის ეტაპზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამ ბანკების სუბსიდირება დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩართვისთვის. ეს ბანკებს დაეხმარება მეანაბრეების ნდობის დაბრუნებაში. ფონდის შექმნის საწყის ეტაპზე მისი მართვის სისტემაში და თავდაპირველ დაფინანსებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, ლატვიაში მთავრობის საწყისი შენატანი აღნიშნულ ფონდში იყო 8,6 მლნ დოლარი, ლიტვაში – 1,8 მლნ დოლარი.
საქართველოს პარლამენტი ყოველი წლის ბოლოს იღებს დადგენილებას ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა იხელმძღვენელოს. 2004, 2006 და 2007 წლების ამგვარ დადგენილებაში ფიგურირებდა დეპოზიტების დაზღვევის თემა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ჯერჯერობით დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სისტემა და კანონი არ აქვს. საქართველო ერთადერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი სქემის არსებობა გარკვეულწილად მორალურ რისკთანაა დაკავშირებული. დეპოზიტების დაზღვევის პირობებში საბანკო დაწესებულება შეიძლება გაუმართლებელ რისკზე წავიდეს იმის ფიქრით, რომ მეანაბრის ინტერესებს საფრთხე არ ემუქრება. შესაძლოა მეანაბრემაც თავისი ანაბარი ისეთ ბანკს მიაბაროს, რომელიც ფინანსური სიმყარით არ ხასიათდება, მაგრამ მას მაღალ სარგებელს სთავაზობს. კლიენტი თავს დაიმშვიდებს, რომ თუ ბანკი გაკოტრდება, თანხას დეპოზიტების დაზღვევის სისტემა აუნაზღაურებს.
გასულ ზაფხულს ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ ბანკებიდან დეპოზიტების გატანა დაიწყო. ამ პერიოდში საბანკო სექტორიდან დაახლოებით 300 მლნ დოლარის მოცულობის დეპოზიტი გავიდა, რის გამოც ბანკებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ადგილობრივი ბაზრებიდან მიღებული ყველაზე იაფი სახსრები. გაჩნდა ბევრი პრობლემური სესხი, რომელებიც დროულად ვერ დაიფარა. ყოველივე ზემოთქმულმა ბანკებს სერიოზული პრობლებები შეუქმნა როგორც ლიკვიდურობის თვალსაზრისით, ასევე ფინანსური სტაბილურობის კუთხითაც.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არსებობა, ბანკის თავიდან ააცილებდა ასეთი მოცულობის ლიკვიდური აქტივების გადინებას. მსგავსი პანიკის ვითარებაში, სწორედ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაა ის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც საბანკო სექტორს იცავს.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რომ გვქონოდა ასეთი მოცულობის ლიკვიდური აქტივების გადინებას საბანკო სექტორი თავიდან აიცილებდა. როცა მსგავსი პანიკური სიტუაციაა, სწორედ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაა ერთ-ერთი მექანიზმი, რომ საბანკო სექტორი იყოს დაცული.
ს.ე. – ბატონო დავით, გაამართლებს თუ არა სადეპოზიტო სქემების დაზღვევის სისტემა საქართველოში არსებულ ვითარებაში?
დ.ნ. – ბოლო რამდენიმე წელიწადია უკმარისობის გრძნობა მაქვს დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებით. საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა აუცილებელია საფინანსო სისტემის სტაბილურობისათვის. ამით სადაზღვევო კომპანიებს დამატებითი შემოსავლები უჩნდებათ, ხოლო ადამიანები, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც დეპოზიტებზე გარკვეული თანხა აქვთ, გადაიხდიან გარკვეულ სადაზღვევო შენატანს და თავს მშვიდად იგრძნობენ.
ამ მექანიზმს საქართველოში ადრე თუ გვიან შემოიღებენ. თუმცა, ეს საკითხი მანამდე უნდა გადაწყვეტილიყო, სანამ საფინანსო კრიზისის გავლენა საქართველოზე გაძლიერდებოდა. ახლა, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე რეალობის გათვალისწინებით, არამომგებიანი და არაპოპულარული იქნება ასეთი დაზღვევის სისტემის შემოღება. თუმცა, მეორე საკითხია ის, თუ ვისზეა ყოველივე ეს დამოკიდებული? არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი ეს სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს. ამ საკითხებით უნდა დაინტერესდნენ საბანკო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები და თავადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული პროდუქტის არსებობა ბაზარზე საჭირო და აუცილებელია.
ახალი ვალი, ამჯერად შიდა
თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს კრიზისი მძიმედ არ შეეხება, ფაქტი ჯიუტია და შეუძლებელია საქართველო კრიზისისაგან შორს გეგულებოდეს იმ ფონზე, როცა ბანკები თანამშრომლებს ამცირებენ, არ გასცემენ კრედიტებს, საანგარიშო წელს კი ზარალით ასრულებენ. კრიზისი აქვეა და იგი იმდენად შეეხო ქართულ საბანკო სისტემას, რომ ეს უკანასკნელი საკომისიო მომსახურების ხარჯზე აგრძელებს არსებობას. დაშინებული ბანკები ფულს აღარ გასცემენ. კერძო სექტორში ფულის დაბანდება სარისკოა, რადგან მოსახლეობა ფაქტობრივად შემოსავლების გარეშეა დარჩენილი და შესაბამისად, გადახდისუუნარობის რისკი მაღალია.
საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია. ამიტომაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ადგენენ გეგმებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი კომერციული ბანკების დასახმარებლად.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ბანკებისათვის 800 მლრდ დოლარი გამოიყო. მანამდე ბანკების დასახმარებლად 700 მლრდ ბუშის მხარდაჭერით გაიცა.
საქართველოში პარადოქსული სიტუაციაა. მაშინ, როცა მსოფლიოს გიგანტი სახელმწიფოები ბანკების მხარდასაჭერად სახსრებს არ ზოგავენ, საქართველოს მთავრობა პირიქით – ფულს ართმევს ბანკებს (ფაქტობრივად ასეთად შეიძლება განვიხილოთ სახაზინო ობლიოგაციების გამოშვების გეგმა).
მთავრობა საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი. სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, მეორე მხრივ კი, კომერციული ბანკების პორტფელის დივერსიფიცირებას. ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
პირევლ რიგში საკითხი ასე დავსვათ: რატომ გამოიჩინა ინიციატივა საქართველოს მთავრობამ? ნუთუ მიზანი მართლაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი საფინანსო სისტემის დახმარებაა?
დავუშვათ, რომ ასეა. ასეთ შემთხვევაში ვნახოთ, თუ რითი ეხმარება ბანკებს სახელმწიფო? სახაზინო ობლიგაციების გამოშვებისას ბანკებს შესაძლებლობა ეძლევათ შედარებით დაბალი რისკებით დააბანდონ სახსრები, მაშინ როცა კერძო სექტორში ფულის დაბანდება დიდ რისკს უკავშირდება. ეს, უდაოდ დადებითი ფაქტია, მაგრამ არა საქართველოს შემთხვევაში. ჩვენი ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე სტაბილურია. ბიუჯეტი პროფიციტურის ნაცვლად დეფიცტურია. თუ სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრები კვლავ არ იქნება, სახელმწიფო არა მარტო გადაავადებს ობლიგაციებს, არამედ გაუჭირდება მასზე პროცენტების გაცემაც. გარდა ამისა, საინტერესოა რამდენად დააინტერესებთ ეს პროექტი ბანკებს. მათთვის მნიშვნელოვანი ის საპროცენტო განაკვეთია, რომელსაც მთავრობა შესთავაზებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში შეთავაზებული საპროცენო განაკვეთი მაღალი იყოს. პრაქტიკა იმასაც აჩვენებს, რომ დაბალ რისკთან დაკავშირებულ სახაზინო ობლიგაციებს სარგებლის დაბალი ნორმაც ახასიათებს. აქედან დასკვნა – ბანკებსათვის ფულის კერძო სექტორში დაბანდება გაცილებით სარფიანია.
იქნებ მთავრობის ინიციატივის მიზანი ეკონომიკის აღორძინებაა?
როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული პროექტიდან მიღებული სახსრები ძირითადად ინფრასტრუქტურის აღორძინებას მოხმარდება.
მართალია, ეს შექმნის სამუშაო ადგილებს დროებით, მაგრამ არ გულისხმობს ეკონომიკის ზრდას პერსპექტივაში. სახაზინო ვალდებულებები იგივე შიდა ვალია, რომელიც ტვირთად მოსახლეობას აწვება. გამართლებული იქნებოდა ეს ნაბიჯი მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ მოხდება აღნიშნული თანხის კაპიტალურ დანახარჯებად გადაქცევა; თუ სახელმწიფო შეეცდება ამ თანხით მოთხოვნის ამაღლებას და არა კულტურული, თუ ჯანდაცვითი პროექტების დაფინანსებას. ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია კარგი ჯანდაცვითი პროექტები და ძლიერი თავდაცვა. მაგრამ თუ ასეთ პროექტებზე სახელმწიფოს მიერ ბანკებიდან ამოღებული ფული დაიხარჯება, ბიზნეს აქტიურობა შემცირდება და მოხდება საგადასახადო შემოსავლების შეკვეცა.
ამასთან, კიდევ უფრო იკუმშება საკრედიტო ბაზარი. ეს ინიციატივა 260 მლნ-ით ამცირებს ბანკების ისედაც შემცირებულ ეჯუორთის ყუთს. საბოლოოდ ამას ბიუჯეტისა და ეკონომიკის შემცირებისკენ მივყავართ. სახელმწიფო ფაქტობრივად კერძო ინვეტორების კონკურენტი გამოდის, იღებს რა სახსრებს კომერციული ბანკებიდან, რაც ისედაც შემცირებულ ბიზნეს-კრედიტებს კიდევ უფრო ამცირებს.
კვლავ უპასუხოდ რჩება კითხვა – მაინც რისთვის იჩენს სახელმწიფო ამ ინიციატივას, თუკი ამით დიდად ვერც ბანკებს დაეხმარება და ვერც კერძო სექტორს?
ეკონომიკურ მეცინიერებაში ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ერთ-ერთი მეთოდი საშინაო ან საგარეო ვალის აღებაა.
განხილული ანალიზიდან ალბათ ჩანს, რომ მიზანი ერთია – საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსება. ფორმულირება, თითქოს ამით საბანკო და კერძო სექტორს ეხმარებიან, საბოლოო მიზნების ერთგვარი “შეფუთვაა”.
მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ბანკების მთავრი პრობლემა დღეს დაუბრუნებელი სესხებია. მათი ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან დაახლოებით 200 ათასი გადამხდელი “შავ სიაშია” შეყვანილი. თუ სახელმწიფოს რეალურად უნდა საბანკო სფეროს დახმარება, მან უნდა იზრუნოს პრობლემური კრედიტების ამოღებასა და ვალების რესტრუქტურიზაციაზე. ამდენი ადამიანის საკრედიტო ისტორიის გაფუჭება ხომ უარყოფითად აისახება საბანკო მომსახურების ისედაც მცირე მოცულობის ბაზარზე. თანაც გაიზრდება სოციალურ პრობლემები. ასეთ დროს სახელმწიფოს ჩარევა მართლაც აუცილებელია. მან უნდა შეიმუშავოს ეკონომიკის გადარჩენის კომპლექსური პროგრამა, სადაც იგი რესტრუქტურიზაციას გარანტად დაუდგება.
ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია: საქართველოს აქვს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების პრაქტიკა, მაგრამ მთავარი ისაა, თუ რატომ ხდება ეს ახლა. ჩვენი ხელისუფლება ნიღბავს ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებას და ამბობს, რომ მას ეს საფინანსო სექტორის წასახალისებლად სჭირდება. თითქოს ამით საშუალება ეძლევა კომერციულ ბანკებს, ასესხონ სახელმწიფოს თავიანთი რესურსი და მიიღონ ამისგან სარგებლობა. თუკი ბანკებს ეს რესურსები აქვთ, მათ შეუძლიათ გასცენ მეტი სესხები და კრედიტები კერძო სექტორზე. უმეტეს შემთხვევაში ბანკები ასე არ იქცევიან და კრედიტებს არ გასცემენ, რადგან ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარებაა და მათ უჭირთ სარისკო გადაწყვეტილებების მიღება. ამის გამო შეიძლება ზოგი ბანკისათვის მიმზიდველიც იყოს, როცა საქმე ერთ მსესხებელთან, სახელმწიფოსთან ექნება და არა დივერსიფიცირებულ რისკებთან. ჩემი აზრით, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის მძიმე ფინანსურ ვითარებას, სწორედ ზემოთქმულითაა განპირობებული სახელმწიფოს მხრიდან ეს ნაბიჯი და არა კომერციულ ბანკების დახმარებისა და სახელმწიფოს მხრიდან მათი წახალისების სურვილით.
ბოლო 2 წელია ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანას ძალიან გაუჭირდა, – აგრძელებს დავით ნარმანია. ქვეყანაში დაიწყო ბევრი რთული და არასასურველი პროცესი. რასაც დაემატა ფინანსური კრიზისის გავლენა, აგვისტოს მოვლენები, არათანმიმდევრული და ფასადური ეკონომიკური პოლიტიკა. ყოველივე ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ საგადასახადო შემოსავლები ქვეყანაში მინიმალურია. მთავრობამ ძალზე აქტიურად დაიწყო საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების გამოყენება მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად. ასე ისტუმრებენ ხელფასებს, პენსიებს და აფინანსებენ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს. საქართველოს ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს, საგადასახადო შემოსავლები კი მწირი. საერთაშორისო გრანტები და კრედიტები არ იძლევა ამ ვალდებულებების მთლიანად დაფარვის საშუალებას. ქვეყანას ჭირდება ფინანსური რესურსები, რომელთა მიღება საერთაშორისო წყაროებიდან ახლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მსოფლიოში ფინანსური კრიზისია. გარდა ამისა, ჩვენ ისედაც ვიღებთ საერთაშორისო დახმარებებს 2009-2010 წლებში და მეტის აღების რესურსი ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხელისუფლებას Dისღა დარჩა, რომ სესხი შიდა წყაროებიდან აიღოს. მაგრამ არის მეორე მომენტი – ამ სესხს გასტუმრება ჭირდება. სახაზინო ვალდებულებები კი ქვეყნის შიდა ვალს გაზრდის. მართალია, ჯერ უცნობია რამდენი ხნით და რა საპროცენტო განაკვეთით გეგმავს მთავრობა სესხებას, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ვალი გასასტუმრებელია და პროცენტიც დასამატებელი იქნება. ბანკები ხომ კომერციული ორგანიზაციები არიან და მათ ინტერესი მოგების მიღებაა. ვთვლი, რომ სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ძალიან რთული ვითარებითაა ნაკარნახევი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტის გაზრდას 315 მილიონით ვგეგმავთ. ამ შემთხვევაში კომერციული ბანკებისაგან შიდა ვალის აღება, მარტივად რომ ვთქვათ, არალოგიკურია.
ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას
ახალი მეთოდით ეცდება
საქართველოს საბანკო-საფინანსო სფეროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ლარის კურსის ფიქსირებას ეხება. 12 წლიანი მუშაობის შემდეგ თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა ასპარეზს სავალუტო აუქციონებს უთმობს. სააქციო საზოგადოება “ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა” ეროვნულმა ბანკმა 1992 წლის სექტემბერში 12 კომერციულ ბანკთან ერთად დააფუძნა. 2009 წლის 25 მაისიდან კი საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს მხოლოდ სავალუტო აუქციონების მეშვეობით განახორციელებს. ამის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი არ გულისხმობს გაცვლითი კურსის პოლიტიკის ცვლილებას, არამედ მხოლოდ სავალუტო ბაზრის მოწყობის საოპერაციო ჩარჩოს მოდიფიკაციას ითვალისწინებს. ამასთან, ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდება არა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებული გაცვლითი კურსის მიხედვით, არამედ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დარეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით. დაგეგმილი ცვლილება არ გულისხმობს საკურსო პოლიტიკის გადახედვას. ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში ფუნქციონირებას, რომლის ფარგლებშიც გაცვლითი კურსის დადგენა მოხდება მნიშვნელოვანწილად საბაზრო მექანიზმების მეშვეობით, ხოლო დროდადრო ეროვნული ბანკი განახორციელებს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს, ამჯერად უკვე აუქციონების მეშვეობით, რათა არ დაუშვას გაცვლითი კურსის მკვეთრი მოკლევადიანი რყევები”, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე დადებული გარიგებების და სავალუტო აუქციონებზე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით ყოველდღიურად გამოითვლის დღის საშუალო-შეწონილ კურსს, რომელიც მომდევნო დღის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება.
რაც შეეხება სავალუტო ბირჟას, ეროვნული ბანკის ახალი პროდუქტის ჩაშვების შემდეგ, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შემცირდება მოთხოვნა სავალუტო ბაზარში ჩართულ სავალუტო ბირჟაზე, თუმცა იგი არსებობას განაგრძობს.
ს.ე. – ბატონო დავით, რატომ გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა ბირჟის ჩანაცვლება აუქციონით?
დ.ნ. – ბირჟის საქმიანობა არ იყო ბოლომდე გამართული მექანიზმი. აუქციონი, ჩემი აზრით, უფრო მოქნილი მექანიზმია მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის და ლარის კურსის დასადგენად. ეროვნული ბანკისათვის, ალბათ, ეს იყო მთავარი საფუძველი. სხვა საფუძველს ამასთან დაკავშირებით მე არ ვიცნობ და გამიჭირდება სხვა კომენტარის გაკეთება.
აღსანიშნავია, რომ ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა იყო სააქციო საზოგადოების სახით მოწყობილი კომერციული დაწესებულება, რომელიც საქმიანობას ეწეოდა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამოდიოდნენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე ეროვნული ბანკი და ხდებოდა ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ სავალუტო ოპერაციები. ეს უფრო ადრე მოფიქრებული მექანიზმია მსოფლიოში, ვიდრე, სავალუტო აუქციონი. სავალუტო აუქციონი შედარებით ახალი, მაგარამ პრაქტიკაში უკვე აპრობირებული მეთოდია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა იყენებს. ყველაზე მთავარი კი, რაც ორივე მექანიზმს ერთნაირად ახასიათებს ისაა, რომ აქ შეზღუდული არაა საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები, ანუ ვაჭრობაში მონაწილეობა. სავალუტო აუქციონის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ისევე განახორციელებს ინტერვენციებს, როგორც ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ახორციელებდა. A
ადმინისტრირების და ვაჭრობის მექანიზმები კი გარკვეულწილად შეცვლილია. ვაჭრობის წესებისა და რეგულირებების მკაფიოდ განსაზღვრისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა შესაბამისი ინსტრუქცია აუქციონის წარმოების წესთან დაკავშირებით. მათი დაცვა სავალდებულოა როგორც საქართველოს ეროვნული ბანკისათვის, ასევე კომერციული ბანკებისთვისაც.
ს.ე. – სავალუტო ბირჟა ისევ განაგრძობს არსებობას?
დ.ნ. – კი, სავალუტო ბირჟა ისევ განაგრძობს არსებობას. მას კანონით ვერ ავკრძალავდით და ვერც დავხურავთ. იგი თავისი არსით სააქციო საზოგადოებაა და თუ კომერციულ ბაკებს ექნებათ სურვილი, რომ ერთმანეთში ვალუტები გაცვალონ და ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები განახორციელონ, მათ ექნებათ საშუალება ჩაერთონ ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე. თუმცა, სავალუტო ბირჟას, ალბათ, მოუწევს თავისი სტატუსის შეცვლა და სხვა ოპერაციებზე გადართვა. რადგან მას წაერთვა თავისი მთავარი ფუნქცია – სავალუტო გარიგებებში საშუამავლო ფუნქციების განხორციელება. თუმცა სავალუტო ბირჟამ, როგორც საფინანსო ინსტიტუტმა, მონაწილეობა უნდა მიიღოს სხვა საშუამავლო ოპერაციებში. მაგალითად, დაუკავშირდეს უცხოეთის საფინანსო დაწესებულებებს, მოიძიოს იქიდან ფინანსური რესურსები და შემდეგ ეს თანხა ასესხოს კომერციულ ბანკებს იმისათვის, რომ თვითონაც მიიღოს გარკვეული მოგება და უცხოური რესურსების მოზიდვაშიც დაეხმაროს კომერციულ ბანკებს, რომელთაც საერთაშორისო რესურსებზე ხელი არ მიუწვდებათ. საქართველოში კომერციული ბანკების გარკვეულ ნაწილს, განსაკუთრებით კი იმ ბანკებს, რომლებიც ადგილობრივი კაპიტალით არიან დაფუძნებული და არ წარმოადგენენ რომელიმე უცხოურ ბანკს, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოიძიონ საჭირო ფინანსური რესურსები საერთაშორისო ბაზარზე. მათ ამაში დაეხმარება ეს სააქციო საზოგადოება. ანუ, ამით შეიძლება ისარგებლონ კომერციულმა ბანკებმაც და თავად სააქციო საზოგადოებამაც.
ს.ე. – ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სავალუტო აუქციონის შემოღებამ შეიძლება გაზარდოს სპეკულაციური გარიგებების რისკი. რა აძლევთ მათ ამ ვარაუდის საფუძველს?
დ.ნ. – სიმართლე გითხრათ, ჯერ არ დავკვირვებივარ ჩატარებული აუქციონის შედეგებს და ვერ ვიტყვი, თუ რამ შეიძლება გაზარდოს სპეკულაციური მექანიზმების ალბათობა. თუმცა სპეკულაციური გარიგებები გამორიცხული არც სავალუტო ბირჟის დროს იყო. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მთავარი ფუნქცია, და თუ ეს სააგენტო ეროვნულ ბანკს შეუერთდება, შესაბამისად ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია იქნება, რომ არ დაუშვას ეს მანიპულაციები. აქ მთავარი ისაა, რომ სავალუტო აუქციონი თვითდინებაზე არ იქნას მიშვებული და პროცესებზე ზედამხედველობა შესაბამისმა სამსახურმა მოახდინოს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial